პოლიტიკა

როგორ შეხმატკბილებულად აწყობდნენ აშშ და რუსეთი გადატრიალებებს არა მხოლოდ საქართველოში და რატომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.10

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

მართალია, საქართველოს უახლეს ისტორიაში გადატრიალებების ისტორია 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებიდან იწყება, თუმცა 2003 წელს ამას დემოკრატიული სახელწოდება ჰქონდა – ვარდების რევოლუცია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ახლაც დემოკრატიის სახელით ერევიან დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ვითარება, წააგავს 2003 წელს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ 2003 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარების განსხვავებებსა და მსგავსებაზე.

– მსგავსება არის, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გარე ფაქტორები ახდენს ხოლმე გავლენას, ამიტომ გარე გავლენით დავიწყოთ და შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ რომც გამოგვრჩეს, მკითხველი უფრო ადვილად დაინახავს. 2003 წლის არჩევნებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი იყო 11 სექტემბრის ტრაგედია. ბუშმა იგრძნო პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე და რეზიდენტმა თქვა, ბინ ლადენს დავიჭერ და გავაუვნებელვყოფო. ანუ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. შეიძლებოდა, გადამდგარიყო, მაგრამ ბრძოლა არჩია. ამ ბრძოლაში მან აირჩა მეთოდი, რომ ავღანეთამდე, სადაც ეგულებოდა ბინ ლადენი, მისულიყვნენ ხავერდოვანი რევოლუციებით. ეს ტექსტი სიტყვა სიტყვით თქვა ბუშმა თბილისში. ჩვენთან, მოედანზე გამოსვლისას ბრძანა, დემოკრატიული რევოლუცია მოხდა საქართველოში და აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, დემოკრატიული რევოლუციების გზით მივალთ ავღანეთამდეო. დემოკრატიული რევოლუციების სცენარი კარგა ხნით ადრე ჰქონდა დაწერილი შარპს და 200-მდე რეკომენდაციაც რეცეპტივით ჰქონდა ჩამოწერილი. მათ შორის, ახალგაზრდების მომზადება საპროტესტოდ; მედიის გამოყენება, რაც შეიძლება, აქტიურად; „ენ ჯ ოების“ გამოყენება; რომ ეს რევოლუცია დაკავშირებოდა საარჩევნო პროცესს, კერძოდ, გაყალბების ბრალდებას, იმიტომ რომ გაყალბების შემთხვევაში ხალხს იურიდიულადაც კი აქვს უფლება, რომ აჯანყდეს. ეს გაწერილი იყო და გახსოვთ, რომ მაშინ სერბეთში მოამზადეს „კმარას“ ახალგაზრდები, იქ უკვე მომხდარი იყო, ამავე რეცეპტით, რევოლუცია. რაც მთავარია, 2000 წლიდან გააქტიურდა „რუსთავი 2-ის“ მხარდაჭერა და „რუსთავი 2“ გააქტიურდა, როგორც პოლიტიკური მედია. პროცესი დაიწყო 2000 წლიდან, ვინაიდან მომზადებას დრო სჭირდებოდა და სამი წლის განმავლობაში უკვე „რუსთავი 2-ს“ ძალიან დიდი ავტორიტეტით, გავლენითა და მართლაც შესანიშნავი სატელვიზიო პროდუქცია ჰქონდათ მაშინ, საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება მიუღებელია და კარგია, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები მოდიან და მოხდა ის, რაც მოხდა. სხვათა შორის, საინტერესო ფიგურები არიან ახალგაზრდა რეფორმატორები, მაშინაც საინტერესო ფიგურები იყვნენ. ვიცით, რომ სააკაშვილის ბიძა რუსეთის უშიშროების სამსახურის პერსონაა, ახლაც იქაა და საქართველოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ესწრებოდა მინისტრთა კაბინეტის სხდომებს, ანუ იღებდა მონაწილეობას მართვაში. ასევე, რუსეთთან დაკავშირებული ფიგურა იყო ბენდუქიძე და ასე შემდეგ. ანუ დანიშვნებისას რუსული ტალღა გამოჩნდა.

– შეთანხმებული იყო ამერიკასთან, თუ აქ ჰქონდათ გავლენა რეფორმატორებზე?

– თვითონ რევოლუციაში რუსეთიც მონაწილეობდა. გვახსოვს, რომ ივანოვი ჩამოვიდა ერთ-ერთი პირველი. ჯერ მიტინგზე მივიდა რეფორმატორებთან და შემდეგ – შევარდნაძესთან.

– იყო რომანტიკული სიუჟეტებიც, როგორ გაატარა ივანოვმა ბავშვობა ახმეტაში, მის ქართულ ძირებზე.

– დიახ. ახლა რაც თქვენ იკითხეთ: ხელიხელჩაკიდებულები იყვნენ თუ არა?! იყვნენ. და რა მიგვითითებს ამაზე: უკრაინაში, რომელიც ამავე სცენარით იცვლებოდა, კუჩმა გადააგდეს და მოიყვანეს ახალგაზრდა რეფორმატორები, იქაც გაჩნდა ეჭვი, რომ ტიმოშენკოს ძალიან დამთმობი პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიმართ ენერგეტიკულ საკითხებში და იმდენად დიდი ეჭვი, რომ ტიმოშენკო ციხეში ჩასვეს. ასევე, ყირგიზეთში მზადდებოდა ანალოგიური რევოლუცია, მაშინაც თქვა ბუშმა, ახლა დავიძვრებით ყირგიზეთისკენო, მაგრამ ყირგიზეთში ოპოზიციური ლიდერი რომ გამოიყვანეს ციხიდან, მან გამოაცხადა, წავედი მოსკოვშიო და ამის შემდეგ გაჩერდა რევოლუციების ტალღა. რადგან ამერიკამ დაასკვნა, რომ თავად აფინანსებს რევოლუციებს, ორგანიზებას უწევს და შემდეგ პუტინი თავის ხალხს სვამს. ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ ამერიკა პუტინზე მუშაობდა. ეს უკვე აღარ უნდოდათ, ამერიკელებს სურდათ პატიოსანი პარტნიორული ურთიერთობა, თუმცა რთული სათქმელია, შეიძლება თუ არა პოლიტიკაში პატიოსანი ურთიერთობა. შესაბამისად, გაჩერდა ეს პროცესი. დღეისთვის ბუში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შტერი პრეზიდენტი, მაგრამ გამოჩნდა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ამავე საპატიო წოდების მოპოვების შანსი.

– ბაიდენი?

– საიდან მიხვდით?!

– მიხვედრილი ვარ.

– არ ვიცი, ბაიდენი თამაშობდა თუ არა ადრე ანალოგიურ თამაშებს. მაგრამ უნდა გავიხსენოთ კისინჯერის ფორმულა. ის ძალიან პროამერიკელი იყო და თავის ნომერ პირველ ნიშნად ამერიკელობას მიიჩნევდა, მაგრამ ამბობდა, დიდი ქვეყნები, ამერიკა და საბჭოთა კავშირი, ნუ დაეჯახებიან ერთმანეთს, დაინდონ ერთმანეთი და გადაინაწილონ მსოფლიო. ის წინააღმდეგი იყო დიდების ერთმანეთთან დაჯახების, ისევე, როგორც გორილები ერთმანეთს არასდროს ურტყამენ. ფაქტობრივად, „გორილების“ მეთოდით განხორციელდა ვარდების რევოლუცია. ამგვარი გორილების მეთოდი, მგონი, ბაიდენმაც გაიხსენა და გაიხსენა ტრამპის მემკვიდრეობით, იმიტომ რომ რუსეთისა და ამერიკისთვის საერთო საფრთხე ისევ ამოტივტივდა.

– მაგრამ ახლა „გორილები“ დაეტაკნენ ერთმანეთს. ერთი „გორილა“ იბრძვის.

– მეორე?

– მეორე „გორილა“ სხვას აბრძოლებს.

– იარაღს აწვდის და მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ არ აღმოჩნდება, რომ შეთანხმებული არ ჰქონდათ უკრაინის ომი. ისე წყნარად შეეგუა უკრაინის ომს პუტინი და ისეთი ენერგიულობით შეუდგა თავისი წარმოებების განვითარებასა და სანქციების გვერდის ავლით სქემების შექმნას, რომ ეს არ ჰგავდა მოულოდნელი მოვლენის წინაშე მდგარი კაცის მოქმედებას. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სისხლიანი, მაგრამ გარიგება მოხდა, რის შედეგადაც რუსეთი მიიღებს გავლენას იმავე უკრაინასა და მთელ ევროპაზე და, საერთოდაც, ორივეს ინტერესი ამ ომში ის არის, რომ ევროპას დააჩოქებენ. ევროპის დაჩოქების ერთ-ერთი მხარე იქნება ის, რომ ევროპა იძულებული გახდება, გაზრდილი ფასებით იყიდოს რუსეთიდან ენერგომატარებლები.

– და ამერიკას რა ხეირი, თუ რუსეთი გააძვირებს თავის ენერგომატარებლებს?

– რა გითხრათ?! ჩვენ ხომ უამრავი რამ არ ვიცით. ამ ომის შეფასებისას ძალიან ხშირად გაიგონებთ ექსპერტებისგან, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ომია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ დიდი ფული ტრიალებს. არც ის აღელვებაა შემთხვევითი, რომ ამერიკული იარაღი ხვდება ტერორისტებთან. ამდენად, კიდევ რა გაიხსნება ამ ომის კულისებიდან, არ ვიცით და არც ის, რა პოლიტიკურ სამსხვერპლოზეა მიტანილი უკრაინა, მაგრამ ამერიკისთვის მიზანია იმავე ევროპის ჩოქმბჯენში ჩასმა, იმიტომ რომ საფრანგეთი და გერმანია იქაჩებოდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად და ამერიკას თავის კონტინენტზე გაშვებას უპირებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, მაქვს განცდა, რომ შეიძლება, ამერიკაში ფინანსური ინტერესებიც იყო, იმდენად ხმაურიანი პერსონაა ბაიდენის ვაჟიშვილი და ეს ხმაური უკავშირდება იარაღით ვაჭრობას. ასე რომ, შეიძლება, აქ იმდენად დიდი პოლიტიკა არ ყოფილა, რამდენადაც სისხლზე გაკეთებული ფული.

– საქართველოს ხელისუფლება რის იმედად ეჭიმება დასავლეთს?

– იმედის რა მოგახსენოთ, მაგრამ რამ აიძულა საქართველო, რომ გაჭიმვოდა დასავლეთს?! თუ ამას გავითვალისწინებთ, შეიძლება, იმედი არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც იჭიმებოდეს. კერძოდ, ამოიკითხა ტენდენცია, რომ დასავლეთს უნდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. კისინჯერის „გორილების“ ფორმულას იმეორებენ და სჭირდებათ ისეთი გუნდი, რომლებიც ისევე, როგორც 2003-ში, ახლაც მოახერხებენ დიდი ძალების, ამერიკისა და რუსეთის, დაბალანსებას საიმისოდ, რომ ჩინეთი არ შეუმოუშვან რეგიონში. ჩინეთის არშემოშვება რეგიონში რუსეთის ინტერესიცაა და ამერიკისაც. რუსეთი კი ამბობს, ჩემი პარტნიორია ჩინეთიო, მაგრამ იმავდროულად ვერ იტანს და არც იმალება ეს შუბი ხალთაში, იმიტომ რომ ციმბირში უზარმაზარი ტერიტორია წაიღო ჩინეთმა და რუსეთი ხმას ვერ იღებს. რუსეთი ახლა უმცროსი ძმის როლშია და როგორც ჩვენ ვერ ვიტანდით რუსებს, როდესაც ჩვენ ვიყავით უმცროსი ძმის როლში, ახლა ჩინეთთან ურთიერთობაში უმცროსი ძმის როლი რუსეთს აქვს და, ამდენად, ვერ ექნება ჩინეთის დიდი სიყვარული. მით უმეტეს, არ ენდომება, რომ აქ შემოვიდეს ჩინეთი და კავკასია ჩინურ პოლიტიკაზე აიწყოს. რაც მთავარია, რუსეთს ფინანსური ინტერესიც აქვს – ტრანზიტი, რამაც აქ უნდა გაიაროს, ადრე რუსეთზე გადიოდა და, თუ აქაურობა აფეთქდება ისე, რომ ტრანზიტის გატარება შეუძლებელი იქნება, რუსეთს შეუძლია, მოითხოვოს სანქციების ან მოხსნა, ან შერბილება, რომ ტრანზიტმა ისევ რუსეთზე გაიაროს. რუსეთის ინტერესი ჩანს და იგივეა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიც. ჯერ კიდევ პომპეომ გვითხრა, ტრამპის კაცმა, ჩინეთი არ შემოვიდეს ანაკლიის პორტის მშენებლობაშიო. ჩინეთზე გამწარებულმა ამერიკამ და რუსეთმა დაიწყეს ქართული ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა, ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2003 წელს და ელანდებათ კიდეც 2003 წლის რევოლუცია, მაგრამ განსხვავებებიც არის. ისე ენერგიულად აღარ მიდის ეს პროცესი – გადატრიალებას ვგულისხმობ. მაშინ მაილსი, ამერიკის ელჩი, დარბოდა კაბინეტებში და შევარდნაძის მინისტრებს ეუბნებოდა, თუ აჰყვებით შევარდნაძეს, ამერიკის იმედი ნუ გექნებათ, დაღუპავს ქვეყანასო. ამიტომაც გამოეცალა შევარდნაძეს მინისტრების დიდი ნაწილი. ერთ-ერთი მაშინდელი არასამთავრობოს ხელმძღვანელს ვკითხე, ახლა ცნობილი ადამიანია, რუსეთის საქმეს აკეთებთ-მეთქი? ჩემთვის რუსული მხარე ცხადი იყო, ვიცოდი რა ანგარიშებიც ჰქონდათ შევარდნაძესთან. მიპასუხა: არა, რატომ, მაილსმა გვითხრა, თუ შევარდნაძე იქნება, დაიღუპებითო. ესე იგი, მაილსისთვის არ არის ხელსაყრელი შევარდნაძეო. მოკლედ, რუსეთი და ამერიკა ერთი მიმართულებით და მწყობრად მუშაობდნენ. ასეთი მწყობრი მუშაობა დღეს არ ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა