„შავი კატის“ ფენომენი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.06

ანუ „ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში“ ამერიკულად
რაკი არც ხანგრძლივ გაახარებს ეს სოფელი ვისმეს და ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მთავრდება, დონალდ ტრამპსა და ელონ მასკს შორისაც ჩაირბინა შავმა ფისუნიამ. სახელდობრ, აშშ-ის პრეზიდენტმა მილიარდერი გაათავისუფლა (სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან), რაც ამ უკანასკნელმა შეაფასა, როგორც უმადურობა, ვინაიდან, მისი თქმით, რომ არა თავად, ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა, რასაც, ცხადია, თავად აშშ-ის პრეზიდენტი არ ეთანხმება. მეტიც, აცხადებს, რომ მასკით ფრიად და ფრიად იმედგაცრუებულია.
ასე განსაჯეთ, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ელონ მასკი გაგიჟდა (ამის შესახებ Truth Social-ში დაწერა) და დასძენს, რომ იგი გამოიფიტა. იმავდროულად კი, აუქმებს განკარგულებას, რომლითაც მასკი (როგორც ტრამპი ამბობს) აიძულებდა ყველას, შეეძინათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სჭირდებაო.
მაგრამ ეს გასაოცარი ამბავი მხოლოდ ამით არ გასრულებულა, მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი ფიგურირებს, ეგრეთ წოდებულ, „ეფშტეინის ფაილებში“. ამ ეფშტეინს კი, არც მეტი, არც ნაკლები, პროსტიტუციას ედავებოდნენ და არასრულწოვანთა გაუპატიურების გამო იხდიდა სასჯელს. თუმცა უკვე გარდაცვლილია.
და თუმცა „ეფშტეინის ფაილების“ ამბავი მართლაც უსიამოვნოა, პირადად მე მეტად ყურადღებამისაქცევი მაინც მასკის ის აზრი მგონია, რომ აუცილებელია ახალი პარტიის შექმნა, რომელიც აშშ-ის იმ ამომრჩეველს გააერთიანებს, რომლებსაც არც „დემოკრატები“ მოსწონთ და არც „რესპუბლიკელები“. ზემოხსენებულ ტიტანებს შორის კონფლიქტი კი პრეზიდენტის საგადასახადო კანონპროექტის გამო დაიწყო (მასკი კანონპროექტს აკრიტიკებდა) და „ნასას“ საკადრო პოლიტიკაში შეუთანხმებლობით გაგრძელდა.
რაკი ძალაუფლება ტრამპის ხელშია, მასკს წასვლა მაინც მოუწევდა და, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ერთი რამ უკვე აშკარაა: ყველა დროსა და ფორმაციაში უკვდავია პოეტის შეგონება: ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან