„საყვარელი 51-ე შტატი“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.06

ანუ „გაყიდულია“?!
არავისთვისაა საიდუმლო, რომ დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე დაადგა თვალი იქით კანადას, აქეთ – გრენლანდიას და არა იმიტომ, რომ ხარბია ან ახირებული, იმიტომ რომ ასე სჭირდება და ეს წაადგება აშშ-ის ინტერესებს. გრენლანდიის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ევროკავშირი იშმუშნება, ვინაიდან არ უნდა გრენლანდიის დათმობა (ან კი რატომ უნდა უნდოდეს, მაგრამ თქვენ ის თქვით, შნო თუ აქვთ შენარჩუნების).
რაც შეეხება კანადას: მისი პირველი პირი, სახელდობრ, პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი კატეგორიული წინააღმდეგი იყო (ან კი რატომ უნდა ყოფილიყო თანახმა?!) და მაისის დასაწყისში დონალდ ტრამპს უარიც სტკიცა (არ ვიყიდებითო). მაგრამ, რაკი ტარანა თვლითაა, როგორც ჩანს, აშშ-მა ისეთი რამ შესთავაზა კანადას, რაზეც ეს უკანასკნელი უარს, უბრალოდ, ვერ იტყვის.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, მაშასადამე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა განიხილავს შემდეგ შეთავაზებას: ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცვლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.
აშშ-ს პირველმა პირმა თავისი შეთავაზება უცებ გადაიყვანა აშშ დოლარებში და თავის ჩრდილოელ მეზობელს დაუთვალა, რომ „ოქროს გუმბათის“ ნაწილად გახდომა, არც მეტი, არც ნაკლები, 61 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება, მაგრამ, თუ აშშ-ის ნაწილი გახდებიან (როგორც ტრამპმა თქვა“ „ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი“), ამ სიკეთით სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებენ.
კანადისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარი, სავარაუდოდ, ზღაპრულად მიუწვდომელი თანხა არ არის, მაგრამ, თუ აშშ-ის პრეზიდენტს ვერწმუნებით, ისინი განიხილავენ ამ შეთავაზებას. და თუმცა წინასწარ რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს კანადა (იქნებ ჩვენებური სიბრძნითაც იმოქმედოს და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს), მაგრამ, თუ გავიხსენებთ კანადის პრემიერ-მინისტრის თავდაპირველ განცხადებას, რომ კანადა არ იყიდება, ჩნდება ეჭვი, რომ, რაც არ იყიდება ფულზე, მხოლოდ დიდ ფულზე თუ გაიყიდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან