პოლიტიკა

როგორ გამოჩნდა ანაკლიის პორტის 49 პროცენტის მფლობელი ჩინური კომპანიის მხარეს ამერიკული „ბლექ როკისა“ და ბრიტანელების კვალი

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.07

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

როგორც იქნა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ანაკლიის პორტის 51 პროცენტის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა, ხოლო 49-ის – ჩინური კომპანია, ოღონდ, ამასობაში, გაირკვა, რომ იმ 49 პროცენტში ცნობილი აშშ-ური საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ბლექ როკის“ შვილობილი კომპანიების წილიცაა. ეს ინფორმაცია თავდაყირა აყენებს, ერთი მხრივ, დასავლეთის ოფიციალურ დამოკიდებულებას ანაკლიის პორტისადმი (ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული მთავრობა დაუფარავად გვიკრძალავდა ჩინური კაპიტალის ანაკლიაში შეშვებას, არადა თავად, როგორც ჩანს, მშვენივრად თანამშრომლობენ) და, მეორე მხრივ, ინტერესთა და ძალთა სულ სხვაგვარ გადანაწილებას აჩვენებს. ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა გავლენა აქვს ეკონომიკაზე გეოპოლიტიკას და ძალთა როგორი განლაგებაა ანაკლიის პორტის ეკონომიკურ დაფაზე ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ?

– საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დასავლეთისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა და, ამდენად, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს გეოსტრატეგიული, გნებავთ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ექცევა ლუპის ქვეშ და არის თუ არა საკრიტიკო, მაინც კრიტიკას იწვევს. ჩინეთთან ურთიერთობა კი, ამ თვალსაზირისით, ერთგვარი გამოწვევაცაა. ჩვენმა მკითხველმა რომ იცოდეს, რაზეა ლაპარაკი, მინდა, ვთქვა, რომ ჩინეთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების – თითქმის ტრილიონამდეა მათ შორის ტვირთბრუნვა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის, რომელთა შორის ტვირთბრუნვა, დაახლოებით, 700 მილიარდამდეა. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, ჩვენი, პატარა ქვეყნის, რომელიც გადამწყვეტ როლს არ ასრულებს გეოპოლიტიკაში, თანამშრომლობა ჩინეთთან არ უნდა იწვევდეს ასეთ ვნებათაღელვას და ამიტომაც რჩება ორმაგი სტანდარტის შთაბეჭდილება. მაგრამ აქ სხვა რამ ხდება: რაც ჩამოვთვალე, იმ ტვირთბრუნვებს დასავლეთი აკონტროლებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და, ზოგადად, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი მოკავშირის მასთან შეუთანხმებელი ნებისმიერი აქტივობა. აი, ამ ფონზე შეიძლება, ლოგიკური გეჩვენოს კრებითი დასავლეთის საქციელი, რომ, თუ გინდა, რომ ეს ქვეყნები გვერდში გედგას, მუდმივად დაგიჭიროს მხარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, გააძლიეროს შენი ეკონომიკა და თავდაცვისუნარიანობა, მაშინ ანგარიში უნდა გამიწიო. მაგრამ არის ზოგიერთი ნიუანსი, რომელიც ბადებს ეჭვს, მაგალითად, თქვენ მიერ მოტანილი ფაქტი: როდესაც პირველად ითქვა, რომ ანაკლიის მშენებლობის კონსორციუმში ჩინური მხარის გუნდში ჰონკონგის ფირმა მონაწილეობდა, მაშინვე გაჩნდა განწყობა, რომ, სადაც ჰონკონგის ფირმაა, იქ არიან ბრიტანელები. ეს არის მოცემულობა. შეიძლება, ბრიტანელები არ ჩანდნენ, მაგრამ იქ არიან. ამიტომ იძულებული გავხდით, შეგვესწავლა, რა ფუნქცია აქვს ამ ჰონკონგის ფირმას ამ კონსორციუმში. როგორც გაირკვა, მნიშვნელოვანი. საერთოდ, ჰონკონგის ტერიტორია ფინანსურ ოპერაციებზე სანქციების მეხამრიდია. ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც ფიგურირებს ჰონკონგური კაპიტალი და ფირმები, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ იქ აუცილებლად არიან ჩართული ბრიტანელები. ჯერჯერობით არ არსებობს ძლიერი ჰონკონგური ფინანსური ორგანიზაცია, რომლის უკანაც ბრიტანეთი არ ჩანს.

– ამ ლოგიკიდან ვასკვნით, რომ ბრიტანული ფულიც შეიძლება, იყოს?

– უფრო მნიშვნელოვანია ბრიტანული კონტროლი. მე ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მოცემულობა ასეთია. რაც შეეხება „ბლექ როკის“ ჩართულობას: სწორედ ამ ჰონკონგური ორგანიზაციების უკან ჩანს ეს საერთაშორისო კონსორციუმი.

– ეს ის „ბლექ როკია“, რომელმაც მიმდინარე ომის დროს უკრაინის ნაყოფიერი მიწები შეისყიდა.

– რასაკვირველია. მათ შეისყიდეს უკრაინის ნაყოფიერი მიწები და უკრაინული ფინანსური ინიექციების ერთ-ერთი მთავარი მმართველები არიან. ერთი შეხედვით, გადაწყვეტილებებს იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ფულს აგზავნიან ისინი, მაგრამ ამ ფინანსებს მართავს ამერიკული კორპორაცია „ბლექ როკი“. ეს უმნიშვნელოვანესი კორპორაციაა და მისი კულუარები მსოფლიოში ბევრმა არ იცის, მხოლოდ მაღალი დონის სპეციალისტებმა და საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რა დგას ამ კორპორაციის უკან. და ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს რეალური ფაქტებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ყველას, რატომღაც, მიავიწყდა, რომ, თუ არ ვცდები, 2021 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება დადო როკფელერების შესაბამის სტრუქტურასთან, რომლის ამოცანა იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის შექმნა. „როკფელერები“ არ არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ისეთ უმნიშვნელო პროგრამაზე მუშაობას, როგორიცაა პატარა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრამა. როკფელერები, როტშილდები, დიუპონები არიან ოჯახები, რომლებიც მსოფლიოს ფინანსურ სისტემებს ქმნიან. ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა და 2022 თუ 2023 წელს ჩაბარდა საქართველოს ხელისუფლებას.

– დასრულებულია პროექტი?

– მიეცა დოკუმენტის ფორმა, დასრულებულია თუ უბრალოდ ფორმა მიეცა, ამის თქმა გამიჭირდება, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლებიც გადადგეს მხარეებმა ერთმანეთისადმი. როტშილდების, როკფელერების სისტემას ძალიან დიდი გავლენა აქვს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე არ ვიცი, რა სტადიაშია პროექტი, იმიტომ რომ არ მიმიწვდება ხელი სრულ ინფორმაციაზე, მაგრამ, როდესაც ამ საქმეში ასეთი სერიოზული სტრუქტურებია ჩართული, საქართველოში ნებისმიერი სიდიდის აქტივობას ვგულისხმობ, ეს ნიშნავს, რომ საქმე სხვაგვარადაა, ვიდრე ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად.

– ამ მასალის ჩაწერის მიზანიც ესაა: ფაქტები ეწინააღმდეგება პოლიტიკურ განცხადებებს.

– მეტს გეტყვით, როდესაც ჩინეთში ჩადიან და ჩინეთის ხელმძღვანელობას ხვდებიან სხვადასხვა რანგის ევროპული სტრუქტურებისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ეს ერთი საკითხია და მეორეა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის. ვგულისხმობ დუდას ვიზიტს ჩინეთში. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს შედეგზე ორიენტირებული ვიზიტია. მან ჩაიტანა ამბავი და საპასუხო ამბავი უნდა დახვდეს. პოლონეთის პრეზიდენტი ის ფიგურა არ არის, ვინც დასავლურ პოლიტიკას ქმნის. მას სხვა ფუნქცია აქვს. მე ასე ვხედავ: პეკინი ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობის დივერსიფიცირებას სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით. ამას მოწმობს სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში. თუ მიაქციეთ ყურადღება, ტაივანის საკითხი იმ დონეზე აქტიური არ არის, როგორც გასულ წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები კვლავ აქტიურები არიან ტაივანის გარშემო, ეს საკითხი პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთსა და ჩინეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებებია, რომელიც მსოფლიოს ხვალინდელ დღეს ეხება. ირიბად ამ მოლაპარაკებების შედეგად უნდა აღვიქვათ, მაგალითად, რუსეთთან სავაჭრო ოპერაციებისადმი ჩინური ბანკების ბოიკოტი. ჩინური ბანკები ფინანსურ ოპერაციებს რუსეთის ბანკებთან პირდაპირ აღარ ატარებენ. ერთადერთი „ვნეშეკონომბანკს“ აქვს წარმომადგენლობა ჩინეთში, რომელიც წვალობს – ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულება ძალიან რთულია, იმიტომ რომ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესის მიღმა და უბრალოდ, ვერ აუდის სამუშაოს.

– ჩინეთი და რუსეთი ხომ ვაჭრობენ და როგორ?

– მაგალითად, ჩინეთი და ირანი ვაჭრობენ ნაღდი ფულით. თვითმფრინავებით ჩამოაქვთ ირანში ფული მიღებული ენერგომატარებლების საფასურად.

– მე მახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისს სახმდივანმა პაუერმაც ნაღდი ფული ჩაუტანა ერდოღანს, რომ ერაყის წინააღმდეგ თურქეთის ტერიტორიის გამოყენების უფლება მიეცა.

– დიახ, მაგრამ ეს ერთჯერადი იყო, ირანი და ჩინეთი კი ასე ვაჭრონებ კაი ხანია. რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს: ჩინეთმა სათავისოდ მოირგო შექმნილი ვითარება. ჯერ ერთი, ბევრად უფრო იაფად ყიდულობს ენერგომატარებლებს, ვიდრე ადრე ყიდულობდა რუსეთისგან; მეორე, როდესაც პუტინი ჩინეთში ჩავიდა, დადგა „სილა სიბირი 2-ის“ მშენებლობის საკითხი, მაგრამ უარი მიიღო. ერთმანეთთან კი ნაღდი ფულიც ჩააქვთ, ამასთან, რუსეთი ჩინეთთან იუანით ვაჭრობს. ესე იგი, ჩინეთმა რუსეთს თავს მოახვია თავისი წესები. რუსეთი დღეს ჩინეთთან კაბალურ მდგომარეობაშია, მაგრამ პუტინი იხტიბარს არ იტეხავს და ამბობს, მოკავშირეები ვართო, რაც სისულელეა. ასევე, ჩრდილოეთ კორეის პოზიცია იქმნება ჩინეთის გადაწყვეტილებით. დღეს პეკინმა ჩრდილოეთ კორეას მისცა უფლება, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ და აქვთ, ეტყვის, რომ არ უნდა გქონდეთო და არ ექნებათ.

– გამოდის, რომ, როდესაც ბაიდენმა რუსეთ-ჩინეთს ბოროტების ღერძი უწოდა, პოლიტიკური თაღლითობაა?

– რა თქმა უნდა, ზოგადადაც და დღესაც პოლიტიკა მოიცავს თაღლითობას, ორმაგ სტანდარტს და რაც რამ უარყოფითი არსებობს. ავიღოთ, თუნდაც, ასეთი ფაქტი: ჩინეთი და დასავლეთი თითქოს ძალიან უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ, მეორე მხრივ, უდიდესი ტვირთბრუნვა აქვთ და ჩინური ეკონომიკის შენარჩუნება იმ დონეზე, როგორზეც დღესაა, დიდადაა დამოკიდებული დასავლეთზე. ჩინეთში უმწვავესი კრიზისია, რაც განაპირობა უკონტროლო დეველოპერულმა პოლიტიკამ. დასავლეთს ჩინეთის ეკონომიკა, გარკვეულწილად, ხელოვნურ მდგომარეობაში ჰყავს, იმიტომ რომ დიდი გავლენა აქვს ჩინეთის ეკონომიკაზე და შეუძლია, ექსტრემალურ სიტუაციაში მისი ეკონომიკური ზრდა შეაფერხოს. ამას ჩინეთში ძალიან კარგად აცნობიერებენ. ესე იგი, ერთია, რას ამბობენ მხარეები საზოგადოებებისა და მსოფლიოს გასაგონად და მეორე – რას აკეთებენ კულუარებში. ანაკლიის პორტიც ამ საერთო კონტექსტში ჯდება, მაგრამ ისე არ არის, რაც ზედაპირზე ჩანს. რასაკვირველია, იმ ჩინურ ორგანიზაციას, რომელიც დღეს გამარჯვებულად გამოცხადდა, აქვს პრობლემები მსოფლიო ბანკთანაც და ამერიკის ზოგიერთ სტრუქტურასთანაც. ამბობენ, სანქცირებულიაო, მაგრამ ვერ ამბობენ, როგორ. დასანქცირებულია ერთ–ერთი ამერიკული სტრუქტურის მიერ, რაც არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა დასანქცირებული. სხვათა შორის, არც რუსეთს მოსწონს ჩინური კომპანიის გამოჩენა, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. ჩვენთვის მთავარია, ეს პროექტი გამოვიდეს და ის 51 პროცენტი არ დავთმოთ. რადგან ყოფილა შემთხვევები, ისეთ მდგომარეობაში ჩაუყრია ჩინურ კომპანიას ადგილობრივი ხელისუფლება, რომ პროცენტები დაათმობინეს და საკონტროლო პაკეტი ჩინეთის ხელში აღმოჩნდა. აი, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენთან, თორემ, თავისთავად, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია და მარტო ჩინური კომპანია არ არის წარმოდგენილი, სხვებიც არიან, ისინი არ ჩანან, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერი ცხადი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა