როგორ ცდილობს ილონ მასკი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას და რატომ აუკრძალეს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.10, 2022 წელი

ისე მოხდა, რომ „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა „ტვიტერზე“ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დასრულების გეგმა გამოაქვეყნა (სხვათა შორის, გამოკითხვაც დაურთო). ილონ მასკის აზრით, მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის შემდეგი პუნქტების შესრულებით უნდა დამყარდეს:
„განმეორებით, გაეროს ზედამხედველობით, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება; ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე); ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია; უკრაინა რჩება ნეიტრალური.“ ამ გეგმას უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ ხისტად გამოეხმაურა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – ილონ მასკმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა (ანუ მარსიდან გეოპოლიტიკაში გადაინაცვლა). თუ როგორ უნდა გავიგოთ მისი გეოპოლიტიკური გააქტიურება, ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
– გასაგებია, რომ შემთხვევით არავინ არაფერს ამბობს, შესაბამისად, რა გზავნილი გაუგზავნა მხარეებს ილონ მასკმა და რა ინფორმაციას გვაწვდის მასკის გეგმა უკრაინაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე?
– უპირველესად, მასკი ძალიან სერიოზული ელიტის წარმომადგენელია და მან აშკარად გამოხატა თავისი მხარდაჭერა დღევანდელი კონსერვატიული ელიტისადმი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ელიტების გადაწყვეტილებით, მასკი პოლიტიკურ ლიდერად ვიხილოთ. მასკის განცხადება არა მარტო ზუსტად ასახავს რეალობას, არამედ მინიშნებაცაა ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, მოსკოვისკენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება და, მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლებისკენ, რომ, რასაც ისინი აკეთებენ და ითხოვენ, არ შეიძლება, იყოს ამერიკის გრძელვადიანი ინტერესი. კონტრშეტევებით ვითარების ესკალაცია მოხდა მხოლოდ იმის გამო და ამის შესახებ აშკარად ითქვა და დაიწერა შეერთებულ შტატებში. რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ამზადებდნენ უკრაინას, თუმცა წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ამ კონტრშეტევების საბოლოო შედეგი ვერაფრით შეცვლიდა სტრატეგიულ მდგომარეობას. ეს შეიძლება, იყოს ტაქტიკური გამარჯვებები, რაც არ ცვლის სიტუაციას და ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია, უბრალოდ, ვერ შეიცვლება. მასკმა შეიქმნა პოლიტიკური კაპიტალი: როდესაც მოვლენები ისე განვითარდება, როგორც მოსალოდნელია, მასკი უკვე სერიოზული წინაპირობით იდგება პოლიტიკურ სცენაზე. მასკის განცხადება კიდევ ერთ რამეს მიუთითებს: გავლენიანი ელიტები, რომლებიც ადრე მკაცრად იდენტიფიცირებული არ იყო, მაგრამ მაინც დემოკრატიული მოძრაობისკენ იხრებოდნენ, ახლა აშკარად გამოჩნდნენ, ვინაიდან კარგად იციან, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ბაიდენის ხელისუფლება გავლენებს დაკარგავს როგორც კონგრესში, ისე სენატში.
– ორი რუსეთის ამბავი ვიცით, ანუ ამერიკაც ორია უკვე?
– ორი ამერიკა არასდროს იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სამი ელიტაა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ისტორიულად არასდროს ყოფილა. ესენია: კლასიკური კონსერვატიული ელიტა; პროგრესისტები, „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდიანად და გლობალისტები, რომლებიც შეხების წერტილებს ვერაფრით მონახავენ. ასე რომ, თუ ნოემბრის არჩევნებისასაც იგივე წარმოუდგენელი რამ მოხდა, რაც 2020 წლის არჩევნების დროს, შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზულ პროცესებს ვიხილავთ. მაგრამ პირადად მე იმედი მაქვს, რომ იმდენად ძლიერი და მობილიზებულია ამერიკული საზოგადოება, რომ ამას აღარ დაუშვებს. ამდენად, არის ერთი ამერიკა, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. ეს მაინც კონსტრუქციაზე აგებული ქვეყანაა, სადაც შეიძლება, იყოს რაღაც გადახრები, მაგრამ დღეს ამერიკას არ აქვს ისეთი იდეალური მდგომარეობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს თვითნებური გადაწყვეტილებები. ასევე, თქვენ ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ძვრებს არაბულ სამყაროში, აზიაში, აღმოსავლეთში და ევროპის მდგომარეობასაც, ფაქტობრივად, მთლიანად დამორჩილებულს შეერთებულ შტატებზე; თუმცა მაინც შეიმჩნევა 2-3 ევროპული ქვეყანა, რომლებიც, ალბათ, მალე პრობლემებს შექმნიან.
– რა პრობლემებს?
– ევროპის პოლიტიკას შეუქმნიან პრობლემებს; იმ პოლიტიკას, რომელიც სრული მარცხისკენ მიაქანებს იმას, რასაც ევროკავშირი ჰქვია. იმიტომ რომ, მაგალითად, აუხსნელია, საკუთარი ნებითა და შეგნებით მოახდინო გერმანიის დეინდუსტრიალიზაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპელები, უდიდესი ცივილიზაციის შემქმნელი ხალხი, ნეოტროცკიზმს არ გადააყოლებს ევროპულ ღირებულებებს.
– ზელენსკის საპასუხო განცხადების შემდეგ, თითქოს მასკის კომპანიამ ინტერნეტის მიწოდების ხარისხი გააუარესა, რამაც პრობლემები შეუქმნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და, საერთოდაც, სწორი ქცევაა?
– დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მინიშნება გაკეთდა, რომ მასკმა თავისი კოსმოსური აპარატებიდან გათიშა რაღაც მომსახურებები, რაც მოსალოდნელიც იყო. ზელენსკის განცხადებები კი მიუთითებს, რომ ის არაადეკვატური პიროვნებაა და მსოფლიოს, ფაქტობრივად, ბირთვული ომისკენ მოუწოდებს, რასაც, ცხადია, ისეთი პრაგმატული ხალხი, როგორიც ამერიკელებია, ამას არ აჰყვება, ისევე, როგორც არც სხვები.
– თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იზიარებს ზელენსკის პათოსს, რომ უკრაინა იბრძოლებს ბოლო უკრაინელამდე.
– დიახ. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ რუსეთი გამოიფიტოს. ეგონათ, რომ იოლად გამოფიტავდნენ კატასტროფულად დიდი სანქციებით, მაგრამ, როგორც ჩანს, გათვლები შეეშალათ. ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის მიზანი არ იყო უკრაინის დანგრევა და დაპყრობა. ასე რომ ყოფილიყო, ამას 2-3 დღე ეყოფოდა. გათვლები იყო პოლიტიკური, ამიტომაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედროებს არ აძლევდა იმ სამხედრო ოპერაციების გაგრძელების უფლებას, რასაც საომარი მოქმედებები მოითხოვდა და ამან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბშიც გამოიწვია პრობლემები. არაერთი გენერალი დააკავეს და ჩხრეკა ჩატარდა თვით გენერალურ შტაბშიც კი.
– მე მიკვირს ჩვენი საზოგადოების რეაქცია, რომლებიც, რატომღაც, არ ელოდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. ეს არის ომი ურთიერთგანადგურებაზე და ამ პროცესში რატომ უნდა ელოდო ჰუმანურ მოპყრობას, ვერ ვიგებ.
– ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი და მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, განსხვავებით საქართველოსგან. ეს არის დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომელშიც უკრაინამ ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე ფუნქცია, ყოფილიყო პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის მთავარი გათვლა არ ყოფილა უკრაინის დაპყრობა, არამედ მოლაპარაკებებით პოლიტიკური შედეგის მიღწევა. პოლიტიკური შედეგი კი გაცხადებულია: „ნატოს“ არგაფართოება და „ნატოს“ ჯარების უკან დახევა 1997 წლის პოზიციებზე, თუმცა რუსეთი არ ითხოვდა, რომ „ნატოს“ წევრები აღარ ყოფილიყვნენ რუსეთის მოსაზღვრე „ნატოს“ წევრი ქვეყნები. თუმცა მოლაპარაკებები მიზანმიმართულად ჩაიშალა – შემთხვევით არ ჩავიდა ჯონსონი სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინაში და ზელენსკის, ფაქტობრივად, აუკრძალა მოლაპარაკებების გაგრძელება. არადა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება სტამბოლში შედეგიანად დაიწყო, იმიტომ რომ რუსებმა მთლიანად გაიყვანეს კიევიდან ჯარები და განაცხადეს, რომ იწყებენ ყველა იმ წინადადების დამუშავებას, რომლებიც უკრაინელებმა წამოაყენეს. მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად შეფერხდა. დასავლეთსაც არ ჰქონია ილუზია, რომ რუსეთს დაამარცხებდა, ამიტომ დამარცხების მეორე, უფრო გამოცდილი ხერხი გამოიყენეს: თუ ეკონომიკური სანქციები რუსეთში სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებდა, ჰქონდათ შიგა აფეთქების იმედი და, ასევე, გავლენის იმ აგენტების ამოქმედება, რაც ყოველთვის იყო რუსეთის პრობლემა. თქვენ ნახეთ, რომ რუსეთში დაიჭირეს კიდეც რაღაც მოძრაობების ხელმძღვანელები და ვფიქრობ, უკრაინის ქალაქების დაბომბვებიც იყო რეაქცია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. რადგან რუსებს რომ ასეთი მიზანი ჰქონოდათ, 7 თვე არ იქნებოდნენ გაჩერებული. აშკარა გახდა, ისინი, უბრალოდ, წინ არ მიდიოდნენ და სწორედ ეს აჩვენა იმ ტაქტიკურმა უკანდახევამ და ტაქტიკურმა წაგებებმა, რაც გამოიყენა უკრაინის მხარემ კონტრშეტევისთვის. თუმცა საქმე მაინც იქითკენ მიდის, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მოხდეს დიდი შეთანხმება. ვფიქრობ, როგორც კი ვაშინგტონში ცვლილებები მოხდება, რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან. ამაზე მიუთითებს ამერიკელთა განწყობა, იმიტომ რომ ამ შვიდი თვის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა შეერთებული შტატების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა. პირიქით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამერიკელები არაერთ ადგილზე სერიოზულად დამარცხდნენ. ასე რომ, ამ სამხედრო ოპერაციების მიღმა პოლიტიკური ჭიდილი მიდის და, ვიმეორებ, ეს ომი სულაც არ დაწყებულა ტერიტორიის დაპყრობის მიზნით.
– აქვს დასავლეთს რუსეთის განადგურების რესურსი?
– დასავლეთს რომ რუსეთის განადგურება შეეძლოს, ის ამას უკვე გააკეთებდა. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, არანორმალური სიმდიდრითა და სამხედრო პოტენციალით. მაგრამ სუსტად ჩამოყალიბებული სახელმწიფოა და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარება მას ისე პროფესიულად არ შეუძლია, როგორც ამას ამერიკელები აკეთებენ, მაგრამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში ისეთი რამეები იკვეთება, რომ, როგორც ჩანს, იღვიძებენ. მათ დაიწყეს იმის მიხვედრა, რომ ამერიკაში ხელისუფლებები იცვლება, გეოპოლიტიკური ინტერესები კი რჩება, ხოლო რუსეთში, რამდენი ახალი მოვა, თავდაყირა აყენებს ყველაფერს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ასეთ არასერიოზულ სახელმწიფო სისტემას, რომელიც მემკვიდრეობითობას არ შეიცავს, უზარმაზარი სისუსტე ახასიათებს, მაგრამ ვიმეორებ, ზოგი ჭირი მარგებელია და, ალბათ, ამ ჭირის შემდეგ რუსები რაღაცას მიხვდებიან, თუმცა, როგორ განახორციელებენ, ვერ გეტყვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან