შენი – შენ, ჩემი – მე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.11, 2023 წელი

ანუ თბილი სი?!
რაკი პოლიტიკა და, მით უმეტეს, გეოპოლიტიკა ისეთი რამაა, რომ არანაირ ზნეობასა და თავმოყვარეობას არ ცნობს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავკაცი სი ერთმანეთს შეეყარნენ. მართალია, ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ ჩვენც კი ვიცით, აგურის არ იყოს, საერთაშორისო ფორუმებზე ტიტანები შემთხვევით არ გადაეყრებიან ხოლმე ერთმანეთს. სავსებით ბუნებრივია, რომ არავინ გვეტყვის, სინამდვილეში რაზე ისაუბრეს სიმ და ჯომ (უბრალოდ, კარგად ირითმება), მხოლოდ ის ვიცით, რომ სამხედროებს შორის პირდაპირი კავშირის აღდგენაზე შეთანხმდნენ (ეს არხი ჩინეთმა ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსმა შარშან ტაივანში მოინახულა). აშშ-ის პირველკაცმა კი დაამატა, რომ პირდაპირი კავშირი აღდგება არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ ამ ორი ქვეყნის ლიდერებს შორისაც (შევთანხმდით, რომ ტელეფონს ორივენი ვუპასუხებთო).
უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ არავინ გვეტყვის, რაზე შეთანხმდა დღევანდელი მსოფლიოს სამიდან ორი ცენტრის თავკაცი (ფაქტია, რომ მესამის დანაბარებიც იგულისხმება), მაგრამ ვიცით, რა განაცხადა სი ძინპინმა (მომყავს ციტატა): „ორი ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ჩინეთი და აშშ-ია, ვერ მისცემს თავს უფლებას, ერთმანეთთან ზურგით დადგნენ. პლანეტა დედამიწაზე საკმარისი ადგილია, რომ ორივე ეს ქვეყანა წარმატებული იყოს“ და, ვფიქრობ, ქვეტექსტს ახსნა არ სჭირდება: მშვიდად გადავინაწილოთო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან