პოლიტიკა

როგორ იყენებენ ქართული ხასიათის თვისებებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მათთვის სასურველი პროცესების დასაწყებად

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00 25.02

ბესიკ ალადაშვილი
დაკოპირებულია

 ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ამა თუ იმ, ანუ მათთვის საინტერესო ქვეყანაში ინფორმაციის 90-95 პროცენტს იღებენ სავსებით ლეგალური წყაროებით: მედია, სოციალური ქსელები. ამის მიუხედავადაც, მაგალითად, ჩვენთან, არათუ მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმაც კი ვერ (მე უფრო ვიტყოდი – არ და ამას, სავარაუდოდ, აქვს მიზეზები) გაიაზრეს ეს მარტივი ჭეშმარიტება და არათუ იმას ამბობენ, რაც პირზე მოადგებათ, არამედ ხშირად საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ინფორმაციასაც ავრცელებენ (შეფუთულს გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა, რეალურად, ეს, უბრალოდ, მავნებლობაა, ისიც რბილად ვამბობ). ასე, მაგალითად, აკაკი ბობოხიძე უცებ იქცა აზერბაიჯანული მედიის ვარსკვლავად, იმიტომ რომ ისეთი სამსახური გაუწია დავით გარეჯის კომპლექსის აზერბაიჯანისთვის კუთვნილებას, თვით აზერბაიჯანელებიც რომ ვერ შეძლებდნენ. და ეს არ არის პირველი შემთხვევა ან გამონაკლისი, განსაკუთრებით, ჩვენებური პოლიტიკოსები, საკუთარი ვიწრო-პარტიული თუ ვიწრო-პერსონალური ინტერესების გამო ხშირად ავრცელებენ სახელმწიფოსთვის საზიანო ინფორმაციას (არც მედია ჩამორჩება და არც საზოგადოება, თავისი სამოქალაქო სექტორიანად). უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ რატომ იქცევიან უნებლიეთ (იქნებ ნებსითაც) უცხო ქვეყნების გავლენის აგენტებად ჩვენი თანამოქალაქეები და რატომ ვერ ავლებენ ზღვარს, სად მთავრდება, რაც ენაზე მოგადგება, იმის თქმა და სად იწყება სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომელიმე ხელისუფლება მოგწონს თუ გძულს?

– რით ვერ ისწავლეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ მთავარი პრიორიტეტი არის სახელმწიფო ინტერესი და ამის შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი?

– წესით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ინტერესი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის დაბრუნება. თუმცა რაც დრო გადის, მათი პოზიციები უფრო შორდება. ამდენად, ჩემი მოსაზრებები დღევანდელ ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც: გარკვეული დროის შემდეგ ისინი ხომ ადგილებს გაცვლიან. ესაა ნამდვილი დემოკრატია. წლები გადის, ქართულ პოლიტიკაში კი, ძირითადად, ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ, რომ გითხრათ: გაიზარდნენ და ასაკთან ერთად დაღვინდნენ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა უფრო ცუდი ისაა, რომ მთლიანად ჩვენი „პოლიტიკური ელიტაა“ მძიმედ დაავადებული. დიაგნოზია პოლიტიკური მაზოხიზმი. ჯერ დაუფიქრებლად, მოუზომავ-აჩქარებულები იტყვიან რაღაცას, ერთმანეთს „ერთგულებას შეჰფიცავენ”, თან, ძველბიჭურ-ქუჩურად დათქვამენ-დაიქადნიან (კულისებში ალბათ „დაიგინებენ“ კიდეც), მაგალითად, „ვინც პარლამენტში შევიდეს” და შემდეგ ამაოდ ცდილობენ იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, რომელიც თავად შეიქმნეს. საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთგვარი „ნოუ-ჰაუა“ ძველბიჭურ-ქუჩური „შარმი”, რაც გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან მოდის. ეროვნულ მოძრაობაში გარედან შემოტანილი და ჩანერგილი შეურიგებლობა და ურთიერთსიძულვილი, სამწუხაროდ, ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაამკვიდრა პროვინციალური რადიკალიზმი: „დღესვე გადადგეს!”, „ერთ საათს ვაძლევთ დროს!” „თუ არა და კარვებს გავშლით”, „ქუჩაში ხალხს გამოვიყვანთ” და ბევრი სხვა მსგავსი „მარგალიტი” გვესმის მათგან. ეს კი პირდაპირი გზაა „რევოლუციური სცენარისკენ“, რაც მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს ხელს. ოპოზიციაში მყოფი პარტია ქვეყნის მართვას უპირველესად სხვადასხვა დონის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით უნდა სწავლობდეს და არა ქუჩაში. ქუჩის დრო უკვე დიდი ხანია, წავიდა. თუმცა ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და თუ გაუაზრებელი მოთხოვნებით წინდაწინ ჩიხში აყენებ ოპონენტს და თავადაც „მაზოხისტობ”, ვერაფერს მიაღწევ ქვეყანაში სიტუაციის არევის გარდა. თუმცა, იქნებ ზოგიერთ პარტიასა და პოლიტიკოსს ზუსტად ეს სურს?!

– მე ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, რატომ უნდა სურდეს? თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ ყველა, ეგრეთ წოდებული, გავლენის აგენტი იყოს ან ყველა ერთბაშად ცოტა გონებასუსტი.

– იმიტომ, რომ ქართული ხასიათის მთავარი სისუსტეები – ამპარტავნობა, ამბიციები და სიზარმაცე, ჩვენმა მტერმა იცის და კარგადაც იყენებს. ათწლეულებია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აშკარად და ფარულად აქტიურად მუშაობენ როგორც კეთილმოსურნე (ანუ მეგობარი) ქვეყნების, ისე არაკეთილმოსურნე (ანუ მოწინააღმდეგე) ქვეყნების სპეცსამსახურები. ორივე ჯგუფი ახორციელებს ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს და აგროვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და მსგავს ინფორმაციას, აანალიზებს და საკუთარ ხელმძღვანელობას აწვდის მოვლენათა შესაძლო განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზს. ამ ჯგუფებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველნი, საბოლოოდ, მაინც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედებენ, ხოლო მეორენი – საწინააღმდეგოდ. არაა დასამალი, რომ ჩვენს თავს დატეხილ ბევრ უბედურებას სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმაც მძლავრად წაახმარეს ხელი. მათ კარგად შეისწავლეს ჩვენი ეროვნული გენის სიღრმეში მიმალული უმნიშვნელო სისუსტეებიც და ძველ-ახალი ცოდვა-შეცდომებიც. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ, ალბათ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება სხვა ასეთი ქვეყანა, თუმცა ამ ბოლო დროს, მგონი, უკრაინა გვეწევა...

– მგონი, ცოტათი გაგვისწრო კიდეც...

– ფაქტია, ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომლის წინააღმდეგ სადაზვერვო და ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა ისე იოლი იყოს, როგორიც საქართველოა. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, უსუსტესი კონტრდაზვერვითი რეჟიმის გამო, უცხო სპეცსამსახურების ნორჩი კადრების პრაქტიკის გასავლელ პოლიგონადაა ქცეული. თამაშ-თამაშით მოქმედებდნენ და მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე ქვეყნების სპეცსამსახურები. შედეგადაც მათ სამხრეებზე ვადამდელი „ვარსკვლავთცვენა“ და ჯილდოები არ აყოვნებს. ჩვენი მთავარი მტერ-მოწინააღმდეგე ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთია, რომლის უმთავრესი მიზანი არის და იქნება საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური, რელიგიური თუ სხვა სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა, მსოფლიოს ყურადღების გადატანა სეპარატისტული რეგიონებიდან მთლიანად „არასტაბილური” საქართველოსკენ. რუსეთის სპეცსამსახურები სამი ათეული წელია, ცდილობენ საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდაპირისპირების იმ დონემდე გამწვავებას, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ და შესაძლებელი გახდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა და „მართვადი ქაოსის” პროცესის დაწყება. მათ ხომ ამის დიდი გამოცდილება აქვთ! ცნობილია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში (ისინი რამდენიმე ათეულია და აქ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ) მოწინააღმდეგე ქვეყნების ტრადიციებისა და მენტალური თავისებურებების შესწავლას დიდ დროს უთმობენ. შემდეგ დისერტაციებსაც კი იცავენ. ამ ცოდნას რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან ეფექტიანად უყენებენ.

– დიახ და მათ ამის საშუალება, ანუ შესწავლისა და დაკვირვების, აქვთ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან მოყოლებული და არსებობს კიდეც შესაბამისი დოკუმენტები.

– - დიახ. ამას გარდა, რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს პოლიტპარტიებში ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ოთხი ტრადიციული გზით ახორციელებს. პირველი – ქმნიან ახალ პოლიტიკურ პარტიას ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას და ფარულად აკონტროლებენ მას; მეორე – უკვე მოქმედ პარტიაში ნერგავენ აგენტურას ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად კომპრომატების, მატერიალური დაინტერესებისა და კარიერული წინსვლის გამოყენებით ახდენენ ახალგაზრდა თუ „სტაჟიანი“ პოლიტიკოსების გადაბირებას; მესამე – ქმნიან ახალ პარტიას, რომელიც სხვა პარტიებთან გაერთიანების ან საარჩევნო კოალიციების შექმნის შემდეგ გამოიყენება ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისათვის; მეოთხე – საფარად იყენებენ ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავიანთ აგენტურას, რომლებიც, თავის მხრივ, ნერგავენ აგენტურას პარტიებში და „შინაურის” ხელით აღწევენ საქართველოში არასტაბილურობას.

პოლიტპარტიებსა და სახელისუფლებო ელიტაში მყოფი აგენტურა, ადრე თუ გვიან, იშიფრება – ჩვენი სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილი – უფრო სწრაფად, იმიტომ რომ მცირე ბიუჯეტის შემყურე აგენტი დიდხანს ვერ უძლებს ორმაგი თამაშის ნერვულ დაძაბულობას, მაგრამ უფრო დიდხანს ძლებენ სხვა ქვეყნების მიერ გულუხვად დაფინანსებული აგენტები. ასე რომ, ისინი უნდა გაიშიფრონ ისევ მათი მოქმედებების ანალიზით და არა „პატრიოტული” მოწოდებებიდან გამომდინარე. წლები გადის, თუმცა მათ ვერ ავლენენ. რატომ? იმიტომ რომ ჩაკეტილ წრეში ვართ. ისღა დაგვრჩენია, რომ იმ ბედნიერ დღეს ვუცადოთ, თუ როდის გაშიფრავს მოწინააღმდეგის აგენტურა საკუთარ თავს. ლოდინი კი, ალბათ, დიდხანს მოგვიწევს.

– მაგრამ საკითხიცაა და საკითხიც. ძაღლს რომ დააბამ ეზოში, მანაც კი იცის, რომ ეზო მისია და იცავს, მე ვერ ვიგებ, თუ დავალება აქვს, სხვა საქმეა, მაგრამ საკუთარი ნებით რატომ უნდა უმტრო თავს და აზერბაიჯანის მოქალაქეზე უკეთ ემსახურო აზერბაიჯანის ინტერესს. შენს სიმართლეს რატომ ფარავ ტყუილით და არ ეძებ საშენო არგუმენტებს? აი, ეს რა ფენომენია, არ მესმის.

– ალბათ, ჩვენი საზოგადოების უმეტესობა გაკვირვებულია დე-ფაქტო სიტუაციით. ის სტატუს-კვო, რაც იყო 2005 წლამდე, უკეთესი მდგომრეობა იყო საჩვენოდ. ყველა საჯარო მოხელე უნდა იცავდეს თავისი სახელმწიფოს ინტერესს და ყველამ იცის, რომ დიპლომატია არის ტყუილის თქმის ხელოვნება შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ყველა ასე იქცევა, მაგრამ ჩვენთან იქცევიან პირიქით: ის ხალხი, ვისაც უპირველესად უნდა დაეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, მეტიც, ტყუილიც კი უნდა ეთქვათ, პირიქით – სიმართლეს მალავენ და კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ამ ხალხს ტაშს უკრავენ პოლიტიკური პარტიები, გამომდინარე ვიწრო-პარტიული ინტერესიდან, ოღონდ პოლიტიკური ოპონენტი გავამტყუნო და ქვეყანაც დაქცეულა. შესაძლოა, ეს მართლაც უცოდინრობა იყოს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეგნებული ქმედებაა, დაიცვან ის პოზიცია, რაც საზღვრის დადგენით დაინტერესებულ მეორე სახელმწიფოს აძლევს ხელს. ამდენად, ქართველ საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბება, დავუშვათ, რუკა არ არის, რაღაც დოკუმენტი არ არის და ამიტომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ, გასაოცარი ფაქტია და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მომხრე აღმოუჩნდა ამ მოსაზრებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერები მყავს მხედველობაში. პარტიის რიგითი წევრები ჩუმად არიან, მათი აზრი არ ვიცით, ჩვენთან, ხომ, ვითომ დემოკრატიაა, მაგრამ, რეალურად, პარტიებში დიქტატურაა, ყველას ერთი აზრი უნდა ჰქონდეს. ჩემი შეფასებით: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებას პოლიტიკური პარტიები სათავისოდ იყენებენ. მესმის შეფასებები, რომ ამ ორი ადამიანის საექსპერტო შეფასებას არანაირი ძალა არ აქვს, მაგრამ სწორედ, ამ ადამიანების საექსპერტო შეფასებით ხელმძღვანელობდნენ უკვე გადაწყვეტილების მიღებისას. მათი ფუნქცია იყო რუკების ანალიზი. სანამ სამხედრო თვითმფრინავი აფრინდება, მას ამოწმებენ რიგითი ინსტრუქტორები და მათი შეცდომა შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი