როგორ იწრთობა კაცობრიობა დედამიწის, სამყაროს მიერ დაძაბულობის კერების გავლისას და, იმავდროულად, რატომ იზრდება სიკვდილიანობა, დაავადებები და კატასტროფები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 21:00 22.08, 2024 წელი
კლიმატური პირობები რომ შეიცვალა, ეს ნებისმიერი ადამიანისთვისაა საგრძნობი. უფრო მეტიც, ზოგადად, სამყარო იცვლება, დედამიწა, ელექტრომაგნიტური ველები, შუმანის სიხშირე მაღლდება და შიგადაშიგ – ნახტომისებურად. ადამიანებიც გადასხვაფერდნენ, ნაწილი სულიერებას მიეზიდა, ნაწილი მეტისმეტად აგრესიული გახდა. დაავადებების ოდენობამაც იმატა და სიკვდილიანობამაც, თან, მოულოდნელმა და არც თუ იშვიათად – ახალგაზრდების. მეორე მხრივ, ადამიანმაც აიწყვიტა, იმ თვალსაზრისით, რომ, რაც კი პირზე მოადგება ან გონებაში მოუმწიფდება, არათუ ამბობს, აკეთებს კიდეც. უკვე 150-ზე მეტი გენდერია და რწმენის დაცინვა, სატანისტური რიტუალების ჩათვლით, საჯაროც კი გახდა და არც არავინ ერიდება. პირიქით, ეს თავისუფლების გამოვლენადაც მიიჩნევა. ამ არეულ სამყაროსა და ადამიანებზე ერეკლე შონია გვესაუბრება.
– რატომ მისცა ადამიანმა თავის თავს თითქმის ყველაფრის უფლება? არადა, სხვა რომ არაფერი, ტაბუ არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი არ ემსგავსოს ცხოველს.
– დედამიწა არ არის უძრავი. ყველაფერი მოძრაობს და როდესაც დედამიწა, თუნდაც, გალაქტიკა გადის ახალ-ახალ უბნებს, იქ არის ახალი გამოსხივება, ახალი ზემოქმედებაა. ეს ზემოქმედება აღაგზნებს ყველაფერს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის მზის სისტემა, მზის გამოსხივება. აქედან გამომდინარე, დედამიწა და სხვა პლანეტებიც, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ, გრძნობენ ამ ახალ დაძაბულობას, ახალ ძალას და იმ პერიოდში, სანამ დედამიწა და სხვა პლანეტები შეეგუებიან ახალ გამოსხივებას, სანამ გალაქტიკა გადაივლის სამყაროს მშვიდ უბნებს, დაძაბულობაა, რომელზეც რეაგირებს ყველაფერი: დაწყებული დედამიწიდან, დედამიწის პლასტების, გულის მოქმედებიდან, დამთავრებული – ბაქტერიით, ადამიანით, ქვეყნებით, ზოგადად, კაციბრიობით. ეს დაძაბულობები ისტორიულად ციკლურობით ხასიათდება, როგორც მოკლე – 50-80-100 -წლიანი, ასევე ხანგრძლივით – 1 000-2 000-წლიანით. ამ ციკლების ცვლილება, სადაც ძველი და ახალი ერთდება, არის ხოლმე დაძაბულობის კერა.
– ციკლურობა არ ნიშნავს, ხომ, რომ იმავეს იმეორებს, რაც ადრე იყო? რადგან წინა ცვლილებები მომხდარია, თუნდაც, დაძაბულობის, იმავე უბნებში შესვლა ახლებურ პროცესებს იწვევს, ვიდრე გამოიწვევდა, თუნდაც 100 ან 1 000 წლის წინათ?
– დიახ. გარემო იცვლება, იძაბება, როდესაც შედის ამ ციკლში და ეს სისტემის, რომელიც გადარჩა ადრინდელი დაძაბულობების პერიოდში, ერთგვარი გასხვლაა, ახალი ერაა, გაზაფხულია. როდესაც კაცობრიობა ამ სირთულეებს გადის, ის ძლიერდება: იმუნიტეტით დაწყებული და ფისიქიკით დამთავრებული და ის სისტემები, რასაც ადამიანი ქმნის, სოფლის მეურნეობა თუ ტექნოლოგიები, თავის მდგრადობას იძენს. დაძაბულობის კერაში ეს ყველაფერი გამოიწრთობა მდგრადობაზე და როგორც კი გადაივლის დაძაბულობის კერა, ის სისტემები არის უფრო მდგრადი და ეფექტიანი ახალ ერაში სამოქმედოდ. მარტივად რომ ვთქვა, ძველი მიდის და ახალი იქმნება. თუ სწორადაა წარმართული კაცობრიობა, გონივრულ ნაბიჯებს დგამს, მაშინ, პირიქით, მსგავსი კრიზისები არის სიახლის, ტექნოლოგიური პროგრესის მომტანი და კაცობრიობა გადადის ახალ საფეხურზე. მათ შორის, ამ პერიოდში იმუნიტეტიც ძლიერდება. დავარქვათ, სულიერი შტოები, საიდანაც მოდის ადამიანი, იწმინდება. ანუ კრიზისების პერიოდში ადამიანი იწმინდება როგორც სულიერად, ასევე ბიოლოგიურად და ტექნიკურად ძლიერდება. ყველანაირი წინსვლაა, რაც მთლიანობაში, საკაცობრიო პროგრესია. კაცობრიობა ადის უფრო მაღალ ევოლუციურ საფეხურზე.
– და რაკი გასხვლაა, იმატებს სიკვდილიანობაც?
– ძველისა ახლის შეერთება ყველაზე არამდგრადი, ყველაზე რთული წერტილია. წერტილს ვამბობთ, თორემ ეს პროცესი გრძელდება ათწლეულები ან მინიმუმ, ერთი ათწლეული. იმატებს სიკვდილიანობა, დაავადებები, ტექნოგენური, ბუნებრივი კატასტროფები, ჯანყები, ბუნტები, ომიანობა, იმიტომ რომ ეს დუღილის პერიოდია, ორი ძალის შეხვედრის ადგილია, რომელიც ძალიან დიდ ძვრებს იწვევს.
– ადამიანები ვერ უძლებენ და ათასგვარ სისულელეს ამიტომ იგონებენ?
– გადავერთოთ იმ თემაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ: გენდერი, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა სიმბოლიკით, მათ შორის. გარკვეულ პერიოდს სჭირდება თავისი მდგრადობა: ფსიქოლოგიურიც და ბიოლოგიურიც. ამიტომ თვითონ კაცობრიობა ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს, რათა შეასრულოს თავისი დანიშნულება, რისთვისაცაა დაბადებული, გარკვეული პაკეტი მოჰყვება, თუ რა უნდა აკეთოს, რა ნიჭი უნდა ჰქონდეს, რა საზღვრებში უნდა იმოქმედოს, ამ ნიჭის აღსასრულებლად როგორი ენერგია და ფიზიოლოგია უნდა ჰქონდეს. ამ ფიზიოლოგიურ პაკეტში იგულისხმება, თუ რა მიზნებისთვის უნდა იყოს აწყობილი ადამიანის სხეული და მათ შორის, რა უნდა იყოს მამოტივირებელი: ეს არის მისი ჰორმონული ფონი. თუ მებრძოლი ან სპორტსმენი უნდა გახდეს, ადრენალინის მეტობა უნდა ჰქონდეს; თუ შემოქმედი უნდა იყოს, სიყვარულის ჰორმონი უნდა ჰქონდეს ჭარბად და ასე შემდეგ. ამდენად, ჩვეულებრივ დროს, ანუ კრიზისიდან კრიზისამდე, სიმშვიდის პერიოდში, რომელსაც კაცობრიობა შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადის, პიროვნება და კაცობრიობა ყველაფერს თავისუფლად აკეთებს და დავარქვათ ზეციური კონტროლი: ჯანჯღარი, კარმა და სხვა, არ მუშაობს ისე აქტიურად. ამ დროს სტანდარტულად მოქმედებს ის, რაც ადამიანში მოტივირებისთვისაა ჩაწერილი. საქმე ისაა, რომ, როდესაც დაძაბულობა იწყება, ის არღვევს მთელი დედამიწის, მთელი სისტემა-სახეობის წონასწორობას და აი, ამ ჯანჯღარის დროს იწყება ტრაგედიები, შიში, წმენდა, დაძაბულობა, რომლებიც ყველაფერს რევს, მათ შორის, ჰორმონალურ ფონს და როდესაც ეს ხდება, პირველი ამას გრძნობს ფსიქიკა. იძაბება, იფიტება და გამოფიტული ფსიქიკით ირევა ყველაფერი: ადამიანს ერევა ცნობიერება, ჰორმონალური ფონი, ყველა ასპექტს ურტყამს დაძაბულობა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მდგომარეობა გრძელდება არა ერთ და ორ წელს, არამედ ხანგრძლივად, ათწლეულები, გასაგები ხდება, როგორ აერევა ადამიანს ის ჰორმონული ფონიც ან, დავუშვათ, როგორ მოიშლება ცოდნის, სოციალური ურთიერთობების გადაცემის სისტემა, რომელიც, ასეა თუ ისე, ერთგვარი ყალიბი, კალაპოტია ადამიანებისთვის და აი, ამ ამ ღირებულებათა, ტრადიციული წეს-ჩვეულებების, ქცევითი ნორმების მოშლის დროს ადამიანი ჯანჯღარებს. დაერღვა ფსიქიკა, ეშინია, ტრავმირებულია, აერია ჰორმონალური ფონი და ადამიანები კარგავენ თავიანთ გეზს, დანიშნულებას და სწორედ ეს დაძაბულობები იწვევს გადახრებს: სექსუალურსაც და ფსიქიკურსაც. ამდენად, ამ პერიოდში ასეთი ადამიანებისადმი, რომლებსაც მსგავსი პრობლემები, სირთულეები აქვთ, აგრესიულად კი არ უნდა ვიყოთ განწყობილი, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი იმის პროპაგანდას ეწევიან, რაც არ მოგვწონს, არამედ პირიქით უნდა მოვიქცეთ, რადგან დედამიწაზე ამ დროს მოდის შესწავლისა და ამ დაძაბულობის მართვის პერიოდი.
შესაბამისად, საჭიროა ძალიან მშვიდი სამეცნიერო მიდგომები, ძალიან თბილი, დედაშვილური, მამაშვილური მიდგომები პრობლემური ადამიანებისადმი, იმიტომ რომ ისედაც დაძაბულია გარემო. ამის გამო ირევიან ეს ადამიანები, სუსტდებიან, ვარდებიან თავიანთი კალაპოტიდან, არაფერია მათი შემაკავებელი. მოშლილია საზოგადოებრივი წესები. ანუ მათ სულს ისედაც უჭირს, მათ სხეულს ისედაც უჭირს, არ იციან, რა ქნან, მით უმეტეს, რომ გადახრებისკენ არიან მიდრეკილები; გარემოც მძაფრია, ყველა ტრავმა, რასაც ბავშვობიდან გადიან, დაწყებული მამასთან, დედასთან, მამასა და დედას შორის თუ სოციუმთან ურთიერთობით, მძაფრად იჩენს თავს. ზოგიერთ ადამიანს ეს არც აქვს გააზრებული, მაგრამ მათი ქვეცნობიერი მუდამ მუშაობს და იქით მიემართებიან, სადაც ოდნავ სითბოს იღებენ, რითაც კიდევ უფრო ართულებენ თავიანთ მდგომარეობას, იმიტომ რომ, საბოლოოდ, მსგავსი მსგავსს იზიდავს. ანუ დანგრეული ადამიანი იზიდავს, ასევე, დანგრეულ ადამიანს და თუ მათ არ იციან, როგორ დაძლიონ ეს პრობლემა და რა ხდება მათ თავს, კიდევ უფრო უარესდება სიტუაცია.
ამიტომ, ამ პერიოდში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი: ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ანთროპოლოგების და მთავარია ის, რომ კრიზისების შეფასება უნდა დავიწყოთ, რომ ვიცოდეთ, თუ როგორ იწყება, იმართება და სრულდება კრიზისები დედამიწაზე, რომ ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ, რომ ამ დაძაბულობამ, რაც შეიძლება, ნაკლები უარყოფითი შედეგი მოიტანოს. განსხვავებულობის თითოეული შეგრძნება აგრესიას აჩენს და ამის პოპულარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ საფრანგეთის ოლიმპიადაზე, არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. არადა ამას სჭირდება სწორი სამეცნიერო მუშაობა, ასევე, მედიის სწორი მუშაობა.
– დარჩა ან მეცნიერება ან მედია, რომელიც ამ პრობლემებზე სწორად იმუშავებს და, თან, იმდენად პოპულარულია, რომ გავლენას მოახდენს ადამიანებზე?
– არ გვაქვს. მედიასაშუალებები დამკვეთის ინტერესებს ასრულებენ. ანუ მედია არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ნაცვლად იმისა, რომ გაზარდოს სოციუმი და დაეხმაროს მას. ბოლო 50-60 წელია, საზოგადოებრივი განვითარება და ინტერესი გადართულია გართობაზე, მარკეტინგზე, სიყვითლეზე და ის ინსტრუმენტი, როგორიცაა საზოგადოების სწორად მართვა, მიშვებულია. სამომხმარებლო კულტურაზე გადაერთო საზოგადოება: რასაც მიკვეთს, იმას ვაწვდი. ჩვეულებრივ პერიოდში მართვის ასეთი წესი კიდევ მუშაობს, მაგრამ კრიზისების პერიოდი, როდესაც ძველი ახლით ჩანაცვლდება, სულ სხვა მიდგომას ითხოვს, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, ასეთ პერიოდში მთელი სისტემაა დაძაბული და ნორმიდან გადახრილი. ამ პერიოდში აუცილებელია, რომ გონიერებას მოუხმონ მედიამ, სახელმწიფოს მმართველებმა, ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა, ანუ ხალხმა, რომლებიც ჩვეულებრივ დროს ნაკლებად შესამჩნევი არიან, მაგრამ აქვთ ცოდნა. მარკეტინგმა, საზოგადოების სამომხმარებლო მიდგომებმა დაამკვიდრა ის, რომ გონიერი ხალხი აღარ არის საჭირო, ყველაფერი მაინც კარგად ვითარდება. არადა კრიზისის დროს გონიერი უნდა დავაყენოთ მესაჭედ სახელმწიფოში, მესაჭედ – მეცნიერებაში, მესაჭედ – ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წინ წამოვწიოთ ლიდერები, რომლებიც საზოგადოებას სწორ ორიენტირებს მისცემენ, რომ ეს საზოგადოება, საბოლოოდ, არ მოიშალოს, არ გადაჯიშდეს, არ დაინგრეს. ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანი სამყაროს ეჭიდავება, ეს ჩვეულებისამებრ, ჩვენი წაგებით მთავრდება ხოლმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან