სამკერდე ნიშნიანები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:54
ანუ ლენტიანები
ევროპარლამენტმა, იმას გარდა, რომ საქართველოს დემოკრატიაზე ჭმუნავენ და საქართველოს მთავრობას ერჩიან, დააბრუნეთ ქვეყანა დემოკრატიის ია-ვარდით ფენილ ბილიკებზეო, მთელი კონტინენტის მასშტაბით პოლიტიკოსები დააჯილდოვა, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ შორის არიან უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები.
საქმე ის გახლავთ, რომ წელს პირველად გაიცა ევროპული დამსახურების ორდენი, რომლის ადრესატებიც არიან ისინი, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ევროკავშირის ღირებულებებში. როგორც შევიტყვეთ, ხსენებული ორდენი სამრანგიანია და მოიცავს შემდეგ გრადაციებს: ორდენის წევრი, ორდენის საპატიო წევრი და ორდენის გამორჩეული წევრი.
უმაღლესი ჯილდოს მფლობელი სამი პირი გახდა, მათ შორის, ორი ყოფილია – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მეორე ხარისხის ჯილდო მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ერგო, ასევე, ვატიკანის სახელმწიფო მდივანსა (პიეტრო პაროლინი) და ერთიც ყოფილს – ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს.
იქვე შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებულნი და მესამე ხარისხის ორდენის მფლობელებიც (მათ შორის არავინაა ჩვენთვის მშობლიურად ნაცნობი, ამიტომ აღარ მოვაცდინე თქვენი ყურადღება) ამა წლის მაისში (სპეციალურად დაგეგმილ ცერემონიაზე) ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან (რობერტა მეცოლა) მის მიერვე ხელმოწერილ სერტიფიკატს, სამკერდე ნიშანსა და ლენტს მიიღებენ (სამგზის ვაშა, ამხანაგებო!).
სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა დანიშნულება აქვს ლენტს და უნდა იარონ თუ არა ორდენოსნებმა სასაჩუქრე პაკეტებივით ლენტშემოხვეულებმა, მაგრამ, რაც მთავარია, პირადად ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა ევროკავშირულ ღირებულებებზეა ბაასი. სახელდობრ, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევაში. თუ ეს უკანასკნელი რუსეთის ხახაში უკრაინის შეგდების გამო შეიძლება, ეფონებოდეს ევროპელების გულს, მაია სანდუს, როგორც თანამედროვენი იტყვიან, „ქეისი“ სრულიად გაუგებარია ან იქნებ ბებერ ევროპას მოლდოვურმა კორუფციამ მოჰგვარა სენტიმენტები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





