შავ ღრუბელთა გამყრელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ ნდომით შეპყრობილი
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებას ელოდა (ცხადია, აშშ-ის რიტორიკიდან გამომდინარე და არც ირანის სასულიერო მმართველობა აკლებდა ხელს) და დონალდ ტრამპმა წაუყენა კიდეც ორთვიანი ულტიმატუმი თეირანს, საბოლოოდ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და 12 აპრილს ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდიც გაიმართა (ომანის შუამავლობით). მხარეების განცხადებით, მოლაპარაკებები პოზიტიურად და კონსტრუქციულად წარიმართა.
განცხადებები აშკარად პროტოკოლურია, შესაბამისად, არც არაფრის მთქმელი, თუმცა შევიტყვეთ, რომ მეორე რაუნდი 19 აპრილს გაიმართა და ამჯერად რომში. ოღონდ ომანი ისევ შუამავლის როლშია (მაინც გეტყვით, რომ ომანელებს ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მიმოაქვთ ამბები. თუ რატომ შიშობენ ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვას ამერიკელები და ირანელები, მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს).
რთული სათქმელია, მიაღწევენ თუ არა მხარეები თანხმობას, ვინაიდან აშშ მოითხოვს, ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ხოლო ირანი კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ის მზადაა, მოხსნას ყველა კითხვის ნიშანი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, მაგრამ გაამდიდრებს თუ არა ურანს, ეს მისი უფლებაა.
უცნობია, არის თუ არა აშშ-ისთვის ხელსაყრელი ირანის ასეთი პოზიცია (მათ შორის, ისრაელის ინტერესების გათვალისწინებითაც), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთის არევა, პრაგმატულად, ძალიანაც მომგებიანია ჩინეთისა და ბრიქსის ოპონენტებისთვის, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირების ვარიანტიც იყოს, მაგრამ არის ერთი მაგრამ: აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობის ნობელის პრემია უნდა და იქნებ მისმა ამ ნდომამ ახლო აღმოსავლეთის თავზეც დაიფრინოს შავი ღრუბლები...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან