პოლიტიკა

როგორ იქცა შიში ადამიანების მართვის ერთ-ერთ მთავარ იარაღად და რატომ უშვებს დემოკრატია, რომ ძალაუფლება მოხვდეს სულელებისა და უცოდინრების ხელში

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.09, 2021 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ადამიანების მართვის უამრავი მეთოდი არსებობს, რაც კიდევ უფრო გაიოლდა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში (იმიტომ, რომ, თუმცა ინფორმაციის მოპოვება და კონტაქტების დამყარება საოცრად გამარტივდა, ურთულესია მცდარი და მართებული ინფორმაციის გარჩევა, ამასთან, თუ დავამატებთ ცენზურასაც, ფაქტობრივად, ადამიანების ფსიქიკა ალყაშია). ადამიანი იბადება შიშით – ეს მისი ერთ-ერთი თანდაყოლილი ინსტინქტია, შიში აზიანებს ფიზიკურსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც მთავარია, ბინდავს გონებას, რაც ადამიანს, დაახლოებით, იმ ქვევრს ამსგავსებს, რასაც ჩასძახებ, იმას რომ ამოგძახებს. საინტერესოა, რომ სწორედ, შიში იყო ის პირველი გრძნობა, რაც ადამს სამოთხის დატოვების შემდეგ გაუჩნდა და მას შემდეგ ებრძვის მას. დღეს კი დაშინება და ამ შიშით ადამიანებით მანიპულირება მართვის მთავარ იარაღად იქცა როგორც პოლიტიკაში, ისე მედიცინასა და ბიზნესში. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ ადამიანის მართვის ფსიქოლოგიურ ტექნოლოგიებზე.

– როგორც დიპლომით და რამდენიმეწლიანი პრაქტიკით, ფსიქოლოგს, მახსოვს, რაც გვასწავლეს ადამიანთა მცირე და დიდ ჯგუფებზე ზემოქმედების მოსახდენად, ბრბო კიდევ სხვა ფენომენია და ახლა მგონია, რომ, რაც თეორიულად ვისწავლე, სწორედ იმ ექსპერიმენტებს ვაკვირდები ცოცხალ ადამიანებზე. რატომ ემორჩილება ადამიანი ასე იოლად მართვას?

– ეს კითხვა დიდი ხანია, ისმება. ევროპულმა განმანათლებლობამ შემოიტანა მოსაზრება, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, ბერძნებიც იმავეს ფიქრობდნენ, ოღონდ ყველაზე არ ავრცელებდნენ, მხოლოდ ბერძნები არიან რაციონალურებიო. ხოლო ევროპულმა განმანათლებლობამ ეს აზრი განავრცო ყველაზე და ამაზე დაამკვიდრა მეორე აზრი, რომ მონარქია უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ქვეყნის მართვა შეუძლია ყველას და დიდწილად ამ იდეებმა განაპირობა საფრანგეთის რევოლუცია. სხვათა შორის, საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ, არჩევნების პირველ პერიოდში, ხალხს უხსნიდნენ, მეფეს ვირჩევთო. იდეა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თავისთავად პროპაგანდისტული იდეაა, ვინაიდან შემდეგ შეგიძლია, ამ ადამიანებს მისცე თოფი და უთხრა, გადმოაგდე მეფე. რადგან მეფე ითვლებოდა ღმერთის მიერ ცხებულად, ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ მას შეეძლო ხალხის მართვა. ამ იდეას ებრძოდნენ საწყის ეტაპზე დემოკრატიის მამები და ძალიანაც კარგი. ეგვიპტეში უფრო შორსაც მიდიოდნენ – საერთოდაც. ფარაონი იყო ღმერთი, ანუ ასეთი მიდგომა საუკუნიდან საუკუნემდე გრძელდებოდა. ასე რომ, ძალაუფლება ყოველთვის უკავშირდება რაღაც იდეას, რის საშუალებითაც ეს ძალაუფლება უფრო მყარი ხდება. ერთია მონარქიული და, ჩვეულებისამებრ, ყველა მონარქი ღვთაებრივი წარმოშობისაა და მეორე – დემოკრატიული, რომ ხალხია ძალა, ხალხს ყველაფერი შეუძლია. თუმცა დემოკრატიის ძალიან ეშინოდათ პლატონსაც და არისტოტელესაც, რადგან ათენის დემოკრატიის მაგალითზე ხედავდნენ, რომ შეიძლება, დემოკრატია გადაიზარდოს სისულელეში, ანუ ხალხის ნება წყვეტს, წაჰყვეს უცოდინრობას, ემოციურობას, ანუ ყველა იმ დამღუპველ მოვლენას, რაც სახელმწიფოს ძირს უთხრის.

– და როგორც აღმოჩნდა, პლატონისა და არისტოტელეს შიში არ ყოფილა უსაფუძვლო.

– დიახ, ეს საკითხი სულ დგას, ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, გავლენისთვის იბრძვის ყველა. ვინც იბრძოდა მონარქიისთვის, მათ უნდოდათ იმ იდეის გატარება, რომ მონარქი ზებუნებრივი პირია და ამიტომ ქვეყანას გადაარჩენდა; ის, ვინც ებრძოდა მონარქს, ამბობდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყნის გადარჩენა და ძალაუფლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს ადამიანებზე. ანუ ყველას, ჭკვიანსა თუ სულელს, განათლებულსა თუ გაუნათლებელს, უნდა ჰქონოდა ძალაუფლების განხორციელების საშუალება. ორივე პროპაგანდისტული იდეა იყო. ორივე იდეის ამოცანა იყო, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაერაზმათ თავიანთ გარშემო, რაც დემოკრატებს უკეთ გამოუვიდათ, იმიტომ რომ დემოკრატიულმა რეჟიმმა მოიტანა ისიც, რომ ქონებაც დემოკრატიული გახდა და ის ხალხი, რომლებიც ქონებას აგროვებდნენ მეფის დროს, დემოკრატიის პირობებში უკეთ გრძნობდა თავს, რადგან მეფეს შეეძლო, ყველაფერი წაერთმია. ისტორიისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტი აღმოჩნდა და დემოკრატიის მხარდამჭერები, რის დასტურიც ევროპის ისტორიაა, იყვნენ საშუალო და წვრილი ბურჟუები, რადგან მათთვის ეს რაღაცით ხელსაყრელი იყო და ამიტომ ამ იდეოლოგიას უჭერდნენ მხარს. ასე რომ, იდეოლოგიას ახასიათებს ვიღაცისთვის ხელსაყრელობა. ის ელაპარაკება ადამიანთა მასებს ისე, როგორც მათთვის უფრო დამაჯერებელი იქნება, რათა ეს ადამიანები გადაიქცნენ მის ჯარისკაცებად. თუ გადაიქცევიან მის ჯარისკაცებად, გაიმარჯვებს. შესაბამისად, თავის მიზანს მიაღწევს ის, ვინც ამ იდეების გამტარებელია. სამხედრო-პოლიტიკური და სამედიცინო მხარე რომ გვერდზე გადავდოთ, ვიღაც ამბობს, დალიეთ ესა და ეს ლუდი. ბუნებრივია მის რეკლამას აკეთებს ის ქარხანა, რომელიც ამ ლუდს აწარმოებს და ისიც ბუნებრივია, რომ ამ ლუდის მომხმარებლები ხდებიან ამ იდეოლოგიის ჯარისკაცები, ამ იდეოლოგიის შემსრულებლები. ამდენად, ამ დონეზეც კი, რეკლამების სამყაროში რომ გადმოვინაცვლოთ, კომერციული პიარიც (პიარია საზოგადოებასთან ურთიერთობა) საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობაა, რომ ამა თუ იმ მხარემ თავის ჯარისკაცად აქციოს ადამიანი. ეს მხარე შეიძლება, იყოს კომერციული, პოლიტიკური, რელიგიური და ასე შემდეგ. ამდენად, ვერსად წავუვალთ ფაქტს, რომ ადამიანები ემორჩილებიან იდეებს.

– მაგრამ რატომაა ასე იოლი მათი მართვა, არ მინდა, ვთქვა, გაბითურება?

– იდეებს რომ შეებრძოლო, საკუთარი აზროვნება უნდა გქონდეს, საიმისო განათლება, რომ გაუწიო წინააღმდეგობა. თუ ეს რესურსი არ აქვს ადამიანს, მაშინ ის იქცევა ისე, როგორც სხვები ეუბნებიან და ვიღებთ იმ სურათს, რასაც თქვენ ჩივით და მე არ ვჩივი, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია.

– შიში არის მართვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ჩემი აზრით და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურობაში. პაატა იმნაძემაც გაგვიმხილა, კუბოებით შეგაშინეთ, რომ სახლებში დარჩენილიყავითო, რაც არ გამორიცხავს, რომ ახლა აკრძალვებით გვაშინებს, რომ ხალხი აიცრას. შიში კარგი მოკავშირეა ადამიანისთვის? დაშინებული ადამიანი რჩება კი ადამიანად, ანუ ინარჩუნებს თავის აზროვნებას, თუ, რა თქმა უნდა, აქვს ტვინი.

– კითხვა რომ შემოგიბრუნოთ: ადამიანებში, თქვენი აზრით, რამდენი პროცენტია ადამიანი?!

– არც ისე ბევრი, ალბათ, თუ მხოლოდ ორ ფეხზე სიარულსა და მეტყველების უნარს არ ავიღებთ კრიტერიუმად. ნახევარიც კი არ იქნება.

– ერთი პროცენტი თუ იქნა, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს, კარგი იქნებოდა.

– და სწორედ ეს აქცევს შიშს იარაღად?

– შიში გამოგონილი მოვლენა ხომ არ არის?! ის არსებობს. გადამფრენი ფრინველების გუნდი ისვენებს და ერთ-ერთს მიეპარა მელია, ის აფრინდა, დანარჩენებიც მიჰყვებიან. შიშის გამო. სწორია მათი ქცევა? ის მელია შეიძლება, უმეტესობისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ქცევა მაინც სწორია: ბუნება გკარნახობს შიშს, როგორც სწორ ქცევას. ვეფხვს ეშინია უცხო არსებების, რომლებსაც სუნით ვერ ცნობს და ასეთებს ერიდება. შიში რომ არ იყოს, არც მოერიდებოდა. ეს ცხოველები ბუნების ნაწილებია და ინსტინქტი ჩვენც გვაქვს. არის რეალობა, რომელიც შეიცავს ან არ შეიცავს საფრთხეს. როდესაც საფრთხე არაა და ისე ეშინია ადამიანს, ისაა პრობლემა, თორემ შიში ნორმალური რეაქციაა.

გასაგებია, თვითგადარჩენისთვის, მაგრამ ფოთლები რომ ამიშრიალდება ფეხქვეშ, არ უნდა დავფეთდე, ცოტა ტვინი უნდა დავატანო, რომ ფოთლებს ვაბიჯებ ფეხს.

– მაგრამ, თუ ამ შრიალს მიაკუთვნებთ სხვა რამეს და არა თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, მაშინ შიში ადეკვატური იქნება. არსებობენ ადამიანებიც და ცხოველებიც, რომლებიც შიშის გარემოცვაში ცხოვრობენ და ეს იარსებებს, სანამ სამყაროს არ შევცვლით, რომ იქ არ იყოს საფრთხე, სიკვდილი და ასე შემდეგ...

– მაგრამ შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო. მე რასაც ვუყურებ, ადამიანებზე ზემოქმედების იარაღად პოლიტიკა და, ახლა უკვე, მედიცინაც იყენებენ დაშინებას. ადამიანის თანდაყოლილ ინსტინქტს, რაც ბუნებრივია ჩვენი ცხოველური ბუნებისთვის. ეს სწორია?

– გულისხმობთ, როცა გატყუებს ვიღაც და მოვლენა არც ისე საშიშია, როგორც წარმოგიჩენენ. ეს არის ისეთივე ფაქტი, რაზედაც ვისაუბრეთ, როდესაც უნდათ, რომ გავლენა მოიპოვონ ადამიანებზე. ერთ-ერთი საშუალება, რა თქმა უნდა, შიშია. ეს კარგია თუ ცუდი? თუ შევთანხმდებით, რომ ადამიანებზე გავლენის მოპოვების სურვილი ცუდია, მაშინ ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. იმ კანონებში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს იმას, რომ ვიმოქმედო არა მხოლოდ იმით, რაც ჩემმა გონებამ მიკარნახა, არამედ იმით, რასაც სხვები აკეთებენ, იმიტომ რომ შეიძლება, ჩემი გონება ვერ სწვდება. ეს დამცავი მექანიზმი აქვს ცოცხალ არსებებს და ჩვენც გვახასიათებს. მე ხმას მივცემ პოლიტიკაში პეტრეს, იმიტომ რომ, ვისიც მე მჯერა, ის ადამიანი პეტრეს აძლევს ხმას. მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ, ვისიც მჯერა, ის ერკვევა, ამიტომ მას გავყვები და პეტრეს მივცემ ხმას.

– აი, რატომ უნდა ვენდო ფილოლოგს, მსახიობს, პოლიტიკოსს, სასულიერო პირს, დედას, მამას, გეითსს, მასკს, ბაბუაჩემს, რომ აცრა კარგია ან ცუდი? ექიმსაც კი ვერ ვენდობი უკვე, იმდენად არაკომპეტენტურია არც თუ უმცირესობა, ოღონდ ბონუსი მიიღოს და ლამისაა, ციანიდი გამოგიწერონ.

– ადამიანი ასეა მოწყობილი, ვინც რაღაც ერთი თვისების გამო მოსწონს, იმისი სხვა რამეებიც მოსწონს. აი, ამ მაგალითების ფონზე, რა არის სწორი და რა – არა, ძნელი სათქმელია, არასწორია სხვების მიბაძვა, მაგრამ ცხოვრება ამ არასწორი ნაბიჯებისკენ გვიბიძგებს.

– პანდემია რომ დაიწყო, მეც ველოდებოდი წამალს, ვაქცინას და უცებ ვისმენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სამი ყოფილი პრეზიდენტი საჯაროდ აიცრებიან და გამიჩნდა კითხვა: რატომ საჯაროდ? მაშინვე ჩაირთო კრიტიკული აზროვნება. ჩემზე საპირისპიროდ იმუშავა.

– გახსოვთ ექსპერიმენტები კომფორმულობაზე, როდესაც ადამიანები სხვების გავლენით მოქმედებენ. ექსპერიმენტებით, 40-50 პროცენტამდე ექცეოდა სხვების გავლენის ქვეშ; დაახლოებით, 20-25 პროცენტი იმის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებდა, რასაც ამბობდნენ სხვები და ერთი მაგდენი მსჯელობდა ობიექტურად. ანუ ობიექტური მსჯელობის გარდა, ის ვარიანტიცაა, რომ სხვების გავლენამ შესაძლოა, საწინააღმდეგოდ განაწყოს ადამიანი. ეგეც კანონზომიერია, უბრალოდ, გავლენის მოპოვებისას ყველაზე აღარ ზრუნავენ და სამიზნეა უმრავლესობაზე გავლენის მოპოვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი