პოლიტიკა

როგორ მოიწევს რუსეთი უკრაინიდან შავი ზღვისკენ და რატომ არის აშშ-სა და რფ-ისთვის შავი ზღვა სიკვდილ-სიცოცხლის ადგილი

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.03

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

შავ ზღვას უდიდესი სტრატეგიული დანიშნულება აქვს და რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წლის ბოლოსვე უკვე ტაქტიკური მოქმედებებით გამოიკვეთა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – შავი ზღვა. რუსეთი ცდილობს, გაიფართოოს შავი ზღვის სანაპირო, მით უფრო, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას ისედაც აკონტროლებს. თავის მხრივ, „ნატოსთვისაც“ სასიცოცხლოდაა აუცილებელი, რომ შავი ზღვა თურქეთ-რუსეთის შიდა ტბად არ დარჩეს, მიუხედავად თურქეთის „ნატოს“ წევრობისა. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ომის თეატრი, უდიდესი ალბათობით, გადმოინაცვლებს უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს და იმასაც, რომ ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ვიჭყლიტებით. ამ თემას ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– აქამდე რატომ არ გაკეთდა მსგავსი მწვავე განცხადებები „ნატოს“ მხრიდან, არ ელოდნენ, რომ შავ ზღვამდეც მივიდოდა საქმე, თუ მართლა იმედი ჰქონდათ, რომ, რაც უნდა შეიარაღება მიეწოდებინათ უკრაინისთვის, მარტო უკრაინა მოუგებდა ომს ბირთვულ რუსეთს?

– რეალობას რომ თვალებში ჩავხედოთ, 2014 წელს კიევში მაიდანი ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ „ნატოს“ სამხედრო ფლოტი ყირიმში განლაგებულიყო. ეს არის სტრატეგიულზე სტრატეგიული ადგილი. ათასი რამ გვესმის მაიდნისა და იმავე ვარდების რევოლუციის შესახებ, მაგრამ მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ მთავარი გეოპოლიტიკა იყო და არა შიდა პროცესები. პოლიტიკური სპექტრი უსაშველოდ სუსტი და დაუბალანსებელი იყო, შეკავება-გაწონასწორების მექანიზმები არ მუშაობდა ქართულ პოლიტიკაში და, ამდენად, ყველაფერს განსაზღვრავდა, თუ მოცემულ მომენტში რომელი დიდი მოთამაშე უფრო დიდ გავლენას ახდენდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ჯგუფებზე... ამიტომ ყირიმი იყო მთავარი მიზეზი და თქვენ კარგად იცით ქალბატონ ნულანდის განცხადება 5-მილიარდიანი დაფინანსების შესახებ. ეს ყველაფერი იყო ყირიმზე კონტროლისთვის და ამიტომ სჭირდებოდათ კონტროლი უკრაინაზე. მიიღეს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, კარგად გახსოვთ ყირიმის ოპერაცია. მაგრამ შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინაში შავი ზღვა დომინირებულია, ვინაიდან ეს არის იდეალური ადგილი, გააკონტროლო როგორც ჩრდილოეთი, თანამედროვე იარაღი ამის საშუალებას იძლევა და გლობალური სამხრეთი, ისე დასავლეთი. ამერიკელებს სჭირდებათ დასავლეთის კონტროლიც და აღმოსავლეთისაც. გასაგებია, რომ საქართველოს აქვს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი და ემატება სამხრეთ კავკასია, როგორც ამის უზრუნველმყოფი. ამდენად, ჩვენ ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ შარში ვართ, მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლებები ტყემალზე სხედან და სულ სხვა ხილს მიირთმევენ. მათი ორიენტირები ჩემთვის გასაგები იქნებოდა, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის მხარეს რომ ყოფილიყვნენ. გაურკვევლობაში არ ვიქნებოდით, საქართველოს პოლიტიკა მთლიანად შეერთებული შტატების მხარეს რომ იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სრულ მარაზმს, დაქვემდებარებას იმ სტრუქტურებისადმი, რომლებიც არ წარმოადგენენ სამომავლო სტრუქტურებს და მიმდინარეობს მათი ინტენსიური დამცირება და პოლიტიკური განადგურება. წლებია, ვლაპარაკობ, რომ „ნატო“ წარსულში დარჩენილი ორგანიზაციაა, ხოლო ევროკავშირი არავის სჭირდება ახალ გეოპოლიტიკურ სინამდვილეში: არც შეერთებულ შტატებს და არც ბრიტანეთს, ამიტომ მიმდინარეობს მისი სრული პოლიტიკური დაკნინება, ჩვენ კი, ვთქვათ მოურიდებლად, უტვინო პოლიტიკოსების გადამკიდე, შემძვრალები ვართ მათ მარწუხებში და ვაკეთებთ იმას, რაც სახელმწიფოებრივი პერსპექტივის მხრივ, არის სრულიად უპერსპექტივო და ძალიან საშიში.

– რას ვაკეთებთ? საფრანგეთთან ფაშინიანივით ფლირტს გულისხმობთ?

– ჩვენ ჯერ უკრაინასთან ვიყავით შეწყვილებული. გასაგებია, რომ უკრაინაში არაფერი გამოვა და ვერ გამოვა, თუმცა დასავლეთში მიაჩნდათ და ეს დასავლელების უდიდესი შეცდომა იყო, რომ უკრაინის დახმარებით შესაძლებელი იყო რუსეთის დამარცხება. ამას რამდენიმე მიზანი აქვს: რუსეთის ირგვლივ, ფაქტობრივად, ლაგდება „ნატოს“ სერიოზული შეიარაღება. გერმანელები აშკარად გადავიდნენ რევანშზე და ემზადებიან რუსეთთან ომისთვის. შემთხვევითი არ არის გერმანიის უმაღლეს ეშელონებში ფაშისტებისა და „ესესელების“ შვილიშვილების მოყვანა. ნახეთ უმაღლესი სამხედრო რანგის გერმანელი ჩინების ბოლო ჩანაწერი. დარწმუნებული ვარ, ეს რუსების ჩაწერილი არ არის. მე უფრო მგონია, რომ ბრიტანელებმა გაახმაურეს, რომ ეჩვენებინათ რეალური სურათი. ბრიტანელებისთვის დასავლეთი ევროპის დამცრობა და იქ თავისი გავლენის სფეროს ჩამოყალიბება სტრატეგიული ინტერესია. ამიტომ გერმანია საკმაოდ დაკნინებულია, დღეს უკვე წამოგებულია უზარმაზარ შარზე, დარჩენია ერთადერთი რამ: გადადგას საბოლოო სასიკვდილო ნაბიჯი და ომის პროვოცირება მოახდინოს. ჯარის რაოდენობა საკმაოდ სერიოზულია.

– და რა მიზნები აქვთ მათ?

– მიზანი რამდენიმეა: რუსეთში შიდა ელიტებში საკმაოდ დაძაბულია ვითარება, მარტში პრეზიდენტის არჩევნებია, ამიტომ ყველანაირი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ რუსეთში. მეორე – გაზაფხულიდან ელიან რუსების შეტევას, იმიტომ რომ რუსებს საკმაო შეიარაღება აქვთ, თუმცა მთლად დიდი ომისთვის რუსები ჯერ მზად არ არიან, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო სერიოზულად არიან მომზადებულები, ვიდრე ორი წლის წინ იყვნენ. ამ შეტევის დასამუხრუჭებლადაა განლაგებული ჯარი რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ფაქტობრივად, ემუქრებიან რუსეთს, რომ ზედმეტი ნაბიჯი არ გადადგას. გასაგებია, რუსებიც აკეთებენ მინიშნებას, რომ წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს და მიანიშნებენ, მათ შორის, ატომური იარაღის გამოყენებაზე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ, თუ „ნატო“ და დასავლეთი დაუშვებენ შეცდომას და გადაკვეთენ ისედაც გადაკვეთილ წითელ ხაზს, მაშინ ამოქმედდება გაცილებით საშინელი რამ.

– წითელ ხაზებში რას გულისხმობთ? ყირიმის ხიდის აფეთქებას თუ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას?

– ნახეთ, გერმანიის საჰაერო ძალების სარდალმა რა შესანიშნავად ჩამოაყალიბა იმ ჩანაწერში?! მაინც ვერაფერს შევცვლით, მაგრამ, თუ უკრაინას მივაწოდებთ 100 „ტაურუსს“, აქედან 20 გამოყენებული იქნება სუფთა პოლიტიკური მიზნით, ყირიმის ხიდის დასაბომბად, დანარჩენი გასროლილი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ქალაქების დასაბომბად; „ტაურუსი“ ვერაფერს შეცვლის, მაგრამ „ტაურუსი“ იძლევა საშუალებას, დაბომბო რუსეთის ქალაქები და იქნება მსხვერპლი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გერმანიის ბუნდესვერის უმაღლესი ჩინები სერიოზულად განიხილავენ ომის საკითხს და არაფერი დასამალი არ არის. რუსეთისა და ბელარუსის მთელი საზღვრის გასწვრივ „ნატოს“ ჯარების განლაგება ემსახურება იმ მიზნებს, რაც ჩამოვთვალე. ხოლო, თუ რუსები მაინც გადავლენ შეტევაზე, ვფიქრობ, რომ „ნატო“ შევა უკრაინაში. არ მინდა იმაზე საუბარი, რა მოხდება ამის შემდეგ, მაგრამ კარგს ვერაფერს მიიღებენ ვერც ევროკავშირი და ვერც „ნატო“.

– რა არის მოსალოდნელი შავ ზღვაზე?

– დღეს მთელ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში ერთადერთი ადგილი, რის გამოც შეიძლება, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შეერთებული შტატები და რუსეთი, არის შავი ზღვა. ჯერჯერობით შეერთებული შტატები არ ჩაერევა, მაგრამ, ნახეთ, რას ამბობს გერმანელი სარდალი იმ ცნობილ ჩანაწერში?! ამერიკელები არიან უკრაინაში, ემსახურებიან იქ არსებულ ტექნიკას, ესე იგი, რუსებს ებრძვიანო, ბრიტანეთიც იქ არის, ანუ ბრიტანეთიც ებრძვის. უფრო მეტი სამხედრო ნაწილის შეყვანა გამოიწვევს იმას, რომ ბრძოლებში უნდა ჩაერიონ. თუმცა, „ნატოს“ გადაცმული ჯარისკაცები დიდი ხანია, იბრძვიან უკრაინაში. იმიტომაც ჩქარობს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ ტრამპის მობრუნების საშიშროებაა და მაშინ გლობალური დღის წესრიგი, უბრალოდ, დასამარდება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემების გადაჭრაზე იქნება ძირითადი აქცენტი. ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ყოველ ას დღეში ამერიკის სახელმწიფო ვალი ერთი ტრილიონი დოლარით იზრდება. ილონ მასკი არ არის შემთხვევითი პიროვნება, რომ ზედმეტი წამოროშოს, ხოლო მან პირდაპირ თქვა, რომ სულ ცოტა ხანში ამერიკის ბიუჯეტი მიმართული იქნება ვალების დაფარვაზე. ეს, უბრალოდ, პროცესია, რომელიც პირამიდის წესით იზრდება და სადღაც უნდა ჩამოიშალოს, ამიტომ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში, თუმცა ტრამპი რუსეთის მეგობარი არასდროს იქნება, შეერთებული შტატები და რუსეთი ითანამშრომლებენ სტრატეგიული მიზნებისთვის, რის შედეგადაც მსოფლიოში შესაძლებელი იქნება სტაბილურობის უზრუნველყოფა. ორად ორი ქვეყანაა, რომლებსაც ამის მიღწევა შეუძლიათ: შეერთებული შტატები, მაგრამ მას დახმარება სჭირდება და მისი დამხმარე შეიძლება, იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. მე ვლაპარაკობ გეოპოლიტიკურ ჭრილში. ტრამპი ანგრევს სისტემას, რომელიც ისედაც ინგრევა, მაგრამ ინგრევა დიდი მსხვერპლის ფასად და ახლა ყველა ჩქარობს, განსაკუთრებით, უკრაინაში. რუსეთი არ ჩქარობს უკრაინაში, რაღაცას ელოდება და მე, გახსოვთ, დავწერე, რომ კონფლიქტი უკრაინით არ დამთავრდება. დღეს ეს უკვე აშკარაა. ამ დიდ დაპირისპირებას კი დიდი მომზადება სჭირდება. რუსეთის სამხედრო კომპლექსი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სამხრეთ კორეის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მითითებულია, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 2,5 მილიონი რაკეტა მიაწოდა, მაშინ, როდესაც მთელმა დასავლეთმა უკრაინისთვის 300-400 რაკეტის მიწოდება ძლივს შეძლო. ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. რუსებიც წამოგებულნი იყვნენ ანკესზე, ჩაძირულები მძარცველი ოლიგარქების კორუფციაში, რომლებმაც გაანადგურეს საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, თუ რუსები ფეხზე დადგებიან, ვფიქრობ, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი დამსახურება იქნება.

– ერთ რუსეთს შეეძლება „ნატოს“ წევრი ქვეყნების დამარცხება?

– ახლა ძალიან სერიოზულად მუშავდება რუსეთში შიდა გამწვავების საკითხი, თუ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და ექსცესების გარეშე დარჩება იგივე პრეზიდენტი, სხვანაირი სცენარი ისახება, ამიტომ ამის ბლოკირება უნდათ. დასავლეთში იმ ვარიანტსაც კი ამუშავებენ, რომ არ ცნონ რუსეთის არჩევნები, მაგრამ ეს სასაცილო არგუმენტია, იმიტომ რომ დასავლეთს არავინ ჰკითხავს, სხვა ქვეყანაში პრეზიდენტი ვინ იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი