პოლიტიკა

როგორ იხეირეს ეკონომიკურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომით

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.01, 2023 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ის, რაც ერთისთვის უბედურების მომტანია, მეორისთვის შესაძლოა, ხეირის წყარო აღმოჩნდეს. იმას გარდა, რომ ცნობილია, ყველაზე მეტი ფული სწორედ საომარი მოქმედებების დროს იჭრება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ლეგალურსა და კანონიერ ხეირზე ვისაუბრებთ, ანუ იმ მოგებაზე, რაც ცალკეულმა სახელმწიფოებმა უნებლიეთ მიიღეს რუსეთ-უკრაინის ომით. ამ საკითხს ეკონომისტი იოსებ არჩვაძე განგვიმარტავს.

- ამას წინათ წავიკითხე, რომ საქართველოს, სომხეთისა და ტაჯიკეთის ეკონომიკების განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს უკრაინასთან ომის გამო. კიდევ რომელ სახელმწიფოებს შეეწივნენ რუსეთის მოქალაქეები უნებლიეთ? ანუ როგორია ომის მეორე მხარე?

- საზოგადოებას აქვს განსაზღვრული რაოდენობის რესურსი, დემოგრაფიულიდან დაწყებული და ფინანსურით დამთავრებული და, რაც უფრო მეტს ხარჯავს მშვიდობიან აღმშენებლობაზე, ნაკლები დაიხარჯება სამხედრო შეიარაღების შეძენა-შექმნაზე. ნობელის პრემიის ლაურეატის სამუელსონის ფორმულა სახელმძღვანელოებშია შეტანილი და იქ მოტანილია ზარბაზნებისა და კარაქის მაგალითი. საზოგადოებას შეუძლია, პირობითად, 100 ზარბაზნის ან 1 000 ტონა კარაქის წარმოება და თუ გაზრდის კარაქის წარმოებას, მას შედარებით ნაკლები რესურსი რჩება ზარბაზნების საწარმოებლად და პირიქით. ეს უტრირებული მაგალითია, მაგრამ აჩვენებს, რისკენ იხრება საზოგადოება. თუ მეტს ხარჯავს მილიტარისტული მიზნებით, მას ნაკლები რესურსი რჩება სამოქალაქო განვითარებისთვის. ეს ზოგადი ფორმაულაა, მაგრამ თვით ამ ფორმულის არსებობის პირობებშიც კი არის ადამიანებისა და საზოგადოებების კატეგორია, რომლებიც სხვების უბედურებაზე საკმაოდ სოლიდურ ნაღებს იღებენ. რუსული გამონათქვამია: „ვისთვის ომია და ვისთვის - მშობელი დედა“. რუსული გამონათქვამი იმიტომ მოვიტანე, რომ ამ ერში ძლიერია მილიტარისტული და ექსპანსიონისტური განწყობა. ნუ ჩამითვლით ანტირუსულ გამოსვლაში.

- ფაქტია, სულ მიწებს აგროვებენ და რად უნდათ ამდენი, დღემდე ვერ ავხსენი.

- უბრალოდ მათი ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული ეს ხატოვანი გამოთქმა. საქართველოს შემთხვევაში ძალიან საინტერესო ვითარება იკვეთება. ერთი მხრივ, რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებამ გამოიწვია შესაბამისი ფინანსური ტრანზაქციების მოზღვავება. 2022 წლის თებერვლამდე რუსული ტრანზაქციები მცირდებოდა, თუმცა იყო დრო, მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც რუსული ტრანზაქციების წილი საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებში თითქმის 70 პროცენტს შეადგენდა. თუმცა გარკვეულ პერიოდში საკმაოდ შემცირდა, მაგრამ საომარმა მოქმედებებმა და რუსეთიდან იქ არსებული რეჟიმისგან თავის დაღწევის მიზნით ადამიანების გამოსვლამ გამოიწვია ფულადი ტრანზაქციების გაძლიერება და ამჟამად მთელი ტრანზაქციების თითქმის 60 პროცენტი რუსული წარმომავლობისაა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველოში მილიარდ 300 მილიონ დოლარზე მეტი თანხაა რუსეთის ფედერაციიდან შემოსული, საიდანაც, დაახლოებით, 800 მილიონი დაიხარჯა სამომხმარებლო დანიშნულებით, დანარჩენი ფულად დეპოზიტებზე დაილექა.

- რას ნიშნავს ეს?

- რომ იზრდება მოთხოვნა. რაც მეტი ადამიანი შემოდის, მით იზრდება მოთხოვნა, პურპოდუქტებით დაწყებული და საცხოვრისით დამთავრებული, რაც ააქტიურებს ადგილობრივ ბაზარს, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს, ქმნის მეტი პროდუქციის წარმოების აუცილებლობას და მეტ მიწოდებას. შესაბამისად, ეს ადეკვატურად აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში: ეროვნული პროდუქტით დაწყებული და დასაქმებით დამთავრებული. ჩვენი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არა მარტო ჩვენი ხელისუფლებისა და სწორი ეკონომიკური გათვლების დამსახურებაა, არამედ იმის, რომ ადამიანთა მოზღვავებამ შექმნა დამატებითი მოთხოვნა პროდუქციაზე, რაც აისახა ეკონომიკის განვითარებაზე.

- და შექმნა დამატებითი გაუვალი საცობები გზებზე.

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყოველ მედალს ორი მხარე აქვს და როდესაც იზრდება მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეს მედლის ერთი მხარეა, ხოლო მეორე მხარედ შეიძლება, ჩავთვალოთ ინფლაცია. როდესაც მოთხოვნა იზრდება, ეს პირდაპირ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ინფლაცია ეწოდება. ჩვენთან დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ერთმანეთს დაემთხვა ორი პროცესი: ხარჯებისა და მოთხოვნის ინფლაცია ხარჯებში ვგულისხმობ, რომ 2022 წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში იზრდებოდა ნავთობპროდუქტების ფასი და ამ პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის გადახდა მოგვიწია იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების შესაძენად, რაც შემდგომ აისახება ფასებზეც. ეს არის ხარჯების ინფლაცია, ანუ სურსათში რამდენიმე ათეული მილიონით მეტი გადავიხადეთ. მეორე მხრივ, როდესაც ფულადი რესურსის დამატებითი ტალღა შემოდის და ეს არ უკავშირდება ჩვენს სამეწარმეო აქტიურობას, ექსპორტის ზრდას და მხოლოდ ფულადი ტრანზაქციებითაა გამოწვეული, იზრდება მოთხოვნა, რაც პირდაპირ ურტყამს ინფლაციას. რომ არა ეს ფაქტორი, ჩვენ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდა, ვფიქრობ, 7-7,5 პროცენტი, ხოლო ინფლაციაც ჩამოსცდებოდა ორნიშნა რიცხვს.

- ანუ სიტუაცია იგივენაირი იქნებოდა, რაც დღესაა?

- როცა არჩევანის საშუალებაა, ანუ რა გვირჩევნია, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და დაბალი ინფლაცია, თუ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და მაღალი ინფლაცია, მე მეორეს ავირჩევდი. შეიძლება, იყოს მაღალი ინფლაცია, მაგრამ რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი შემოსავლები და კეთილდღეობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდეს, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი. ამას, სხვათა შორის, სტატისტიკაც ადასტურებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 22 დეკემბრის განცხადებაც, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებული პროცესების ანალიზისას სამგანაა ხაზგასმული, რომ ინფლაცია უკავშირდება გაზრდილ მოთხოვნას. ჩვენ ისეთ სტადიაში ვიმყოფებით, რომ მცირდება ხარჯვითი კომპონენტის ფაქტორი, ანუ ხარჯვითი ინფლაციის გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე და სულ უფრო და უფრო მეტ წილს იკავებს მოთხოვნის ინფლაციის მაჩვენებელი. ანუ ჩვენ ისე ძვირად აღარ გვიწევს ნავთობპროდუქტების შეძენა, ეს ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. თითოეული ბარელი ნავთობის ერთი დოლარით გაიაფებაც კი, წელზე გადაანგარიშებით, საქართველოს აძლევს, დაახლოებით, 9 მილიონი დოლარის ეკონომიას და წარმოიდგინეთ, 120-დან 80-მდე რომ დაიწევს ბარელი ნავთობის ფასი და კიდევაა მისი შემცირების პერსპექტივა, ეს რა ოდენობის ეკონომიის პოტენციალს ქმნის?!

- სხვა რომელმა ქვეყნებმა ნახეს ხეირი ასეთი ეეფქტით? ვიღაცამ რაღაც საქონელი უფრო ძვირად გაყიდა და ასე შემდეგ?

- ველოდი, რომ ჩამონათვალში დამისახელებდით კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას.

- დიახ, ყაზახეთს, მეც გამიკვირდა, რომ არ იყო იმ ჩამონათვალში, რაც წავიკითხე.

- ყაზახეთში ფულადი გზავნილების მოცულობა, რუსული წყაროებით, დაახლოებით, 10-ჯერ გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან, იგივე მდგომარეობაა: საერთო საზღვარი, ერთობლივი ბიზნესები, რაც საფუძველს იძლევა, რომ ყაზახეთში დიდი მოცულობის საქმიანი აქტივობა გადადინებულიყო რუსეთიდან და ასეც მოხდა. შესაბამისად, ყაზახეთის ეკონომიკაზეც იმოქმედა. მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველო, სომხეთი და ტაჯიკეთი ეკონომიკური მოცულობით, პოტენციალით, შედარებით მცირე ზომის ქვეყნებია და ამიტომ ეს გავლენა მათზე უფრო ძლიერად აისახა, ხოლო ყაზახეთი გაცილებით წინ არის ეკონომიკური პოტენციალით და ეს შედინება პროცენტულ განზომილებაში ისეთ გავლენას ვერ ახდენს, როგორც ჩვენს ეკონომიკაზე.

და კიდევ არის ერთი ქვეყანა, რომელიც ომისგან და მშვიდობისგანაც თანაბარ დივიდენდებს იღებს, ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთია, რომელიც, ასევე, საკმაოდ მოგებიან მდგომარეობაშია და სარფიანად ვაჭრობს არა მარტო საქონლითა და მომსახურებით, არამედ პოლიტიკური გავლენით; დამატებით პრეფერენციებს იღებს, რაც შემდეგ კონვერტირდება კონკრეტულ დოლარულ განზომილებაში. ის ფაქტი, რომ საერთო სახელმძღვანელოებისა და ერთიანი პოლიტიკის გატარება მოახერხა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და ამას ძალიან შორსმიმავალი შედეგები ექნება.

- რა გავლენა მოახდინა ევროკავშირის სახელმწიფოების ეკონომიკაზე ომმა?

- ევროკავშირის ენერკეტიკა, დაახლოებით, 40 პროცენტით იყო დამოკიდებული რუსეთიდან გაზისა და ნავთობის ექსპორტზე და, რა თქმა უნდა, თანდათანობით შემცირებამ დამატებითი პრობლემები შექმნა, ამან გამოიწვია ფასების მყისიერად ავარდნა, შემდგომ დასტაბილურდა, მაგრამ ძველ ნიშნულზე დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს. ხდება ენერგობაზრის დივერსიფიცირება, რამაც გააძვირა პროდუქციის თვითღირებულება და მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ევროპულ პროდუქციას ბაზარზე, კონკურენციის მხრივ. ამით ისარგებლებენ როგორც ამერიკული, ისე ჩინური და სხვა აზიური სახელმწიფოების კომპანიები.

- ამერიკის შეერთებული შტატები არ ვახსენე ევროკავშირთან ერთად, თუმცა ის ამ ომის ერთ-ერთი მხარეა. მისი ეკონომიკა როგორ უძლებს ომს? დაზარალდა თუ უფრო იხეირა?

- ამერიკამ უფრო იხეირა. ამერიკამ, თურქეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა ამ ომით უფრო იხეირეს, ვიდრე იზარალეს. პირდაპირი ზარალი მიადგა უკრაინას, როგორც აგრესიის ობიექტს და დასავლეთ ევროპას, რომელიც დამოკიდებული იყო რუსეთზე, ის ერთგვარად მოექცა გრდემლსა და უროს შორის.

- სამაგიეროდ, შეიძლება, ფოლადი გამოიწრთოს.

- მაშინ მოუწევთ სიცივისა და სიცხის მონაცვლეობა, რომ უფრო მედეგი იყოს ფოლადი. ვნახოთ, როგორი იქნება ეს ზამთარი, ანუ სიცივე და ომი რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკაზე, თუმცა ევროპული კომპანიების პოზიციები ისეთი ძლიერი ვეღარ იქნება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ეს ამ ომამდე იყო.

- ჩინეთმა და ინდოეთმა იმით იხეირეს, რომ რუსეთის ბაზარზე შეაქვთ პროდუქცია და უფრო იაფად ყიდულობენ ენერგომატარებლებს, აშშ-მა კი იმით იხეირა, რომ ევროპა მასზე უფრო დამოკიდებული გახდა?

- ევროკავშირი მისი სერიოზული კონკურენტი იყო ჩინეთთან ერთად და მისი დასუსტება ამერიკული კომპანიებისთვის ხელსაყრელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი