პოლიტიკა

როგორ იქცნენ საქართველო და სომხეთი სამხრეთ კავკასიის ყველაზე მოწყვლად ნაწილებად, აზერბაიჯანი კი - რეგიონის ლიდერად

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.05, 2023 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესში რეგიონული ლიდერებიც აქტიურობენ და ცდილობენ თავიანთი ინტერესების გატარებას. ამდენად, თურქეთიც აქტიურია მრავალი მიმართულებით, ხოლო მისი ტანდემი აზერბაიჯანთან – სამხრეთ კავკასიაში და შუა აზიის მიმართულებითაც, თუმცა იქ ჩინეთის თემაცაა და ამჯერად ამ საკითხს გამოვტოვებთ. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოწყვლადები ამჟამად საქართველო და სომხეთი არიან. რა გეგმები შეიძლება, ჰქონდეთ თურქეთსა და აზერბაიჯანს, არ ვგულისხმობ, მაინცდამაინც, დესტრუქციულ მიზნებს, ვინაიდან პოლიტიკა ის სფერო არაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთი უპირობოდ და უკიდეგანოდ უნდა უყვარდეთ. ამ ინტერესებსა და ინტერესების პერსპექტივაზე ვისაუბრებთ აკაკი ასათიანთან ერთად.

–რა საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს ან არ შეიცავდეს აზერბაიჯანისა და თურქეთის ყოველმხრივი თანამშრომლობა და გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობა და თავი დავიცვათ მათი მხრიდან ზომაზე მეტი გავლენისგან იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში უკვე უპირობო ლიდერია?

– მართალი ხართ, სიყვარულისა და სიძულვილის თემა არ არსებობს პოლიტიკაში, თუმცა ჩვენ და აზერებს, ასე თუ ისე, ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და საკმაოდ მეგობრულიც.

– თუმცა მეგობრობას პოლიტიკაში ვერ დავეყრდნობით.

– რა თქმა უნდა. მაშინ, მოდი, ასე ვთქვათ – კორექტული. თურქეთიც ყოველთვის სწორად იქცეოდა ჩვენ მიმართ. ადრეც მითქვამს, ჯერ კიდევ ათა თურქი ამბობდა 1936 წელს, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდება და ერთადერთი მეგობარი ქვეყანა შეიძლება, იყოს ჩვენი მეზობლებიდანო. ამ ხაზს მიჰყვებოდა ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან თურქეთის ყველა ხელმძღვანელი, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციის განსხვავებულობისა. მაგალითად, ერდოღანი ნაკლებად პროდასავლურია, თუმცა, კორექტული დამოკიდებულება შენარჩუნებულია. არის ირანის ფაქტორიც, რომელსაც არ აქვს იმდენი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რაც თურქეთს, მაგრამ იმავე აზერბაიჯანის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ცივი დამოკიდებულება აქვს და სომხეთს გულშემატკივრობენ, ოღონდ უშველით თუ არა ეს სომხებს, სხვა თემაა. მე ვფიქრობ, სომხეთს სერიოზული პრობლემა აქვს: ან უნდა დაემორჩილონ ალიანსის პირობებს, ეს პირობები კი ძალიან მძიმეა და არა მხოლოდ ყარაბაღს ეხება. მაგალითად, სომხეთმა ხელი უნდა აიღოს სომეხთა გენოციდის აღიარებაზე, რაც მათთვის ძალიან მტკივნეული თემაა.

– ყველაფერი მიზანშეწონილობის პრინციპით იმართება და, მით უფრო, პოლიტიკა და გეოპოლიტიკა: რაღაც რაღაცად უნდა ღირდეს გენოციდის აღიარება, ქედს ვიხრი მსხვერპლთა წინაშე, მაინც რაღაც ჩაციკვლა მგონია, როცა ის უშლის ხელს შენი სახელმწიფოს მომავალ განვითარებას.

– დიახ, მაგას ჰგავს. ნუ ეწყინებათ და, ასეც არის. პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში რევოლუციის ფონზე ჭკუა ხომ უნდა გყოფნოდა, რომ თურქეთის არმიის ზურგში არ აჯანყებულიყავი რუსეთის იმედით?! შემდეგ შეატოვეს რუსებმა და დატრიალდა ტრაგედია. ან ხომ უნდა მოგეხერხებინა, რომ ჩვენ დაგვსხმოდნენ თავს პირველი რესპუბლიკის დროს?! უცბად რატომღაც „დიდი სომხეთის“ დაბრუნება მოინდომეს. ან, თუნდაც, ხომ შეიძლებოდა, ეფიქრათ, რას გამოიწვევდა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის წართმევა რუსეთის დახმარებით პირველი ომის დროს?! თუმცა, მესმის, რომ ყარაბაღის კუთვნილება ისტორიულად საკამათო თემაა. ავიღოთ იგივე გენოციდის აღიარებაზე ჩაციკვლა ან სხვა სახელიც რომ დავარქვათ, ხომ უნდა განსაზღვრო, რას გამოიწვევს?! არადა სულ სხვანაირად შეიძლებოდა, წასულიყო საქმე, ჩვენ სამს რომ მინიმალურად მაინც კეთილმეზობლური ურთიერთობა მოგვეხერხებინა. და მაინც, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვაქვს არჩევანი და ეს არის ჩვენი წინაპრების დამსახურება, რომლებმაც თავის დროზე ეს ტერიტორია მოიპოვეს, შეინარჩუნეს და დიდი ზღვაოსნები არ ვყოფილვართ, მაგრამ ზღვაზე გასასვლელი რომ გვაქვს, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ჩვენ არაერთი არჩევანი გვაქვს და რუსეთი რომ ნორმალური სახელმწიფო ყოფილიყო, ამ არჩევანში ერთ-ერთი იქნებოდა, მაგრამ რუსეთი რაცაა, ვიცით. ჩვენი ტერიტორიების მიტაცება უკვე შანტაჟიც არაა, იმიტომ რომ შანტაჟისთვის ავტონომიურობაც საკმარისი იყო, სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ავტონომიები საბჭოთა პერიოდში. მერე, უბრალოდ, დაგვსაჯა რუსეთმა, თუმცა, საბოლოოდ, ვინ დაისჯება, ამას ჩვენ კიდევ ვნახავთ, ისე მიდის საქმე. ასე რომ, რუსეთმა გამორიცხა თავი ჩვენი არჩევნიდან. მე არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რას ფიქრობს ამ თემაზე, მაგრამ სომხეთის მაგალითმა, წესით, კი უნდა უჩვენოს ყველას, ვინც რუსეთზე აიღებს სწორებას, რას შეიძლება, მათგან ელოდოს ადამიანი, ქვეყანა ან ხელისუფლება. ჩვენი ბუნებრივი არჩევანი დასავლეთია და დასავლეთს იმდენი ძალა და საშუალება კი ექნება, რომ ჩვენ არ გავიჭყლიტოთ.

– მანდ ცოტა ვერ გეთანხმებით. მე გავყოფდი დასავლეთს, აშშ-ს ძალა ექნება, მაგრამ აი, ევროკავშირს, მგონია, რომ იმის ძალაც აღარ აქვს უკვე, თვითონ არ გაიჭყლიტოს.

– ევროკავშირის ძალაზე ლაპარაკი ზედმეტია. ბევრჯერ ითქვა ერთიანი არმიის შექმნაზე, მაგრამ ეს უშედეგო ამბავია.

– უცხოელ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ მაკრონის განცხადებებმა, რომ „ნატოს“ ტვინი მოკვდა, რომ ევროკავშირს თავისი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს, გამოიწვია ის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის ნომერ პირველ ცხელ წერტილად იქცა უკრაინის ტერიტორია და არა კავკასია ან შუა აზია.

– მაკრონი მსგავსი პირველი ფრანგი პრეზიდენტი არ არის. ფრანგებს დე გოლიდან მოყოლებული ახასიათებთ მსგავსი რამ: გრანდიოზული ისტორიის მქონე ქვეყანაა და არ არის გამორიცხული, მსგავსი ამბიციები ჰქონდეთ, მაგრამ მარტივი კითხვაა: ის ჯარი რა ენაზე ილაპარაკებს? ბრძანებები რა ენაზე გაიცემა? ნახეთ, როგორი ვითარებაა: ბრიტანეთი გასულია ევროკავშირიდან და დებატები ინგლისურ ენაზეა. თავის დროზე, ფრანგებს ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეთ ეს ამბავი, იგივე ფრანგულ ენაზე ხდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, მეოცე საუკუნის დასაწყისამდეც კი. ამდენად, ევროპა არც მიგულისხმია. საქართველო ისეთი მნიშვნელოვანი პლაცდარმია, რომ შეერთებული შტატები არავის დაანებებს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ჩინეთი. ჩინეთში ჩინურ რუკებზე უკვე დაარქვეს ჩინური სახელები რუსულ ქალაქებსა და დასახლებებს და რუსეთის ტერიტორიის, მინიმუმ, მილიონი კვადრატული კილომეტრი ითვლება ჩინეთად, ჩინეთის აზრით. ამას რომ ხალხი აკეთებს, წარმოგიდგენიათ, რომ იმ ხალხმა ვინმეს შუა აზია დაანებოს?! მეორე მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი არ მგონია, აპირებდეს ჩვენს დამორჩილებას, მაგრამ ამასაც არ დაანებებენ, მიუხედავად ერთმანეთთან დაპირისპირებისა, არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი. სხვათა შორის, არც ირანი.

– უცნაური კონფიგურაციაა: არ დაანებებენ არავის ჩვენს დამორჩილებას მხარეები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. საერთოდაც, მგონია, რომ ბოლო 30 წელია, ამით გავდივართ ფონს, მაგრამ ეს სამივე – აშშ-ჩინეთი-ირანი – იმდენადაა დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ამერიკელებმა პირდაპირ აგვიკრძალეს ანაკლიაში ჩინური ფულის ჩადება.

– ეს სხვა თემაა და ვფიქრობ, სწორედ ასეთ რამეებში უნდა გამოვიჩინოთ დამოუკიდებლობა და არა ისეთებში, ჩვენი ხელისუფლება და მისი სატელიტები რომ სისულელეებს აფრქვევენ. მე, უბრალოდ, ის მაწუხებს, რომ ეს ხელისუფლება არაფერ შუაშია ამ საქმესთან. მართლა ღმერთი გვიფარავს და მხარეთა ინტერესთა თანხვედრა და წინააღმდეგობაა ჩვენი შანსი. ვეჭვობ, ხელისუფლებამ იცოდეს კიდეც, რა ხდება. მათი მთავარი ამოცანაა „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა, არადა ყველაზე დიდი სისულელე სწორედ ქიმერებთან ბრძოლაა. მაგალითად, სააკაშვილი უკვე პოლიტიკური ქიმერაა და კიდევ მას ებრძვიან; ნამუსზე აგდებენ ჩვენნაირ ადამიანებს, იციან, რომ ფსევდოლიბერალებისკენ არ წავალთ და გვეუბნებიან, აი, მე, რაცა ვარ, ეგა ვარ, მაგრამ მაინც მე ვარ შენი არჩევანი. ბოლოს კი, იმას გამოსტყუებენ ცხოვრებას, რომ ყველაზე თავგამოდებული მომხრეებიც კი მათ წინააღმდეგ წავლენ, რაც მოუვიდა შევარდნაძეს, რომელიც ჯერ ზვიადით აშინებდა მოსახლეობას, მერე – იგორ გიორგაძით, ამის შემდეგ – ასლან აბაშიძით და ბოლოს, რაც დაემართა, ვნახეთ. საქართველოში პოლიტიკოსისთვის სამარცხვინო მარცხი, ვფიქრობ, სწორედ შევარდნაძემ განიცადა: გამსახურდიას დაღუპვა ტყეში მითოლოგიის სფეროდ იქცა, მაგრამ დარბაზიდან რომ გაგაგდებენ, ეს უკვე სხვა რამაა. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: მე იმედი მაქვს იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ხელისუფლება გამოიყენებს შექმნილ ვითარებას, არამედ ის ძალები არიან დაინტერესებული. თუ ვინმე ამ საქმეში არაფრის გამკეთებელი არ არის, რუსეთია, რომელიც თურქეთსაც კოჭს გაუგორებს, ირანსაც და ჩინეთის ავტონომიად გადაიქცა უკვე...

– ჩვენ გვიპირებდა პუტინი „ტიფლისსკაია გუბერნიად“ დატოვებას და, მგონი, დარჩება მოსკოვ-სანკტ-პეტერბურგად რუსეთი.

– სურკოვი დასაჭერი გაუხდათ ბოლოს, ის არის არამზადა, თავისი ჩეჩნობის გამოსყიდვას ცდილობდა ურა-პატრიოტული რუსული ლოზუნგებით და გაასულელა ის კაციც, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა იმ საკითხზე და, საერთოდაც, მგონია, უკვე ფსიქიკური პრობლემები აქვს. იმიტომ რომ მისი მოქმედება უკრაინისადმი ბევრი რამით შეიძლება, აიხსნას, მაგრამ ვერაფრით გამართლდება. მე რომ მკითხო, საქართველოში რაც მოხდა, მაშინაც გასაგები იყო მისი შეურაცხადობა, მაგრამ დასავლეთში გადაწყვიტეს, მოდი, გავაძღოთო, მერე ყირიმიც გადააყლაპეს, დონბასიც შეარჩინეს და სანამ ცხვირთან არ მიადგა, ყურები არ გამოიფხიკეს, თუმცა ამერიკელები დიდი ხანია, ამისთვის ემზადებოდნენ და გამოუვიდათ კიდეც ეს „ფოკუზი“. ყველაზე კომიკური, იცი, რა არის, ნინო? ჩვენც ხშირად დაგვმართნია იგივე: აფხაზეთში შეგვიტყუესო, რომ ამბობდნენ, გახსოვთ და, დალოცვილო, თუ იცოდი, რომ შეგიტყუებდნენ, რას მოტყუვდი?! ეს იგივეა, ჰიტლერი რომ ამბობდა, რომ, თურმე, ებრაელების შეთქმულების ბრალი იყო მათი წაგება. სხვათა შორის, ერთი ერთზე იმეორებს პუტინი ამხანაგ ჰიტლერის აზრებს (ისინიც ამხანაგოთი მიმართავდნენ ერთმანეთს)... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული მეხსიერებითა და ცივილიზაციური კუთვნილებით, ჩვენ გვაქვს შანსი, არამცთუ შევინარჩუნოთ რეალური დამოუკიდებლობა, არამედ გავაძლიეროთ ის და ღირსეული ადგილი დავიკავოთ არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიც. ამის მაგალითია ისრაელი, სადაც ნეთანიაჰუს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რატომღაც წამოუარა სასამართლოს რეფორმა, ჩვენი არ იყოს, არადა რა დროს ეგ იყო?! ჩვენ ძალიან უცნაურ მოვლენებს ვადევნებთ თვალს. მაგალითად, ჩერჩილზე მეტად ვერავინ იტანდა ბოლშევიკებს, მაგრამ სტალინს შეეკრა, როცა საქმეს დასჭირდა, ანუ, მისი წარმოდგენით, ეშმაკს და მშვენიერი ურთიერთობაც ჰქონდათ. იმის თქმა მინდა, რომ ახლა ამერიკელებს ჩინეთთან კინკლაობის დრო ჰქონდათ?! მაგრამ რა არის, იცი, პრობლემა? მათ უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული, ჩვენთანაც, რაც მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს, მაგრამ იმდენად ძლიერები იყვნენ, თვლიდნენ, შემეშლება, მაგრამ იმდენად ძლიერი ვარ, რომ ბოლოს ჩემი აჯობებსო. ხოლო, რაც ახლა ხდება, ჩვენდა უნებურად მაინც იმუშავებს ჩვენთვის და იმდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, რომ ერთხელაც აუცილებლად გამოვიყენებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი