პოლიტიკა

როგორ მოახერხეს კომერციულმა ბანკებმა წელს, შარშანდელთან შედარებით, წმინდა მოგების გაორმაგება, როდესაც მათი აქტივები არ გაზრდილა

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.08, 2021 წელი

ლია ელიავა
დაკოპირებულია

2021 წლის განმავლობაში, კომერციული ბანკების მოგება, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა და თითქმის 300 მილიონი ლარი შეადგინა პირველ ექვს თვეში. როგორ მოახერხეს კომერციულმა ბანკებმა ჩაკეტვის პირობებში გაორმაგებული მოგების მიღება და დავამატებ, მოგების 80 პროცენტზე მეტი მოდის ორ – „საქართველოსა“ და „თი ბი სი“ – ბანკზე. ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად ვიმსჯელებთ.

– როგორ მოახერხეს ბანკებმა მოგების გაორმაგება? ან საიდან მოსახლეობას ამ კოვიდპანდემიისას იმდენი ფული, რომ ბანკები გაემდიდრებინათ?

– ივნისისთვის საბანკო სექტორის მოგებამ შეადგინა, თითქმის, 295 მილიონი ლარი და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად, ორჯერ გაზრდილია ეს მაჩვენებელი – წინა წლის მაჩვენებელი 136.7 მილიონია. ასეთი სხვაობა ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კომერციული ბანკების აქტივები თითქმის არ გაზრდილა – აქტივების ერთ პროცენტამდე ზრდა საქართველოს ბანკებისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, წმინდა მოგება კი გაორმაგდა, გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. რაკი კომერციულმა ბანკებმა აქტივები ვერ გაზარდეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სესხებიდან არ უნდა ჰქონდეთ გაორმაგებული შემოსავალი, მაგრამ აქ მოქმედებს ეროვნული ბანკის ფაქტორი. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შვიდი თვის განმავლობაში, გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8-დან 9.5 პროცენტამდე. იცით, რომ სესხების მეტი წილი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და როდესაც ეროვნული ბანკი ზრდის ამ განაკვეთს, შესაბამისად, კომერციული ბანკებიც უზრდიან მსესხებელს საპროცენტო განაკვეთს და გამოდის, რომ მოსახლეობა და ბიზნესი იხდიან გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, ანუ უფრო მეტ თანხას უხდიან კომერციულ ბანკებს, ვიდრე იმ შემთხვევაში გადაუხდიდნენ, თუ ეროვნული ბანკი არ გაზრდიდა მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს.

– ეროვნულ ბანკს აქვს აქედან რამე ხეირი?

– არა, ეს თანხა კომერციულ ბანკებს უჯდება ანგარიშზე. წინა წლის ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი შემოსავალი იყო 386 მილიონი ლარი. მიმდინარე წელს კი 564 მილიონია, ანუ თითქმის 100 პროცენტით გაეზარდათ შემოსავლები და ამას განაპირობებს ეროვნული ბანკის მკაცრი, რესტრიქციული, ანუ ამკრძალავი მონეტარული პოლიტიკა. ეს ისეთი ღონისძიებებია, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის და ბიზნესაქტივობის შეზღუდვისკენ და ეკონომიკიდან ფულის მაქსიმალურად ამოღებისკენ. ანუ რესტრიქციული მონეტარული პოლიტიკა, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფერხდება. მეორე მხრივ, არსებობს ამის საწინააღმდეგო რბილი მონეტარული პოლიტიკა, მაგალითად, როგორსაც ატარებს ევროპის ცენტრალური ბანკი, ფედერალური სარეზერვო სისტემა, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უაღრესად დაბალია, მაგალითად, 0.25 პროცენტია. აი, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარებას ხელი ეწყობა, იზრდება ბიზნესაქტივობა და მოსახლეობის შემოსავლები იზრდება. ჩვენთან კი ეროვნული ბანკი, ჩვეულებისამებრ, ატარებს მკაცრ რესტრიქციულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც არც ჩვენს ეკონომიკას აძლევს განვითარების საშუალებას და, სხვათა შორის, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასაც უშლის ხელს.

– ანუ კომერციული ბანკების მოგებისთვის მუშაობს ეროვნული ბანკი?

– რა თქმა უნდა. მათ ეკონომიკა ნაკლებად აინტერესებთ. ასეთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი მიმართავს მაშინ, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი გაურბის. იცით, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წინა წლის ინფლაციის მაჩვენებლად დაასახელა 9.9 პროცენტი, სინამდვილეში, ორნიშნა ციფრია და საქსტატმა შეალამაზა ერთნიშნა რიცხვით. ეროვნულ ბანკს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ებრძოლოს არამონეტარულ ინფლაციას არამონეტარული ხერხებით, ამიტომ ის არამონეტარულ ინფლაციას ებრძვის მონეტარული ხერხებით. ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა, გამოწვეულია სავალუტი კურსის ცვლილებით და არა იმიტომ, რომ იმპორტის ფასი გაიზარდა. ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ამოუხვეტოს ჯიბეები როგორც ბიზნესს, ისე, მოსახლეობას, რომ მოსახლეობამ ნაკლები პროდუქტი იყიდოს, იმ გათვლით, რომ, თუ მსყიდველობითუნარიანობა დავარდება, შესაძლოა, ფასებიც დავარდეს და, შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდეს.

– ასეთი ბოროტი პოლიტიკა შეიძლება, არსებობდეს?! ყურებს არ ვუჯერებ.

– დიახ, სულ ამას ვამბობ.

– შევძრწუნდი: ადამიანები დაიმშნენ, რომ ფასები შემცირდესო?!

– ეს იმის ბრალია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ეროვნულ ბანკს ეხება, უვარგისია და სიღრმისეულადაა შესაცვლელი. ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს არა მარტო ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც სტაბილური უნდა იყოს (რაც შავით თეთრზე წერია შესაბამის კანონში), არამედ, როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს, უმუშევრობის დონის შემცირებაზეც. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი შეეცდებოდა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შეემცირებინა. ანუ სხვა მოთხოვნები უნდა წაუყენონ ეროვნულ ბანკს და მეორე მომენტი: ვინაიდან ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია არაკვალიფიციური კადრებით და ვინაიდან ის, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელწიფოშია და არავის ემორჩილება, გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა. სასწრაფოდაა შესაცვლელი ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც აუცილებლად უნდა დაემატოს პუნქტები, რომ ფუნქციების შეუსრულებლობისთვის შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაყენება და უნდა შეწყდეს მათი ეს შვიდწლიანი გარანტირებული ბაირამობა; მეტიც, მონეტარული პოლიტიკა უნდა მტკიცდებოდეს საქართველოს პარლამენტის მიერ და არა ისე, როგორც დღესაა, თუ არ დაუმტკიცებს საქართველოს პარლამენტი მონეტარულ პოლიტიკას, ეროვნულ ბანკს შეუძლია, უგულებელყოს პარლამენტის გადაწყვეტილება და საქმიანობა გააგრძელოს ისე, როგორც სურს. ანუ აუცილებელია ეროვნული ბანკის მოქცევა პარლამენტის კონტროლის ქვეშ.

– გავიგე, რომ შიდა მაკონტროლებელი ეროვნულ ბანკს, რატომღაც, არ ჰყავს და სავალუტო ფონდი რატომ უწონებს ეროვნულ ბანკს ეკონომიკის დასამარებასა და კერძო ბანკების არაფრის კეთებით გამდიდრებას, რომლებიც სულს ხდიან მოსახლეობას პროცენტებით?

– ეროვნული ბანკი მოქმედებს სავალუტო ფონდის მითითებებით. სწორედ, სავალუტო ფონდი მიუთითებს ეროვნულ ბანკს, რომ გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეზღუდოს ეკონომიკის განვითარება და შეუზღუდოს განვითარება ბიზნესსა და მოსახლეობას. რატომ აკეთებს ამას?! იმიტომ რომ ეროვნული ბანკი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონა.

– რით ხეირობს სავალუტო ფონდი ამ მონობით?

– ეროვნულ ბანკს დაგროვებული აქვს საკმაოდ დიდი სავალუტო რეზერვი; ამ თანხის, ფაქტობრივად, 90 პროცენტი გატანილია ქვეყნის გარეთ და დაბანდებულია გაურკვეველი წარმოშობის ფასიან ქაღალდებში – რაღაც ფონდების, კომერციული ბანკების, ფირმების, რომელთა დასახელებებიც კი არ იძებნება ინტერნეტში და დიდი ეჭვია, რომ სწორედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებით იქნა ეს ფული დაბანდებული, დანარჩენი უკვე თავად გაიაზრეთ, რა შეიძლება, იყოს მოტივი.

– არსებული საპროცენტო განაკვეთებით ბიზნესის განვითარება, ხომ, შეუძლებელია? ეს ხომ იცის ყველამ? იმ ბანკირების ჩათვლით, ახლა რომ პარლამენტში სხედან და მოთქვამენ, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოინგრაო.

– საბანკო სტრუქტურები, ფაქტობრივად, შეზრდილია ეროვნულ ბანკთან და, თუ ეროვნულ ბანკს აქვს სურვილი, ნებისმიერი ბანკის ჩამოშლა შეუძლია 2 საათში და ჩვენ გვახსოვს ასეთი მაგალითები. ზოგადად, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები არის ყველა ჩამორჩენილი ქვეყნის პრობლემა და ჩამორჩენა იმითაა გამოხატული, რომ ინსტიტუციები არაა ჩამოყალიბებული და წესიერად ვერ მუშაობს. ერთ მაგალითს გეტყვით: ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს რეფინანსირების სესხს და ეს სესხი წლიდან წლამდე იზრდება, მას სულ რამდენიმე ბანკი იღებს და ამ სესხს კომერციული ბანკები იყენებენ საკრედიტო საქმიანობისთვის, ანუ გასცემენ სესხად როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. შეიძლება, ითქვას, რომ ეროვნული ბანკი ამ ფულს, ფაქტობრივად, ჩუქნის კომერციულ ბანკებს. ანუ ეხმარება კომერციულ ბანკებს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი ეროვნული ბანკის მიერ დახატული ფულით. რა არის რეფინანსირების სესხი? დახატული ფული, რომლის უკან არაფერი დგას: არც წარმოება, არც პროდუქცია და ეს დახატული ფული შედის ეკონომიკაში. იბადება კითხვა: რის გაკეთება შეუძლია ეროვნულ ბანკს, რომ ეს დახატული ფული მუშაობდეს არა მხოლოდ კომერციული ბანკების მსუყე შემოსავლებისთვის, არამედ ეკონომიკისთვის? მას შეუძლია, ასეთი ტიპის ფული გასცეს გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკა ეროვნულ ბანკს არ ადარდებს!

– მთავრობას ხომ უნდა ადარდებდეს? საქართველოს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ სავალუტო ფონდს წაართვას ეროვნული ბანკის დაკაბალების საშუალება?

– პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც მთავრობამ ჩაკეტა მთელი ქვეყანა, უცებ შეწყდა ფულის წყარო, ანუ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაჩერებულიყო, სავალუტო ფონდის ძალისხმევით, მთავრობამ აიღო უზარმაზარი ვალი. ეს მილიარდ 600 მილიონი ევრო ან დოლარი (ორივე ვალუტაშია ეს ვალი) პირდაპირ ეროვნულ ბანკში მიდის და ეროვნული ბანკი მთავრობას აძლევს შესაბამის ლარს. და გამოვიდა, რომ მთავრობამ სესხი აიღო და უპირველესად, ახეირა ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ სესხი მთავრობის გადასახდელი დარჩა, ეროვნულმა ბანკმა კი გაზარდა თავისი რეზერვები. ამას ჰქვია – საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. რეალური ხელისუფლება ქვეყანაში აქვს იმას, ვისაც აქვს ფული! ფული აქვს ეროვნულ ბანკს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, დახატოს ფული და გაუშვას ბრუნვაში და მასვე შეუძლია ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ამ ვითარებაში მთავრობა, ფაქტობრივად, კასტრირებულია. მას არ აქვს ბევრი შესაძლებლობა, რომ მართოს ეკონომიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა