პოლიტიკა

შეუქმნის თუ არა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას პრობლემას ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, რომლითაც აზერბაიჯანი პირდაპირ დაუკავშირდება თურქეთს

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.11, 2021 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

ყარაბაღის ბოლო ომის დამთავრების შემდეგვე შევიტყვეთ, რომ ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფნები გაიხსნებოდა, შეგახსენებთ, რომ ლაჩინის დერეფანი ყარაბაღის ავტონომიის იმ ნაწილს აკავშირებს სომხეთთან, სადაც რუსი სამშვიდობოები დგანან (ტერიტორია ომამდე ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა, თუმცა, ოფიციალურად, აზერბაიჯანს, ამჟამად კი იქ რუსი სამშვიდობოების იურისდიქცია ვრცელდება), ხოლო ზანგეზურის დერეფანი საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე გადის და ბაქოს არა მხოლოდ თავის ავტონომია ნახჭევანთან, არამედ თურქეთთანაც კი აკავშირებს. ახლახან სომხეთის პრემიერი დათანხმდა ზანგეზურის დერეფნის გახსნას, რაც ნიშნავს, რომ დერეფანში ისევ რუსი სამშვიდობოები ჩადგებიან, ანუ რუსული სამხედრო მანქანის ნაწილი მჭიდროდ მიუახლოვდება თურქეთისა და ირანის საზღვრებს. თბილისში შეშფოთდნენ, რომ სადერეფნო ფუნქციას ვკარგავთ, თუმცა, ჩემი აზრით, ჯერ ერთი, კონკურენცია კარგია, მეორეც - ზანგეზურის დერეფანი უფრო გეოპოლიტიკური კვანძია, ვიდრე სატრანსპორტო გზაჯვარედინი. რა გეოპოლიტეკონომიკური პრობლემები იმალება თუ იხსნება ზანგეზურის გზის გახსნით? ამ თემას მამუკა არეშიძის დახმარებით გავარჩევთ.

– მე მგონია, რომ უმეტესწილად გეოპოლიტიკური ფუნქცია ექნება ამ დერეფანს და ნაკლებად – სატრანსპორტო.

– მოკლედ რომ გიპასუხოთ, ორივე დატვირთვა ექნება და პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის ამუშავება თურქეთისთვის, მით უმეტეს, რომ ეს ხელშეკრულებითაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ, ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ამ გზის ექსტერიტორიული პრინციპი, რასაც 12 ოქტომბერს მოსკოვში მყოფი ფაშინიანი არ დაეთანხმა და მოილაპარაკეს, რომ ექსტერიტორიობაზე საუბარი არ იქნებოდა. ექსტერიტორიობა ნიშნავს ტერიტორიის ერთგვარ ნეიტრალურ სტატუსს. ამდენად, ეს ტერიტორია რჩება სომხეთის მფლობელობაში და, როგორც ჩანს, ამ გზაზე ტვირთების გადაადგილებას რუსი სამხედროები გააკონტროლებენ, რაც რუსეთისთვისაა განსაკუთრებით მისაღები. ანუ, როდესაც ეს გზა ამუშავდება, ერთი მხრივ, აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ ტვირთების გადაადგილებას გააკონტროლებენ რუსები და, მეორე მხრივ, გააკონტროლებენ არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებას: ირანიდან სომხეთისკენ მომავალ ტვირთებს. ამ თემაზეც იყო მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საუბარი და არა მხოლოდ პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრაზე, არამედ მანამდე გამართულ შეხვედრებზეც შესაბამის რუს ჩინოვნიკებსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან, რომელიც აკონტროლებს კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო დერეფნების საკითხს. მოილაპარაკეს სწორედ იმის შესახებ, რომ უნდა ამუშავდეს ჯვარედინი მაგისტრალი: აზერბაიჯანი-თურქეთისა და ირანი-სომხეთის მიმართულებები. იმავე შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ფოთის პორტიდან უნდა აღდგეს გადაზიდვები ნოვოროსიისკისკენ, ანუ ერთგვარად გაგრძელდეს ირანიდან სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების მარშრუტი.

– გასაგებია, რომ ისინი შეთანხმდნენ, მაგრამ ამისთვის თბილისის თანხმობაცაა აუცილებელი.

– რასაკვირველია, უბრალოდ, მე ახლა ვლაპარაკობ იმაზე, რა ითქვა იმ შეხვედრებზე და აქაც ერთი ამბავია ამტყდარი სოციალურ ქსელებში, ის დერეფანი თუ ამუშავდება, დავიღუპებითო. არადა, რაც გვაქვს, ის სატრანსპორტო დერეფნები ხომ ავამუშავეთ და გამოვიყენეთ?! შეიძლება, მავანმა თქვას, რომ ტვირთები აქტიურად გადაიზიდებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთში, მართალია, იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ დღეს საქართველოს რკინიგზის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ტვირთების გადაზიდვა შემცირდა. ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ, მიუხედავად ტესტირების რეჟიმისა, თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე გადაზიდვები 50 000 ტონიდან წელს 250 000-მდე გაიზარდა. მაგრამ ვიმეორებ – აქ ჩვენს მარიფათზეა ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ, სანამ ოფიციალური თბილისის პოზიციამდე მივიდოდე, იმაზე ვამბობ, თუ რა მოხდა მოსკოვში. ასე რომ, მინდა, მკითხველმა იცოდეს, რომ მოსკოვში მხოლოდ ზანგეზურის დერეფანში ტვირთის გატარების შესახებ არ უსაუბრიათ, ითქვა, რომ, თუ ზანგეზურზე ტვირთს გავატარებთ, მაშინ ირანიდან სომხეთის გავლით საქართველომდეც უნდა გავატაროთ ტვირთებიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებაა. ფაშინიანმა ამით თავი დაიძვრინა სომეხი საზოგადოებისგან იმ საკითხების გამო, რომელიც მისთვის ხელისშემშლელი იყო და რაც გულისხმობდა თურქულ-აზერბაიჯანულ სატრანსპორტო დერეფანს. ამ დერეფნის ამოქმედებით, რასაკვირველია, რუსეთის როლი და ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში ბევრად გაიზრდება, ვიტყოდი, წარმოუდგენლად ბევრად, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ეს რუსეთის ინტერესია, ვინაიდან ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ თურქეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში არ გაიზარდოს. ეს რუსეთს უშლის ხელს და არა იმიტომ რომ ვინმეზე ზრუნავს, ამ მღვრიე წყალში კი, შეიძლება, ითქვას, რომ გარკვეულ პრეფერენციებს საქართველოც იღებს, თუნდაც, იმით, რომ ირანიდან წამოსულმა ტვირთებმა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს და ამიტომაც ვახსენე ფოთი-ნოვოროსიისკის მონაკვეთი. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს შექმნილ სიტუაციას. ერთი მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ფორმულას „სამს პლუს სამი“ და, მეორე მხრივ, არ დარჩეს წაგებული, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორია საჭირო გახდა ამ პროექტების ამუშავებისთვის. სომხეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურადაა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხრეთი-ჩრდილოეთის დერეფნის ამუშავება, არამედ, ასევე, უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. მოსკოვში არ უსაუბრიათ, როგორმე აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი გავხსნათო.

– დიახ, მეც მივაქციე ამას ყურადღება და ჩავთვალე, რომ საგზაო ინფრასტრუქტურით დაკავშირებამ შეიძლება, შეამციროს მოსკოვის ზეწოლა თბილისზე აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის გამო.

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საზოგადოების ყურადღება მინდა, მივაქციო იმას, რომ მე ამ მაგისტრალების სიკეთეებზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ იმაზე, რომ სომხეთს ძალიან ეჩქარება ირანი-სომხეთი-საქართველოს მიმართულების ამუშავება და იმდენადაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მისცეს განაწყენების საბაბი, რომ საერთოდ ხმა არ ამოუღია აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე, მაშინ, როდესაც სარგისიანის პერიოდში მუდმივად ამ თემას ახსენებდნენ.

– და ცხინვალის რეგიონის გავლითაც მოითხოვდნენ პრეტენზიულად სომხური ტვირთების გატარებას რუსეთისკენ, ლარსი ვერ აუდისო.

– დიახ, და არც ეს თემა უხსენებიათ მოსკოვში. პირდაპირ ფოთი-ნოვოროსიისკის ბორანზე დაიწყო საუბარი. ეს ოფიციალური ერევნის ერთგვარი რევერანსია ოფიციალურ თბილისისადმი და ცუდი არ არის, როცა ანგარიშს გიწევენ, მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული, რომ მიიღოს მაქსიმალური ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი. თორემ, რაც მეტი გზა გავა საქართველოს ტერიტორიაზე, მით უკეთესი. რაც შეეხება ზანგეზურის გზას: აზერბაიჯანისთვის ამას უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები: ერთი მხრივ, რას მოიმოქმედებენ მხარეები და, მეორე მხრივ, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება.

– ჩვენ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში მე ვერ მოვიძიე რუკა, რომელიც ასახავს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ მხარეების კუთვნილ ტერიტორიებსა და რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილებს იმავე ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფნებში. ჩემი ბაქოელო კოლეგები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურქი სამხედროები ლაჩინის დერეფანში დგანან საკვანძო პუნქტებშიო. ზანგეზურზე არაფერს ამბობენ.

– არიან აზერბაიჯანელი სამხედროებიც, მაგრამ ლაჩინის დერეფანს, სიგანეში რამდენიმეკილომეტრიანს, მთლიანად აკონტროლებენ რუსი სამშვიდობოები. თურქები დგანან, სადაც სამშვიდობოების ბანაკია, ანუ შუშის მიმდებარე ტერიტორიაზე.

– ანუ ტვირთებს, რომლებიც მოძრაობენ ლაჩინის დერეფანში, ხედავენ.

– ხელშეკრულების მიხედვით, დადგენილია, თუ რამდენი ადამიანი უნდა იმყოფებოდეს იმ ტერიტორიებზე როგორც რუსეთის, ისე თურქეთის მხრიდან. თუმცა რუსეთმა კარგა ხანია, დაარღვია ეს ხელშეკრულება – 960 კაცის ნაცვლად, 5 000-მდე ჰყავთ, მაგრამ სხვადასხვა მოტივით: აეროპორტის მშენებლებიო, ინფრასტრუქტურის მშენებლებიო, მოკლედ, ათას რამეს იგონებენ. თურქების რაოდენობა არ არის განსაკუთრებით ბევრი, თუ არ ვცდები, 100 კაცამდეა, სამწუხარო ისაა, რომ იმ 100 კაცს ხელმძღვანელობს გენერალი, რაც თავისთავად გულისხმობს რაოდენობის ეტაპობრივად ზრდას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არ ჩქარობენ. ეს თურქეთის მხოლოდ დეკორატიული წარმომადგენლობაა, სინამდვილეში თურქ სამხედროებს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში ყველა საკვანძო თანამდებობა უჭირავთ. არსებობს აზერბაიჯანულ-თურქული გაერთიანებული სამხედრო დანაყოფი, რომელიც ერთი ოპერატიული მმართველობის ქვეშაა და რომლის ყველა ხელმძღვანელი თურქია. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობით არიან ებრაელი სამხედრო ინსტრუქტორებიც.

– რაზედაც გადარეულია ირანი.

– დიახ... ებრაელი ინსტრუქტორები, ძირითადად, ტექნოლოგიური და საავიაციო მიმართულებებით აქტიურობენ. იწილო-ბიწილოს მაგივრად, რაც ჩვენთან ხდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ პროცესებს, რაც ჩვენს მეზობლად ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი კვანძები იქმნება. სხვა ექსპერტთან ინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ, როგორ აქტიურ მონაწილეობას იღებს სამხრეთ კავკასიურ პროცესებში პაკისტანი და მინდა, გითხრათ, რომ აზერბაიჯანის გენშტაბში არიან პაკისტანელი სამხედრო ინსტრუქტორებიც. ერთი სიტყვით, დიდი ამბებია.

– მე კი ვიცი, რომ დიდი ამბებია, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა თუ იციან.

– რა გითხრათ?! ყველაფერი გადაფარულია ინფორმაციით, ვინ შევიდეს და არ შევიდეს პარლამენტში, ციხეში ვინ იჯდეს და არ იჯდეს. ეს შიდა პოლიტიკური ამბებიც კი არ არის და დიდი ხანია უკვე, ფაქტობრივად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ იწილო-ბიწილოს რეჟიმში ვცხოვრობთ. ისევ ზანგეზურის დერეფანს რომ დავუბრუნდეთ: იქ რუსები არავის ჩააყენებენ. პასუხისმგებლობას სრულად იღებს რუსული მხარე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა