პოლიტიკა

როგორ სთავაზობენ საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები გარე ძალებს საკუთარ თავს გამოსაყენებლად

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.09

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

მეტად უცნაური რამეები ხდება შიდა პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ტოვებს სიჯანსაღის განცდას. გასული კვირა იმითაც იყო უცნაური, რომ 1991 წლის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების ნაწილი შეიკრიბა და, როგორც თავად უწოდებენ, კანონიერი ხელისუფლება აღადგინეს. და თუმცა არ მგონია, ამ პროცესს გაგრძელება ჰქონდეს, მართლაც უცნაურია, რატომ გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაინცდამაინც ახლა? – ამ და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.

- რა მიზანს ისახავს „კანონიერი ხელისუფლების აღდგენა“?

- როგორც წესი, გარკვეული პერიოდულობით ადამიანების გარკვეული ჯგუფი აქტივობებს იჩენს სხვადასხვა მიმართულებით. მსგავსი აღდგენა რამდენიმეჯერ განხორციელდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ამიტომ ყველამ იცის, რომ ეს არც სერიოზულია, არც სოლიდური და არც რამე ზემოქმედებას მოახდენს პროცესებზე. უბრალოდ, ადამიანების უმეტესობა ამ ფორმით გამოხატავს, აი, აქ ვარ, ვინმეს თუ დაგჭირდებით ვითომ რაღაც იდეის ზედმეტად ერთგულები. რა თქმა უნდა, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც არიან, რომლებსაც პატივს ვცემ და მივესალმები, მაგრამ, როგორც წესი, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, დარბაზის დაქირავება იქნება თუ სხვა რამ ტექნიკურ-მატერიალური ფორმით მიხმარება, მათ შესაბამისი ინტერესები აქვთ. ცალკე აღებული არც ერთი ასეთი მოვლენა საინტერესო არ არის. საინტერესოა სხვა კუთხით, ეს ყოველივე ხელს უშლის ქართული პოლიტიკური აზრის კონსოლიდაციას. სხვათა შორის ფრაზა, რომელიც ახლა მე ვთქვი, პირველად მოვისმინე, თუ არ ვცდები, 1981 წელს. შევხვდით პოლონეთის სოლიდარობის წარმომადგენლებს, შემდეგ ამ ხალხისგან ჩამოყალიბდა პარტია, კაჩინსკების პარტიას რომ უწოდებენ. ჩვენ თეთრი შურით ვუთხარით, რომ კარგად ვითარდებოდა პოლონეთში პროცესები და მაშინ მათ გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი იმიტირებული ბრძოლის ფორმაა, ძალიან ბევრი ჯგუფი ხელოვნურად იქმნება, ზოგი – ვიღაცის დავალებით, ზოგი – სასარგებლო იდიოტებით, ზოგი – გულწრფელი ადამიანებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გამოჩენა და ეს ყოველივე კეთდება იმისთვის, რომ პოლონეთის პოლიტიკურმა აზრმა ვერ მოახდინოს კონსოლიდირება სწორი და ერთიანი მიმართულებით. შემდეგ წლებში ეს ფრაზა უფრო და უფრო ხშირად მიტივტივდება გონებაში იმიტომ, რომ საქართველოშიც მსგავსი რამ ხდება. თქვენ მოისმენთ სხვადასხვა ჯგუფის ძალიან რადიკალურ, ძალიან განსხვავებულ, თითქოს შეუთავსებელ გამოსვლებს და ეს ყოველივე კეთდება იმის გამო, რომ არ მოხდეს კონსოლიდირება. რა არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა?! ის, რომ ვერ ხერხდება ერთიანი ეროვნული ამოცანის განსაზღვრა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა საკალათბურთო და საფეხბურთო მატჩები და ქართველები ვიყავით ერთად, იმიტომ რომ გვინდოდა გამარჯვება. შეიძლება, თითოეულ აცილებულ ბურთზე ვაგინებდით სპორტსმენს, მაგრამ ეს ყოველი მიმართული იყო საერთო მიზნისკენ.

– თუმცა ჩვენს საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არ გულშემატკივრობს ქართველ სპორტსმენებს, იმიტომ რომ ისინი შინ – ევროპაში არ მიდიან და არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გამარჯვება უნდათ, მაგრამ არ მოსწონთ, სპორტსმენები რომ აქციებს არ უთანაგრძნობენ და პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ.

– ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა: ყველას გვინდოდა მოგება და ამის შემდეგ ვიყოფით: ვინ – კერძო ინტერესით, ვინ – როგორ ხედავდა ამ მომენტს, ვიღაცას კრიტიკა უნდა, ვიღაცას ზედმეტი მოფერება, ვიღაცას უნდა, რომ ეს გააბიაბრუოს, ვიღაცას უნდა, რომ მთავრობის დამსახურებად მიიჩნიოს, ვიღაცას პირიქით უნდა – მთავრობის კრიტიკად მიიჩნიოს. მერე ეს ყველაფერი გვყოფს, იმიტომ რომ ერთჯერადად ვახერხებთ გაერთიანებას და არა კონცეპტუალურად. იმის თქმა მინდა, თუ რა ძლიერები ვართ, როდესაც ერთიანი ამოცანა გვიდგას. პოლიტიკაშიც ასეა. სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ერთიანი ეროვნული სახელმწიფო ამოცანა არ დგას და უკვე ვიყოფით. შესაბამისად, ამას ვიღაც ერთ ჯგუფს აბრალებს, ვიღაც – მეორე ჯგუფს, ვიღაცისთვის ეს საბაბია, ვხედავთ ორგანიზებულ, გარე ძალებიდან მართულ ჯგუფებსაც. და აი, ეს ემოცია იფრქვევა და იფრქვევა, შედეგიც არ ჩანს. შედეგად რჩება ერთმანეთის ბოღმა, გაუცხოება, ერთმანეთთან აღარ მიგვესვლება. ძმაკაცების ოჯახის წევრები იმით არჩევენ სტუმარს, რომელი ჯგუფიდან არის, რომ არ მოხვდეს სუფრასთან ისეთებთან, რომლებთანაც დაჯდომა არ უნდა. ასეთი რამ საქართველოში იშვიათობა იყო და მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულად კეთდება.

– დეგრადაციის საოცარი მაგალითებია. მიცვალებულების, უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანების წყევლა, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურულ ფასეულობებს.

– რაღაც ერთ კონკრეტულ თემას წამოვწევთ და ამის გამო შუბლებს ვურტყამთ ერთმანეთს. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ეს ერთი კონკრეტული თემა არ არის გადამწყვეტი. ეგზისტენციური პრობლემა სხვაა, რაზეც ყურადღებას არ ვამახვილებთ. წარმოიდგინეთ, ამხელა ღონისძიებები გაიმართა. თუნდაც, რაც ახლა ჩინეთში მოხდა, როგორი პროცესებია დასავლეთში, ჩვენ კი ისეთ მდგომარეობაში ვართ, აცხონოს ღმერთმა ის იმერელი კაცი, რომ ამბობდა: არც აქანა დამაყენეს, არც იქინე მიმიღესო და კიდევ უფრო ვშორდებით ჩვენს სანუკვარ მიზანს, რომ აქ შევქმნათ ქართული სახელმწიფო. პიროვნებების დაპირისპირებით გამოწვეული ემოცია ფარავს ერთიანი ეროვნული ამოცანის დასმას და მის გადაწყვეტის გზების ძიებას. როდესაც ერთიანი ამოცანის გადაწყვეტაზე ვსაუბრობთ, აქ ჩხუბი და შუბლის შუბლზე მიდება დადებითი მოვლენაა, რადგან სადღაც მიგვიყვანს. მაგრამ, როდესაც რაღაც კერძო ინტერესებით ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ვცილდებით ერთმანეთსაც და ერთიანი ეროვნული ამოცანის გადაწყვეტასაც.

– ამ ემოციური, პიროვნული დაპირისპირებებით ყველა ცდილობს, ვიღაცას აჩვენოს, რომ აქ ვარ, გამამომიყენეო?

– დიახ. ამდენად, ასეთი ჯგუფი ბევრი იქნება. ხომ გახსოვთ რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა ხელმოწერებს რომ აგროვებდა? ბუნებრივია, ერთი მხრივ, ეს ორგანიზებულ ფორმებს იღებს და ვინც საქმეში ჩახედულია, იცის, ზუგს უკან რა დგას. ძალიან ბევრი აქცია დაფინანსებულია, ისევე, როგორც ერთჯერადად და მრავალჯერადაც გამოსაყენებელი პოლიტიკური ლიდერები. მეორე დღეს კი აღარაფერი გვახსოვს და რჩება მხოლოდ ზიზღი, ბოღმა, დაპირისპირება, გაღიზიანება და საკუთარი ერისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება.

– ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა: ადამიანების არც თუ მცირე ნაწილი უკვე მტრად აღიქვამს საკუთარ თანამემამულეებს, რომლებთანაც ერთად უნდა იცხოვროს ერთ სახელმწიფოში. სპორტსაც რომ თავი დავანებოთ, ვთქვათ, მტერი დაგესხა თავს, ეს ხომ ჩვენზე, ყველაზე, ერთნაირად იმოქმედებს? ამ დროს კი გარეთ მყოფი უფრო ახლობელია, ვიდრე შიგნით მყოფი. თუ ის არ გინდა, ვინც შენ გვერდით ცხოვრობს, მაშინ სახელმწიფო როგორ გინდა?

– აცხონოს ღმერთმა, ცნობილი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე გვეუბნებოდა ჩვენ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდებს, იმდენად ფესვგადგმულია ბოლშევიზმი საზოგადოებაში, რომ თქვენ თვითონაც ვერ ხვდებით, ეს მეტასტაზები როგორ გიშლით ხელსო. ამ შემთხვევაშიც ასეთივე დამოკიდებულებაა. ესეც ბოლშევიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. რაც ხდება, ბოლშევიზმია: ვინც ამ წუთში ჩემ გვერდით არ არის, ის ჩემი მტერია და ვერ ვაცნობიერებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანი, უფრო სხვა ფუნქცია აქვს ადამიანს. ადამიანის გონებას თუ ცხოველურ ინსტინქტებამდე დაიყვან, იქნება ცხოველი. იმიტომ რომ თავისი შვილი ყველას უყვარს და კრუხი უფრო იცავს თავის წიწილას, ვიდრე ბარე ორი ვიცავთ ჩვენს შვილებს. დავიზეპირეთ რაღაც ფრაზები და ლამაზი სიტყვებით ვლაპარაკობთ. რაც მთავარია, ჩვენთან მოშლილია პოლიტიკური ბრძოლის საფუძვლები. თუ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანები ერთმანეთს, ძირითადად, ღირებულებების, იდეოლოგიურ საფუძველზე უპირისპირდებიან, რომლებიც მოგვწონს ან არ მოგვწონს, ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება. იდეოლოგიური საფუძველი ნიშნავს, რომ თითოეული თავისი მრწამსის მიხედვით იბრძვის. ჩვენთან ეს გამორიცხულია. რჩება მარტო პიროვნული დაპირისპირება. თუმცა, პიროვნული დაპირისპირება ყველგან არის: ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ ამ პიროვნული დაპირისპირების საფუძველი იდეოლოგური განსხვავებაა. ჩვენთან კი ვიქცევით ველურებივით. არადა პოლიტიკური პროცესის წარმართვა ჩამოყალიბებული ხედვების მქონე პოლიტიკოსების გარეშე შეუძლებელია. სუფრასთან შეიძლება, ჩვენ ყველანი ვმღერით, ხმაც გვაქვს და სმენაც, მაგრამ, როდესაც სცენაზე აპირებ გასვლას, სხვა მომზადებაა საჭირო. მაგრამ გამოვა ვიღაც, დააბრეხვებს ერთი-ორ ფრაზას და თავი პოლიტიკოსი ჰგონია. ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ წერილში რამდენჯერმე ახსენებს, ჩვენი ტყუილი ლიბერალებიო; ორ-სამ ფრაზას დაიმახსოვრებენ და შემდეგ ამ ორი-სამი ფრაზის გარშემო ქარიშხალს ატრიალებენ ჭიქაში და სიღრმისეულად არ მიდიანო. ჩვენც ხომ ზერელედ ვმსჯელობთ ყველაფერზე და ერთი დღეც რომ გათიშო ტელევიზორი, ვერც კი მიხვდები, ქვეყანაში რამე თუ ხდება.

– კამერის თავისებურებაც ემატება: ამძაფრებს ერთი ათად. რეალურად შეიძლება, არც არაფერი ხდებოდეს, ეკრანზე კი ძალიან მძაფრად აღიქმება.

– რა თქმა უნდა, ამასთან, ყველაზე კარგი ინდიკატორი არის მოსახლეობის ფართო მასების მონაწილეობა ამა თუ იმ პროცესში. დღესდღეობით კი ვხედავთ, რომ საკმაოდ მცირე დაინტერესებული ჯგუფები გამოდიან მოედანზე, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ეს პროცესი კონკრეტული ადამიანების თემად აქცია ყველა მხარემ, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ გადავნაწილდეთ ღირებულებების მიხედვით. ამდენი ხანია, დაპირისპირებაა და არ მომისმენია: როგორ ვაგვარებთ აფხაზეთის თემას?! ცხინვალთან რა პოლიტიკა გვაქვს?! როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი დამოკიდებულება?! ეს დისკუსია არ არის, არადა ხომ ვერავინ შეგიშლის ხელს, დაჯდე და მოსახლეობას ამ თემაზე ელაპარაკო?! მაგრამ არა! ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს რაღაც მოხდება, ვინმემ ახსნას, რა მოხდება და რომც მოხდეს, მერე რატომ იქნება რამე უკეთესად?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა