როგორ ცდილობს სომხური ლობი, ჩაშალოს აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი და სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა აიღოს საქართველოს როლი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.01

თუკი მიმდინარე გლობალური დაპირისპირების დაწყებამდე, ყოველ შემთხვევაში, ილუზია მაინც არსებობდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ასევე, ერთი სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული მეორე სახელმწიფო სიმბოლურ სამართალს იპოვიდა, ამჟამად ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. მაგალითად, ჰააგის სასამართლომ ვლ. პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, მაგრამ ის დაიარება იქ, სადაც უნდა; მეორე მხრივ, აშშ-მა ჰააგის მოსამართლეები დაასანქცირა, რადგან მათ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერები გასცეს. ყოფილი ტერორისტი ალ-ჯულანი აწ უკვე დემოკრატი მებრძოლი გახდა და ის უკვე გააპიარა თვით „ბი ბი სიმ“. რატომ მოიშალა თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი, რაც ადრე, ავად თუ კარგად, მუშაობდა? – ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რამ განაპირობა ფასადურად მაინც გარკვეული წესების მოშლა, თუ ისინი არც არასდროს არსებობდნენ და უბრალოდ, მე მეგონა, რომ არსებობდნენ?
– ეს კითხვა საკმაოდ რთულია. შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ პრობლემა, რა მიმართებაა გეოპოლიტიკურ ძალასა და საერთაშორისო სამართალს შორის, ანუ რამდენად ითვალისწინებენ საერთაშორისო სამართალს გეოპოლიტიკურ პროცესებში. საერთაშორისო სამართალი არ არის კონსტანტა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა პროპორციით ზემოქმედებს პროცესებზე. როდესაც ქაოსია, როდესაც ზავი დარღვეულია ის, უბრალოდ, არ მოქმედებს. იყო იალტა-პოტსდამის ზავის ეპოქა, რომელიც 1945-დან 1991 წლამდე გაგრძელდა. ეს იყო გარკვეულ შეთანხმებებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობები. აქ, რა თქმა უნდა, თავის როლს ასრულებდა ატომური იარაღიც, ორპოლუსიანი სამყარო და აი, ეს იძლეოდა საშუალებას, რომ გარკვეული წესები, ფორმულირებული საერთაშორისო ინსტიტუციებში, დიდ როლს ასრულებდა, თუმცა არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. ამას მოჰყვა ერთპოლუსიანი სამყარო და საერთაშორისო სამართალი თავის თავზე მოირგო ჰეგემონმა, შეერთებულმა შტატებმა და მასზე დაქვემდებარებულმა ევროკავშირმა. ეს პერიოდი გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ფართო მონახაზს ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს შეჭრა არ მომხდარა ცარიელ ადგილას. ამას თან ახლდა „ნატოს“ განუწყვეტელი გაფართოება, ჩინეთის გაძლიერება, რაც რუსეთის გაღიზიანებისა და მისი რევანშიზმის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში ვამბობდით, რომ „ნატოს“ გაფართოების მცდელობით შეიქმნებოდა რუსულ-ჩინურ-ირანული დროებითი ალიანსი და საქმე შეიძლება, მივიდეს თერმობირთვულ ომამდე. ეს განპირობებულია გეოპოლიტიკური კანონზომიერებით და ახლა ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს. შესაბამისად, თქვენს კითხვაზე, ამ პირობებში ჰყავთ თუ არა პატრონი პატარა ქვეყნებს და არის თუ არა საერთაშორისო სამართალი ისეთი ფაქტორი, რისი იმედიც შეიძლება, ვიქონიოთ, პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეპოქაში გეოპოლიტიკური არბიტრი არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის ძალთა განლაგებაზე.
– იუგოსლავიის დაბომბვამ საკმაოდ უხმაუროდ ჩაიარა, არავინ იმჩნევს, მათ შორის, არც ჩვენ, ამანაც შექმნა ერთგვარი პრეცედენტი?
– ჩვენ რომ არ ვიმჩნევთ, ეს ტრაგედიაა, მაგრამ იუგოსლავიის დაბომბვა იყო ერთპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბების პირველი მტკივნეული გამოვლინება, როდესაც მათ გააკეთეს ძალის დემონსტრირება, რომ ისინი თავის სასარგებლოდ გადააკეთებენ ურჩ ქვეყნებს. ევროპის ცენტრში სამი თვის განმავლობაში იბომბებოდა ბელგრადი, რასაც მოჰყვა იუგოსლავიის დაშლა მხვერპლითა და კოსოვოს ჩამოშორებით სერბეთიდან. ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია და ამდენი წელია ჩვენ ამ ჯაჭვურ რეაქციას ვადევნებთ თვალს. ასე რომ, კითხვაზე პასუხი ასეთია: ძალიან გულუბრყვილოები არიან ადამიანები, თუ დღეს აქვთ საერთაშორისო სამართლის იმედი. ჩვენ, ადამიანები, ისე ვართ მოწყობილი, რომ, სანამ რაღაცას ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს ამ მოქმედებების გამართლების ვერსია, რამდენად შეესაბამება იმ ნორმებს, რომლებიც არის ამა თუ იმ სოციუმში და ეს თვისება აქვს სახელმწიფოებსაც. ნებისმიერი სახელმწიფო ამართლებს საკუთარ მოქმედებას.
– ფსიქოლოგიამ ეს ექსპერიმენტულადაც დაადასტურა, რომ ადამიანი იმასაც კი ამართლებს, რაც არ ჩაუდენია, იმიტომ რომ აქვს ეს მიდრეკილება, რომ, რასაც ის აკეთებს, მართალია.
– მანიაკი მკვლელიც კი დაგისაბუთებთ, რომ მისი მოქმედება გადაულახავი მიზეზებით იყო განპირობებული და გაამართლებს კიდეც ამ მოქმედებას. სახელმწიფო კი ადამიანებისგან შედგება და ისიც ამართლებს თავის ქმედებებს.
– რუსეთი არ აღიარებს ჰააგას, არც აშშ, მაშინ რა აზრი აქვს ამ გადაწყვეტილებებს? ყველა მხარე აშკარად რატომ მოქმედებს? ფასადის შენარჩუნება აღარ სჭირდებათ?
– გააჩნია, ვის. შეერთებული შტატები არასდროს აღიარებდა ჰააგის იურისდიქციას. ის მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი, საერთაშორისო სამართალზე მაღლა მდგომი სისტემა. შტატების სასამართლო ისე გამოიტანს, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის დაპატიმრების ორდერს და ისე დააპატიმრებს, რომ საერთოდ არ შეეკითხება ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ის განსაზღვრავს ყველაფერს. ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება იქ, სადაც მას აქვს გავლენა. ჩინეთი მას არ აღიარებს, რუსეთი და შეერთებული შტატები, ხოლო, ვინც აღიარებს, მათზე ვრცელდება.
– არანაირი რეაგირება არ ყოფილა ბაქოში პუტინის ვიზიტზე. რაღაც მაინც ეთქვათ, ზრდილობის გამო.
– რა უნდა ეთქვათ?! აზრი არ ჰქონდა არაფრის თქმას.
– ჩვენი მისამართით ხომ ამბობენ? ლამის ყვირიან და მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებენ. ფიქრობენ, რომ ჩვენი მისამართით აზრი აქვს?
– ჩვენ ძალიან მოწყვლადი ქვეყანა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში. არც დსთ-ში, თუმცა დსთ არანაირ დაცვას არ ანიჭებს ქვეყანას, არც „ო დე კა ბეში“, არც „ნატოში“, არც ევროკავშირში. გეოპოლიტიკურად არც ერთ სისტემაში არ ვართ ადაპტირებულები. ჩვენი მეზობელი სომხეთი, მიუხედავად დღევანდელ რუსეთთან ასეთი დამოკიდებულებისა, დსთ-ის წევრიცაა და „ო დე კა ბე სიც“.
– „ბრიქსის“ სამიტზეც კი იყო და არც არავის გაუკიცხავს.
– დიახ. მაგრამ სომხეთს კავშირი აქვს სომხური დიასპორასთან, რაც მთელი სისტემაა. ერთ-ერთი უძლიერესი დიასპორაა მსოფლიოში, თავისი პოლიტიკური და ფინანსური გავლენებით და ჩანს, რამდენად ძლიერია იმავე საფრანგეთის მხარდაჭერით. ცხადია, საფრანგეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ იქ მოქმედებს საკმაოდ ძლიერი სომხური ლობიც, ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში მოქმედებს ძლიერი სომხური ლობი, რომელთა განწყობა ხშირად არ ემთხვევა სომხეთის ხელისუფლების ინეტერსებს და იქ კიდევ ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო დინებაა, მაგრამ ეს სისტემა არსებობს. აზერბაიჯანი, მოგეხსენებათ, ჯერ ერთი, პოზიციონირებს, როგორც თურქული წარმოშობის სახელმწიფო. კულტურულად თურქები არიან, ანუ დიდი თურანის ნაწილია ეთნიკურ-კულტიურულად; არ ვეხები თემას, რამდენად დიდია თურქული სუბსტრატი აზერბაიჯანის მოსახლეობაში. თვითონ თურქეთშიც იგივე ხდება: მოგეხსენებათ, იქ საკუთრივ თურქული სუბსტრატი სულაც არ არის უმრავლესობა, მაგრამ კულტურულად არიან ისინი თურქები და თავს განიხილავენ თურქებად, დიდი თურანის ლიდერ სახელმწიფოდ. ასეთია მათი კონცეფცია, თუმცა ამას განხორციელება არ უწერია. ჩვენ კი ცალკე მდგომი მცირე ქვეყანა ვართ. აქედან გამომდინარე, უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რომ გულუბრყვილობაა, გვეგონოს, ვიღაცას შერცხვება და ანგარიშს გაგვიწევს, თუ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უსუსურ მდგომარეობაში ვგულისხმობ საქართველოში ქაოსსა და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას, კონსტიტუციური წესრიგის რღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირებას. ასეთ შემთხვევაში საქართველო ძალიან მალე აღმოჩნდება მეთვრამეტე საუკუნის მდგომარეობაში. ამას სულ ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, მიტაცებული განათლების სისტემის წყალობით, რომელიც 2005 წელს მიიტაცეს და მისი გამოხსნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ, სრულიად არაადეკვატური წარმოდგენები აქვს, როგორც საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, ისე მისი მეზობლების როლზე ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ამ მეზობლების ინტერესებზე. აქედან გამომდინარე კი, მათ სწორი შეხედულება ვერ ექნებათ პერსპექტივაზე და ვერც სწორ ნაბიჯებს გადადგამენ, რის ნათელი დასტურია რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე პროცესები.
– ამერიკელი კონგრესმენის, უილსონის გააფთრებას რით ხსნით?
– ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავიანთ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან. ამ ლობიში 115 კონგრესმენი შედის. მათ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. შემთხვევით არ უხსენებია ალიევს საქართველოში გადატრიალების განზრახვა. 2000-იანების დასაწყისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ ეკოლოგიური ენჯეოები და მათ სწორედ ეს სომხური ჯგუფები აფინანსებდნენ მთელს კავკასიაში, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიან. უფრო ზუსტად, მათ უნდათ, რომ ტრანზიტმა სომხეთზე გაიაროს და არა საქართველოზე. ზოგადად, ესაა მათი გეგმა: არ მიგესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყო ქაოსში. ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში. საოცარი კიდევ ისაა, რომ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს ამერიკის კონგრესში, ამავე დროს არის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ლობისტი. აქ ობიექტურობაზე საუბარი ხომ სასაცილოც არის, მით უმეტეს, როდესაც ცნობილია, რომ ის ერთ „ტვიტში“ 1 000 დოლარს იღებს. სხვათა შორის, როგორც კი აფხაზეთის საკითხი დგება, მომენტალურად ირთვებოდა და ახლაც ჩაირთო ანტიქართული აგენტურა. ილჰამ ალიევს მაინც მოუსმინონ: მან გარკვევით თქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს ძალები, უპირველესად, სწორედ სომეხი ხალხის ინტერესებს აზიანებენ. ზოგადად, ამდენი ამბიციური გიჟის, ევროგაშმაგებულისა და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფის რადიკალიზმი საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომლებიც მრავლად არიან. რასაც ვამბობ, არ არის ანტისომხური განწყობის გაღვივება, რადგან, ჯერ ერთი, ყველა სომეხი ასე არ ფიქრობს, მეორე, ის ჯგუფი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის იბრძვის და, რაც მთავარია, ეს პოლიტიკა თავად სომხეთისთვისაც დამღუპველია. ის არ უნდა გახდეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური ფაქტორის ინსტრუმენტი. კავკასიის სამმა სახელმწიფომ ერთმანეთი კი არ უნდა დაასუსტოს, არამედ გააძლიეროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან