პოლიტიკა

შეძლებს თუ არა რუსეთი ჩრდილო კავკასიის შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიის დათმობით და რა გაკვეთილი მიიღეს ყარაბაღის ომის შედეგით ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:19 30.11

ყარაბაღის ომი
დაკოპირებულია

სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის რუსი მშვიდობისმყოფელები ჩადგნენ და, გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო პროცესს, ასევე, დააკვირდებიან თურქი სამხედროებიც. გახსნილია დერეფანი ნახიჭევანის ავტონომიისკენ, რაც თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის კიდევ ერთი მიღწევაა. ასეა თუ ისე, თურქმა სამხედროებმა სამხრეთ კავკასიაში ფეხი ოფიციალურად დადგეს, რაც შესაძლოა, ჩაითვალოს თურქული პოლიტიკის წარმატებულ ნაბიჯად. ამის შემდეგ რა მიმართულებით უნდა ველოდოთ თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ გააქტიურებას? – ამ თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რა ნაბიჯებს შეიძლება, ველოდოთ თურქეთისგან?

– რა თქმა უნდა, ლომის წილი მიუძღვის თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. რაც შეეხება სამშვიდობოებს: თურქეთი მათ ვერ და არ შეიყვანდა, რადგან აზერბაიჯანელსა და სომეხს შორის არ ჩადგებოდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მხარეა. ამას გარდა, სომხეთიდან სულ იქნებოდა პროვოცირება და ამას მოჰყვებოდა საპასუხო სროლები თავდაცვის მიზნით, რაც მოინათლებოდა ომად თურქეთსა და სომხეთს შორის. უფრო სწორედ, აზერბაიჯან-თურქეთის კოალიციასა და სომხეთს შორის. ასეთი სკანდალი თურქეთისთვის არახელსაყრელია, ის თავის გეგმას მიზანმიმართულად და ძალიან წარმატებით ახორციელებს რეგიონში. ასე რომ, პროვოკაციები არ სჭირდება და არც შეიყვანდა სამშვიდობოებს, რომც შეეთავაზებინათ. რაც შეეხება რუსეთს: რუსეთმა შეიყვანა თავისი სამშვიდობოები, ორივე მხარის მოთხოვნით, სხვათა შორის.

– ისევე, როგორც საქართველომ გაუხსნა საჰაერო სივრცე რუს სამშვიდობო კონტინგენტს ორივე მხარის თხოვნით.

– რა თქმა უნდა. რუსეთი ჩადგა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, უფრო გასაგებად რომ ვთქვა: ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, აკონტროლებს აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ეთნიკური სომხები სწარბობენ, დარჩნენ სომხური ძალები. აი, მათ შორის ჩადგა რუსეთი; ლაჩინის მთავარი გზა, რომელიც სომხეთს აკავშირებს ყარაბაღთან, გახსნილია და, ასევე, გახსნილია ნახჭევანის გზაც. ანუ დაიწყო, რასაც სამშვიდობო პროცესი ჰქვია. იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, დააკვირდებიან თურქი სამშვიდობოები, რომლებიც განლაგებულები არიან აზერბაიჯანულ მხარეს.

– ანუ მაინც განლაგდებიან თურქი სამხედროები?

– კრემლი ძალიან გაღიზიანებულია და იმ ტიპის კითხვებს არაარგუმენტულად პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ შეიქმნა მეთვალყურეობის ერთობლივი ცენტრი. გასაგებია, რომ რუსეთმა და თურქეთმა შექმნეს სამეთვალყურეო ცენტრი და იმას აღარ ამბობენ, რომ ამ სამეთვალყურეო ცენტრს პირდაპირ ექვემდებარებიან თურქი სამშვიდობოები, რომლებიც კონფლიქტის შუაგულში არ დგანან. გარდა ამისა, რუსეთის სამშვიდობოები ჩადგნენ, რადგან არ იყო იმის გარანტია, რომ გამარჯვებით წახალისებული და 30 წლის განმავლობაში ბოღმით გახელებული აზერბაიჯანის არმია ყარაბაღს არ გასცდებოდა და არ გადავიდოდა სომხეთის ტერიტორიაზე. ანუ, ეს არის ამ პროცესის მთელი ანატომია. რაც შეეხება თურქეთის გავლენის ზრდას რეგიონში: თავად ის ფაქტი, რომ მისი დახმარებით დაიბრუნა აზერბაიჯანმა ყარაბაღი და სამშვიდობო პროცესის საკოორდინაციო ცენტრსაც კი ვერ ქმნის რუსეთი მათ გარეშე, უკვე მეტყველებს თურქეთის გავლენაზე რეგიონში.

– თუმცა სამხრეთ კავკასიაში თურქი სამხედროები პირველად გამოჩნდნენ საქართველოში, როგორც „ნატოს“ ინსტრუქტორები და ქართული სამხედრო კონტინგენტი „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამით“, თავდაპირველად, იწრთვნებოდა თურქი სამხედროების მიერ.

– დიახ, მაგრამ შემდეგ ამაზე საქართველომ უარი თქვა, „ნატოს“ ევროპული წარმომადგენლობა ჩამოვიდა და მან გადაიბარა ეს მისია.

– ახლა აზერბაიჯანში თურქეთი შევიდა არა „ნატოს“ ეგიდით, არამედ, როგორც უშუალოდ თურქეთის შეიარაღებული ძალები?

– დიახ, საკუთრივ თურქეთის ეგიდით შევიდა, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, ისევე, როგორც რუსეთი შევიდა, როგორც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი. რაღაც განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსი არც რუსეთს აქვს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ, ბოლოს და ბოლოს, სომხეთიც რომ არ დაეკარგა რუსეთს. მართალია, კრემლის პროპაგანდა ამას სულ სხვანაირად გადმოსცემს.

ჩვენ გვაწუხებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების.
საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტისას პირდაპირ დაასახელა თურქეთის საგარეო პრიორიტეტები. მან თქვა, რომ კავკასია არის მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიების მეზობელი და რეგიონში ხელოვნური პროვოცირების შედეგად გამოწვეული და დაკონსერვებული კონფლიქტები მას უქმნის პრობლემას და ჩამოთვალა: ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი და ყირიმი.
თითქოს ყირიმს რა შეხება აქვს თურქეთთან, მაგრამ შავი ზღვის აუზის ქვეყანაა და საზღვაო საზღვრებზეა ლაპარაკი. ამის შემდეგ ჯერ საგარო საქმეთა მინისტრმა, შემდეგ თავად თურქეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ყირიმი ყოველთვის იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამდენად, რეგიონის ბედი გარკვეულია. კერძოდ, ის, რომ რუსეთთან ერთად პროცესებს დააკვირდება და მონაწილეობასაც მიიღებს თურქეთიც.

მეორე საკითხია, ჩვენ რა გვინდა და როგორ ვხედავთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას უახლოესი 4 წლის განმავლობაში. მოცემულობა ისეთია, რომ საქართველოში უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობაა. კიდევ უფრო დამძიმდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ ახლა რომელიმე ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი კაპიტალი არ ჩაასხა ჩვენს ეკონომიკაში, ლარიც გაგვექცევა და პანდემიისგან გამოწვეულ უმუშევრობასაც ვერ დავაღწევთ თავს და ამას რომ უკმაყოფილება მოსდევს, ვერც იმას. ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიწყო საქართველოში და უახლოეს მომავალში არ დამთავრდება.

ასე რომ, საუბედუროდ, როგორც ყოველთვის, ერეკლეს შემდეგ დღემდე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც საჩვენოდ ვითარდება, მოუმზადებლები ვხვდებით. ჩვენ გვაქვს მზა რეცეპტები, მაგრამ ამას გავაკეთებთ, თუ ქართველი ხალხი გვთხოვს და ოპოზიცია და ხელისუფლებაც შეთანხმდებიან, რომ საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან და ფსიქოლოგიური ჩიხიდან გამოსაყვანად.

– მე მაინც ჩემს პირველ კითხვას ვუბრუნდები: სამომავლოდ პროცესების განვითარებას რა მიმართულებით უნდა ველოდოთ? რომელი მოვლენები ეწყობა ჩვენს სასიკეთოდ, რას გულისხმობთ?

– თურქეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, დაუმტკიცოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ნდობა გაამართლა, როდესაც რეგიონში დასახელდა რუსეთის პოლიტიკურ საპირწონედ.
გახსოვთ, რომ ყარაბაღამდე იყო სირია და ლიბია და სირიასა და ლიბიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ალაგმა თურქეთის ჩარევამ. ამას დაემატა თურქეთის ჩარევით 30 წლის განმავლობაში დაკონსერვებული ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა. ანუ ირკვევა, რომ სერიოზული მოთამაშეა რეგიონში და უკვე არა მარტო რეგიონში.

რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ თურქეთი ოსმალეთის იმპერიისდროინდელ ლაშქრობებს გაიმეორებს ძველი გავლენების ტერიტორიებზე, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი კმაყოფილი დარჩება და თუ ყირიმის საქმეშიც ჩაერია და უკრაინელების სასარგებლოდ გადაწყდა ის ამბავი სანახევროდ მაინც, გამოდის, რომ კავკასიის ბაზარი, თურქეთს საშუალებას აძლევს, გავიდეს შუა აზიაზე, ხოლო უკრაინის ბაზარი, ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს უპრობლემოდ და თურქეთი ხდება სერიოზული ეკონომიკურ-პოლიტიკური მოთამაშე, ანუ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი აღმდგენი, თანამონაწილე და თანადამფუძნებელი, რაც მას ეკონომიკურად ძალიან გააძლიერებს. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი უნდა მოიტანოს ავტორიტეტმა. მართალია, რუსეთზე ძლიერია ეკონომიკურად, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო დიდ ავტორიტეტს მოიხვეჭს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რეგიონში უკვე მოიხვეჭა დიდი ავტორიტეტი. რუსეთმა დათმო პოზიციები თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ ყარაბაღში, იმიტომ რომ, თუკი თურქეთი აშკარად ჩაერეოდა აზერბაიჯანის მხარეს საომარ მოქმედებებში და ის მხარედ დაფიქსირდებოდა, რუსეთი მიიღებდა კავკასიურ ომს, რომელშიც კავკასიელები რუსეთის მხარეს ნამდვილად არ იქნებოდნენ და რუსეთს პრობლემები შეექმნებოდა თათრეთშიც და შუა აზიაშიც. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში მუსლიმანების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია, მათი ცენტრი კი თურქეთშია. იმის მიუხედავადაც, რაზეც ვისაუბრეთ, რუსი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები უტიფრად და ურცხვად, ღვარძლით, შურითა და ზიზღით ამბობენ, რომ, თურმე, საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ცხინვალი და აფხაზეთი. ჩრდილოელი მეზობლისგან ჩვენ რაციონალურ მოქმედებებს არ უნდა ველოდოთ...


– თუმცა იმავე აფხაზებისა და ოსებისთვის გასაგები უნდა გამხდარიყო რუსეთის პარტნიორობის ფასი სომხეთის მაგალითზე. მე არ ვფიქრობ, რომც მოსწონებოდა ფაშინიანი, სხვანაირად მოიქცეოდა-მეთქი, მაგრამ ეს ფაქტორი საბაბად გამოიყენა აშკარად.

– ფაშინიანის არმოწონება ტყუილია. ფაშინიანი რუსებმა მოიყვანეს იმიტომ, რომ დაეწყოთ, რაც დაიწყეს. გასული საუკუნის 90-ან წლებში რომ მოგვატყუეს და სიგუა-კიტოვანის დონეზე რომ გადაგვიწყვიტეს, დღეს ქართველი ერი გაიზარდა. ყარაბაღის შემდეგ სწორედ იმიტომ, რომ ცხინვალი და სოხუმი მიხვდა მათ თამაშებს სომხეთის ბედით, დაიბარა პუტინმა დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტი“. ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა რუსეთის პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე, რაღაც ვალებს ადებდა თითქოს, ხომ გეხმარებით კოვიდის დროსო.

– აფხაზებს ჩვენ ვეხმარებით კოვიდის დროს.

– ამას ვამბობ მეც: თავის თავსაც იტყუებენ. თუ რუსეთს ის ჰგონია, რომ სამხრეთ კავკასიის დათმობით, იმის გარანტიას მიიღებს, რომ ჩრდილოეთ კავკასია შერჩება და ეს ვირეშმაკული თამაშები გააგრძელა, ძალიან შეცდება. გრძელვადიან, შორსმჭვრეტელურ პოლიტიკას არ თამაშობენ. მთელი სტრატეგია იმაზე აქვთ აგებული, რომ აქვთ რაკეტები, ბომბები და საჭიროების შემთხვევაში, გაისვრიან. არადა ან გაისვრიან, ან არა, ანუ ან მოასწრებენ, ან არა. ეს ჩვენთან უნდათ პრორუსული ორიენტაციის ადამიანებს შიშის დათესვა, დათვი რომ მოგერევა, თურმე, ბაბაია უნდა დაუძახოო. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს გამოთქმა: არც ბაბაიაა ქართული და არც დათვი. ქართულია მგელი და არწივი. როგორც ჩანს, დამპყრობლები ყოველთვის იყენებდნენ მოღალატე ქართველებს ქართველ ერზე მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათგან არცერთია იმდენად ავტორიტეტული, რომ გავლენა მოახდინოს ქართველი ერის ცნობიერებაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...