პოლიტიკა

როგორ შემცირდა საქართველოს მოსახლეობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი მესამედით და რატომაა შემცირებულ მოსახლეობაში ქართველების წილი 60 პროცენტზე მეტად

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.05, 2021 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დეკრეტული შვებულების პირობები გაუარესდა. კერძოდ, დადგინდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალ წესი“, რის მიხედვითაც შეიცვალა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობა. დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, რომელიც ნაზღაურდება 126 კალენდარული დღით განისაზღვრა (მანამდე ის 6 თვეს მოიცავდა), მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში კი – 143, ხოლო ბავშვის მოვლის გამო – 57 კალენდარული დღით. პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია, ჯამურად, არა უმეტეს 1 000 ლარისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დემოგრაფია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სუსტი წერტილია, ბუნებრივად იბადება კითხვა: ვისთვის ვუფრთხილდებით ეკოლოგიას ან რისთვის გვინდა ტერიტორიების დაბრუნება, როდესაც იმ ტერიტორიის ათვისებასაც ვერ ვახერხებთ, რაც ახლა გვაქვს? – თემას იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– მე ვერ ვიგებ ვერც პოლიტიკოსებისა და ვერც სამოქალაქო სექტორის სიჩუმეს, ამიტომ იქნებ განვუმარტოთ მათ, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ადამიანს, ანუ ჯანმრთელ და მრავალრიცხოვან მოსახლეობას?

– 1936-1939 წლებში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ესპანეთის ფრანკისტ გენერალ ემილიო მოლას მიაწერენ ნათქვამს, რომ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი მადრიდის აღებაში შეტევაზე გადასული ოთხი კოლონის ნაცვლად გადამწყეტ როლს შეასრულებდა მეხუთე კოლონა – დედაქალაქში მყოფი მისი მხარდამჭერი ძალები. ისტორია მდიდარია მაგალითებით, როდესაც ამა თუ იმ არსებულ პრობლემაზე მსჯელობისას ყურადღება ექცევა ერთ ან რამდენიმე გარემოებას, მაშინ, როდესაც მთავარი საფრთხე სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი. ამ მხრივ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი...

საქართველოს სტაბილური და მდგრადი განვითარების წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორებიდან, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, რესპონდენტები, როგორც წესი, ასახელებენ ოთხ მთავარ პრობლემას: უმუშევრობას, ინფლაციით გამოწვეულ კეთილდღეობის დაცემას, პოლიტიკურ არასტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას. თითოეული, მართლაც, აზიანებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს, სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და მდგრადობას. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე უკავშირდება მეხუთე გარემოებას: ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის არსებობას და მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება.

შობადობის კლება, მოკვდაობის მატება, მასობრივი ემიგრაცია ის ფაქტორებია, რომლებიც ყველაზე მეტად კვეთენ ქართველი ერის მილევად რეჟიმში გადაყვანის კონტურებს.

ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინათ ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი წერდა, რომ სახელმწიფოს წარმატებულ განვითარებას უზრუნველყოფს სამი ფაქტორი: ტერიტორია, მოსახლეობა და უნარიანი მართვა. დემოგრაფიული ფაქტორი, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამის მკაფიო მაგალითია ისრაელი, რომლის მოსახლეობა დაარსებიდან განვლილი შვიდი ათეული წლის განმავლობაში 14-ჯერ გაიზარდა - ნახევარი მილიონიდან 7 მილიონამდე. რომ არა ამ ქვეყნის მოსახლეობის ასეთი ზრდა, ამ სახელმწიფოს ეკონომიკასა და ტექნოლოგიებში მიღწეულ შთამბეჭდავ წარმატებებთან ერთად, მის წინაშე მდგარი განვითარებისა და უსაფრთხოების ამოცანების გადაჭრა გაცილებით რთული იქნებოდა.

– რატომ არ აქცევდა საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ყურადღებას დემოგრაფიას, პირიქით, მექმნება შთბეჭდილება, ეხმარებოდნენ და ეხმარებიან მოსახლეობის კლებას.

– დიახ, საქართველოში ვითარება ისრაელის საპირისპიროა: დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის დე-ფაქტო კონტროლირებადი ტერიტორია ერთი მეხუთედით, ხოლო მოსახლეობა ერთი მესამედით შემცირდა; ეკონომიკური განვითარების დონით საქართველო მსოფლიოს ორასამდე სახელმწიფოს შორის „სადღაც“ პირველი და მეორე ასეულის მიჯნაზე იმყოფება. 1990-იან წლების დასაწყისთან შედარებით შემცირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი (მთლიანი შემცირების დაახლოებით 15 პროცენტი) არაკონტროლირებად, ფაქტობრივად კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩარჩა“, მეორე ნაწილი, 25 პროცენტი – საკუთარ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა (ძირითადად – ებრაელები, ბერძნები, სლავური წარმომავლობის პირები), ყველაზე დიდი ნაწილი კი, 60 პროცენტზე მეტი ეთნიკური ქართველი საქართველოდან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადაიხვეწა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გავლილი 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის შემცირების მასშტაბით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზეა. შედარებისათვის:

ჩვენს მეზობელ სომხეთში აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ 10 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო აზერბაიჯანში, პირიქით, 42 პროცენტითაა მომატებული. დღეისათვის მოსახლეობის სიმჭიდროვე საქართველოში, ყველა მის სახმელეთო მეზობელთან შედარებით, დაბალია. საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება: სომხეთს – 43 პროცენტით, თურქეთს – 46 პროცენტით, აზერბაიჯანს – 51 პროცენტით, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთსა და დაღესტანს – 17 პროცენტით; კერძოდ: დაღესტანს – 9, ხოლო ჩეჩნეთს – 38 პროცენტით.

ფაქტობრივად, ბოლო ორ საუკუნეში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ და მეორე მსოფლიო ომების პერიოდებს, საქართველოში 2020 წელს დაფიქსირდა უპრეცენდენტო ფაქტი: ჩვენს ქვეყანაში მოკვდაობის მაჩვენებელმა, პირველად გადააჭარბა შობადობის დონეს, თანაც საგრძნობლად – მთელი 8.6 პროცენტით (ანუ 4 017-ით), რაც გასულ წელს თვით ეკონომიკური ვარდნის მასშტაბსაც (-6.1 პროცენტი) კი აღემატება!

უკვე მეექვსე წელია, შობადობის მაჩვენებლები წლიდან წლამდე იკლებს და მან 2020 წელს მხოლოდ 46 520 შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 3.7 პროცენტით (ანუ 1 776 ბავშვით), ხოლო 2014 წელთან შედარებით 23.3 პროცენტით (ანუ 14 115 ბავშვით) ნაკლებია. 2015-2020 წლებში შობადობის 2014 წლის მაჩვენებლის დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოში ფაქტობრივთან შედარებით შეიძლება, დაბადებულიყო 48 745 ბავშვით მეტი. ეს იმის ეკვივალენტურია, საქართველოში ბოლო ექვსი წლიდან ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ბავშვი რომ არ დაბადებულიყო.

– რამ მოახდინა გავლენა შობადობის ასე ძლიერად ვარდნაზე?

– ბუნებრივია, შობადობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ და ამით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა. მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, დეპრივაცია, მკვეთრად ამცირებს შობადობის მოტივაციასა და დინამიკას. ამის მკაფიო მაგალითია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობასთან ადაპტაციის უმძიმეს პერიოდში, მათში შობადობის დონე 5-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ენგურსაქეთა საქართველოს, ამ მხრივ, ისედაც არც თუ სახარბიელო საშუალო დონესთან შედარებითაც კი.

შობადობის კლების ფონზე მოკვდაობის მაჩვენებელი 2020 წელს წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა (8.3 პროცენტით, ანუ 3 878 კაცით). ამგვარი მატება არ უკავშირდება მხოლოდ „კოვიდ 19-ის“ პანდემიას. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს კოვიდინფექციით გარდაიცვალა 2 528 პირი, რაც გარდაცვალებით საერთო მატების 65.2 პროცენტია. დანარჩენი მატება (1 350) ძირითადად, უნდა მივაკუთვნოთ პანდემიითა და დამძიმებული ეკონომიკური სიტუაციით გამოწვეული სტრესებით შექმნილ ნეგატიურ ფონს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და წარმოადგენს ლეტალური შემთხვევების მაპროვოცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის 2019 წლის დადებითი (+1 6 37) სალდო (სხვაობა დაბადებათა და გარდაცვალებათა შორის) 2020 წელს შეიცვალა უარყოფითი სალდოთი (-4 017).

ამასთან, დემოგრაფიულ ვითარებას ამძიმებს კიდევ ორი გარემოება: გრძელდება ქორწინების საშუალო ასაკის მატება. აღნიშნული ასაკი ბოლო 100 წლის განმავლობაში თითქმის 11 წლით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის აღწარმოების ტემპსა და საშუალო (მედიანურ) ასაკზე.

ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის (28.1 წელი) 2.3 წლით აღემატება დედის საშუალო ასაკს პირველი ბავშვის დაბადებისას (25.8 წელი). ეს სხვაობა ბოლო 15 წლის განმავლობაში 1.5-ჯერ გაიზარდა, რაც ძირითადად აიხსნება იმით, რომ სულ უფრო მეტი წყვილი არ ჩქარობს ფაქტობრივი თანაცხოვრების ოფიციალურ რეგისტრაციას და, უკეთეს შემთხვევაში, საეკლესიო ქორწინებით შემოიფარგლება.

ასევე, საქართველოში ნარჩუნდება 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული უარყოფითი მიგრაციული სალდო – ქვეყნიდან გადის მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდის. ამასთან, საქართველოდან გადიოდნენ და გადიან ყველაზე შრომისუნარიანი, ამბიციური, კრეატიული ადამიანები. 20-დან 50 წლამდე ასაკის პირების წილი თუ საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ 42 პროცენტია, ქვეყნიდან გასულთა შორის მათი რაოდენობა 85 პროცენტს აღემატება.

საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის საშუალო ასაკი ქვეყნიდან გასულების საშუალო ასაკზე 7 წლით მეტია, რაც სერიოზულ რეპროდუქციულ დისბალანსს ქმნის. უკვე მასობრივი ხასიათი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ ეთნიკური ქართველი ქალ-ვაჟების მიერ ოჯახების შექმნას, სადაც დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ უკვე ორჯერ გადააჭარბა ქუთაისის ამჟამინდელი მოსახლეობის ფაქტობრივ რიცხოვნობას. ამის პარალელურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დინამიკა: 2012-2019 წლებში საქართველოდან გავიდა 181.1 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა; „სამაგიეროდ“ იმავე პერიოდში საქართველოში შემოვიდა 117.7 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე გავიდა. თუ უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს მხოლოდ უტილიტარული კუთხით არ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ფულადი გზავნილების ზრდა უცხოეთიდან საქართველოში მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ბევრი მიგრანტია გასული, არამედ იმასაც, რომ ამით ქვეყნიდან გასული ჩვენი თანამემამულენი ხაზს უსვამენ თავიანთ ეკონომიკურ და ემოციურ კავშირებს საკუთარ სამშობლოსთან, არ წყვეტენ მასთან ურთიერთობებს და უფრო მეტიც, თავიანთ მომავალს ისევ და ისევ თავის ქვეყანას უკავშირებენ და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა