როგორ ცდილობს ევროკავშირი აშშ–ს ჯავრის ამოყრას საქართველოზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.08

ევროკავშირმა დაუფარავად გამოაცხადა, რომ, სანამ არჩევნებში არ გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვისაა მისაღები, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანებაც შეჩერებულია. მეორე მხრივ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავად შესანიშნავ პოლიტიკურსა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ამყარებენ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ გვიკრძალავენ იმავეს. რა ახლებური თამაშის წესი თუ უწესობა ჩამოყალიბდა და სად დაიკარგა დასავლური დემოკრატია? – ამ თემებს ბიძინა გიორგობიანთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ჩემთვის ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ვინაიდან ევროპა, დასავლეთი სულ სხვაგვარ სამყაროდ წარმომედგინა. როგორ უნდა გავიგოთ დასავლეთის და, განსაკუთრებით, ევროკავშირის ამგვარი სახეცვლილება?
– დემოკრატიაზე ნუ ვილაპარაკებთ, ვინაიდან პირდაპირი დემოკრატია ევროპაში გაუქმებულია. გასული კვირის დასაწყისში ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც არავის აურჩევია იმ თანამდებობაზე, ერთი ამომრჩეველიც კი არ არსებობს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან, ვინც მის იქ არჩევას მისცა ხმა, ის აირჩია ევროპულმა პარტიულმა ელიტამ, ხელი მოაწერა ისეთ ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩადოს 600 მილიარდის ინვესტიცია და სამი წლის განმავლობაში 750 მილიარდის ენერგომატარებლები უნდა იყიდოს. ამისთვის მას არ სჭირდება ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის თანხმობა. ლაპარაკობს 27 ქვეყნის სახელით ისე, რომ მათთვის არც კი უკითხავს, არიან თუ არა თანახმანი, თავი გაყონ ფინანსურ ხაფანგში. ფაქტობრივად, ბეგარა დაადო ევროპულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს, ასე რომ, მათგან ტყუილად ველით დემოკრატიას, რაღაც იდეალების დაცვას. ჩვენ, ჩაკეტილ საზოგადოებაში, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ გამოუცდელ ახალგაზრდებს, უცოდინარ ადამიანებს. რომლებმაც არ ვიცოდით, რა იყო კაპიტალიზმის ნამდვილი არსი, დისკრედიტირებული კომუნისტების არაფერი გვჯეროდა და აღმოჩნდა, რომ დასავლური დემოკრატია გარდაისახა და მუტაცია განიცადა იმავე შინაარსის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებად, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. ამდენად, ევროკავშირისგან მომავალში არ უნდა ველოდეთ პარტნიორობას, რამე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ის ორიენტირი შეიცვალა. ჩვენ, ქართველებს, გვეგონა, რომ რუსეთის იმპერია იყო ბიზანტიის გაგრძელება, ქრისტიანული სამყარო, სინამდვილეში კი აღმოჩნდა ჩვეულებრივი დამპყრობელი. ახლაც დიდი იმედი დავამყარეთ იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენ გვერდით იდგებოდა და დაგვეხმარებოდა დემოკრატიის აშენებაში. ეს იყო ილუზია, თვითმოტყუება. დროა, გამოვიდეთ ამ ილუზიიდან და დავუბრუნდეთ გეოგრაფიულ რეალობას; ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარებას, რომ, რეალობიდან გამომდინარე, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია.
– ურსულა ფონ დერ ლაიენს კანონით ჰქონდა უფლება, ასეთი შეთანხმება გაეფორმებინა აშშ-თან?
– დიახ, სამწუხაროდ, ჰქონდა. ზუსტად ესაა პირდაპირი დემოკრატიის გაუქმება და უგულებელყოფა და სწორედ ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატიის კოზირი, რომელსაც ისინი იყენებენ თავიანთივე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ევროკავშირში 27 ქვეყანაა და მათგან ბევრი არ იქნება თანახმა, რომ ამდენი მილიარდი წავიდეს სხვა ქვეყანაში, მაგრამ მათ უკვე არავინ არაფერს ეკითხება. ამიტომ ვამბობ უკვე მერამდენე წელია, ყველა ინტერვიუსა და სატელევიზიო თუ საჯარო გამოსვლაშიც, რომ ევროკავშირი არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, დღეს გვეტყოდნენ, რომ მშპ-ის 5 პროცენტი უნდა შეიტანოთ „ნატოს“ სალაროში, უნდა მიიღოთ მონაწილეობა რამდენიმე ათეული მილიარდი ამერიკული დოლარით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიყიდოთ ენერგომატარებლები, მაშინ, როდესაც ჩვენ ვესაზღვრებით ქვეყნებს, რომლებშიც ენერგომატარებლები შეგვიძლია, ვიყიდოთ 10-ჯერ უფრო იაფად. ამიტომ ძალიან ბევრჯერ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ევროპა არის ჩვენი ორიენტირი და აუცილებლად უნდა გავწევრიანდეთ, რის შემდეგაც დადგება სანეტარო ცხოვრება საქართველოში. უნდა გადავხედოთ იმ ხელშეკრულებებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირში მისაღებმა ქვეყნებმა და გავიაზროთ, შეგვიძლია თუ არა იმ კრიტერიუმების შესრულება და არის თუ არა ხელსაყრელი ჩვენთვის. ევროკავშირში რომ შევიდეთ, რა ბედი ეწევა ჩვენს ტურისტულ პოტენციალს? ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას?! ჩვენთან ტურისტების 90 პროცენტი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის, მაგრამ შემდეგ ვეღარ ჩამოვლენ, ან რა ბედი ეწევა ჩვენს იმ პროდუქციას, რასაც ძლივს ვყიდით საზღვარგარეთ?! აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი კარგადაა გამოსაკვლევი იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც იმ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომლებსაც ევროპა წარმოუდგენიათ, როგორც მარტო დროშის ფრიალი, ქუჩა-ქუჩა სირბილი და დოლის ბრახუნი, აქვთ ცოდნა, გამოცდილება. ევროპული დემოკრატია დამთავრდა მაშინ, როდესაც ის გაერთიანება, რომელიც შექმნილი იყო ეკონომიკური და სოციალური მშვიდობიანი განვითარებისთვის, ევროკავშირს ვგულისხმობ, გადაიქცა ჩვეულებრივ გეოპოლიტიკურ ერთობად, რომელსაც მართავს დანიშნული ბიუროკრატია. აი, ეს არის დღეს ევროპის მთავარი პრობლემა.
– ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ამ რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში, რომლის საბოლოო შედეგი ჯერჯერობით უცნობია...
– ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპი, მან და რუბიომ განაცხადეს, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახით, „ნატოსა“ და რუსეთის პროქსი-ომი უკრაინის ტერიტორიაზე.
– რა თქმა უნდა, ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა უკრაინის ტერიტორიისა და ხალხის ხარჯზე, მაგრამ სხვა რამ უნდა მეკითხა: გამოვიდა, რომ ამასობაში შტატებმა ევროკავშირს უკვე მოუგო ეკონომიკური და პოლიტიკური ომი.
– დიახ. შეგვიძლია, ვთქვათ რომ ევროკავშირი არის აუტსაიდერი და მეორე ყველაზე დიდად დაზარალებული ამ ომიდან.
– მაგრამ ჩვენი დაზარალების ძალა მაინც აქვთ. ევროკავშირის მტრად მოკიდებამ რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს?
– ჩვენ არ ვიკიდებთ მათ მტრად. ისინი თვითონ გვეკიდებიან მტრად, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ჯუჯა სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოსადმი აგრესიულობით გამოირჩევიან. ბალტიისპირა სამი ქვეყანა ყველანაირად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში ცეცხლი დაინთოს, რომ იქნებ თავი დააღწიონ რუსეთის კლანჭებს. რუსეთი ითხოვს გასასვლელს ბალტიის ზღვაზე, რომელიც მათი და ფინეთის „ნატოში“ გაწევრიანების შემდეგ „ნატოს“ შიდა ტბად იქცა და ბალტიისპირელები ცდილობენ, რომ რამენაირად ეს კონფლიქტი გადმოიტანონ სამხრეთ კავკასიაში. ეს, ცხადია, ძალიან ცუდი საქციელია მათი მხრიდან, მაგრამ მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. ჩვენ არავის ვემტერებით. ჩვენ გვემტერებიან. უნდათ, რომ მსხვერპლად შევეწიროთ, გადავდგათ სუიციდური ნაბიჯი, ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში და სამხრეთ კავკასიაში წარმოიშვას დაძაბულობის ახალი ცენტრი. ისინი გვემუქრებიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. უბრალოდ, დაბალ ღობედ მივაჩნივართ. ასე მიეჩვივნენ. შევარდნაძე ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა რაღაც სისულელეებს, გენშერი – მეგობარი, კოლი – მეგობარი და აი, ამ ილუზიების ტყვეობაში იყო საქართველო მთელი ოცი წლის განმავლობაში. მათ ჩვენ მივაჩნივართ არასრულყოფილ ერად, არასრულფასოვან სახელმწიფოდ და თავს უფლებას აძლევენ, გველაპარაკონ ამ ტონით, მათრახის პოლიტიკით – ყოველგვარი თაფლაკვერის გარეშე. პირდაპირ გვაშინებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, არადა, გასულ კვირასვე ევროკავშირს ტრამპმა, ფაქტობრივად, ბეგარა დაადო. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ამერიკის შეერთებული შტატები. მათ ევრაზიის კონტინენტზე მესამე მსოფლიო ომი გააჩაღეს, თვითონ გავიდნენ ამ ომიდან და ახლა უკვე ვაჭრობენ ოკეანის გაღმიდან. ევროპას ეუბნებიან, თავად დაიცავით თავი, ოღონდ იარაღი უნდა იყიდოთ ჩვენგან; რაც რამ ფული გაქვთ, მოიტანეთ ჩვენთან და ევროკავშირიც ხმას ვერ იღებს. 15-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა ევროკავშირს შტატებმა, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ტარიფი – ნული. მათ ასე ექცევიან და ამის შემდეგ ისინი ცდილობენ, სხვას, უფრო სუსტს, მსგავსად მოექცნენ.
– ამერიკელების ჯავრის ამოყრის მცდელობას ჰგავს ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოსადმი.
– დიახ, რაღაც მსგავსია და, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც კი, რომ დადგინდეს, რატომ იქცევიან ევროპელები ამგვარად.
– ჩვენ ყოველთვის ვიყავით უმოკავშირეო სახელმწიფო. სიტუაციური მოკავშირეები თუ გვყავდა, ასეთ ვითარებაში როგორაა შესაძლებელი თავის დაცვა ყოველმხრივი აგრესიისგან? ჩინეთსაც კი ვერაფერს აკლებენ და ჩვენ გვებრიქებიან ჩინეთის გამო.
– ვერც ჩინეთთან გამოუვათ ვერაფერი და ვერც ჩვენთან, საგარეო ურთიერთობის იმდენად სუსტი სტრატეგია აქვთ. ვერც აზერბაიჯანთან გამოუვათ. ის კი არ ვიცი, შეძლებენ თუ არა სომხების შეცდენას. ყოველ შემთხვევაში, შეეცდებიან. სომხეთის პოზიციები ძალიან სუსტია, ბევრი მიმართულებით მოქმედებას ცდილობენ. სომხეთის პრეზიდენტი ძალიან მოძრავი კაცია. ვნახოთ, რა გამოუვათ. უბრალოდ, მათი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, ჩვენზე ბევრად უფრო შეზღუდული.
– თურქეთის პოზიციაც მნიშვნელოვანია. თურქეთისთვის თუ არის ხელსაყრელი არეულობა სამხრეთ კავკასიაში?
– არა, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია მისი უკანა ეზოა და იქ დიდი ცეცხლის დანთება მოცემულ მომენტში არ არის ხელსაყრელი არც ერთი ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოსთვის: იქნება ირანი, რუსეთი თუ თურქეთი. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე შეიძლება, იყოს ჩინეთი და ყაზახეთი. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი – ესენი არიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. ჩვენი უსაფრთხოების ბალანსს შექმნის შუა აზიიდან, ჩინეთიდან დასავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, რუსეთიდან ირანისაკენ მიმავალი სატრანზიტო გზები. ამ გზების კვეთაზეა საქართველო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პოლიტიკური წონასწორობა; შევინარჩუნოთ ჩვენ მიუკერძოებლობა და ნეიტრალიტეტი ამ დიდ სახელმწიფოებს შორის და უნდა ვეცადოთ, რომ სწორედ ჩვენ შევქმნათ ეკონომიკური თანამშრომლობის სივრცე სამხრეთ კავკასიაში და, განსაკუთრებით, საქართველოში.
– ჩვენი მოკავშირე მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიაა.
– ჩვენი ტერიტორია დიდი იარაღია. ოღონდ იარაღი, რამდენადაც თავდაცვისთვისაა კარგი, ასევე, საშიშია. თუ სწორად არ მოიხმარე, შეიძლება, სასიკვდილო აღმოჩნდეს შენთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან