„შიმშილის თამაშები“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:11
ანუ ცოცხალი სამიზნეები
და თუმცა გასაგებია, რომ ომი ომია და სადაც ადამიანია, სწორედ იქაა სისასტიკე, ვინაიდან ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, ვინც კლავს იმიტომ, რომ უფრო მეტი უნდა და არა იმიტომ (ცხოველისგან განსხვავებით), რომ უბრალოდ შია, მაგრამ ის, რაც ირანში ხდება, უფრო „ჰოლივუდური“ „შიმშილის თამაშების“ სცენარს ჰგავს.
ჰგავს, ვინაიდან ისრაელის შესაბამისი სამსახურები მიზნობრივად ხოცავენ კონკრეტულ ადამიანებს და არც ესაა უცხო ომისთვის, ანუ ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის, მეტიც, იგულისხმება, მაგრამ ახლა უკვე ეთიკის ყველა ნორმაა უგულებელყოფილი და პირდაპირაა გაცხადებული, თუ ვის ელის სიკვდილი (თუმცა ომი იმის ომია. რომ სიკვდილია მოპატიჟებული).
ასეთი ბედი ეწია ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილ სასულიერო ლიდერს და არა მარტო მას – მისი ოჯახის წევრებსაც, 4 წლის შვილიშვილის ჩათვლით. სულ ახლახან მოკლეს ირანის უსაფრთხოებოს სამსახურის ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი, აგრეთვე, ირანის დაზვერვის მინისტრი ისმაილ ხარიბი და სხვებიც. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერს აშშ-ის ელჩისთვის იმ პირთა სია უჩვენებია, თუ ვინ ვის შემდეგაა მოსაკლავი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით კი – „ცაჰალი“ ირანელ ჩინოვნიკებს დამატებითი შეთანხმების გარეშე დახოცავს.
თუმცა ცნობილია, რომ, ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც მან უნდა გასინჯოს, თუ გავიხსენებთ, რომ ომის დროს პირველი პირები დაცულები არიან, არსებული უსიტყვო შეთანხმებით, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგი მოიშალა, არამედ ადამიანურმა შეთანხმებებმაც დალია ჩაილურის წყალი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





