პოლიტიკა

როგორ უნდა დაიძლიოს შრომისა და ფულისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და რა გააბათილებს დამარცხების ფიქსირებულ ეროვნულ განწყობას

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.11, 2021 წელი

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

წინასაარჩევნო სლოგანები თავისთავად საინტერესო ფენომენია, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ჩემი ყურადღება მიიპყრო ორი მთავარი კონკურენტის დაპირებებმა: უფასო ლიფტები, უფასო კვება სკოლებში, 100-ლარიანი ვაუჩერები პენსიონერებს... თუ ვივარაუდებთ, რომ სლოგანებზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებსაც შესწავლილი აქვთ საზოგადოების სტრუქტურა, ზემომოტანილი სლოგანები კი ღარიბ მოსახლეობაზეა გათვლილი, ესე იგი, ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი ღარიბია. მეორე მხრივ კი, ისედაც ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში სიმდიდრე ერთგვარ საქილიკო საგნადაა მიჩნეული (გამონათქვამების დონეზეც კი – ფული ხელის ჭუჭყია) და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკაც წაახალისებს სიღარიბეს და, რაც მთავარია, მოსახლეობა თითქოს კომფორტულად გრძნობს თავს სიღარიბეში, მოირგო მსხვერპლის როლი, რომელსაც ყველა უნდა დაეხმაროს. რატომ შეიქმნა საქართველოში სიმდიდრის კომპლექსი და რატომ იქცა სიღარიბე ერთგვარ კომფორტულ მდგომარეობად? – ამ თემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– თუ საარჩევნო სლოგანებით ვიმსჯელებთ, პოლიტიკოსებმა იციან, რომ ღარიბი ამომრჩეველი ჰყავს.

– ჩვენი საზოგადოების სოციალური ფენები კარგადაა შესწავლილი და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ მდიდარი და ევროპული ყაიდის საზოგადოება. ჩვენ ვართ ერთმნიშვნელოვნად ღარიბი, გადარჩენაზე ორიენტირებული საზოგადოება, რომელშიც გამოკვება და დღევანდელი დღით ცხოვრებაა დღის წესრიგში, რაც ორივე პარტიამ კარგად იცის.

– პარტიების ხედვა გასაგებია, მაგრამ საზოგადოებას რა სჭირს: ჰომოსოვეტიკუსის ნარჩენია, რომ კაპიტალიზმი ყარს? სიმდიდრე რატომ ჩაითვალა ცუდ მდგომარეობად და სიღარიბე რატომ გაუტკბათ ქართველებს?

– ამ კარგ კითხვებს კიდევ ერთს დავამატებდი, რაც ძალიან კარგად თქვა დიმიტრი უზნაძემ: რატომ ვართ ჩვენ მათხოვრები? იმიტომ რომ არ გვაქვს, თუ იმიტომ რომ არ ვართ შემძლე. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი უსუსური მდგომარეობა განპირობებულია არა მატერიალურის არქონით, არამედ სულიერისა და პიროვნულის არქონით.

– და ფულს აქვს ის თავისებურება, რომ მისი დამტევლობის უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, იცოდეს, რისთვის სჭირდება, როგორ მოიხმარს.

– ჩვენ შორს ვართ პროტესტანტული მორალისგან, რომ ღმერთი ესაა შრომა, პასუხისმგებლობა და ამის გამოხატულებაა ფული. ვინც არ შრომობს, მას არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და არც ფული და ღმერთისგან არ არის ხელდასხმული. პროტესტანტული ლოგიკით, ვისაც ფული აქვს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც პასუხობს სიყვარულით. ქართველი თავად-აზნაურებისთვის, განსხვავებით მშრომელი ვაჭრებისგან, შრომა შორს იყო, ფული, თუ გაქვს, უნდა გადაყარო, დახარჯო დღესასწაულსა და ქეიფში. ესეც ქართული კულტურის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, არ იყო შოთასა და თამარის, ანუ აღორძინების ეპოქაში, მაგრამ იყო დეკადანსის პერიოდში, როდესაც გადაშენების პირას ვიდექით რუსულ იმპერიაში.

– უბრალოდ ფეოდალიზმის პერიოდი გახანგრძლივდა ჩვენთან, თორემ ფეოდალი შეიძლება, არ შრომობდა, მაგრამ ფეოდალი იბრძოდა და თავისი სისხლით იცავდა მშრომელ გლეხს. ფეოდალი, მეტიც, მეფე, არ იმალებოდა გლეხების ზურგს უკან ომებში.

– იმ დროს, როდესაც აღმაშენებელი და თამარ მეფე იყვნენ, ეს მორალი მოქმედებდა.

– გიორგი ბრწყინვალის დროსაც, მერეც სამეფო-სამთავროებში.

– დიახ და გეთანხმებით, რომ ფეოდალიზმის ცხოვრების წესი ასეთი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნეში გაქრა და ქართველი თავადაზნაურობა დაემსგავსა პაროდიას. ფულისადმი, სიმდიდრისადმი ზერელე დამოკიდებულება ზენიტში ავიდა გასაბჭოების შემდეგ, როდესაც სიმდიდრის გამო ასახლებდნენ, აკულაკებდნენ. ის ხალხი, ვისაც შეეძლო, შეექმნა კაპიტალი, კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებულები და ამიტომ ჩვენთან ჩამოყალიბდა მყარი გაგება, თუ როგორ ისჯება მშრომელი და დღევანდელობა, ჩემი აზრით, უნდა ემსახურებოდეს ამის რეაბილიტაციას. ასე რომ, ჩვენი წარმოდგენა შრომაზე, ფულის შოვნაზე, სიმდიდრეზე იმდენად გაუფასურებულია, რომ შეიძლება, თავი შევადაროთ კუბას, ჩრდილო კორეას, ანუ ისეთ ქვეყნებს, რომლებშიც აგიტაცია-პროპაგანდაა სიმდიდრის წინააღმდეგ. თქვენ გაიხსენეთ ბოლო არჩევნების სლოგანები და აქცენტები – ორივე მხრიდან აქცენტი გაკეთდა ღარიბ ადამიანებზე, რომლებიც უნდა მოეტყუებინათ, როგორც ზღაპრებში ატყუებენ ადამიანებს მელია და კატა. კარგი ანალიზი სჭირდება იმასაც, თუ როგორ ექცევიან ჩვენი პოლიტიკოსები საზოგადოებას. წესით, პოლიტიკოსები საზოგადოებას გზას უნდა უჩვენებდნენ, ჩვენთან კი, პირიქით, გზას უბნევენ. განსხვავება ისაა, რომ ერთი შეიძლება, ზედმეტად აბნევდეს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მოესპო დემოკრატია, ქართული სული, მენტალიტეტი, ქართული ინიციატივები. უდაბნოს მეტაფორას მოვიტან: ორი დილემა ჩნდება, როდესაც ადამიანები უდაბნოში იკარგებიან, ერთია, დაბრუნდნენ ძველ ბატონთან, იმიტომ რომ გაუსაძლისია უდაბნოში ხეტიალი ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, ეს არის, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთში დაბრუნება და მეორე, ახალი ბატონის პოვნა, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი თავი გამოკვებოს და თავად იპოვოს გზა. სწორედ ეს იყო სააკაშვილის ლოზუნგი - შეეცვალა რუსეთი ამერიკით. ანუ ჩვენ, ქართველებს, არ გვქონდა არაფერი, რაც შეძლებოდა, ჰქონოდა თავისუფალ საზოგადოებას და ამიტომ დემოკრატიის პაროდია გათამაშდა: ბიზნესს ატერორებდნენ, ტაქსისტიც კი ჩურჩულებდა, კერძო საკუთრებას ართმევდნენ, თუმცა სწორედ ამ დემოკრატიის პაროდიას გვამადლიდნენ და დღესაც ამადლიან საზოგადოებას „ნაციონალები“. სააკაშვილმა მოახერხა, ეპოვა ახალი ბატონი, მართალია, ის ახალი მთლად არ იყო თანახმა, რომ ჩვენი მონათმფლობელი გამხდარიყო, მაგრამ ვხედავდით, როგორ შერბოდა სააკაშვილი თეთრ სახლში, რომ როგორმე მოეპოვებინა მონური დამოკიდებულება, რაც, ფაქტობრივად, მოახერხა. ეს გამოცდილებაც საშინელია: იმის მაგივრად, რომ ქართველებს გვესწავლა საკუთარი თავის მართვა, გავმხდარიყავით საკუთარი თავის პატრონი და ოცდამეერთე საუკუნეში განგვესაზღვრა ჩვენი გეზი და ორიენტირი, უბრალოდ, ახალი ბატონი გამოვძებნეთ. ისევე, როგორც ადამიანი, ერიც თავად წყვეტს თავის გზას, მისიასა და ადგილს ამ სამყაროში, ამის ნაცვლად, სააკაშვილმა, ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავს, იპოვა ახალი მონათმფლობელი. ასეთი დამოკიდებულება ნაკლებია „ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ისინიც, კრიტიკულად რომ შევაფასოთ, წარმოადგენენ ვიწრო, კერძო ჯგუფის ინტერესებს, რაც არ სცილდება მათ პიროვნებას, ჯიბეს, მეგობრებს, ნათესავებს. ეს არის ერთი პატარა გუნდი, რომელიც „ნაციონალებივით“ სასტიკად არ ეპყრობა საქართველოს მოსახლეობას: არ იჭერს, არ აწამებს, არ ართმევს ქონებას. საზოგადოებაც მადლობელია ამისთვის და ამიტომაცაა „ოცნება“ ცოტა უფრო დიდხანს ხელისუფლებაში. რევოლუცია არ ხდება, 3-5 პროცენტით უგებენ იმ ძველ „ნაციონალებს“, რომელთა ცოდვებიც დავიწყებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ხდება ის, რაც ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი და რასაც დიმიტრი უზნაძე ამბობდა, მანამდე კი – ილია: ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი თავის პატრონი, ჩვენ უნდა ვიყოთ ის ერი, ვინც აიშენებს თავის სახელმწიფოს, იპოვის თავის გზას და მხოლოდ ბატონებს არ გამოიცვლის. არადა, შესაძლებელია საკუთარი თავის შენარჩუნება და საკუთარი თავის პოვნა. სამწუხაროდ, როდესაც პოლიტიკოსები არ გეხმარებიან, ძალიან რთულია საკუთარი გზის პოვნა. თან, ჩვენნაირი ერისთვის, რომელსაც არ ჰყავს მონათესავე მეზობელი, რომელიც შეიძლება, გახდეს გზის მიმანიშნებელი. მაგალითად, ბალტიისპირელებს ჰყავთ სკანდინავიის ქვეყნები და პოლონეთი. ჩვენთან კი, მაგალითად, თურქეთი ნამდვილად ვერ არის ასეთი ვერც კულტურულად და ვერც რელიგიურად; რუსეთი როგორიცაა და როგორ გვაყვედრის ამ რელიგიურ ერთმორწმუნეობას, ვნახეთ. ევროპისგანაც არავინ გვესაზღვრება ძალიან სამაგალითო: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა...

– შავი ზღვის მეორე სანაპიროს მეზობლებს გულისხმობთ?

– დიახ, არც ერთი არაა ისეთი, რომ დავარქვათ მონათესავე, კულტურულად, მენტალურად მსგავსი სახელმწიფო, ამიტომ რთული აღმოჩნდა ეს ამოცანა ჩვენთვის. როდესაც გარედან არ გეხმარებიან, ერთადერთი გზა რჩება: მიუნჰაუზენივით საკუთარი ხელით ამოქაჩო საკუთარი თავის ჭაობიდან. თუმცა ასეთი გამარჯვების მაგალითებიც არის. 1945 წელს მიწასთან გასწორებული გერმანიის ნაკრები 9 წელიწადში ხდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში და ბეკენბაუერი იხსენებდა, თუ როგორი დიდი როლი შეასრულა ამ მაგალითმა მათ მიერ წარმატების მიღწევაში და ისინიც გახდნენ ჩემპიონები. ანუ წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი მაგალითიც. დღეს, ფაქტობრივად, ორი ფაქტორის წნეხში ვართ: ერთია დამარცხებულის ფიქსირებული განწყობა და ეს ძალიან მწვავედ გვახსოვს გადატანილი ომებიდან.

– სამაგიეროდ, რუსებს ვუგებთ ჭიდაობაში და ყოველთვის რაგბიში. სადაც თანაბარი რაოდენობით ვრჩებით ერთმანეთის პირისპირ.

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამარცხებულის ფიქსირებული განწყობა ძალიან ძლიერია და ამას გადაშლის მხოლოდ დიდი გამარჯვებები. მეორე ფაქტორია ფონის შეცვლა: როდესაც გასაგები ფონი შეიცვალა სრულიად გაუგებარი ახალი ფონით, ადამიანებს გაუჭირდათ გადაწყობა. მხოლოდ ახალი თაობა იგებს, როგორ შეიძლება ამ ახალ ფონში წარმატებით ცხოვრება. მაგრამ მაინც – სად შეიძლება, დავინახოთ გზა და გამარჯვების მაგალითები? ერთი მიმართულებაა ქართველი დედები და ბებიები, რომლებიც ნიუ-იორკსა თუ ათენში მუშაობენ და აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორ შეიძლება, იცხოვრო ახალ ფონში, ანუ ატლანტიკის ოკეანის იქით წახვიდე და გადაარჩინო შენი ოჯახი. მაგალითად, ფსიქოლოგებს ძალიან დიდი ტრაგედია დაგვემართა ახალ საქართველოში, დაგვეხურა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, მაგრამ დღეს ქართველი გეშტალტთერაპევტები ვართ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი: ერთი მხრივ, ქართული ფსიქოლოგიის ბაზაზე ვრჩებით და, მეორე მხრივ, პროფესიულ წარმატებას მივაღწიეთ ევროპულ სივრცეში, ვზრდით პროფესიონალების ახალ თაობას. ასეთი რამეები, ალბათ, ხდება სხვაგანაც, მაგრამ უცნობია საზოგადოებისთვის. ასეთი წარმატებები უნდა გახდეს პოპულარული, იმიტომ რომ, სწორედ, ეს აცოცხლებს და ფეხზე აყენებს ერს. როდესაც ადამიანს ჰყავს მისაბაძი მამა, ძმა, მეგობარი, გზა იოლად იძებნება, მაგრამ ამის გარეშე ძალიან რთულია წინსვლა. ჩვენს რეალობაში კი, როდესაც პოლიტიკოსები არ ზრუნავენ საზოგადოებაზე, მისაბაძი მაგალითი ცოტაა. საუბედუროდ, დაუსრულებლად ვიტრიალებთ უდაბნოში, ვიდრე არ ვიპოვით საკუთარ გზას და ძველსა და ახალ ბატონებს არ მოვცილდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი