პოლიტიკა

როგორ იავადებენ ადამიანები თავს თავიანთი საქციელით, ფიქრებით, აზრებითა და ემოციებით

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.10

დიმიტრი ტროცკი
დაკოპირებულია

თუ თვალს ქართულ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ ან ქართულ ტელევიზიებს შევავლებთ, მაშინვე მივხვდებით, რომ ნეგატივი სჭარბობს: იმას გარდა, რომ ადამიანები ერთმანეთს იმეტებენ და უმოწყალოდ ლანძღავენ, მოლოდინების აბსოლუტური უმეტესობაც ნეგატიურია. ანუ თვალში საცემია, რომ ჩვენი საზოგადოება ნეგატივში ცხოვრობს და იხარშება. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, არა მხოლოდ ცხოვრებაში წარუმატებლობის საწინდარია, არამედ ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას. მით უმეტეს, რომ სხვების ლანძღვა-გინება ლამის ნორმადაა მიჩნეული. ეს ტოტალური ნეგატივი უარყოფითად მოქმედებს როგორც მთლიანად საზოგადოებასა და ქვეყანაზე, ისე ცალკეულ ადამიანზე და მიუხედავად იმისა, რომ გაუარესებული ეკოლოგიური გარემო თავისთავად ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ასგზის მეტია ტოქსიკური ფსიქოლოგიური გარემოს ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე. რადგან ეს პრობლემა აქტუალურია და უმეტესწილად გაუცნობიერებელი. გთავაზობთ ძალიან ნათელსა და პრაქტიკულ ტექნიკას, რაც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ თქვენი დაავადების, ცუდად ყოფნის მიზეზი, განიკურნოთ, მოაწესრიგოთ ურთიერთობა ახლობლებთან. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ავადმყოფობა ადამიანის არჩევანია, მისგანვე გამოწვეული და სხვას არავის მიუძღვის ბრალი.

უამრავი ფსიქოლოგიური ტექნიკა არსებობს (უკლებლივ ყველას საფუძველი მიღება, პატიება და სიყვარულია), მაგრამ ამჯერად შემოგთავაზებთ დიმიტრი ტროცკის (დიმიტრი ტროცკი: მოტივაციური ლექტორი, ადამიანის ბუნების მკვლევარი, მწერალი, ბედისწერის ტრანსფორმაციის კონცეფციის ავტორი) მეთოდიკას, რომელიც კონკრეტულ მაგალითზე განიხილავს, თუ საიდან იღებს სათავეს დაავადება და როგორაა შესაძლებელი მათგან თავის დაღწევა. განკურნების მოდელის საჩვენებლად განხილულია კონკრეტული შემთხვევა:

– 35 წლის ქალს აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება: ნაწლავის აუტოიმუნური დაავადება, კუჭის ეროზია და მეტაპლაზია. ჰყავს ქმარი და სამი შვილი. როდესაც დაავადების პირველი სიმპტომები გაუჩნდა, ცხოვრობდნენ მამამთილთან ერთად, რომელიც მუდმივად სვამდა. ახლა ის ცოცხალი აღარ არის.

დიმიტრი ტროცკი: „დავუშვათ, მაქვს ზებუნებრივი ძალა, დავინახო მომავალი და შევცვალო წარსული აწმყოთი, მაგრამ ვხედავ, რომ, თუ შენ განიკურნები, პრინციპში, იგივენაირი დარჩები, როგორიც ახლა ხარ, ანუ მოხვდები ისეთ სიტუაციებში, რომელთა გადაჭრის გზები არ ჩანს. მაგრამ, რაკი ავად ხარ, შენ ჯერჯერობით იმ რთულ სიტუაციებში ვერ მოხვდები, იმიტომ რომ ავადმყოფი სწრაფად ვერ მოძრაობ, სწრაფად ვერ ლაპარაკობ, ვერ მოქმედებ. ესე იგი, როდესაც ავად ხარ, შენი კონტროლი იოლია. განგკურნავ, თუ ვიცი, რომ გამოჯანმრთელებული უარესს ჩაიდენ?! რა თქმა უნდა, არა. ვთქვათ, ქურდი ხარ და დაგიჭირეს, გემუქრება ციხე. არადა უკვე მეექვსედ დაგიჭირეს, მაგრამ გიშვებ და გეუბნები, ახლა უნდა გამოსწორდე. შენ ამბობ, მაპატიე, მაგრამ მე არ შემიძლია, რომ არ მოვიპარო. არსებობს მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც გეტყვის, კარგი, მეშვიდედაც გაგიშვებ?! დაავადებების შემთხვევაშიც იგივე ხდება: მხოლოდ შენ იცი, რას აკეთებ ისეთს, რაც შენ გაავადებს.

მხოლოდ ადამიანმა იცის, რატომ ავადდება და ამიტომ უნდა გაიცნოთ საკუთარი თავი. მე შემიძლია, გირჩიოთ თვითგამოკვლევა. დაუსვი კითხვა შენს თავს: რისგან შედგება ჩემი დღე? ადამიანის ცხოვრება შედგება კონკრეტული მოქმედებებისგან, იმის დათვლაც კი შეუძლია ტელეფონს ან სამაჯურს, რამდენი ნაბიჯი გადავდგით. მე უნდა აღვრიცხო, რას ვაკეთებ ყოველდღე: გირჩევთ, იქონიოთ დღიური და ჩამოწეროთ: რა გააკეთეთ იმ დღეს, რის გაკეთება გინდოდათ და არ ან ვერ გააკეთეთ. მაგრამ ჩემი დღე მხოლოდ მოქმედებებისგან არ შედგება. ჩემი დღე, ასევე, შედგება იმისგან, რამდენი საზიზღრობა გავიფიქრე ახლობელი თუ არაახლობელი ადამიანების მიმართ. რა არის ფიქრი? რა თქმა უნდა, ქცევა, მაგრამ ნატიფ სამყაროში. გარდა ამისა, არის შეგრძნებები, ჩემი პირველადი რეაქციები ამა თუ იმ მოვლენასა თუ ადამიანზე. საკუთარი თავის გაცნობის პროცესი, დაახლოებით, ასე იწყება: აიღე დღიური და დაიწყე წერა. დაინახავ, რომ შენი შინაგანი სამყარო გარეთ გამოდის. ხანდახან საერთოდაც არ გინდა, რომ ვინმეს აწყენინო, მაგრამ ძალიან ცუდ რამეს სწერ და მაინც უგზავნი; მეტიც, სწერ ან ეუბნები და, თან, ფიქრობ, რატომ ვაკეთებ ამას, ხომ ვიცი, რომ მასაც ეტკინება და მეც?! მაგრამ თითქოს სპეციალურად აკეთებ. ეს უკვე არის თვითგაცნობა, თუმცა პრიმიტიულ დონეზე. როგორც კი საკუთარ თავს გაიცნობ, ექიმების, ექიმბაშების, მკურნალების, ქოუჩების და სხვათა გარეშე მიხვდები: თურმე, რამდენჯერ დაგიგესლავს სხვა ადამიანი, რამდენჯერ გაგიქილიკებია, გული გიტკენია, ცუდი გისურვებია და შენ ამასთან ერთად ცხოვრობ. ამას „ყლაპავ“ ყოველდღე, კუჭს კი არ შეუძლია ამდენი „ლურსმნის“, „დამსხვრეული შუშის“, „ჭიკარტის“ გადამუშავება. თავში სულ სხვისი დამცინავი და გასაქილიკებელი აზრები მიტრიალებს; არ შემიძლია, კომენტარი არ გავაკეთო, ვინმეს სიტყვა შევარჩინო, არ შემიძლია, არ გავაკრიტიკო სხვა, არ შემიძლია, ჩემი სიტყვა არ იყოს ბოლო. ოღონდ ეს მე ან ვინმე სხვამ კი არ უნდა გითხრას, ეს პროცესი შინაგანად უნდა დაინახო, იგრძნო და ამის შემდეგ იწყება პროცესი: მე აღარ მინდა, ასე მოვიქცე და შენ ასე აღარ იქცევი. აი, ასე იკურნება ადამიანი.

ამ შემთხვევის ორ ვერსიას განვიხილავ: მამამთილთან ერთად ცხოვრობდით შენს ბინაში თუ მის ბინაში?! თუ მამამთილი თქვენს ბინაში წაიყვანეთ, შენ მაშინ აუცილებლად გექნებოდა ფიქრები: ეს გაუგებარი წარმონაქმნი ცხოვრობს ჩემთან, მაგრამ, წარმოიდგინე, თუ ის გაუგებარი წარმონაქმნია, მისი შვილი, შენი ქმარიც გაუგებარი წარმონაქმნია და შენი შვილებიც გაუგებარი წარმონაქმნები არიან. ესე იგი, შენ გაუგებარი წარმონაქმნისგან, რადგან შენი ქმარი მისი შვილია, გეყოლა გაუგებარი, პატარა წარმონაქმნები, თან, სამი. ასე მუშაობს ლოგიკა: ეს ჰგავს გაფუჭებულ საკვებს, რომელიც უკვე დაობდა და შენ მას მაინც ჭამ. როგორი იქნება შენი კუჭის რეაქცია?! თუ არ აქცევ ყურადღებას იმას, რასაც იღებ, ამან შეიძლება, დაგაზიანოს. ჩვენ ხომ მხოლოდ ხორბლის პურით არ ვიკვებებით?! ჩვენ გვკვებავს ყველა ის განცდა, რომლებსაც ვგრძნობთ დღის განმავლობაში: ამუშავებ მათ თუ ვერ ამუშავებ?!

დავუშვათ, შენ ცხოვრობდი ან ახლაც ცხოვრობ მამამთილის ბინაში, ან მამამთილის ბინა გაყიდეთ და უკეთესი იყიდეთ, ერთი და იგივეა, ესე იგი, შენ განსჯი იმ ადამიანს, ვის სივრცეში და საკუთრებაშიც შენ ცხოვრობ. აქ ორმაგი ბოროტებაა. დიახ, თურმე, თქვენ ცხოვრობდით მამამთილის ბინაში, რომელიც ახლა თქვენი გახდა და იქ ცხოვრობ ოჯახით. შენი რეაქცია არ არის მადლიერი. შეიძლება, მამამთილი სვამდა იმიტომ, რომ შენ, რძალი, არ მოსწონდი?! ისე არ ალაგებდი, როგორც მას უნდოდა?! ისე არ უვლიდი, როგორც მას უნდოდა?! ისე არ სცემდი პატივს, როგორც მას უნდოდა?! ეს მისი ბინა იყო და თავის ბინაში ადამიანი უნდა, დალევს და უნდა, იცეკვებს. მე არ ვამართლებ, მე აღვწერ სიტუაციას. გაჩვენებ შენი ისტორიის ალტერნატიულ ვერსიას. თუ ასეთი კარგი და ჭკვიანი ხარ და არ მოგწონს მამამთილი, წადი, თავად შეიძინე ბინა და იქ იცხოვრე. ვინ მიგიყვანა მამამთილთან სახლში? მისმა შვილმა, შენმა ქმარმა, რომელიც შეიძლება, მამამისს არც კი ელაპარაკებოდა წესიერად და მისთვის არასდროს უთქვამს, რომ უყვარს?! რატომ გაჰყევი ცოლად ადამიანს, რომლის სულიერ თუ არა, კულტურულ განვითარებაზე არ მუშაობ, რომ მადლიერი იყოს მშობლების?! მას თქვენ არ გაუყრიხართ, ნებისმიერ შემთხვევაში, თავისებურად უყვარდით ყველანი და გიტანდათ. შეიძლება, სწორედ ასე ფიქრობდა შენი მამამთილი. ეს ის „წვნიანია“, რომელიც გამორთულ ქურაზე დგას რამდენიმე თვეა და ამჟავდა და ამ წვენში იხარშებით ყველანი, მათ შორის, შენც. შენც ამ წვნიანის ნაწილი ხარ და მასში იხარშები 24 საათის განმავლობაში ყოველდღე. ხარშვა ეს არის ჩემი რეაქციები. როგორ იხარშება წვნიანი, იცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ: ქვაბში წყალი რომ ცხელდება, ხორცი იხარშება და წვნიანს უმატებს ცხიმებს, გემოს, წყალი კი, თავის მხრივ, არბილებს ხორცს. კარტოფილი წყლის ნაწილს თავის შიგთავსში უშვებს, თავის გემოს კი წყალს აძლევს. ანუ ყველაფერი ერთმანეთში ირევა: საკაზმები, სხვა ბოსტნეულები. ყველაფერი გამოყოფს თავის გემოს და ერთმანეთსაც ანიჭებენ თავიანთ გემოებს. ვთქვათ, ამ წვნიანში ჩადეს ნაჯახი, რომელიც არაფერს გასცემს, გარდა ჟანგისა, ხოლო ჟანგი, ხვდება რა ნებისმიერ ჭრილობაში, ინფექციას იწვევს. ამიტომ დააკვირდი, გააანალიზე, რით ხარ განმსჭვალული ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. შენ ამ სამყაროსთან ურთიერთობ შენი ქმედებებით, შენი ფიქრებით, შენი აზრებით, შენი სიტყვებით. ანუ იმით, რისგანაც ხარ შექმნილი. რისგანაც ხარ შექმნილი, ზუსტად იმას გასცემ „წვნიანში“ და იმაში, რაც იმ წვენშია ჩაყრილი. თან, გაითვალისწინე, შენ კიდეც ხარშავ ამ წვნიანს და კიდეც მიირთმევ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ხარშავს „წვნიანს“ და არ მიირთმევს, ან მხოლოდ მიირთმევს და არ ამზადებს. მე ვხარშავ ჩემს „წვნიანს“ ჩემი ქცევებით, ფიქრებით, სიტყვებით, ემოციებით. და კარგი მზარეული ვარ თუ ცუდი, ანუ როგორი იქნება კერძი, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ვარ მე!

ამიტომ მოხარშე ისეთი „წვნიანი“, რომელიც იქნება გემრიელი და არ ჩაყრი ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდება. ხოლო, თუ ადამიანი გარდაცვლილია, მისწერე მას წერილები. დღიურის წერაც უცებ არ მოგეცემა: იწყებ წერას და არც იცი, რას წერ, თითქოს სრულ უაზრობას, ხანდახან თავადაც ვერ ხვდები, რას წერ, მაგრამ თანდათან შენი ფოკუსი გასწორდება და შენი შინაგანი გარეთ ამოვა. შენ დაიწყებ იმის წერას, რაც უნდა დაწერო და გარეთ გამოიტანო. ნურაფერს ელი ამ წერისგან, ეს პროცესია: გააკეთე იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ნუ ელოდები, რომ 40 დღეს დავწერ, რაც პირზე მომადგება, 40 წერილს მივწერ გარდაცვლილ მამამთილს, ბოდიშს მოვუხდი ან კიდევ ვინმე სხვას, ვისაც სკოლაში ვერ ვიტანდი და დამთავრდა: განვიკურნე. ეს პროცესია და ის თავად გაგიყვანს იქ, სადაც უნდა მიხვიდე, საიდანაც შენი დაავადება დაიწყო. როდესაც იქ მიხვალ, მიხვდები, რა შეგეშალა და დაავადება გაქრება, იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადების მიზანია, დაგაფიქროს, რას აკეთებ არასწორად, რა გაქვს გამოსასწორებელი, რატომ დაგასუსტა, რა საშინელების ჩადენას აპირებდი, ჯანმრთელი რომ ყოფილიყავი?!

რა ძაბავს ნებისმიერ ადამიანს? რომ არ აქვს ელემენტარული ცოდნაც კი იმის შესახებ, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო: ვინ ვარ მე, როგორია ჩემი როლი, რა ფუნქციები უნდა შევასრულო?! მე დანამდვილებით ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა შემოქმედი, ღმერთი. აი, ეს არცოდნა მძაბავს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაცები შეიძლება, არც კი ვიცოდე, ამიტომ უნდა გამოვიკვლიო, კითხვები დავუსვა საკუთარ თავს. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და არა მხოლოდ საკუთარი თავის, მთელი სამყაროს შესახებ – როგორ უნდა იცხოვრონ, რა უნდა აკეთონ, როგორ ჯობია ან არ ჯობია მათთვის.

როდესაც ვიწყებთ საკუთარი თავის მოტყუებას ან სხვების დადანაშაულებას, გვეწყება პრობლემები. ნებისმიერი დაავადება იწყება მაშინ, როდესაც არასწორად მოვიქეცით და დაავადება ჩვენი შეჩერების საშუალებაა. ამიტომ უნდა გადაახვიო უკან შენი ცხოვრება და მონახო ის შემთხვევა, ის ვითარება, რის გამოც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდი. როგორც კი იპოვი პირველწყაროს და გააცნობიერებ, რა შეგეშალა, უპირობოდ იკურნები.“

მოამზადა ნინო ხაჩიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა