პოლიტიკა

როგორ თქვა თავად უკრაინამ უარი ნატოში გაწევრიანებაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აშშ-ს ზეწოლით ნატოს მიერ უკრაინის გაწევრიანებაზე პირობის მიცემის შემდეგ

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.06

ჯეფრი საქსი
დაკოპირებულია

ჯეფრი საქსი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტია, 2002 წლიდან გაეროს გენმდივნის მრჩეველი სირია-არაბეთთან ბრძოლასა და ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების ჩამოწერის საკითხებში, 2004-2005 წლებში ის ორჯერ მოხვდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ლიდერს შორის. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი 2002-2016 წლებში ხელმძღვანელობდა დედამიწის ინსტიტუტს. მანამდე კი, 20 წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორად იმუშავა. არის არაერთი წიგნის ავტორი და საკმაოდ კომპეტენტური ადამიანი. ამჯერად მის მოსაზრებებს გავეცნობით მიმდინარე გეოპოლიტიკური ჯახის, აშშ-ის ინტერესებისა და ამ ყველაფერში შავი ზღვის მნიშვნელობის შესახებ, რაც უშუალოდ ჩვენ, ჩვენს უსაფრთხოებას უკავშირდება და, ვფიქრობ, ნათელს ხდის, ჯერ რატომ დაიწყო ასე აქტიურად საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მსჯელობა და შემდეგ რატომ მიინავლა ასპირანტისთვის ღია კარის მნიშვნელობა.

ჯეფრი საქსი: „წაიკითხეთ ამერიკელი სტრატეგების წიგნები, კონსერვატორები ძალიან გულახდილები არიან. ისინი წერენ, რომ აშშ უნდა იყოს უპირობო ზესახელმწიფო და რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ჩვენ უნდა ვიყოთ დომინანტები. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო პოლიციელები. იქნება ბევრი ომი და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, ეს ცოტა შეშლილი იდეაა, მაგრამ მათი აზრია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო უნდა მართოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსეთის შესახებ ისინი ფიქრობდნენ: რუსეთი სუსტია, ჩვენ ერთადერთი ზესახელმწიფო ვართ, რუსეთი დგას მუხლებზე და ახლა ჩენ შეგვიძლია, სადაც გვინდა, იქ გადავაადგილოთ ნატო და ალყაში მოვაქციოთ რუსეთი. რუსები სთხოვდნენ, არ გააკეთოთ ეს; ნუ მოუახლოებთ თქვენს სამხედრო ბაზებს, ჯარებსა და შეიარაღებას ჩვენს საზღვრებს. მაგრამ მაშინ აშშ ამბობდა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ამერიკის მთავრობა მსჯელობდა, ღირდა თუ არა ნატოს გაფართოება, ზოგიერთები ამბობდნენ, კი, მაგრამ ჩვენ დავპირდით გორბაჩოვსა და ელცინს, რომ ამას არ გავაკეთებდით. დანარჩენები ამტკიცებდნენ, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ჩვენ ერთადერთი ზესახელმწიფო ვართ. ქლინტონმა „ჭამა“ ეს, მადლენ ოლბრაითმა გააგრძელა ხაზი და დაიწყო ნატოს გაფართოება.

ბჟეზინსკიმ 1997 წელს თავის სტატიაში დაწერა ევრაზიის სტრატეგია, რომელშიც გაწერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერის გაფართოება. მან თქვა, 90-იანების ბოლოს ჩვენ ავიღებთ ცენტრალურ ევროპას: უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს. 2000-იანების დასაწყისში ავიღებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სულ უფრო მივუახლოვდებით რუსეთს. 2005-2010 წლებში კი უკრაინას შევთავაზებთ ნატოს წევრობას, ასე რომ, ეს არ ყოფილა სიჩქარეში მიღებული გადაწყვეტილება, ასეთი იყო გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გრძელვადიან გეოსტრატეგიას ეფუძნებოდა. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მაშინ იქ ვიყავი, რომ გორბაჩოვსა და ელცინს არ უნდოდათ ომი აშშ-სთან. აშშ კი ამბობდა, ჩვენ გავიმარჯვეთ და ამიტომ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. 2000-იანების დასაწყისში მოდის პუტინი. მას ევროპასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდოდა. პუტინი აბსოლუტურად პროევროპელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, პროამერიკელი იყო, მაგრამ აშშ განაგრძობდა ცალმხრივ მოქმედებას: 1999 წელს 78 დღის განმავლობაში ვბომბავდით ბელგრადს, ევროპის დედაქალაქს და ეს ცუდი სვლა იყო. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, სერბეთი შეგუებოდა ახალ სახელმწიფოს, კოსოვოს შექმნას, სადაც გვექნებოდა ნატოს უმსხვილესი ბაზა, ვინაიდან ჩვენ გვჭირდებოდა სამხედრო ბაზა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. გაყვეს სერბეთი და ახლა ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნების გაყოფას.

2001 წელს აშშ ცალმხრივად გამოვიდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის ერთ-ერთი სტაბილიზატორი იყო და ცალმხრივად დაიწყეს რაკეტების განთავსება ჯერ პოლონეთში, შემდეგ - რუმინეთში. რუსებმა თქვეს, ეს სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, იქნებ დავილაპარაკოთ და აი, დგება 2004 წელი: ნატოში შედიან ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია და სლოვაკეთი და იწყება შავი ზღვის ათვისება. რუმინეთი და ბულგარეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ხდებიან, ჩვენ ალყას ვარტყამთ რუსეთს. 2007 წელს პუტინი მიუნჰენის კონფერენციაზე გამოდის და ამბობს: 1990 წელს დაგვპირდით, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, ეს პირობა მიეცით პრეზიდენტ გორბაჩოვს და პრეზიდენტ ელცინს და მოგვატყუეთ.

რადგან პუტინი „კა გე ბეს“ კადრია, მას ესმის ამერიკის, იცის, როგორ მოქმედებს ამერიკა, იმიტომ რომ, ჩვენ პოლიციური სახელმწიფო გავხდით. ჩვენ გავხდით სახელმწიფო, სადაც სპეცსამსახურს აქვს უდიდესი გავლენა და პუტინმა ეს იცის. მას არ მოსწონს ჩვენი მუშაობის სტილი, მაგრამ ნამდვილად იცის, როგორ ვმუშაობთ. მას აქვს გამოცდილება, მისი მოწინააღმდეგე CIA იყო და ამიტომ მას არანაირი ილუზია არ აქვს აშშ-ის შესახებ.

დავუბრუნდეთ 2007 წელს: პუტინმა თქვა, შეჩერდით, არც კი იფიქროთ უკრაინაზე, ეს ჩვენი 2 100-კილომეტრიანი საზღვარია. უკრაინა ინტეგრირებულია რეგიონის ეკონომიკაში. ჩემი დიპლომატიური საქმიანობის წყალობით, კომპეტენტური ადამიანებისგან ვიცი, რომ ევროპელი ლიდერები სთხოვდნენ აშშ-ს, არ იფიქროთ უკრაინაზე. ეს ცუდი იდეაა. შეჩერდით. 2008 წელს ბილ ბერნსმა (CIA-ს დირექტორი) კონდოლიზა რაისსა და თეთრ სახლს აუხსნა: უკრაინა წითელი ხაზია, არ გააკეთოთ ეს და საქმე არ არის მხოლოდ პუტინი და მისი მთავრობა, რუსეთის მთელი პოლიტიკური კლასია ამის წინააღმდეგი. ეს იგივეა, მექსიკას ეთქვა, კარგი იქნება, ჩინეთის სამხედრო ბაზები რომ გვქონდეს და არ გვესმის, რატომ უნდა შეექმნას აშშ-ს რამე პრობლემა ამის გამოო?! წარმოგიდგენიათ ჩვენი რეაქცია?! მაგრამ მოხდა შემდეგი: როგორც ევროპელი ლიდერები მიყვებოდნენ, ბუშმა უმცროსმა მათ უთხრა, ნუ ღელავთ და წავიდა საშობაო არდადეგებზე, დაბრუნებული კი ამბობს, დიახ, ნატო ფართოვდება უკრაინის ხარჯზე. ევროპელებს თავზარი დაეცათ. შემდეგ 2008 წლის, აპრილში, გაიმართა ნატოს ბუქარესტის სამიტი. ბუში ახორციელებდა ზეწოლას და ნატომ აიღო ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. რადგან იმხანად აშშ და რფ ერთმანეთს ხვდებოდნენ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. პუტინი მეორე დღეს ბუქარესტში იყო და მათ ეუბნებოდა: არ გააკეთოთ. ეს ჩვენი ფუნდამენტური წითელი ხაზია. მაგრამ ხდება მოულოდნელი რამ: უკრაინელებს არ უნდათ ნატოს გაფართოება, წინააღმდეგნი არიან, ამბობენ, ეს სახიფათოაო და პრეზიდენტად ირჩევენ იანუკოვიჩს, რომელიც ამბობს: ჩვენ უბრალოდ ნეიტრალურები ვიქნებით, რაც აშშ-სთვის სრულებით მიუღებელია. ასე რომ, იანუკოვიჩი ნეოკონსერვატორების მტერი ხდება და 2013 წლის ბოლოს აშშ უკრაინაში აჩაღებს კრიზისს, რაც გადაიზარდა ამბოხებაში, საბოლოოდ - სახელმწიფო გადატრიალებაში და აშშ ამაში უდიდეს მონაწილეობას იღებდა. თქვენ იცით, რომ ამერიკელი სენატორები იდგნენ აქციაზე, რაც იგივეა, ჩინეთის ჩინოვნიკები რომ მოსულიყვნენ კაპიტოლიუმთან 6 იანვარს და ეყვირათ: წინ, წინ! მოგვეწონებოდა?! ამერიკელი სენატორები იდგნენ კიევის აქციაზე და ამბობდნენ: ჩვენ 100 პროცენტით თქვენს მხარეს ვართ. ვიქტორია ნულანდი კი აქციის მონაწილეებს ორცხობილებს ურიგებდა, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო: აშშ გაურიგდა უკრაინელ მემარჯვენეებს იმ მიზნით, რომ დაემხოთ იანუკოვიჩი. 2014 წელის თებერვალში უკრაინაში მართლაც მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და სწორედ მაშინ დაიწყო ომი...

აშკარაა, რომ პუტინის პოზიცია შემდეგნაირი იქნებოდა: მე არ მივცემ ნებას ნატოს, მიიტაცოს ჩემი სამხედრო-საზღვაო ბაზა ყირიმში. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლში დგას 1783 წლიდან. ამიტომ მათ ორგანიზება გაუკეთეს რეფერენდუმს ყირიმში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. დაიწყო მღელვარება უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკში, ლუგანსკში, დონბასში. საბოლოოდ, შედგა „მინსკი 1“ და „მინსკი 2“ შეთანხმებები, რის მიხედვითაც, უნდა დამყარებულიყო მშვიდობა დონბასის ავტონომიის საფუძველზე. რუსები არ ამბობდნენ, ეს ჩვენია და უნდა წავიღოთ. მსგავსი არაფერი თქმულა. პუტინი ამბობდა, ჩვენ არ გვინდა ეს ტერიტორია. როგორ მოიქცა აშშ? უკრაინელებს უთხრეს, ნუ ინაღვლებთ ამაზე, ჩვენ არ გვინდა უკრაინის დასუსტება, არ დათანხმდეთ დეცენტრალიზაციას. ანუ ჩვენ ვუბიძგეთ მათ, დაერღვიათ შეთანხმება, რომელსაც მოაწერეს ხელი: ჩვენ ჩავშალეთ მინსკის შეთანხმება. ანგელა მერკელმა განმარტა კიდეც, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს საშუალებას მისცემდა უკრაინას, უკეთ მომზადებულიყო ომისთვის. მთელი ეს დიპლომატია ჩაიშალა. აშშ აიარაღებდა უკრაინას, წვრთნიდა უკრაინულ ჯარს და რუსეთი ამას აკვირდებოდა, როგორ ვქმნიდით უზარმაზარ უკრაინულ არმიას.

2021 წელს პუტინი შეხვდა ბაიდენს და ამ შეხვედრის შემდეგ მან მაგიდაზე დადო შეთანხმების დოკუმენტი რუსეთისა და აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ. ამ დოკუმენტის არსი იყო ნატოს გაფართოების შეჩერება. მე თავად დავრეკე თეთრ სახლში, ველაპარაკე ჯეკ სალივანს და ვთხოვე: ნუ დაიწყებთ ამ ომს, ჩვენ არ გვჭირდება ნატოს გაფართოება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. სინამდვილეში, ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის უსაფრთხოებას. აშშ მჭიდროდ არ უნდა მიუახლოვდეს რფ-ის საზღვრებს. შეიძლება, საქმე მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს. სალივანმა მიპასუხა: ჯეფ, არ იდარდო, არანაირი ომი არ იქნება, ჩვენ დიპლომატიურად ვუდგებით ამ საკითხს. მე ვუთხარი, დიპლომატიის არსია მოლაპარაკებები.

შემდეგ ისინი ამბობდნენ, ნატოს გაფართოების საკითხი ეხება მხოლოდ ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, მესამე ქვეყნების საქმე ეს არ არის. რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიქცევა ნატო. ანუ აშშ არ ჩაერევა, მექსიკამ რომ ჩინეთის სამხედრო ბაზა განათავსოს?! მაგრამ ასეთი იყო აშშ-ის პასუხი რუსეთის შემოთავაზებაზე 2022 წლის იანვარში. ჩვენ ვმოქმედებთ შემდეგნაირად: ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, იქ, სადაც გვინდა და არავის აქვს ხმის უფლება.

ნატო შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირისგან თავდაცვის საშუალება, როდესაც საბჭოეთი დაშალა, კიდევ რატომ არსებობს ნატო?! მაგრამ ეს ჩვენი მეთოდია, შევინარჩუნოთ ჩვენი გავლენა ევროპაზე. ნატოს ფუნქცია არ არის არათუ ევროპის, აშშ-ის დაცვაც კი - ჩვენ გჭირდება ჰეგემონია.

დაელაპარაკეთ რუსეთს, მოელაპარაკეთ ჩინეთს, რომ შეაჩეროთ ომი. დაამთავრეთ თამაში, რომ თქვენ მართავთ მსოფლიოს, იმიტომ რომ, ეს ასე არ არის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული