პოლიტიკა

როგორ მოახერხეს იძულებითი აცრის თითქოს ეკლესიის მხარდამჭერმა მოწინააღმდეგეებმა ეკლესიასთან დაპირისპირება

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.01

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

თუმცა საქართველოს წმიდა სინოდმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომ აცრის ავკარგიანობა სცილდება მის კომპეტენციას და ამიტომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ არა. მაგრამ, თუკი აქამდე გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე მიმართავდნენ საპატრიარქოს, ჩართულიყო აცრების პროპაგანდაში (მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში აუცრელ მრევლს არათუ არ აზიარებენ, ეკლესიაშიც არ უშვებენ, თუმცა ბერძნებმა თავიათი საქმის თავად იციან), ახლა უკვე მრევლის ნაწილი მოითხოვს, რომ საპატრიარქომ აცრების წინააღმდეგ გაილაშქროს. მე არ მესმის, რას ემართლებიან საპატრიარქოს, იმიტომ რომ ეკლესიის არსი სულის ცხონებაა და არა მიწიერი საქმეების გარჩევა, მით უფრო, რომ კონკორდატიც ამავეს ამბობს – სახელმწიფო და ეკლესია გამოყოფილია (ანუ მიეცი კეისარს კეისრისა, ღმერთს კი – ღვთისა), ხოლო ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. არჩევანი კი ისეთი რამაა, რაც თითოეულმა თავად უნდა გააკეთოს და ისეც ხდება, რომ ამ არჩევნისთვის ხარკის გაღებაც გიწევს. თუმცა აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილს ურჩევნია, მათ ნაცვლად სხვამ აიღოს პასუხისმგებლობა მათსავე ქცევაზე. შესაბამისად, აცრის მომხრეები საპატრიარქოსგან აცრის პროპაგანდას მოითხოვენ, აცრის მოწინააღმდეგეები – აცრებისთვის ომის გამოცხადებას. როგორ მოხერხდა ამჯერად აცრა-არაცრის გამო სამიზნედ მაინც საქართველოს ეკლესიის არჩევა? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ჯერ ერთი, ყველაფერში რატომ არის „დამნაშავე“ ეკლესია და ჩვენი საზოგადოება რატომ ეძებს ყოველთვის ვიღაცას, ვისაც ამოეფარება და ვინც მის ნაცვლად აიღებს პასუხისმგებლობას?

– თქვენ შეეხეთ ორ მთავარ, ფუნდამენტურ საკითხს. პირველია დამოკიდებულება ეკლესიისადმი: საქართველოს ეკლესია, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მუდმივად იდგა ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე; იყო ჭეშმარიტების მქადაგებელი; უფლის სიტყვის გამავრცელებელი და თავისუფლების დამცველი. მრავალი ღირსეული სასულიერო პირი შეიწირეს, მაგრამ თვით საბჭოთა ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს მქადაგებლისა და საზოგადოების, ერის წინამძღოლის ფუნქცია. შესაძლოა, რომელიღაც სასულიერო პირი სტალინსა თუ სხვა კომუნისტურ ლიდერს დაბადების დღეებს ულოცავდა და ადამიანურად ხოტბას ასხმდა, მაგრამ ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის არ გადაუხვევიათ. დღემდე ასეა და ეკლესიის ეს თვისება ყოველთვის იჩენდა თავს, როდესაც ერს უჭირდა. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელისა თუ წმიდა ნინოს მოღვაწეობის პერიოდი; ეკლესია მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იყო და კი არ ხელმძღვანელობდა პროცესს, არამედ პირადი მაგალითით აძლევდა მიმართულებას. 1917 წელს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა ან გაგანია ეროვნული მოძრაობის პერიოდში ეკლესიის აქტიურობა ამის ნათელი დადასტურებაა. მტერმა იცის, რომ ეკლესია ყოველთვის დაიცავს ერის ინტერესებს და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუტის არსებობა მათ ხელს უშლის, ამიტომ, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან; ლიბერალური თუ ირთოდოქსული პოზიციებიდან, ეკლესიას ტალახი უნდა ესროლონ, რომ ხალხის თვალში როგორმე შუა საუკუნეებში ჩარჩენილ დაწესებულებად გამოიყვანონ და კიდევ ერთხელ მოახერხონ ის, რაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოხერხდა, როდესაც სოციალისტური ბოდვებით დაბანგული საზოგადოება ჩამოაცილეს ეკლესიას და ყველამ დავინახეთ, სადამდე მივიდა უმწყემსოდ დარჩენილი ფარა. ყველამ იცის, რა უბედურება დატრიალდა საქართველოში, როდესაც ქართველმა ხალხმა უარი თქვა ეკლესიასთან თანამშრომლობაზე. იმავეს გამეორება უნდათ, ვინაიდან, სანამ ეკლესია ძლიერი იქნება, მანამდე ქართველი ხალხი შემართულია და მეორე – როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები სუსტია, სახელმწიფო ინტერესების დამცველი ბოლო გოდოლი ეკლესიაა. აი, ამიტომ ებრძვიან ეკლესიას. საბაბის მოძებნა კი უმარტივესია: დაწყებული იმით, რომ რომელიღაც სასულიერო პირი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს და დამთავრებული ნებისმიერ თემაზე ეკლესიის პოზიციით. დღესაც ამას იყენებენ არა მხოლოდ ეკლესიასთან აშკარად მებრძოლები, არამედ ეკლესიის დამცველებიც, რაც უმეტესწილად დავალებაა.

– პირადად მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთოს საპატრიარქომ: მოუწოდოს ხელისუფლებას, არ აცრათ არავინო, აკრძალოს აუცრელების ზიარება, ხმალი იშიშვლოს, ვაქცინები დაამსხვრიოს, ძალით აცრან ეკლესიებში ადამიანები?

– ეს საკითხი, რომელიც თქვენ დასვით, ეხება პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ, ხომ, უპასუხისმგებლო ცხოვრებას მივეჩვიეთ?! ერთი მხრივ, სასაცილოა, მაგრამ განა მოწყვეტილი იყო რეალობას, როდესაც ვამბობდით, პარტია ჩვენი მესაჭეაო?! ჩვენ, ხომ, ათეისტურ ბრბოდ გვაქციეს?! ხომ მიგვიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ მესაჭე გვჭირდება, რათა კომფორტულად მოვეწყოთ?! თორემ თავისუფლება რაა, თუ არა პასუხისმგებლობა?! პასუხისმგებლობის აღებაა თავისუფლების არსი. უფალმა თავისუფალ არსებებად გაგვაჩინა, ჩვენში თავისუფლების კოდი ჩადო და, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამ თავისუფლებაზე, დავემსგავსებით უსახურ მასას. აი, სწორედ, ეს ვითარებაა დღეს და ამიტომ კერძო ინდივიდებს არ უნდათ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობის აღება: გადაწყვიტოს სხვამ და მერე მე იმ სხვას გავლანძღავ. პოლიტიკაშიც ბელადი სჭირდებათ, რომ შემდეგ მას დააბრალონ ყველაფერი. სტალინი იყო ცუდი, თორემ ჩვენ, ხომ, კარგები ვიყავით?! ხრუშჩოვი იყო ცუდი, თორემ ჩვენ, ხომ, კარგები ვიყავით?! სააკაშვილია ცუდი, თორემ ჩვენ, ხომ, კარგები ვართ?! ივანიშვილი ვერ ამართლებს ჩვენს იმედებს, თორემ ჩვენ, ხომ, კარგები ვართ?! აი, ესაა საბჭოთა, ბოლშევიკური აზროვნება.

მაგალითად, იმავე ამერიკაში შავკანიანებმა დააყენეს საკითხი, გაგვათავისუფლეთო, რუსეთის იმპერიაში კი თქვეს – მოგვეცით მიწაო. აი, განსხვავება თავისუფლების გააზრებას შორის. გამიშვი თავისუფლად და მე უკეთესად ვიცხოვრებ ჩემს ნებაზე, ვიდრე, როგორც მონა. ჩვენთან ძლიერია რუსული იმპერიალიზმის გავლენა, თორემ ასეთი დამოკიდებულებები მანამდე არ შეინიშნებოდა ქართველი საზოგადოების ქცევაში. შესაბამისად, დღეს ასეთი მიდგომაა: გადამიწყვიტე საკითხი ისე, როგორც მე მინდა, ოღონდ მე არ შემაწუხოს ვინმემ, რომ მერე სამზარეულოში ვიღაცას გადავაბრალო, თუ რამე ვერ გამოვიდა. სააკაშვილმა დამიჭირა, იმიტომ რომ ცუდია, თორემ მე კარგი ვარ და ქვეყანას ავაშენებდი ან ივანიშვილი არ მაძლევს ქვეყნის განვითარების საშუალებას, თორემ მე ისეთი კარგი ვარ, ყველაფერი შემიძლია. გაგახსენებთ, პოლიტიკური ძალების ლიდერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მომეცით მართვის სადავეებიო.

– მე ისიც მახსოვს, „ლეიბორისტების“ ლიდერმა რომ თქვა, ივანიშვილს ჩვენთვის უნდა ეთქვა, აი, ბიჭებო, თქვენ ფულიო, ის კი თავად მოვიდა ხელისუფლებაშიო.

– დიახ, ყველამ ყველაფერი უნდა გამიკეთოს, იმიტომ რომ მე კარგი ვარ. აი, ეს უპასუხისმგებლობაა იმის ნიშანი, რომ არ ვართ თავისუფალი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ, სამაგიეროდ, გვაქვს ამბიცია: საბჭოთა ამბიცია. რა არის ჯანსაღი ნაციონალიზმი? რომ ჩემი ცხოვრება მოვაწყო ისე, როგორც ჩემს ერს სჭირდება; როგორც მას მიაჩნია მართებულად და საუკეთესოდ, რომ მე ვიყო კომფორტულად და ბედნიერი. რა არის საბჭოთა ნაციონალიზმი? რომ მე სხვა ერებზე დიდი ვარ. და საქართველოში, სამწუხაროდ, იყო ეს დამოკიდებულება: როგორ გამიბედა სომეხმა, როგორ გამიბედა ოსმა, როგორ გამიბედა ქურთმა და ასე შემდეგ... იმაზე კი არ ვფიქრობდით, რომ ქართული სახელმწიფო მოგვეწყო, არამედ იმაზე, რომ სხვაზე უკეთესები ვიყავით. ეს განცდა, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვარ, თან, ისე, რომ არავისგნ გამორჩეული უნარ-ჩვევები არ მაქვს, საბჭოური მენტალობაა, რაც დღესაც იჩენს თავს. ანუ ვიღაცამ უნდა გადამიწყვიტოს, ოღონდ ისე, როგორც ჩემთვისაა მისაღები და ხელსაყრელი.

ეს უპასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ გამოავლინა კოვიდმა, თორემ რა არის აქ საკამათო და დასაპირისპირებელი?! ვისაც უნდა, აიცრას, ვისც არ უნდა – არ აიცრას, მაგრამ ამის შემდეგ დგება მესამე პრობლემა: მსგავსი საკითხი არ დგება მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ერი ვართ. როდესაც ჩვენ გვაქვს სოლიდარობის, თანაგრძნობის უნარი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, სხვისი აზრის გათვალისწინება, რომელსაც შეიძლება, არ ვეთანხმებით, მაგრამ მას მაინც პატივი უნდა ვცეთ. აი, ეს პრობლემა გვაქვს: ჩვენ მეორე ადამიანს არ ვუყურებთ, როგორც თანასწორს, ღვთისგან გაჩენილ არსებას, არამედ, როგორც ჩემი კომფორტის მოპოვების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და მტერი ამას იყენებს. შესაბამისად, მანიპულირებს ჩვენით. დღეს. როდესაც მთელ მსოფლიოს სულ სხვა პრობლემები აქვს და უმნიშვნელოვანესი ძვრებია, იმ მასშტაბის, რომლებიც 30 წლის წინათ მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, თავისუფალი და ბოლშევიკური სამყაროების დაპირისპირებისას, ჩვენ ელემენტარულ სისულელეებზე ვდაობთ: გაუკეთეს თუ არა ოყნა სააკაშვილს; უნდა დაიჭირონ თუ არა ის; მიტინგი უნდა მოვაწყოთ თუ არა. აი, ასე დაბეჩავდა ეს ერი. ასე დავეცით, არადა სულ სხვა რამეზე უნდა ვმსჯელობდეთ და ვკამათობდეთ. ამდენად, ბუნებრივია, რომ ისეთი ემოციური თემა, როგორიც კივიდი და აცრებია, სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანეს. მთელი სინოდი ამბობს, რომ ეს არ არის რელიგიური განზომილება, ეს არ არის რწმენის საკითხი, ეს არის ინდივიდუალური არჩევანი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ზემონახსენები მიზეზების გამო, იქმნება ემოციური ფონი და აქციებს ვუწყობთ საპატრიარქოს, გინდა თუ არა, გვითხარი, რა გინდაო.

– ისინიც კი, ვინც თითქოს მხარს უჭერს საპატრიარქოს, მოითხოვს, პატრიარქმა მიმართოს ერს. პატრიარქი ერს თუ მოუწოდებს, მხოლოდ ისეთი ცხოვრებისკენ, რომ ვცხონდეთ, გინდა აცრილები, გინდა აუცრელები. აი, ეს მაოცებს.

– მრევლი რომ აცნობიერებდეს მიმდინარე პროცესებს, საქართველო ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მრევლის გარკვეული ნაწილი კერპთაყვანისმცემელია და მუდმივად ცდილობს, რომ პატრიარქი ბელადად წარმოიდგინოს. არადა მისი უწმიდესობის მთელი რეიტინგი იმაზეა აგებული, რომ ის თავის რეიტინგზე არ ფიქრობს. მისი ავტორიტეტი ეფუძნება იმას, რომ საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება; ის ამბობს იმას, რაც უფლისგან აქვს ბოძებული. რა თქმა უნდა, კეისარსაც კეისრისას აძლევს, მაგრამ, როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხება, შეუვალია, პრინციპული და სიმართლის მხარესაა. აი, ეს განაპირობებს მის ავტორიტეტს. შესაბამისად, ამ ხალხმა და მრევლის ნაწილმა ვერ გაიგო, როგორ უყურებს თავის თავს მისი უწმიდესობა. ის ადამიანი მიტევების ყველა დღეს დასტირის თავის ცოდვებს და გვეხვეწება, ილოცეთ ჩემი ცოდვების მიტევებისთვისო, ანუ ასეთი თავმდაბლობის ნიმუშია და მისგან მაინც მოითხოვენ, გინდა თუ არა, ბელადი იყავიო. ეს ხომ აბსურდია?! სწორედ ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, თორემ, მრევლი რომ მყარად იდგეს ფეხზე, ვერც ხელისუფლება გაგვიბედავს იმას, რასაც გვიბედავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...