პოლიტიკა

როგორ შეიძლება, დასაჯოს დასავლეთმა საქართველო, როგორც თავად ამბობენ, დემოკრატიის ღალატისთვის

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 07.11

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

საკუთარი გამოცდილებითაც ვიცით, დასჯის რა ფორმებს იყენებს ხოლმე რუსეთი, როდესაც არ მოსწონს თავისი მოკავშირისა თუ სატელიტის ქცევა, ამჟამად ვითარება ოდნავ შეიცვალა: ჩრდილოეთიდანაც გვსჯიან და დასავლეთიც გვემუქრება. შესაბამისად, იბადება კითხვა, დასჯის რა ფორმებს შეიძლება, მიმართოს დასავლეთმა, რაკი, მათი შეფასებით, საქართველომ დემოკრატიის გზიდან გადაუხვია? – ამ თემაზე ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

– რა შეიძლება, მოიმოქმედოს დასავლეთმა, რაკი საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რასაც ისინი ითხოვდნენ და ითხოვენ?

– ისეთი პერიოდია, რომ ცოტა რთულია, სამართლიანობა და ობიექტურობა მოსთხოვო რომელიმე მხარეს, იმიტომ რომ ყველა ცდილობს, თავისი ინტერესების სასარგებლოდ ილაპარაკოს. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს რიტორიკა წინასააარჩევნოდაა გამწვავებული და ამის მაგალითად შემიძლია, მოგიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება, ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის ოფიციალური განცხადებები, რომ ამერიკაც და ევროპაც მზად არიან, ითანამშრომლონ იმ მთავრობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს საქართველოში. მაგრამ ერთი დათქმაა: სამართლიანი და კანონიერი არჩევნები უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ამ ოფიციალური განცხადებების მიღმა გაკეთებულ განცხადებებს, მათზე კამათიც შეიძლება, ვაჭრობაც, დათანხმებაც და უარის თქმაც. მე შემიძლია, გითხრათ ჩემი და ჩემი თანამებრძოლების გამოცდილებით: წარმოუდგენლად იოლია ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან კამათიც, დოკუმენტური პოლემიკაც, დათანხმებაც, ჩხუბიც, თუ მართალი ხარ. თუ შენ, როგორც ადამიანს, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, როგორც ქვეყნის სახესა და წარმომადგენელს, შეგიძლია, იმ საქციელის ახსნა, რის გამოც ილანძღები, ძალიან იოლია საუბარი. ჩვენ ეს გვაკლდა 90-იანებში, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდში და ეს გვაკლია დღესაც. ხოლო, თუ ვინმე მეტყვის, რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვეტყვი, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ კორპორაციული ინტერესების დამცველ ჯგუფებთან ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ გამოუვალ მდგომარეობას. იმ ადამიანებს, რომლებიც შეშფოთებულები არიან არსებული მდგომარეობით, მინდა, ვუთხრა: დასავლეთს ჩვენი სისხლი არ დაუღვრია; დასავლეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს და დასავლეთი ეკონომიკურ ბლოკადას არ გვიცხადებდა და არ გვიცხადებს.

– თუმცა 2008 წელს რუსეთს ჯარი იმიტომ ჰყავდა მოყენებული როკთან, რომ დასავლეთია ჩვენი არჩევანი.

– ეგ სხვა თემაა. გეთანხმებით, ასეთი ნარატივი არის ახლა.

– ეს ნარატივი არ არის. ეს ფაქტია და მაშინაც ასე ვფიქრობდი, უბრალოდ, მეგონა, რომ დასავლეთი უფრო ეფექტიანად იმოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ.

– ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. ამის პარალელური მოსაზრებაა, რომ, რადგან რუსეთს უნდოდა, ისევ თავისი გავლენის სფეროში დავებრუნებინეთ, ამიტომ გვინდოდა დასავლეთისკენ. და ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ მოლაპარაკებების გზით. არადა, ჩვენ არ გვაქვს სამეზობლო პოლიტიკა, არც რეგიონული პოლიტიკა, არც სათანადო ურთიერთობები შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნებთან. და დღემდე ასე დგას საკითხი: ან დასავლეთი, ან რუსეთი. თუ გახსოვთ, შარლ მიშელი რომ იყო ჩამოსული ბოლოს, ის შეხვდა ოპოზიციისა და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს და ევროპაში ყველაზე გავლენიანმა და ძალიან სერიოზულმა მომლაპარაკებელმა წასვლისას გააკეთა მოკლე განცხადება: თქვენ გაქვთ არჩევანი, აგერ დასავლეთი და ევროკავშირი და აგერ – რუსეთი და თურქეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი შენია და რა არჩევანსაც გააკეთებ, იმ არჩევანზე უნდა აგო პასუხი. მივდივარ იქამდე, რა შეიძლება, დავკარგოთ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით. არ მიმაჩნია სამართლიანად მოსაზრება, რომ დასავლეთი დაგსჯის: დასავლეთი აღარ დაგეხმარება. ფინანსური დახმარება შეწყდება.

– რა თანხაზეა საუბარი და რას ხმარდებოდა?

– ამაზე არ არის ლაპარაკი. ფინანსური დახმარება შეწყდება, ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარებები შეწყდება. თუ რამე არ მოდიოდა, მათი ბრალი არ არის, მოითხოვე და არ მოგცეს?! საქართველოს ემიგრაციას შეექმნება სერიოზული პრობლემები და ეს არა მარტო საქართველოს ემიგრაციას შეეხება: 2030 წლამდე ევროპიდანაც და ამერიკიდანაც მასობრივად გამოუშვებენ მიგრანტებს და თუ აქამდე უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები ჰქონდათ, ეს შეღავათები აღარ ექნებათ. გარდა ამისა, ცივილიზებული ერთიანი სივრციდან იქნები იზოლირებული, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენს საბანკო სისტემასა და ლარის კურსზე. წინასწარ დაგეგმილად არ შეგებრძოლებიან, უბრალოდ, მათთან სიახლოვით რითიც სარგებლობდი, იმას დაგიკეტავენ. დგება საკითხი: რით ანაცვლებ ამას? რუსეთთან და თურქეთთან ურთიერთობით?! მაგრამ ეს არის ვარაუდები. არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. არჩევნების შემდეგ იქნება ყაყანი, სარჩელები შევა სასამართლოში, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი შეფასდეს ისე, რომ ზოგიერთ დარღვევებს საერთო შედეგზე არ ჰქონდა გავლენა და, სავარაუდოდ, ასეც იქნება. საქართველოს პარლამენტის გარდა, საქართველოს სახეს წარმოადგენს სამი მაღალი თანამდებობის პირი: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. თუ ეს სამი ადამიანი იმ ჯგუფიდან იქნება, რომლებთანაც დასავლეთს საუბარი უჭირს ან ამათ არ უნდათ მათთან საუბარი, რა თქმა უნდა, ვითარება გართულდება. საქართველოს პრეზიდენტმა რომ ტექნიკური მთავრობის თემა შემოიტანა, ეს არ არის ერთი ადამიანის სურვილი, რომელსაც უნდა, რომ კიდევ დარჩეს პრეზიდენტად ან გახდეს პრემიერი, ეს არის სამუშაო გეგმა და ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომელბსაც ესმით პოლიტიკა, უნდა გაიგონ, რომ ეს არის მესიჯი. თუ დასავლეთისთვის მიუღებელი სახეები იქნებიან ქვეყნის ხელისუფლების სათვეში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდება, ეს გააღიზიანებს ხალხს, გაზაფხულზე დაიწყება უკმაყოფილება და შემოდგომისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ეს პერიოდია ზუსტად ის 7 თვიდან ერთ წლამდე, რაზეც ლაპარაკობს პრეზიდენტი. ათიათასჯერ გავიმეორებ: საქართველოს ძალა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იყო მართლმადიდებლობა, ერთიანობა და სამართლიანობა. ყველასთან მართლები ვართ: ვინც გვეომება, მათთანაც და ვინც არ გვეომება, მათთანაც და როდესაც მართალი ხარ, რატომ არ უნდა გამოიყენო შენი ეს მდგომარეობა?! ჩვენი ტერიტორიის გარეთ არასდროს გავსულვართ და სხვისი ცხოვრების წესის შეცვლა არ გვიცდია; არც არავის დაჩაგვრა, არავისთვის არაფრის წართმევა არ მოგვსურვებია და, რა თქმა უნდა, ჩვენი იდეოლოგია ძალით არავისზე არ გაგვივრცელებია. ამიტომ საჭიროა სამართლიანი დებატები. ესეც აუცილებლად უნდა გავიმეორო: როდესაც რომელიმე ევროპული ინსტიტუტი აკეთებს განცხადებას და შენ შენი ქვეყნიდან, შენი კაბინეტიდან და შენი ტელევიზიიდან პასუხობ, ეს ძალიან სასაცილოა. ღირსება, სამართლიანობა, ვაჟკაცობა, თავდადება ის არის, რომ ჩახვიდე და სადაც მათ განცხადება გააკეთეს, იქ უპასუხო.

– მინდოდა, მეკითხა, როგორი რეაქცია გგონიათ მისაღები?

– დედიკოს ბიჭები რომ თავიანთი სადარბაზოს წინ ბლატაობენ, ამას ჰგავს, როგორც პასუხობენ. ვიმეორებ, საიდანაც გამლანძღეს, საიდანაც შენიშვნა მომცეს, საიდანაც გამაკრიტიკეს, იქ ჩავდივარ, ტრიბუნას ვითხოვ და იქ ვცემ პასუხს. თუ ტრიბუნა არ მომცეს, უკვე უპირატესობა მაქვს. ამიტომ დამოუკიდებლად, გვერდზე, ნებისმიერ სააქტო დარბაზში ვიწვევ პრესკონფერენციას და იქ ვხსნი, ჯერ ერთი, აქ რატომ ვარ და იქ რატომ არ მალაპარაკეს და ვასახელებ მიზეზებს, რატომ არ ვიყავი გასალანძღი. თუ ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა იყოს და ლიდერი, ის თავგანწირვისთვისაც მზად უნდა იყოს. თუ მარტო პრივილეგია გინდა და დამატებითი შემოსავალი, მაშინ არც პატრიოტი ხარ და არც პოლიტიკოსი. შენ ხარ წურბელა, სარგებლის მაძიებელი მედროვე ადამიანი.

– ვერაფრით ვიგებ, რას ჩააბჟირდნენ ამ „ელ გე ბე ტე ქიუ აი“ პროპაგანდას? რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით, რომ არასრულწლოვნებიც არ უნდა იყვნენ დაცული ამ პროპაგანდისგან?

– ძალიან კარგ კითხვას მისვამთ. ახლა შევატრიალოთ ეს კითხვა და ვკითხოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც: რატომ არ უსვამენ ამ კითხვას თავიანთ პატრონებს?! რატომ არ ეუბნებიან თავიანთ პატრონებს: ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, ქვეყანაში საშინელი პოლარიზაციაა, რაც ცუდ რამეში შეიძლება, გადაიზარდოს; არეულია სამეზობლო პოლიტიკა, არეულია გლობალური პოლიტიკა, რომელიც ბირთვულ დაპირისპირებამდე შეიძლება, მივიდეს და რას ჩავაცივდით ამ „ელ გე ბე ტე“ თემას?! ჩადი და ჰკითხე; ჩადი და დაუდე, რა გამოვიარეთ 1921 წლისან დღემდე; ბოლშევიკების შემოსვლამ როგორ დააზიანა საქართველოს ეკლესია; დაწერე რიცხვები, რამდენი ადამიანი დაიკარგა, დაიღუპა. ანუ პრობლემები დაილაგე: საიდან სად ამოვყვინთეთ და ახლა „მაწვებით“ გეიუფლებებზე, როდესაც ქვეყანაში საშინელი დემოგრაფიული ვითარებაა?! მეტსაც გეტყვით: ველაპარაკე დემოგრაფებს და მითხრეს, ყველა ოჯახს რომ სამი შვილი ჰყავდეს, ოც წელიწადში შეიძლება, აღდგეს თქვენი დემოგრაფიული ბალანსიო. დადე ეს რიცხვები და უთხარი, ვიღაცა ხარ დასავლეთში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში, ჯერ მომეცი თანხა და პროგრამა, რომ ამ საქმეს მივხედო და პარალელურად დავილაპარაკოთ „ელ გე ბე ტე“ თემის უფლებების დაცვაზეც. ისიც კი ვერ აუხსენი, რომ ამათ აქ არავინ დასდევს. სულელური სპექტაკლები რომ ჩაატარეს: ვიღაცები ვიღაცებს გამოაკიდეს და არავინ იცოდა, ვინ იყო, ვინც გარბოდა და არც ის – ვინც მისდევდა. შეიძლება, ორივე ერთი თემის წარმომადგენელი იყო. აქ ლაპარაკია პროპაგანდაზე და პირდაპირ უნდა თქვა, რომ არცერთი ქართველი არ აიტანს სკოლაში „ელ გე ბეტე“ პროპაგანდას და სულ მუდამ იქნება გაწევ-გამოწევა პედაგოგებთან.

– ცნობილი ფაქტია, რომ გარემო მოქმედებს და ახდენს გავლენას, მით უმეტეს, ბავშვზე. ჩემს შვილიშვილს სკოლაში რატომ უნდა გამოულაყოს ვინმემ ტვინი იმით, რომ, თურმე, თავად ირჩევს სქესს.

– რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, მაღალი ტრიბუნიდან თქვას ვინმემ?! მაგრამ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, ასე კი არ გამოდის. არავის უნდა, რომ პიროვნული პასუხისმგებლობა აიღოს. არავის უნდა თავგანწირვა, უნდათ, ხალხი ალაპარაკონ და ამით სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა