პოლიტიკა

როგორ იქცა საქართველო მსოფლიო კონსერვატორებისა და ლიბერალების დაპირისპირების ერთ-ერთ ადგილად

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რას დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ლანძღვა საქართველოში ერთგვარ ტრენდად და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, განსაკუთებით, მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ამას ემატება საკმაოდ ამრეზილი დამოკიდებულება ელონ მასკისადმი, თუმცა თითქმის მთელი საქართველო დიდი აღტაცებითა და პირდაღებული შეჰყურებდა ცას პანდემიის პერიოდში (სახლში გამოკეტილები თავიანთ სახლების ფანჯრებიდან ადევნებდნენ თვალს) მასკის ხელოვნური თანამგზავრების კოლონას და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მათ შორის, მარსის ათვისების მიმართულებითაც. რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტეს ქართველი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომ დონალდ ტრამპი და ელონ მასკი ხელწამოსაკრავი პერსონები არიან, როგორც ის, რომ ბუნდოვანია, სახელდობრ, რა არ მოსწონთ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პოლიტიკის: ის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ექსპორტი აღარ იგეგმება აშშ-დან მთელ მსოფლიოში, მხოლოდ ორ სქესამდე რომ შემცირდა გენდერების აურაცხელი ოდენობა, აწი კატად რომ ვერავინ განიცდის თავს, პანდემია რომ მსოფლიო მასშტაბის აფერად გამოაცხადა თუ რამე სხვა? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– რატომ მიიჩნია ჩვენებურმა მოპროტესტე საზოგადოებამ ტრამპი და მასკი დაბალ ღობეებად: რას ვერ აკეთებენ ისინი მათ მოსაწონს?

– ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ განუცხადებია დამოკიდებულება არც საქართველოს ხელისუფლების და არც ქართული ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროპამ ხომ გამოაცხადეს თავიანთი დამოკიდებულება?! მკაფიოდ თქვეს, რომ მათთვის ხელისუფლება მიუღებელია და ოპოზიციას უჭერენ მხარს.

– და ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვებს ოპოზიცია და, სავარაუდოდ, მანამ უნდა ჩატარდეს არჩევნები, სანამ არ გაიმარჯვებს ოპოზიცია.

– დიახ, ბატონო და მეტი არც არაფერი უნდათ; ქალი-კაცი, გენდერი და მსგავსი ცხოვრებისეული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური დეტალები საერთოდ არ აწუხებთ. შეამჩნევდით, რომ პოლიტიკის დეტალებს არც განიხილავენ ხოლმე, მხოლოდ იმას, კონკრეტულ პიროვნებებს ვინ უჭერს მხარს.

– რუსეთის მტრობა თუ სახიფათოა, აშშ-ის მტრობაც სახიფათოა. ტრამპი არის აშშ-ის პრეზიდენტი, ანუ ბაიდენის დროს ამერიკის მტრობა საშიში იყო, ხოლო ტრამპის დროს – საშიში აღარ არის? აი, ამ ლოგიკას ვერ ვხვდები.

– რატომ უნდა ჰქონდეთ ლოგიკა?! ოპოზიციას სჭირდება, რომ გაიმარჯვონ, ხომ ფაქტია, რომ ევროპაში ოპოზიციის მომხრეები არიან?! ახლაც სანქციებს იქნევენ ევროპელები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიცია კარგია. მეტ დეტალს ხომ არ აქვს მნიშვნელობა?!

– მაგრამ შედეგი ხომ მათზეც იმოქმედებს? არ ვამბობ, რომ აშშ დაგვბომბავს, თუ ფიქრობენ რომ ტრამპი არ გაბრაზდება. ასეთი შტერებიც ხომ არ არიან?

– სხვათა შორის, ოპოზიციის მომხრეებიც სვამდნენ მსგავს კითხვას ხელისუფლების მიმართ. უფრო ზუსტად, სვამდნენ ბაიდენის დროს: ისეთი სულელები არიან, რომ ამერიკას უპირისპირებიანო და ეს ჩემთვის უკითხავთ ქვეყნის გულშემატკივრებსაც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ბაიდენთან დაჯახება შეიძლება, ძვირად დასჯდომოდა ქვეყანას.

– დიახ, ეს საფრთხე ნამდვილად იყო.

– ხელისუფლება ჩაერთო ბრძოლაში, კონსერვატორები ლიბერალების წინააღმდეგ. აი, ამავე ბრძოლაშია ჩვენი ოპოზიცია, ოღონდ მეორე მხარეს.

– დაახლოებით, იგივე სქემაა, რაც ოქტომბრის რევოლუციის დროს: გაიხლიჩა ქართველი საზოგადოება და, ფაქტია, რომ აქ ბოლშევიზმი დამყარდა, ვინაიდან მსოფლიო პროლეტარებს შეუერთდნენ ჩვენი პროლეტარები.

– დიახ, მაგრამ მაინც, ეს დაპირისპირება უფრო დიდი მასშტაბის დაპირისპირებაა, ვიდრე მაშინდელი ბოლშევიზმი-მენშევიზმი იყო. ის ჯანყი რუსულ იმპერიაში მიმდინარე პროცესი იყო, ეს კი მთელი ევროპა-ამერიკის, ანუ დასავლეთის შიგნით მიმდინარე პარტიული ბრძოლაა. ეს გეოპოლიტიკური ბრძოლა არ არის.

– ეს არ ასუსტებს დასავლეთს, არ ახდენს გავლენას გეოპოლიტიკაზე?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მაგრამ ფიქრი იმის შესახებ, მეორე მხარემ რომ გაიმარჯვოს, რა შედეგი გვექნება, ბრძოლისუნარიანობას ასუსტებს და, რაც მთავარია, ამის შესახებ ფიქრის საშუალებას არ მოგცემს ბრძოლაში ჩართული ის მხარე, ვის გვერდითაც დგახარ. უკვე ვიცით და „იუთუბზეც“ ძალიან ბევრი მასალაა, რაც ნათელს ჰფენს მიმდინარე პროცესს. ამას წინათ ვნახე პასკალის ინტერვიუ ერთ ესპანელ მხცოვან დიპლომატთან. ის იხსენებს, რომ 2022 წელს ზელენსკი გავარდა ბაიდენთან, ხელს ვაწერ სამშვიდობო ხელშეკრულებასო, მაგრამ ბაიდებმა უთხრა, ვინ მოგცა ხელის მოწერის უფლებაო. ასე რომ, დასავლეთს თავისი ინეტერსები ჰქონდა და აქვს და, თუ ბაიდენთან გავარდა ზელენსკი, ესე იგი, ბაიდენს თვლიდა მოკავშირედ, ხოლო მოკავშირეებში ძლიერი პარტნიორი ამერიკაა, ამიტომ ამერიკის ინტერესი უნდა გაეტარებინა და გაატარა კიდეც, რასაც გადაჰყვა ნახევარი უკრაინა.

– როგორც ჩანს, მეორე ნახევრის მიყოლებაც უნდა ამჯერად ევროკავშირს: აშშ-ის დახმარების გარეშე, როგორ უნდა გაძლოს უკრაინამ?

– გრძელვადიანი ფიქრის შედეგი არ არის ის განცხადებები, რასაც ვუყურებთ. დღეს მსოფლიო დონეზე რასაც ვხედავთ, ძალიან ჰგავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. შეგვიმჩნევია, რომ აქაური ოპოზიციონერები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ვიმარჯვებთო და არ უნდათ, რომ რეალობას გაუსწორონ თვალი. ვფიქრობ, ანალოგიური ვითარებაა ლიბერალებთანაც. ყოველ შემთხვევაში, უკრაინისადმი დამოკიდებულებაში. როდესაც გერმანიის პრემიერობის ახალი კანდიდატი ამბობს, უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარიო...

– მეც არ ვიცი, როგორ უჭერს მხარს. რით უჭერს?

– გერმანია იმიტომ გამოვყავი, რომ ქარხნები დახურა, ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო. გერმანია, რომლის ძირითადი ფუნქცია ევროპულ სივრცეში არის მაღალი დონის წარმოება, ხურავს ამ წარმოებას. ამბობს, უნდა გავზარდო დახმარებაო და თუკი გაზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, ესე იგი, ამ თანხას მოაკლებს იმავე წარმოებას და ვის რაში დასჭირდება გერმანია, რომელსაც წარმოება არ ექნება?! ეს გაუგებარი ნაბიჯებია. ანალოგიურად ინგლისიც ვაჟკაცობს, მაგრამ რით აპირებენ მხარდაჭერას?! და თუკი შეეძლოთ მხარდაჭერა, მაშინ გაუგებარია, რატომ შექმნეს „ნატო“?! მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელებმა თავდაცვისუნარიანობა ამერიკას გადააბარეს და სწორედ ამას ჩივის ტრამპი – თუ თქვენი თავდაცვაა, თქვენ მოუარეთ, მე ნუ მახდევინებთ თქვენი თავდაცვის თანხას. საღი აზრით, ვერც შეეკამათები. მით უმეტეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ორპოლუსიანი სამყარო და 30 წელია, ეს სამყარო აღარ არის ორპოლუსიანი და თუ ორპოლუსიანობა არ არის, რატომ უნდა დაეხმაროს ამერიკა ევროპას?! ესე იგი, 30 წელია, ამერიკა უზარმაზარ თანხას ახარჯავს ევროპას და გაუგებარია, რატომ. საფრთხე, რომელიც ევროპას შეიძლება, დაემუქროს, ანუ რუსული საფრთხე, ამერიკამდე ხომ არ მიაღწევს?! საბჭოთა კავშირის დროს ამერიკისთვის საფრთხე იყო იდეოლოგიის გავრცელება. იდეოლოგია გადალახავდა ოკეანეს და ამერიკაშიც მოწამლავდა პროლეტარიატს. ახლა უკვე ასეთი იდეოლოგიური საფრთხე აღარ არსებობს, ახლა წმინდა წყლის ფიზიკური საფრთხეა და ფიზიკურად ვერ მიაღწევს ამერიკამდე რუსეთი. ამიტომ ამბობს ტრამპი, დამანებეთ თავი, აღარ არის აუცილებლობა, რომ ევროპაში ჩავერიოო.

– საკმაოდ უცნაურია ევროპის პოზიცია: აშშ-ისგან ითხოვენ დახმარებას, მაგრამ ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდაო.

– ეს ყოველთვის ახასიათებდათ, მაგრამ ბოლო ხანებში გაჩნდა განსხვავებული მოწოდება: შევქმნათ თავდაცვის ევროპული ძალები, ამერიკის დახმარება არ გვჭირდებაო. აქამდე რატომ არ შექმნეს, თუ ამის ძალა ჰქონდათ?! თან, ახლა რომ დაიწყონ, როდის შექმნიან?! გერმანიამაც წამოაყენა ეს იდეა – დავიწყოთ ატომური იარაღის წარმოება, ახლა რომ წარმოებას დაიწყებენ, როდის ექნებათ?! არადა უკრაინული პროცესი მიდის.

– რუსული არმია წინ მიიწევს, უკრაინა ინგრევა და უკრაინელები იხოცებიან.

– დიახ და ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ ევროპელებმა დაკარეს რეალობის გრძნობა. მათ უნდათ ყელმოღერებული ევროპელობა, ამერიკას რომ ზემოდან დახედონ. თან, ლიბერალობა უნდათ და, თან, კარგი, კომფორტული ცხოვრება, როგორ მოახერხებენ, საინტერესოა.

– გერმანიაში, ფაქტობრივად, იმავე იდეოლოგიის ძალები მოვიდნენ, ესე იგი, გერმანელების უმეტესობა მხარს უჭერს ამ დღის წესრიგს.

– მე არ ვარ მომხრე ფორმულის: ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. ერის ხმა შეიძლება, ბევრ სისულელეს შეიცავდეს. მე მაინც მგონია, რომ ამჟამად გერმანული არჩევანი უფრო ტრენდების გავლენის შედეგია, ვიდრე იმის, რომ გერმანიის მოქალაქეები დაფიქრდნენ, რა ჯობია. ამის საშუალება არც ერთ ქეყანაში არ აქვთ მოქალაქეებს. ამდენად, დემოკრატიის პირობებში არჩევანი, უმეტესწილად, გავლენის ასეთი ფსიქოლოგიური მექანიზმებით შექმნილი მოვლენაა ხოლმე. ამიტომ არსებობს პიარი და კიდევ უფრო დიდხანს იარსებებს, იმიტომ რომ პიარი ნიშნავს ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ადამიანების მართვას.

– თუმცა დაიწყო შავი პიარი, რომ ტრამპი დაჯავშნა საბჭოთა „კა გე ბემ“ და ახლა ის რუსეთის აგენტია. ფაქტია, რომ ევროკავშირი ვერ მოერევა აშშ-ს, მაგრამ ჯავრის ამოსაყრელად ჩვენ ხომ არ შეიძლება, წავაკვდეთ ამ ამბავს ქათამივით?

– სამწუხაროდ, ქათმობა გვიყვარს. ოღონდ ადრე უფრო გვიყვარდა. ახლა ყიყლიყოს ნაკლებად ვიძახით და ვცდილობთ, ნაკლებად ვიყოთ დარტყმის ქვეშ, თუმცა არ გვაკლდება დარტყმები ლიბერალების მხრიდან. მაგრამ ამ ლიბერალების მხრიდან დარტყმებს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავიდანვე შეეგუა და მათ მიმართ იმუნიტეტი შეიმუშავა. ხედავდა კონსერვატორების გაძლიერებას. ამიტომ აღმოჩნდა კობახიძე ორბანის გვერდით, ჩვენ, ფაქტობრივად, ვგდავართ კონსერვატორული ძალების გვერდით. ბევრი ქვეყანა არ არის იქ, მაგრამ, რაც არის, უკვე პერსპექტიული ჩანს ტრამპის გამოჩენის გამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა