როგორ იქმნის რუსეთი თავის გარშემო უსაფრთხოების სარტყელს, რომ თავდასხმა მოიგერიოს არა საკუთარ, არამედ სხვის ტერიტორიებზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 10.09

1992-1993 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის ცხინვალის ომზე დღესაც ემოციურად ვლაპარაკობთ, მაგრამ არც კი გვიცდია მომხდარის გაანალიზება, რაც აუცილებელია, ვინაიდან არცერთი არ ყოფილა სპონტანური და საკმაოდ კონკრეტულ ამოცანებს ისახავდა მიზნად, რის შესრულებაშიც სწორედ ქართველები დავეხმარეთ მიზნის მიღწევის მსურველებს. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე ორი რუსული სამხედრო ბაზაა გამაგრებული, სომხეთში განთავსებული გიუმრის ბაზის პარალელურად. როგორია ამ ბაზების როლი და ფასი რუსეთისთვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში? – ამ თემას ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– იმდენად ფასადაუდებელი სამსახური გაუწია იმჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს 2008 წელს, რომ თვით ევროკომისიამაც კი გაამართლა რუსეთის ჩარევა, ერთი ის დასძინა, არაპროპორციული ძალით შეიჭრნენ საქართველოშიო. რა ფორას აძლევს ეს სამი ბაზა რუსეთს?
– გავიხსენოთ, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ რუსეთის ბაზები გაგვეყვანა საქართველოდან. დარჩენილი იყო მხოლოდ გუდაუთის ბაზა. საბჭოთა პერიოდში რუსეთს უზარმაზარი დაჯგუფება ჰქონდა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და, მათ შორის, საქართველოში. მაშინდელი გეგმებით, სამხრეთიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში, საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გაიმართებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი უსაფრთხოების ამ სარტყლის გარეშე დარჩა. მთელი დაჯგუფების ან გაყვანა, ან სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკისთვის გადაცემა მოუწია. ახალ რეალობაშიც რუსეთი კავკასიას, როგორც ბუფერულ ზონას, ისე განიხილავდა. ამიტომ შეეცადა, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სამხედრო ბაზები. 2008 წლის ომამდე რუსეთს რჩებოდა სომხეთში განლაგებული სამხედრო ბაზა, გუდაუთის სამხედრო ბაზა და სამშვიდობო კონტინგენტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2008 წლის ომმა კი რუსეთს საშუალება მისცა, დაეხურა გუდაუთის ბაზის გაყვანის საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეექმნა სამხედრო ბაზები. აღნიშნული ბაზები, ერთი მხრივ, პოლიტიკური ზეგავლენისთვის გამოიყენება, მეორე მხრივ, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ამ ბაზების დანიშნულებაა დამატებითი ძალების მიღება და საბრძოლო წყობაში გაშლა. შესაბამისად, რუსეთისთვის ჩვენ ისევ გავხდით უსაფრთხოების სარტყელი, ბუფერული ზონა. პირველი დარტყმები რუსეთმა უნდა მიიღოს არა მისი ტერიტორიის სიღრმეში, არამედ მის საზღვრებს მიღმა.
რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდის სტატუს-ქვო ვერ აღიდგინა და ვერც აღიდგენს, მაგრამ, აგვისტოს ომის მეშვეობით, სამხედრო თვალსაზრისით, ორი სერიოზული საყრდენი შეიქმნა. იგივე მიდგომა აქვს რუსეთს სხვა მიმართულებებზეც.
ამიტომ აცხადებს ასე კატეგორიულად, რომ უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანება მისთვის მიუღებელია და დღეს მთელი მოლაპარაკებები, აი, ამ საკითხის ირგვლივაა. რამდენიმე მოთხოვნას აყენებს, თუმცა დენაციფიკაციას ვერც შეასრულებს და ვერც გააკონტროლებს, მაგრამ რჩება „ნატოს“ ჯარების ყოფნა-არყოფნის საკითხი უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის სამხედრო პოტენციალის შესუსტება ისეთ დონემდე, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. ანალოგიური როლი აქვს რუსეთისთვის ცენტრალურ აზიას. როგორი ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს ჩინეთთან, მისთვის საჭიროა ცენტრალური აზიის შენარჩუნება, თუმცა ჩინეთის გარდა ცენტრალურ აზიას სხვა ქვეყნებიც ესაზღვრებიან. ჩრდილოეთით რუსეთს არქტიკა იცავს და აქვს მოწყვლადი მიმართულება დასავლეთით – ბალტიის ქვეყნებით. ვინაიდან მეორე კულტურულ დედაქალაქს, როგორც თავად უწოდებენ სანქტ-პეტერბურგს, „ნატოს“ წევრი ქვეყნები ესაზღვრება. ამ ომის ფონზე ჩრდილოეთით მიიღო „ნატოს“ გაფართოება და ფინეთის, რომელიც აქამდე ნეიტრალური იყო, 1 500-კილომეტრიანი „ნატოს“ საზღვარი. რუსეთისთვის, მისი ხედვით, კავკასია ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მიმართულებაზე მისთვის ასეთი საყრდენი ბაზები მნიშვნელოვანია.
– მე მიკვირს ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, რუსეთს ჩრდილო კავკასიიდან გზები გაჰყავს ჩვენი საზღვრებისკენო და, თუნდაც, აქედან გამომდინარე, ხომ გასაგებია, რომ რუსეთი შენს ტერიტორიაზე ყველა მოძრაობას საფრთხედ აღიქვამს?
– რაც შეეხება ამ გზებს: დღეს ყველაზე მეტად ხმაურობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ უნდა გავახსენოთ, რომ იმავეს აპირებდა სააკაშვილი. ის აანონსებდა იმ გზას, რაც ახლა კეთდება: გუდაურის მიმართულებაზე 9-კილომეტრიან გვირაბს ვგულისხმობ და ეს არ იყო ერთადერთი გზა, რომელსაც აანონსებდა ის ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს ვიდეოები არსებობს. არქივი ყველაფერს ინახავს. ანუ ჩვენ, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ტრანზიტულ ფუნქციებსა და კომუნიკაციების განვითარებაზე, მეორე მხრივ კი, ვამბობთ, რომ გზები არ უნდა გავიყვანოთ და ეს პატარა ქვეყანა უნდა ჩავიკეტოთ. თან, როდესაც სხვა დერეფნები აქტიურდება, იგივე ზანგეზურის; ასევე, ირანმა და სომხეთმა ახალ მარშრუტზე მოილაპარაკეს, იწყება ხმაური, საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებსო? ესე იგი, ერთი მხრივ, ამბობ, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში გზები არ გაიყვანო და არ განავითარო ინფრასტრუქტურა; მეორე მხრივ, როდესაც ალტერნატივას სხვა აკეთებს, იგივე ხალხი ხმაურობს, რომ საქართველო პასიურად შეჰყურებს ამ პროცესებს და არაფერს აკეთებს. და რა უნდა გააკეთო ამის საპირწონედ?! რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტები, იმიტომ რომ ან შენზე გაივლის, ან სხვა ქვეყნებზე. ამერიკა არ ეწინააღმდეგება ზანგეზურის პროექტს, უბრალოდ, უნდა, რომ მისმა კომპანიამ გააკონტროლოს. არ ამბობს, არ უნდა აშენდესო, პირიქით, ჩაიყვანა ფაშინიანი და ალიევი, შეახვედრა და ხელი მოაწერინა.
– ჩემთვის ცოტა გაუგებარია: ზანგეზურის დერეფანი გადის სრულად სომხეთ-ირანის საზღვრის პარალელურად და სიახლოვეს. სომხეთსა და ირანს შორის მიმოსვლის აღდგენის გზაც კვეთს ზანგეზურის დერეფანს. ესე იგი, ამერიკა გააკონტროლებს სომხეთ-ირანს შორის მიმოსვლასაც?
– მარტივად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანსა და თურქეთს აინტერესებს ამ ორი სახელმწიფოს პირდაპირი დაკავშირება; ირანს აინტერესებს სომხეთის გავლით, დანარჩენ სამყაროსთან კავშირი. ეს ორივე მარშრუტი სხვადასხვა ამოცანას ემსახურება.
– სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ რაღაცები ხდება, რაც ჯერჯერობით არ ვიცით.
– ცხელ წერტილებს რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ, რომ დაპირისპირებების ერთ-ერთი მიზეზი არის ტრანზიტული მარშრუტების კონტროლი. ახლო აღმოსავლეთი ათეული წლებია, დუღს და რელიგიური და სხვა მიზეზების გარდა, მთავარი მაინც ნავთობის, ანუ ენერგომატარებლებისა და ტრანზიტული მარშრუტების კონტროლია. აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირების ჭრილში რომ განვიხილოთ, რჩება სამხრეთის მარშრუტი და ეს საკმაოდ შორია, განსაკუთრებით, აფრიკის შემოვლა როცა უწევთ. არის მარშრუტი, რომელიც ჩვენზე გადის, რუსეთის გავლით და რუსეთის ჩრდილოეთით გამავალი მარშრუტები.
სანქციებით შემცირებულია რუსეთის ტერიტორიის ტრანზიტული მიზნით გამოყენება: უკრაინაზე ვეღარ ატარებს, ბელარუსზე შეიძლება, ატარებს, მაგრამ იმდენს არა, რაც ომამდე მიდიოდა. იქით ბალტიის ქვეყნებია და ვხედავთ დაძაბულ ურთიერთობას. ბალტიის ქვეყნები ბარიკადებს აგებს რუსეთთან, სინამდვილეში პირდაპირ თავდაცვის ზღუდეებს აშენებენ.
– თითქოს ავიაციას თავდაცვის ზღუდეები აკავებდეს.
– არის ეს ჩვენი შუა დერეფანი და ვხედავთ, ამ დერეფნის ირგვლივ როგორ არის გააქტიურებული ამერიკა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსეთი ძალიან ბევრ სივრცეზე კარგავს კონტროლს და პროცესებში აქტიურად ვერ ერევა. სირიაში ბაზები ჰქონდა განლაგებული და, ფაქტობრივად, დაკარგა სირია. შემდეგ ვნახეთ ისრაელ-ირანის დაპირისპირება და იქაც ვერ ჩაერია. ამას მოჰყვა ამერიკის აქტიურობა აზერბაიჯან-სომხეთს შორის. ზანგეზურის დერეფანზე ვისაუბრეთ და აქაც მინიმალური აქტიურობაა რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ამ ეტაპზე შებოჭილია უკრაინის ომით. ხვალ-ზეგ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეეცდება, მომძლავრდეს ჩვენს რეგიონში, მომავალში გამოჩნდება. დღეს ვხედავთ აზერბაიჯან-რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებს.
– კომუნიკაციებისთვის დაპირისპირებაში ცხინვალის, აფხაზეთისა და გიუმრის სამხედრო ბაზები რა დივიდენდებს აძლევს რუსეთს?
– რა თქმა უნდა, ეს ბაზები ვერ ახდენენ რეგიონის სატრანზიტო მარშრუტების სრულყოფილ კონტროლს, როგორც ეს რუსეთს სურს. თუმცა, სამივე ბაზას მნიშვნელოვანი რაიონები უკავია. ცხინვალის ბაზა განლაგებულია საქართველოს მნიშვნელოვან სახმელეთო კომუნიკაციებთან. აფხაზეთში განლაგებული კონტინგენტის მეშვეობით, სახმელეთოს გარდა, რუსეთს კონტროლი აქვს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაზე. გიუმრის ბაზა განლაგებულია სომხეთ-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როგორც სომხეთში, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია რუსეთის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე კომპლექსები. ბაზების არსებობა არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო ძალას მიმართავს და აღნიშნულ ბაზებს გამოიყენებს, თუმცა სამხედრო კონტინგენტი ყველა შემთხვებაში იწვევს დაძაბულობას, ახდენს გავლენას როგორც შიდა, ისე რეგიონულ პროცესებზე და ასე შემდეგ.
– ოჩამჩირის ბაზას რუსეთი იყენებს იმ დანიშნულებით, რაც ითქვა თავის დროზე, რომ იქ მისი შავი ზღვის ფლოტის მართვის შტაბი გადავიდოდა?
– დაზუსტებული ინფორმაცია, რა ხდება ოჩამჩირეში, რთული მოსაპოვებელია, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი იძულებული გახდა, ყირიმიდან გაეყვანა თავისი ხომალდები, იმ მარტივი მიზეზით, რომ საზღვაო დრონებთან მოუწია დაპირისპირება. იქ თითქოს უზარმაზარი ფლოტია, რაკეტებით, საჰაერო თავდაცვის კომპლექსებით, არტილერიით აღჭურვილი ძალიან სერიოზული ტექნიკა, ზღვის მონსტრები და უპირისპირდება პატარა მცურავ უპილოტო საშუალებას, რომელმაც შეიძლება, გამოიყვანოს მწყობრიდან და ამიტომაც მოუწიათ გაყვანა, მართალია, მთლიანად არა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობის მოშორება იმ ზონიდან. ერთადერთი, სადაც შეიძლება, ამ ეტაპზე წაიღონ, არის ოკუპირებული აფხაზეთი. შავი ზღვის დანარჩენ ნაწილში, საქართველოს გარდა, „ნატოს“ წევრი ქვეყნებია, თურქეთით დაწყებული. არჩევანი და არეალი ძალიან შეზღუდულია, ამდენად, ბუნებრივია, თავისთავად ებღაუჭება ამ ტერიტორიას და ჩაებღაუჭება ბოლომდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან