როგორ გამოიყვანეს საქართველოში ახალი ადამიანები ლიბერალურ-გლობალისტურმა ძალებმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
მართალია, საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და შესაძლოა, მიმდინარე მოვლენები კაცობრიობისთვის გამოუსწორებელი შედეგით დასრულდეს, მაგრამ ამჯერად მინდა, ჩვენთვის ყველაზე მტკnვნეულ თემაზე გავამახვილო ყურადღება: ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში აღიზარდა თაობა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია გარე აზრი და სრულად არიან მოქცეულნი გარე გავლენის ქვეშ. სრულიად დაშორდნენ თავიანთ საწყისსა და არსს. რატომ აღმოჩნდა გარე გავლენა შიდა გავლენაზე: ოჯახზე, კულტურასა და ისტორიაზე ძლიერი? - ამ თემას დიპლომატთან, კონსტანტინე ჟღენტთან ერთად განვიხილავთ.
– რა გამოგვეპარა შვილების აღზრდის პროცესში, რომ მათთვის უცებ უცხო აღმოჩნდა მთავარი და ყველაფერი ქართული – მიუღებელი, თუ ეს, ანუ დასავლეთის უპირობო და უპირველესი მიღება, ბუნებრივი იყო საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ?
– ეტყობა, არ წაგიკითხავთ, იმიტომ რომ ამის პასუხი პირდაპირ წერია ყველასთვის ცნობილი გიგი თევზაძის Facebook-ის პოსტში. ის წერს, გვეეჭვებოდა, რომ ევროპელ ახალგაზრდებს გავზრდიდით საქართველოში, მაგრამ ახლა, ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ შევძელით ასეთი ახალგაზრდების ერთი თაობის აღზრდა და მათ ვერაფერსაც ვერ დააკლებთო, – ამას მთავრობას ეუბნება. ბუნებრივია, მარტო „ილიაუნს“ არ გულისხმობს, იგულისხმება ქალბატონი გიულის უნივერსიტეტი, ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი. მათ ეს მიზანი ჰქონდათ: აღეზარდათ სხვანაირი თაობა, არაქართულად მოაზროვნე; არაქართული ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, გნებავთ არაქრისტიანული რწმენით. დაწვრილებით აქვს აღწერილი, როგორი მიზანი ჰქონდათ და ამას არქმევენ ევროპელ ახალგაზრდებს. მე ძალიან ხშირად მითქვამს თქვენს ეთერში და სხვაგანაც, რომ, თუ ვინმე ელის, შეიცვლება ის, რაც დასავლეთში ხდება, ძალიან ცდება. ბატონ შალვა პაპუაშვილსაც ვუთხარი დებატებისას, რომ ევროპელები დღეს ასე აზროვნებენ, ასე არიან გაზრდილები და არა მარტო კაია კალასი და კუბილიუსი თუ სხვები, არამედ მთელი ის თაობა, რომლებიც სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში ამას სწავლობდნენ. ეს არის ლიბერალურ-გლობალისტურ პრინციპებზე აღზრდილი თაობა, რომლებიც იმ მიმართულებით აზროვნებენ, რაც ბატონმა ფუკუიამამ, რომელსაც მარგველაშვილმა ორდენი გადასცა, დაწერა: რომ, თურმე, ისტორია დასრულდა და ახლა მთელი მსოფლიო იცხოვრებს დასავლურ ლიბერალურ პრინციპებზე. ამას ნახევარზე მეტი მსოფლიო დაეთანხმა. შესაბამისად, ამის შემდეგ დაიწყო ამ სწავლების გაძლიერება. ამის თანახმად, არასამთავრობოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ მსოფლიო მთავრობა, რომლებიც მართავდნენ მთელ მსოფლიოს.
თქვენ ახსენეთ საბჭოთა კავშირის დაშლა: ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ წარმოიდგინეს, რადგან დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი, ახლა ჩვენი პრინციპებით უნდა იცხოვროს მთელმა მსოფლიომ. მაგრამ მაშინვე გამოჩნდა ადამიანი, ესეც არაერთხელ მითქვამს, 1993 წელს ვიყავი მისი წიგნის პრეზენტაციაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში, ვგულისხმობ ჰანტინგტონს, რომელმაც დაწერა, რომ არსებობს რვა ცივილიზაცია მაინც, რომლებიც არ იცხოვრებენ დასავლური ლიბერალური პრინციპებით. პირველი დაასახელა ისლამური ცივილიზაცია; ამას მოჰყვებოდა ჩინური ცივილიზაცია, შემდეგ ინდუისტური, ბუდისტური, ლათინურ-ამერიკული და გამოყოფილი იყო რუსულ-მართლმადიდებლური ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენც მიგვაწერა. მე ვკითხე ამის მიზეზი, მან მიპასუხა, რუკას შეხედეთ, თუ ჩანხართო. ანუ მათთვის ჩვენ ვართ რუსული მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილი. მე მას ავუხსენი, რამდენი ხნით ადრე ვიყავით ქრისტიანები და რამდენი ხნით ადრე გვქონდა ჩვენი დამწერლობა, ლიტერატურა, ენა. ბოლო-ბოლო დამეთანხმა, მაგრამ ჩვენ ცალკე ცივილიზაციებში მაინც არ შეგვიყვანა. თუმცა აი, შეძლეს, რომ ერთი კი არა, მგონია, თითქმის ორი თაობა აღზარდეს, რომლებიც არად დაგიდევენ თავიანთ ქვეყანას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, გნებავთ, მართლმადიდებელ სარწმუნოებას. რელიგიას, იმიტომ რომ ევროპელები არიან. მათთვის ევროპელობა არის ყველაფრის უფლება.
– მე ვიტყოდი, ყველაფრის კადრება.
– მაპატიეთ და, „გირჩის“ მიერ შარვლის ჩახდიდან დაწყებული და დამთავრებული იმით, რომ არ უნდა დაუჯეროს ოჯახს, უფროსებს, ტრადიციებს, სარწმუნოებას, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანია და, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. არც ლექტორს უნდა დაუჯერო, თუ არ მოგწონს მისი ნათქვამი. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი, გვერდით აუდიტორიაში ლექციებს კითხულობდა ლიბერალ-გლობალიზმის მიმდევარი და მას რომ მოუსმენდნენ ხოლმე, რომ ჩვენ უკვე ცალი ფეხით „ნატოში“ ვართ და მეორე ფეხით ევროკავშირში, ჩემთან რომ მოვიდოდნენ და მე ვეტყოდი, რომ არასოდეს არავინ არ მიიღებს საქართველოს ევროკავშირსა და „ნატოში“, მეკითხებოდნენ, იმ ლექტორმა სხვანაირად გვითხრაო. მე ვეუბნებოდი, რომ ზუსტად ესაა დემოკრატია, მოისმინოთ ჩემი აზრიც, სხვისიც და თავად გამოიტანოთ დასკვნა. მას შემდეგ 15 წელი მაინც გავიდა და სად არის „ნატო“ და ევროკავშირი?! კიდევ ერთი 15 წელი გავა და მაგ მიმართულებით არანაირი სიახლე არ იქნება. იმიტომ რომ, ვიმეორებ, მათ, აზროვნებიდან გამომდინარე, ლიბერალ-გლობლისტებს ცხოვრების ისეთი წესი აქვთ, რომ ამას „მიაწვებიან“ ბოლომდე. ისინიც, რომლებიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქუჩებში დგანან და პოლიციის მანქანებს ზუსტად ისევე უშენენ ფეხებსა და ქვებს, როგორც ეს თბილისში ხდებოდა, არიან ლიბერალური გლობალიზმის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსებული არიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, ვეძებთ ამ თანხების წყაროსო, მეორე მხრივ კი, ვიცით, რომ მათ სოროსი უხდისო. თუ იცი, რომ სოროსი უხდის, მაშინ რაღას ეძებ?! თუ გინდა, რომ ყველა გამოავლინო, სხვა საქმეა, მაგრამ, ისინი რომ დაფინანსებული არიან, იმ თავიანთი გამზადებული ბანერებით, აირწინაღებითა და შავი ჩაფხუტებით, ზუსტად ისე, როგორც თბილისში იყო, ფაქტია. სხვათა შორის, ეჭვი მეპარება, რომ შავებში გამოწყობილი ახალგაზრდებისგან ვინმე დაიჭირეს. მესმის, რომ ლიდერები დააკავეს, მაგრამ ისინი, აირწინაღებითა და შავი ჩაფხუტებით, ზურგზე ხელდადებულები რომ მიემართებოდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მათგან რომელია გამოვლენილი?! ასეთები ბევრნი არიან იქაც და, უპირველესად, დასავლეთში, დაწყებული შეერთებული შტატებიდან და გაგრძელებული საქართველოთი, გნებავთ – უკრაინით, გნებავთ – მოლდოვით, რომლებიც, თურმე, გვისწრებენ განვითარებითა და დემოკრატიით. სასაცილოა, ასეთ რამეს რომ ამბობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი თაობა აღზარდეს და, ვფიქრობ, შეუძლებელია, ამ თაობას აზროვნების სტილი შეუცვალო, გადაათქმევინო ის, რაც ჩაუნერგეს.
– საბჭოთა კავშირში ბოლშევიკებიც ხომ ახალი ადამიანის გამოზრდას აპირებდნენ? პროლეტარიატის დიქტატურაც ხომ გლობალიზმია?! ზუსტად ერთი და იგივე იდეოლოგიაა, მაგრამ ის პროექტი კრახით დასრულდა. ახალი ადამიანის შექმნა ვერ გამოვიდა. ამ პროექტის შემქმნელებს რატომ აქვთ იმის იმედი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ მიერ ჩაფიქრებული ახალი ადამიანი გამოვა?
– ეს ჩვენ ვთვლით და მე გეთანხმები, რომ ძალიან ჰგავს საბჭოეთში ახალი ადამიანის გამოზრდას, რასაც ესენი აკეთებენ, მაგრამ, აბა, მათ ჰკითხე?! ის იყო ბოროტება და ცუდი, იმიტომ რომ საბჭოთა იყო და რუსეთთან დაკავშირებული; საფუძველი ჰქონდა დიქტატურული, ესენი კი არიან ლიბერალები, თავისუფლები, დემოკრატები, ამიტომ როგორ შეიძლება ჩვენ მიერ აღზრდილი ადამიანის შედარება საბჭოეთის მიერ აღზრდილთან – ჩვენ ხომ არ გვაქვს პიონერთა ორგანიზაცია, კომკავშირიო...
– და რა მნიშვნელობა აქვს ამას? მიზანი ხომ საერთოა – ადამიანის გადაკეთება?
– დიახ, ბატონო, მაგრამ ესენი ახალ ადამიანს აკეთებენ კარგი მიზნებისთვის და ამით ამართლებენ, ხოლო საბჭოეთი ცუდი მიზნებისთვის აკეთებდაო. გამოდის, რომ ერთსა და იმავე კანონს სხვადასხვანაირად აფასებენ. მაგალითად, კონკრეტული კანონი იქ სიკეთეა, აქ ზუსტად ანალოგიური კანონი არის რუსული. ანუ ლიბერალ-გლობალისტების კანონი ჩვენთან ავტომატურად იქცევა რუსულად, იმიტომ რომ რუსების გავლენას მიჰყვებითო. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და, ჩემი აზრით, დაუძლეველი. იმიტომ რომ ძლიერსა და მრავალრიცხოვანს ყოველთვის მეტი უფლებები ექნება, ყოველთვის მიიჩნევს, რომ შენ არ გაქვს იმის უფლება, რის უფლებაც მე მაქვს.
– დიახ, აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო. ადრეულ ასაკში გვასწავლეს ეს იგავი.
– დიახ, ზუსტად ესაა. ამიტომ ძალიან ძნელია. საქმე ისაა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რის გამოსწორებაც ახლა დაიწყო ხელისუფლებამ. განათლების, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების სისტემა 2012 წლის შემდეგ პირდაპირ გადასცეს და ჩააბარეს „ნაციონალებს“ და სწორედ იქ მივიდნენ ის ყოფილი პოლიტიკოსები და შემდეგ უკვე პროფესორ-მასწავლებლები გახდნენ, რომლებმაც აი, ასეთი ახალგაზრდა თაობის აღზრდა დაიწყეს, სიტყვიერად ევროპელების, სინამდვილეში – სექტანტების და რაღაც ნაწილში რაღაც დოზით წარმატებასაც მიაღწიეს. გიგი თევზაძეს შეიძლება, შეედავო რაოდენობაში. მან თქვა, რომ ჩვენი ყველა ახალგაზრდა გაზარდეს ამ სულისკვეთებით, რა თქმა უნდა, სულ ყველა ვერა, მაგრამ გარკვეული ნაწილი, რომელიც პრობლემას ქმნის, თან, პრობლემას ქმნის საზოგადოების დემოკრატიული, ნორმალური თანაცხოვრებისთვის, ნამდვილად აღზარდეს და ძალიან ძნელია, მათ შეუცვალო აზროვნება.
– ისევ საბჭოური სქემა რომ გავიხსენო, ბოლშევიკურად, ანუ მანქურთებად გაზრდილი თაობები დაამხეს მათმა შვილებმა.
– კი ბატონო, შეიძლება, რომ ახალი თაობა, რომელიც აღიზრდება იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც ჩვენი განათლების სისტემაში ტარდება, სხვანაირი იყოს. ოღონდ საჭიროა ძირეული რეფორმის გატარება და არა ლოზუნგების დონეზე. პრაქტიკულ დონეზე უნდა განხორციელდეს განათლების რეფორმა, რომ შემდეგი თაობაც ასეთი არ იყოს. მე ძალიან არ მომწონს თაობებს შორის დაპირისპირება, მაგრამ ყველას წაგვიკითხავს და გაგვიგია ცნობილი გამონათქვამი ამის შესახებ. დაწყებული ეგვიპტიდან, ძველი საბერძნეთიდან, ძველი რომიდან, შემდეგ საფრანგეთში და თუ არ ვცდები, ინგლისში, ბოლოს კი მეოცე საუკუნეში ჩიოდნენ, ეს რა ახალგაზრდობა მოდის, ჩვენ პატივს არ გვცემსო. ზუსტად იგივე ფრაზეოლოგიაა დღესაც. არადა, იმ დროიდან დაწყებული და თანამედროვეობით დამთავრებული მიდის ეს ტრადიციული ბრძოლა თაობებს შორის. მამებისა და შვილების დაპირისპირება თუ წინააღმდეგობა – უფრო რბილად ვთქვათ, ყოველთვის არსებობდა. მომდევნო თაობა ყოველთვის უკმაყოფილო იყო, რომ ახალგაზრდა თაობა არ მისდევდა იმ წესებს და იმ კანონებს, რომლებსაც უფროსი თაობა. მამების თაობა დარწმუნებული იყო, რომ ისინი იყვნენ მართლები, თუმცა ახალგაზრდა თაობა სხვაგვარად ფიქრობდა. ეს განსხვავებულობა არ არის პრობლემა, გააჩნია განსხვავებების დონეს, რეალურად რა დევს ახალგაზრდა თაობის ქმედებებში. ის, რომ ქუჩა გადაკეტო, გადაასხა ბენზინი და ცეცხლი წაუკიდო, ეს ერთია და მეორე ის, რომ, თუ არ მეთანხმები, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. და გავარკვიოთ მტყუან-მართალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





