პოლიტიკა

როგორ იქცა საჯარო ბილწსიტყვაობა ნორმად და რატომ ფასდება უხამსობა გამოხატვის თავისუფლებად და ევროპულობად

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

თუმცა ერთ დროს „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო“, დღეს რეალურად საკმაოდ დაბინძურდა ქართველების მეტყველება, მათ შორის, საჯაროდ და ყველა ლამის თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ უხამსი სიტყვებით შეამკოს ოპონენტი და, საერთოდაც, აზრი მხოლოდ უხამსი სიტყვებით გამოთქვას და ამას, რატომღაც, გამოხატვის თავისუფლება დაერქვა. ბილწსიტყვაობა იღვრება სატელევიზიო ეთერებიდან, სოციალური ქსელებიდან და ეს მკვიდრდება ნორმად. ამ მოვლენის მიზეზებსა და შედეგებზე ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.

– ადამიანი, ზოგადად, მიდრეკილია უკეთურობისადმი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და არცთუ სახარბიელო. როგორ იხსნება ბილსწისტყვაობისადმი ასეთი ჟინიანი მიდრეკილება?

– ბილწსიტყვაობას ძალიან ნათელი სახელი აქვს რუსულ კულტურაში. სახელწოდება „მატ“ რუსულ ენაში ძალიან გავრცელებულია და აღნიშნავს სწორედ ამგვარ მეტყველებას.

– ინგლისურადაც საკმაოდ ბარაქიანად იგინებიან ლამის ყოველი სიტყვის შემდეგ.

– ინგლისურ ენაში არ არსებობს უცენზურობა, როგორც რუსულში, ინგლისური, თან, მთელ მსოფლიოში მშობლიურ ენად უამრავ ქვეყანაშია, მსოფლიო ენაა და იქაც განსაკუთრებით მომძლავრდა პოპკულტურაში, რეჩიტატივებში „ფაქ იუ“. ყოველ ორ სიტყვაში ერთხელ იხმარება. რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იმდენად კულტურული თემა არაა, რამდენადაც სატელევიზიო ეთერში წარმართული დიალოგისთვისაა დამახასიათებელი. თუ გავიხსენებთ მსგავსი ახასიათებდა პოსტგორბაჩოვის პერიოდს, როდესაც ჟირინოვსკი და ნემცოვი ერთმანეთს ესროდნენ წყლის ჭიქებს და აგინებდნენ. ეს თემა ჩვენთანაც მძლავრადაა წარმოდგენილი ტელეეთერებში და აქვს ახსნა, როგორც ფენომენს, იმ კულტურული საფუძვლის გარდა, რაც არსებობს, მაგალითად, რუსულში ან თავის დროზე ეს თემა აქტუალური იყო ინგლისისთვის.

– ინგლისში დაბალი და მაღალი ენის სალაპარაკო ინგლისური მეტად განსხვავდებოდა და ისინი ვერც უგებდნენ ერთმანეთს.

– დიახ. ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. განვიხილოთ, რა ხდება ჩვენს კულტურაში: ლანძღვა-გინებამ სად იჩინა თავი. ეს არის დამახასიათებელი ტელეეთერებისთვის და ამის მონათესავე არის საბჭოთა ტელეეთერები, როდესაც მიმზიდველი გახდა ყველანაირი შოუ, მათ შორის, პოლიტიკური შოუ. მაინცდამაინც დიდი კულტურისა და გამოცდილების არმქონე საბჭოთა და ახლა საქართველოს ტელეეთერში ეს ასე გამოიყურება: დავსვათ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანები და, როგორც რინგზე, მივუქსიოთ ერთმანეთს და ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, აქ ჩადებულია ყალბი შეხედულება, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება. არადა, ასეთ ურთიერთობაში არანაირი ჭეშმარიტება, რეალობის დიაგნოზი, პრობლემის სიღრმისეული გაგება არ არის მოსალოდნელი. აქ, ჩვეულებრივ, პოზიციური დაპირისპირებაა ორი მხარისა ერთმანეთთან. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არანაირი პიროვნული აღარ არის ამ მხარეებს შორის. მე, პიროვნება, თითქოს დაიკარგა მხარეებისთვის. მათთვისაც უცნაურად აორთქლდა და დარჩა ორი პოზიცია, რომელიც ერთმანეთს შუბლით ეჯახება. ერთი ერთი უკიდურესობაა, მეორე – მეორე უკიდურესობა და განწყობის თეორიაში ამას პოზიციური აზროვნება ჰქვია. ორივე მხარისთვის ყველაფერი მოსულა თავიანთი პოზიციების დასაცავად და გასამარჯვებლად. არ აქვს მნიშვნელობა არც პიროვნულ მეს, არც ეთიკას, არაფერს, ყველაფერი შეიძლება, დაინგრეს და განადგურდეს. ესე იგი, ეს არის ფორმატი, რომელშიც ეს პოზიციური აზროვნება აქრობს ყველაფერს: პატივისცემას, კულტურას, სირცხვილს, მორალს, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას. ეს ყველაფერი აორთქლებულია და ემორჩილება კანონს, როგორიცაა ბრძოლა წესების გარეშე. მეორე მხრივ, შეიძლება, ისეთი უკულტუროც არ იყოს ადამიანი, რომელიც ასეთ ვითარებაში ხვდება, მაგრამ ამ გარემოების, ამ რეჟისურის, ამ სცენარის გამო ხდება ასეთი. იკარგება მისი ნება, საკუთარი თავისა და რეალობის კონტროლი და ხდება ის, რასაც შოუს უწოდებენ. შოუს მომწყობი ხშირად ამით პოპულარობას იხვეჭს, იმიტომ რომ, თავის დროზე ასეთი ადამიანები არ ენახათ, თუმცა ახლა უკვე ბევრი ვნახეთ.

– შოუს მომწყობის მიზანი გასაგებია, შოუს მონაწილეთა მიზანიც, რომ ამ ფორმით დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე, მაგრამ, მე რომ მაყურებელი და მსმენელი ვარ, როგორ შეიძლება, მართალი მეგონოს ის, ვინც უფრო მეტსა და ხმამღლა იგინება? თუ ასე მგონია, ესე იგი, მეც პრობლემა მაქვს.

– მაყურებელი ნანახით შინაგანად კმაყოფილი არ დარჩება და არც რომელიმე პოზიციას მიიჩნევს გასათვალისწინებლად. ერთადერთია სეირის ყურება, შოუს ნახვა, რაღაც ნევროტული მდგომარეობის დაკმაყოფილება. აი, ქუჩის ჩხუბს რომ უყურებენ, დაახლოებით, ასეთი ნევროტული იმპულსები დაკმაყოფილდება ამ დროს. მეტი აქ არაფერია საზოგადოებისთვის გამამდიდრებელი, არც შინაარსობრივი, არც თემატური, არც პოლიტიკური. ნახავენ, თუ როგორია სეირის ყურება, ერთმანეთის და საკუთარი თავის დამცირება. ასეთი ეთერი დამახასიათებელი აღარ არის ცივილიზებული სამყაროსთვის. ასეთ რამეს ვხედავთ საქართველოში, რუსეთში ან აზიის ქვეყნებში, ან აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც, ასევე, დემოკრატია და ცივილური ურთიერთობები არ არის ჩამოყალიბებული. ეს ქართული ფენომენიც არ არის. ეს არის პოსტსაბჭოთა და აზიური გარემოსთვის ტიპური და დამახასიათებელი. მსგავს რამეს ვერ ნახავთ BBC-ზე. ეს ახასიათებს პოსტსაბჭოთა სივრცეს, სადაც არ არის მაღალი მიზნები, იმ თვალსაზრისით, რომ თითოეულმა პიროვნებამ გამოხატოს თავისი თავი, თავისი აზროვნება, თავისი შეხედულებები, თავისი პატივისცემა საპირისპირო აზრის მიმართ, თავისი დიალოგი განახორციელოს ამ პროცესში და მსმენელმა რაღაც მართლაც მნიშვნელოვანი გაიგოს, რაც არ იცოდა და მას გაამდიდრებს.

– და ეს ბოგანოობა, რატომღაც, მიჩნეულია პროდასავლურობად და თავისუფლების გამოხატულებად. ვისაც ევროპაში უნდა და ევროპა შინ ჰგონია, რომ ყველა იგინება.

– დიახ, სასაცილოა. სად ნახეს ასეთი ევროპული ფასეულობები?! და, მართლაც, სრულიად უმწიფარი გამართლება აქვს, რომ უზრდელობა, უკულტურობა, სხვისადმი უპატივცემულობის გამოხატვა თითქოს დასავლური ფასეულობაა და ნიშანდობლივი და დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიისთვის. არადა, რეალურად არაფერი მსგავსი არ არის. ამ ყალბ არგუმენტს იყენებს ის, ვინც ჩხუბს, ყვირილს, გინებას, მუშტების ქნევას დემოკრატიისა და თავისუფლების ნიმუშად ასაღებს. რა თქმა უნდა, ეს არც დემოკრატიულია და არც მისაღები კულტურული, ჩამოყალიბებული, განვითარებული საზოგადოებისთვის. მაგრამ ჩვენთან ასეთი წარმოდგენა შეიქმნა: რადგან ყველაფრის გამოხატვაა თავისუფლება, დემოკრატია და ევროპულობა. ამდენად, ძალიან გვჭირდება სტანდარტები.

– როდემდე უნდა ვიგინოთ?

– გითხარით, რომ განწყობის თეორიაში არის პოზიციური აზროვნება, რომელიც ჩვენთანაა გამეფებული და ამის საპირისპიროა ანალიტიკური აზროვნება, როდესაც ადამიანმა თავისი პიროვნული ფასეულობებით, ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით შეიძლება, გამართოს დიალოგი მეორე ადამიანთან, ვისგანაც განსხვავებული აზრები აქვს. მთავარია ის, რომ დიალოგის თითოეულ მონაწილეს ევალება, თავისი შეხედულებებიც კრიტიკულად დაინახოს; თავისი მოსაზრებებიც დაინახოს საპირისპირო მოსაზრებების ანალიზის ფონზე. თვითონვე თქვას, რას ანიჭებს უპირატესობას როგორც ერთი, ისე მეორე პოზიციიდან და შავ-თეთრად კი არ აღიქვას ისინი, არამედ თითოეულში დაინახოს ფერები, ინტონაციები და ეს ყველაფერი მსჯელობით მოიტანოს საზოგადოებამდე. ამგვარი ეთერი ჩვენთვის უცხოა. არადა, სწორედ ასეთი ურთიერთობისას იბადება ჭეშმარიტება, როდესაც პოზიციებთან კი არ არის იდენტიფიცირებული ადამიანი, არამედ, პირიქით, ადამიანი ადამიანია და ამ პოზიციას იყენებს იმისთვის, რომ გაარჩიოს მასში პლუსიც და მინუსიც, ჩრდილიც და სინათლეც, დრო და სივრცე შემოიტანოს, რომ ერთ დროს შეიძლება, ასე იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის. კულტურა შემოიტანოს და კულტურაში დაინახოს ეს მოვლენა. რომ ამის შემხედვარე ადამიანები გამდიდრდნენ იმით, რაც მანამდე არ იცოდნენ და გახდეს გასაგები ისეთი კონფლიქტები, რომლებსაც მანამდე ვერ ხედავდნენ. რომ მოსახლეობას არ სცალია იმისთვის, ყველაფერი იცოდეს, ამიტომ სჭირდება ანალიტიკური აზრები, მსჯელობა და რეალობის დანახვა. მეორე მხრივ, ასეთი პოზიციური აზროვნების გარემოში დიმიტრი გელოვანები რომ ჩავაყენოთ, ისინიც ასე მოიქცევიან.

– მე ვცდილობ, არ დავემსგავსო ამ გავეშებულ გარემოს.

– იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს თავი ასეთ გაუცხოებულ გარემოში, როდესაც დაევალება კონკრეტული ამოცანების შესრულება. მაგალითად, თუ ამ პარტიის წარმომადგენელი ხარ, აბა, შენ იცი, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარე იმისდა მიხედვით შეგაფასებს, თუ როგორ დაიცავი პარტიის შეხედულებები. ასეთ გარემოში რომ მოახვედრო კულტურული, მოაზროვნე, პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი, შეიძლება, აცდუნო და ის გამოეკიდოს პოზიციური აზროვნების ფასეულობას, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი მოსულა და ეგონოს, რომ აი, ამას უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ამ მოვლენას თავისი პიროვნების გადმოსახედიდან უყურებს, ამას არ გააკეთებს, ასეთი დაპირისპირების მონაწილე არ გახდება. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, როდესაც, მაგალითად, ინგლისში პოლიტიკაზე არ ლაპარაკობენ უცნობები, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, სპეციალურად ამინდზე ლაპარაკობენ. რატომ იქცევიან ასე?! იმიტომ, რომ ამინდი მათ გააერთიანებთ, მათ ერთმანეთთან დააახლოებს, ერთმანეთისადმი პოზიტიურ განცდებს გაუჩენს. მათ იციან, პოლიტიკაზე ლაპარაკის ამოცანა რომ დაისახონ, ერთმანეთს თავზე დაამხობენ ისევე, როგორც ჩვენთან ხდება. ესე იგი, ყოფითი კულტურაცაა საჭირო, რომ იცოდე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები. მაგალითად, დაბადების დღეზე არ დაიწყონ პოლიტიკაზე ლაპარაკი ან არ მოაწყონ ისეთი გადაცემები, რომლის მიზანიც იქნება, პოზიციური აზროვნებით სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონეთა ერთმანეთთან დაჯახება. ამის საპირისპიროა შეხედულება, რომ ყველა პოზიციის ადამიანს უნდა სცე პატივი. ეს, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა იმ შეხედულებას, რაც ჩვენთანაა, რომ, თუ სხვანაირად ფიქრობს, ნაძირალაა, საზიზღარია, უწიგნურია და ყველა ნეგატიური ეპითეტი შეიძლება, უწოდონ ადამიანს იმის გამო, რომ ის აზრი აქვს, რაც აქვს. მეორე მხრივ, ნებისმიერ პოზიციას აქვს თავისი გამართლება და მნიშვნელოვანია ამის დანახვა. ადამიანები ერთმანეთს ტყუპისცალებივით არ ჰგვანან, განსხვავდებიან, განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ეს კარგია. პირიქით, საზოგადოებამ ეს განსხვავებულობა შეიძლება, გამოიყენოს პოზიტიურადაც, მაგრამ პოზიციური აზროვნებით ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რაც კი შეიძლება, ადამიანს სჭირდეს და შედეგიც შესაბამისია: ერთმანეთის ლანძღვა-გინება და სამუდამოდ შეძულება, რაშიც ვტრიალებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა