პოლიტიკა

როგორ უპირისპირდება ერთმანეთს ბიზნესის უსაზღვრო სიხარბე მომხმარებლის სასრულ შესაძლებლობებს

№2

ავტორი: ნინო კანდელაკი 16:31

ნოდარ კაპანაძე
დაკოპირებულია

მართალია, ორ ათეულ წელზე მეტია, ცნობილია, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი საკმაოდ დიდია და ყველა ტიპის წამალი ხელმისაწვდომიც არ არის, მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიშვა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე იაფი თურქული წამლები. ზემაღალი ფასნამატების გამო ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა, მედიკამენტების გაიაფების აუცილებლობაზეც ისაუბრა,. იბადება კითხვა: რა ბერკეტები აქვს საამისოდ სახელმწიფოს?! მეორე მხრივ, სამივე მსხვილ და, ზოგადად, ბაზარზე მომუშავე ყველა ფარმაცევტული კომპანიის ქსელში მედიკამენტების ფასი თითქმის იდენტურია, ფასდაკლების დღეებიც და იმ დღეებში ფასდაკლებებიც, რასაც ვერაფრით ხედავს კონკურენციის სააგენტო, – ამ თემას სტატისტიკის სპეციალისტთან, ნოდარ კაპანაძესთან ერთად განვიხილავთ.

– კონკურენციის სააგენტო მკვდრადშობილია, გონებრივად უჭირს მის ხელმძღვანელობას თუ რა უშლით ხელს, დაინახონ ცხადი, ანუ გარიგების ნიშნები?

– მედიკამენტების, პროდუქტებისა თუ საწვავის ფასწარმოქნას ყველგან ერთნაირი მექანიზმი აქვს. თუ ნახავთ საქართველოს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რითიც კონკურენციის სააგენტო ხელმძღვანელობს, კერძოდ, მეოცე მუხლს, რომელიც ეხება საკითხს, რა შემთხვევაში შეიძლება, დაიწყოს მოკვლევა, წავიკითხავთ, რომ კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს, თუ მას მიმართავენ. სხვა შემთხვევაში არანაირ მოკვლევას არ დაიწყებენ.

– ვინ უნდა მიმართოს: მაგალითად, მე, მოქალაქემ, თუ ერთ-ერთმა კომპანიამ?

– შეიძლება – მოქალაქემ, შეიძლება – კომპანიამ. უფრო მეტად კომპანიამ, მაგრამ მთელი ამბავი ისაა, რომ მოქალაქის უფლება, მიმართოს, ცოტა ანეკდოტურია. მაგალითად, ნაბახუსევზე ვიყიდე ლუდი და მომეჩვენა, რომ ლუდის ფასში რაღაც კარტელური გარიგებაა. დავწერე განცხადება და კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. ანეკდოტურია, რადგან მიდგომა ფრაგმენტულია. ხოლო, როდესაც ასეთი ფრაგმენტული მიდგომაა, მაშინ მთლიან სურათს ვერასდროს დაინახავ. ფასწარმოქმნა უნდა შეისწავლებოდეს 24/7-ზე.

– რას ნიშნავს ასეთი შესწავლა?

– მე მაქვს მომზადებული ეს პროექტი და ის შეიძლება, დაინერგოს დღესვე, რადგან უმსგავსობამდეა გამარტივებული კომუნიკაცია და მონაცემების გაცვლა-გამოცვლა. წარმოუდგენლად მაღალია ინფორმაციის დაგროვების სიჩქარე. გაყიდვების შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია ყველგან, თითქმის ყველა თავმოყვარე სუპერმარკეტში აისახება მონაცემთა ბაზაში. თუ აქციაა, ეს აქციაც აისახება მონაცემთა ბაზაში და აი, ამ მონაცემებს ერთად უნდა მოუყარო თავი. ასევე, თავი უნდა მოუყარო საბაჟოს მონაცემებს პროდუქციის განბაჟების დროს – ანუ, რაღაც პროდუქცია რომ განბაჟდა, განბაჟდა რაღაც ფასად, ანუ შემოვიდა რაღაც ფასად. პარალელურად უნდა ხდებოდეს, ეგრეთ წოდებული, სარკისებური შედარებები. მაგალითად, თურქეთიდან რომ შემოვიდა რაღაც პროდუქცია და ჩვენთან დაფიქსირდა რაღაც ფასად იმპორტში, რა ფასად დაფიქსირდა იგივე პროდუქცია თურქეთის ექსპორტში. ეს – რაც შეეხება მექანიზმს, მაგრამ ახლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ საკითხის არსზე: ჩვენმა პრემიერმა სამი შესანიშნავი იდეა წამოაყენა, ოღონდ ამ იდეებს შესრულება უნდა. ეს იყო პენალტი და ბატონი ლიბერალების აზრით, პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, იმკრეხელა, იმიტომ რომ, ამ განცხადებით, ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი დოგმა: ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი; რადგან ბიზნესმენი არის უცოდველი, ყოველთვის მართალი და ბიზნესმენმა ყველაფერი ყველაზე კარგად იცის. ამის შემდეგ მთავარია, როგორ შესრულდება ეს იდეები. გასაგებია, რომ კანონმდებლობაა შესაცვლელი, ოღონდ მნიშვნელოვანია, აღსრულების როგორი მექანიზმი შემუშავდება. ისევ ფასწარმოქმნის მექანიზმს დავუბრუნდეთ: ასევე, არის წარმოებები და არის სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც იღებენ ამ პროდუქციას და ანაწილებენ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში. მათაც აქვთ გარკვეული ფასნამატი. ეს მონაცემებიც შედის მონაცემთა ბაზაში. აქ არის ერთი საინტერესო რამ: შტრიხკოდები ერთნაირად იკითხება თბილისშიც, ოზურგეთშიც, ტაშკენტშიც და ქაიროშიც და, მარტივად რომ ვთქვათ, ვიცით, რა საქონელზეა ლაპარაკი. მოკლედ, მონაცემთა ყველა ბაზა თავს უნდა იყრიდეს შემოსავლების სამსახურში და კონკურენციის სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა ამ ბაზაზე, შემდგომ კი საჭიროა თითოეულის საქონლისთვის სპეციალური ალგორითმის შემუშავება. ამ ალგორითმების შემუშავება საკმაოდ ადვილია. ბუნებრივია, ადვილია მათთვის, ვინც ეს საქმე იცის. ამდენად, შესაძლებელი იქნება თითოეული პროდუქციის წარმოშობის ადგილიდან საცალო გაყიდვამდე ფასის მთელი ციკლის შესწავლა, ასევე, კონკრეტული ფირმებისა და კომპანიების მიხედვით. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ბაზარზე კარტელური გარიგებების დადგენაც. მაგალითად, თუ ფარმაცევტულ ბაზარზე არის სამი მსხვილი კომპანია და მათი ჯამური ფასნამატია 300-400 პროცენტი, აი, აქ უკვე შესაძლებელია, ჩაერიოს პროკურატურა, მაგრამ, ვინმე დასაჭერი რომ არ გახდეს, შესაძლებელია, პროდუქციის რაღაც ჯგუფზე დაწესდეს ფასნამატის ზედა ზღვარი.

– ეს მიღებული პრაქტიკაა? არ იტყვიან, რომ ეს კლავს თავისუფალ ბაზრის პრინციპებს?

– აქ არის კიდევ ერთი ფილოსოფიური ახსნა: ფასნამატის ზედა ზღვრის დაწესება ეყრდნობა ერთ მთავარ ფუნდამენტურ რამეს, რაც, ასევე, მკრეხელობად ჩაითვლება ლიბერალების მიერ – ადამიანის სიხარბეს, რასაც საზღვარი არ აქვს, რესურსებს საზღვარი აქვს; რესურსები სასრულია, სიხარბე უსასრულოა და, როდესაც შენ სასრული რაღაცით უსასრულო რამის შევსებას აპირებ, იმთავითვე კრახისთვის ხარ განწირული. ნებისმიერი ბიზნესის ოქროს ოცნება არის მონოპოლიის მიღწევა. მაგალითად, თუ ბიზნესი კერავს ჩუსტებს, მისი ოცნებაა, რომ პლანეტა დედამიწაზე მარტო თვითონ კერავდეს ჩუსტებს და მისი ჩუსტები იყიდებოდეს ყველაზე ძვირად. ანუ აი, ამ სიხარბის ზღვრის დაწესება შეიძლება და ეს გადაწყვეტილება მიიღება არა ვიღაცის კეთილი ან ბოროტი სურვილის გამო, არამედ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რომ, მაგალითად, მედიკამენტების რაღაც ჯგუფისთვის ფასნამატი შეიძლება, იყოს 20 პროცენტი, სხვა ჯგუფზე – 15 პროცენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს უნდა რეგულირდებოდეს 24/7-ზე რეჟიმში და არა იმის მიხედვით, რომ ვიღაცას უცებ მოეჩვენა, რომ კარტალური გარიგებისა თუ დემპინგური ფასების მსხვერპლი გახდა, დაწერა განცხადება და შემდგომ კონკურენციის სააგენტომ ეს განცხადება შეიძლება, საერთოდ არ მიიღოს. ასე რომ, პრემიერმა წამოაყენა ბრწყინვალე იდეა, ახლა საუბარია იმაზე, თუ როგორ შესრულდება ეს იდეა. თუმცა, ახლანდელ პირობებში ამის მოგვარების მექანიზმები არსებობს და ეს არ ჯდება განსაკუთრებით ძვირი. რაც ყველაზე მთავარია, იმ მექანიზმის, რაც ახლა ორიოდე სიტყვით გითხარით, უფრო დეტალურად დაწერაც შეიძლება. ეს არ იქნება დამატებითი ტვირთი მეწარმეებისთვის, ვაჭრებისთვის.

– კანონი იძლევა ამის საშუალებას?

– თუ კანონი ამის საშუალებას არ იძლევა, მივიღოთ შესაბამისი კანონი. როდესაც კონსტიტუცია და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს არ შეესაბამება, შეცვალეთ კონსტიტუცია და დაანებეთ თავი ქვეყნის შეცვლას. ეს არის ჩემი რჩევა ყველასადმი. ამ მექანიზმის დანერგვა არ მოითხოვს რამე დამატებით ძალისხმევას მოქმედი კომპანიებისგან. ეს არის მათი მუშაობის ციფრული კვალის თავმოყრა, სისტემატიზება და მუდმივი მონიტორინგი როგორც თითოეული პროდუქციის სახეობის, ისე კომპანიების მიხედვით. ამის გაკეთება სავსებით რეალურია. დღეს ვიღაცები ამბობენ, რომ დიდი ფასნამატია მედიკამენტებზე; სხვები ამბობენ, რომ დიდი ფასნამატია სურსათზე, მესამენი ამბობენ, რომ საწვავზეა კარტელური გარიგებები. კარტელურ გარიგებებს აქვთ ერთი ძალიან საინტერესო თვისება: ეს არ ხდება სისხლით ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე, ყველა კარტელური გარიგება, როგორც წესი, ხდება ვერბალური შეთანხმებით, მაგრამ ამ ყველაფერს აჩვენებს მონაცემები, ამიტომ საჭიროა მეტი სტატისტიკა და ნაკლები ემოცია.

– აქამდე რატომ ვერ ამჩნევდა ვერც ერთი ხელისუფლება კარტელურ გარიგებებს? ვერც ახლანდელი – ამ დრომდე? იმდენად მოძლიერდნენ ეს კომპანიები, ფარმაცევტული, საწვავისა თუ სასურსათო პროდუქციის შემომტანები, რომ მათი შერყევა შეუძლებელი იყო?

– შეიძლება, ცოტა პირიქითაა საქმე: უკვე მთავრობა გაძლიერდა და ახლა შეძლო საკითხის დასმა. ის, რაც პრემიერმა თქვა, არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ხოლო პოლიტიკა კი შესაძლებლობის ხელოვნებაა. შეიძლება, ყველა ძალიან კარგად ხვდებოდა, ან ვერ ხვდებოდა, რაც ხდებოდა და ხდება, მაგრამ ამის გაკეთება ეჭვების, დასმენების საფუძველზე არ არის მაინცდამაინც ოპტიმალური გზა და მთავრობამ ეს საკითხი დასვა მაშინ, როდესაც შეძლო მისი დასმა. მაგალითად, განათლების რეფორმაზე რატომ არ დაიწყო ლაპარაკი 2012 წლიდან?!

– ეს საკითხი მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდიდანვე იყო აშკარა, რას ემსახურებოდა განათლების სისტემა, თაობების დაშტერებას.

– იმიტომ, რომ მმართველობის კრიზისია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე. კაპიტალიზმის სისტემის კრიზისია და რაც უფრო ღრმაა კრიზისი, მით უფრო გიმცირდება მანევრის თავისუფლება. იმიტომ ვერ დასვეს დღემდე განათლების რეფორმის საკითხი, რომ, ალბათ, არ იყო საამისო პირობები; არ ჰქონდათ ამდენი ძალა და შეიძლება, ერთსულოვნებაც. ასეთი რეფორმების გატარებას სჭირდება მმართველი გუნდის საკმაოდ დიდი ერთსულოვნება, ვინაიდან ეს არ არის ერთი რომელიღაც უწყების გადასაწყვეტი საკითხი. ამას ერთი ადამიანი, რაც უნდა ძლიერი მინისტრი იყოს, ვერ გააკეთებს, გუნდური მუშაობა სჭირდება. შეიძლება, ერთსულოვნებაც არ იყო საკმარისი: ბევრნი უშლიდნენ ხელს – ლობირების ჯგუფები, გავლენის ინტერესთა ჯგუფები და ასე შემდეგ. ეს საქართველოს ენდემური მოვლენა არ არის, ცნობილი ამბავია, რომ ამერიკაში მშრალი კანონი მიიღეს იტალიური მაფიის დიდი ლობირებით. შემდგომ რამდენჯერმე სცადეს ამ კანონის გაუქმება, მაგრამ, სწორედ მაფიის ლობირებით, ეს მცდელობები ჩავარდა, სანამ ბოლოს რუზველტმა არ თქვა, რა დროს მშრალი კანონიაო და ადგა და ხელის ერთი მოსმით გააუქმა ყოველგვარი ლობირების გარეშე. ანუ მან შეძლო და გააუქმა, როდესაც მანამდე პრეზიდენტებმა ვერ შეძლეს, იმიტომ რომ იყო სერიოზული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ კანონის არგაუქმებით.

ჩვენთანაც ფასების შემცირების იდეის განხორციელებით დაინტერესებულია მოსახლეობის ფართო მასა, უპირველეს ყოვლისა და მოწინააღმდეგეები არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც აქედან იღებენ მოგებას, შეიძლება, ზემოგებასაც. უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი და ზემოგებით დაინტერესებულებს ვუთხრათ, ცოტა მადას მოუკელით, ვინაიდან, როგორც ვთქვი, მადის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იპოსტასი – სიხარბე უსაზღვროა, ხოლო ადამიანთა მსყიდველუნარიანობა, ანუ რესურსი – შეზღუდული და სასრული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი