პოლიტიკა

როგორ შეცვალა „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამ საქართველოს რევოლუციური სცენარი

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.11

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

კარგა ხანია, შევამჩნიე, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომი, უკრაინა-რუსეთის ომი, ისრაელ-„ჰამასის“ ომი, თუ რეალისტურად აფასებ მოვლენებს, აუცილებლად გეტყვიან, რომ აგრესორის მხარეს ხარ ან გინდა, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, თუ იტყვი, რომ, ვთქვათ, რუსეთთან ომის შემთხვევაში საქართველო ვერ გაიმარჯვებს ან რომ 350 000-450 000 უკრაინელის სიცოცხლე და 20 მილიონამდე დევნილი არ ღირდა ომად და რომ ცუდი მშვიდობა სჯობს ცხელ ომს. რატომ ურჩევნიათ ადამიანებს სასურველის ცხადად წარმოჩენა, მაშინაც კი, თუ ასეთმა მიდგომამ შეიძლება, უბრალოდ ფიზიკურად გაანადგუროს? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მე ყოველთვის მეგონა და ახლაც მგონია, რომ ადამიანმა ჯერ უნდა შეაფასოს რისკები და ამის შემდეგ იმოქმედოს. თუ 1992-1993 წლებში ვერ მივხვდით, 2008-ში მაინც ხომ უნდა გვცოდნოდა, რომ ჟანგიანი ტანკებითაც კი მოგვერეოდა ოკუპანტი? ადამიანებს რატომ სჯერათ ფანტაზიის, ვიდრე ლოგიკის და თუ ლოგიკურად უსაბუთებ, მტრის მხარეს ხარო, გსაყვედურობენ.

– მტრის მხარეს ხართ, დიახ, მათი ლოგიკით. რაც თქვენ დასვით, ბუნებრივი კითხვების ცვენაა. არადა ორომწაგებული ქვეყანა ხარ. რუსეთთან, ხომ, ორივე ომი წავაგეთ?! თან, უარესობისკენ წავაგეთ, იმიტომ რომ პირველ ომში წელიწადსა და ორ თვეს გავძელით, მეორე ომში კი – მხოლოდ 5 დღეს. ამდენად, როცა კუნთებზე ვიყურებით, იმასაც ხომ უნდა უწევდნენ ანგარიშს, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და სხვათა შორის, ახლა აღარც ამბობენ, რასაც მიშა მაშინ ამბობდა, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთ; აღარ ამბობენ, ალბათ, იმიტომ რომ ამ ორი ომის ერიდებათ, მაგრამ, თუკი მოსარიდებელია ომის პირდაპირი პროპაგანდა, ვინაიდან კარგად არ გაქვს საქმე, მაშინ ირიბად რატომ შემოსძახებენ ხოლმე, რომ, ვინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს ქართველებს, ის მტერია?! თქვენი კითხვაც ხომ ამას გულისხმობს, რატომაა სიფრთხილე მტრობა?!

– დიახ და, ამასთან, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, თუ ვიხოცებით, ვიხოცებით, იმიტომ რომ ასეთ ბრძოლებში გადარჩენის შანსი არ არის, არც სახელმწიფოს გადარჩენის.

– გვპასუხობენ, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო. დიახ, შოთამ დაგვიტოვა ასეთი ანდერძი, მაგრამ მისი ანდერძი არ გულისხმობდა ერს, გულისხმობდა პიროვნებას. რომ გმირული სიკვდილი ამშვენებს პიროვნებას, მაგრამ შენი ერი ამოწყვიტეო, ასეთ თეზას ვერ იპოვი მთელ ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში და არც ასეთი ისტორიული განწყობილებები გაქვს. მაგალითად, როგორც კი შეატყობდა ქართველი, მტერს ვერ ერეოდა ქართლი, ქართლის მეფე გავარდებოდა დასავლეთისკენ, დასავლეთი ჩაიკეტებოდა თავისთვის, სამხედრო დახმარებას არ უწევდა ქართლს და ერთ რეგიონში ცდილობდნენ, შემოეფარგლათ დამარცხება და მთელი ქვეყანა არ გაეწირათ დამარცხებისთვის. ეს ქართული სტრატეგიაა. შეიძლება, მკითხოთ, აბა, საიდან მოიტანეს თავგანწირვის ასეთი დაჟინებული მოთხოვნაო...

– აქ საინტერესო ისაა, რომ არ ამბობენ, მე გავწირავ თავსო, ჯარმა უნდა გაწიროს თავი. ანუ 20 000 სხვისი შვილის იმედად ვართ? როდესაც ამბობ, სად არის სახელმწიფო, იგულისხმება ჯარი, თორემ პრემიერ-მინისტრი და პრემიერი წინა ხაზზე არ იბრძვიან.

– თან, მაგ ნათქვამით ერთი რამაა ცხადი: საქართველოს ბედი აბსოლუტურად არ ანაღვლებთ, მხოლოდ პოლიტიკური ამოცანები ანაღვლებთ. როდესაც ამბობ, სად არის სახელმწიფოო, ესე იგი, ხელისუფლების ბედ-იღბალი გაინტერესებს და არა ის, თუ რა მოხდება.

– ძალისმიერი მოდელისკენ მიდრეკილებით, ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გამოირჩევიან.

– ეს კიდევ უფრო გულსატკენი კანონზომიერებაა და ყბადაღებული პრეზიდენტის ამბავიც, ფაქტობრივად, იმის გაგრძელებაა, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. ადამიანმა დღემდე ქართული ვერ ისწავლა და ბოლო დროს აქ ჩამოსული რუსებიც კი მასზე უკეთ ლაპარაკობენ ქართულად. გაგახსენებთ, საბჭოთა პერიოდში რუსებს უჭირდათ ქართულის სწავლა და უჭირდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ თვითონ უფრო მაღლა იდგნენ. უპირატესობის შეგრძნება აჩენს ამ ლინგვისტურ ფენომენს და, მგონი, ასევეა, ჩვენი, ზოგადად, ემიგრაცია და მისი წარმომადგენელი ქალბატონი პრეზიდენტი. ამიტომ უჭირს მას ქართულის სწავლა...

– ჩვენზე აღმატებული ჰგონია თავი?

– უფრო შორს წასული ჰგონია თავი და რამდენჯერ დაგვანახვა, რომ ის ევროპულ გარემოშია ნამყოფი, რომ ევროპული სტანდარტები იცის, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და ასე შემდეგ.

– იმდენი ილაპარაკა ნიკო ნიკოლაძეზე, სანამ მისი გენეალოგიით არ დააინტერესა დაინტერესებულები.

– დიახ და მთელი ამ ისტორიის კვანძი, მგონი, მარტივად იხსნება. ჩვენ სულიერ სირღმეებში მივდივართ, მაგრამ ამ შემთხვევაში სულიერი სიღრმე არ არის ამ აუცილებელი, ჯიბის სიღრმეა სანახავი.

– მე ვისზეც ვლაპარაკობ, მათი ნაწილის ჯიბეები, მეეჭვება, ღრმა იყოს.

– ვინც მაგ რიტორიკითაა გატაცებული, მათი ჯიბეა სანახავი. რა თქმა უნდა, ყველას ამას ვერ დააბრალებ, მაგრამ მერე უკვე სხვა მექანიზმი იწყებს მუშაობას. მიბაძვის მექანიზმს ვგულისხმობ, ამიტომაა, რომ, როდესაც ვინმეს მოსყიდვა უნდათ, მოისყიდიან ლიდერებს, ამის მაგალითია, როგორ მუშაობდა ლენინი გერმანიის დაკვეთით. უნდა გამოეყვანა რუსეთი ომიდან და მართლაც დადო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, მაგრამ დავაკვირდეთ, მთელი რუსეთი ხომ არ მოუსყიდავს გერმანიას?! მხოლოდ ლიდერებს აძლევდა საკმაოდ დიდ ფულს და ეს იყო საკმარისი. ასე რომ, როდესაც ჯიბეზეა ლაპარაკი, არ იგულისხმება, რომ ყველას აძლევენ ამ ფულს. ვიღაცებს აძლევენ, ვისი სიტყვაც ჭრის, დანარჩენები კი არიან ისეთები, რომლებიც კონფორმულობის მექანიზმით, რასაც დაიძახებს ლიდერი, იმას მიჰყვებიან უკან. ასეთ დროს საჭიროა, ლიდერი მართო. ცხვრები თხას მიჰყვებიან და თუ თხას მართავ, ცხვრებიც იმართებიან.

– მაგრამ ლიდერი დიდად საომარი რიტორიკით აღარ გამოირჩევა.

– დიახ, ლიდერმა აშკარად დაიწყო ახალი ამპლუის ძებნა. შეამცირა რევოლუციის იდეოლოგია, ოღონდ, მგონი, ეს მხოლოდ ლიდერის გადაწყვეტილება არ არის; ლიდერის დამკვეთების გადაწყვეტილებაა. იმიტომ რომ თქვენ მთელი მსოფლიოს პანორამა ახსენეთ და ცოტა ხნის წინ ამ პანორამიდან ამერიკული სტრატეგია იკვეთებოდა, რომლის განსახიერებაც ქალბატონი კელი დეგნანი იყო. ის ხელს უწყობდა აქ რევოლუციის მოხდენას.

– ფიქრობთ, რომ ასე პირდაპირ უწყობდა ხელს?

– დიახ. ჩავთვალოთ, რომ მე ვფიქრობ. ასე ადვილად იმიტომ ვამბობ, რომ აინტერესებს ამერიკას საქართველოს აფეთქება.

– გეოპოლიტიკა არ მინდოდა, ჩამერთო, მაგრამ, გეოსტრატეგიული ფონით, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს აფეთქება არ არის მარტო რუსეთისთვის პრობლემის შექმნის ამბავი, ჩინეთს ტოვებ გზის გარეშე, ევროპას კიდევ უფრო იმორჩილებ და შენზე მიიბამ.

– დიახ და რის გადათამაშება და მოგებაც ამერიკას შეეძლო კიბის ერთი უჯრედის, საქართველოს, ამოგდებით. თქვენ ზუსტად და ლაკონურად ჩამოაყალიბეთ, სადაა მისული პროცესი, მაგრამ ამ დროს ამერიკას გაუჩნდა ისრაელის პრობლემა.

– ცუდი სათქმელია, მაგრამ ამ ამბავმა კი გადაგვარჩინა ცოტა ხნით.

– და თუ ატყობთ, შიდა პროცესებშიც ჩაქრა რევოლუციური ინტონაცია.

– ლოგიკურად მიხვდნენ რამეს?

– დამკვეთმა თქვა, გაჩერდითო. შეიძლება, რამეს მიხვდნენ კიდეც, მაგრამ, აქამდე თუ ვერ მიხვდნენ, ახლა რამ მიახვედრათ?! ზოგადად, ვინც დღეს თოფს მოჰკიდებს ხელს, მოჰკიდებს იმიტომ, რომ მისი მეგობარი მოკლეს.

– რუსეთს დაუტრიალდა ჩადენილი: აფხაზებსა და ჩვენ შორის სისხლის დაღვრა წაახალისა, რადგან ეს სისხლი ჩვენ დიდი ხნით დაგვაშორებდა და ახლა იმავე ხაფანგში აღმოჩნდა: ძალიან დიდი დრო დასჭირდება უკრაინელსა და რუსს შორის დაღვრილი სისხლის დავიწყებას.

– საერთოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი თან გაოცება და თან ინტერესია, რა ხდება პუტინის თავში: სიგიჟეს სიგიჟეზე აკეთებს. უკრაინისთვის დარტყმა, რა თქმა უნდა, არ იყო დალაგებული პოლიტიკოსის ნაბიჯი.

– ადრე ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უკრაინაზე თავდასხმა გააზრებული ჰქონდა, მაგრამ არა ის, რომ გაიჭედებოდა. მე ის მიკვირს, რატომ უკვირთ, ქალაქებს რატომ ბომბავსო. აბა, პუტინი არ დაბომბავდა?

– თქვენ ახლა უკვე ფსიქოლოგია შემოიტანეთ. უბედურება ისაა, რომ, როდესაც დიდი პოლიტიკური სქემები პიროვნების ფსიქოლოგიით იფარება, ესე იგი, ხარვეზიანი პოლიტიკა გაქვს. ამიტომ ვთქვი, არავინ იცის, რა ხდება მის თავში-მეთქი. როდესაც პრობლემად იქცევა, რა ხდება პუტინის თავში; როდესაც ვერ გაიგებ ლოგიკას, ასე რომ მოქმედებს ამხელა სახელმწიფოს მეთაური, ეს უკვე პრობლემაა. აქეთ პუტინია, იქით ზელენსკისთან ვერ გაურკვევიათ, არის თუ არა მისი გარემოცვა ჩართული კორუფციაში; ბაიდენთანაც იგივე პრობლემაა ოჯახური კორუფციის გამო. აი, ასეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ამ დროს ასეთ მსოფლიოში დაიწყო სპილოების, „ჰამასისა“ და ისრაელის, ბრძოლა. რასაც შეიძლება, მოჰყვეს უფრო დიდი სპილოების ჩართვა. ანუ მსოფლიო სერიოზულ პროცესს უახლოვდება. ეს უკვე აღარ არის ხასიათისა და კორუფციის ასპარეზი. აქ შეიძლება, ისეთი კატასტროფა მოხდეს, რომელიც კორუფციასა და ხასიათებს უკან მოიტოვებს. ამიტომაც გააჩერეს ის მოდელები, რომლებითაც მანამდე ცდილობდნენ, რომ რვაფეხას საცეცები გაეფართოებინათ. ეს ხომ ამერიკის დემოკრატიული პარტიის სუპერლიბერალების პოლიტიკური ტენდენციაა, რომ სიტუაცია ყველგან შეცვალოს თავის ჭკუაზე, ისე, როგორც თვითონ უნდა?! ეს გვემუქრებოდა ჩვენც, ამას გვიმზადებდნენ, უბრალოდ, ახლა მაგის დრო აღარ არის. საიმისო ინტელექტუალური რესურსი აღარ აქვთ, რომ ვიღაც დაჯდეს და იფიქროს კავკასიაზე. კავკასიის თემაზე ფიქრის თავი უკვე აღარ აქვთ, იმიტომ რომ არ იციან, ჩინეთი როგორ ჩაერთვება მთელ ამ პროცესში. მათთვის ხომ ჩინეთია ყველაზე მთავარი და არა კავკასია?! და აი, ჩინეთი ამ ამბავში როგორ ჩაერთვება, ჩინეთმაც არ იცის, არათუ ამერიკამ. ამიტომ გაჩერებულია ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი