პოლიტიკა

როგორ გამოაჩინა სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა საქართველოს სამხედრო სისუსტე

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:48 17.11, 2020 წელი

სომხეთ აზერბაიჯანის ომი
დაკოპირებულია

აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს, მეტიც, აზერბაიჯანის არმია ნელ-ნელა უახლოვდება თვითაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქს, ხოლო რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა მოულოდნელი განცხადება, რომ აზერბაიჯანს აქვს უფლება, დაიბრუნოს შვიდი რაიონი, რომელიც მან ასე მოიხსენია – ხუთს პლუს ორი. თუ აზერბაიჯანმა ომით დაიბრუნა თავისი ტერიტორიის ნაწილიც კი, შეუყენებს თუ არა ეს წყალს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– თუ აღმოჩნდა, რომ რეალურად ომია დაკარგულის დაბრუნების საშუალება, როგორ ცვლის ეს არსებულ მოცემულობას, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად ჩვენთვის? იმას გარდა, რომ გამოდის, წართმევაც ომზეა დამოკიდებული, ანუ მორევაზე?
– პრინციპში, დაკარგულის დაბრუნება მაინც ომით შეიძლება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ერთადერთი საშუალება გახდეს ან ისე უნდა მოხდეს, მაგალითად, ჩვენი დაკარგული სეპარატისტული რეგიონების შემთხვევაში, რომ იმდენად დასუსტდეს რუსეთი, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა მორალურად და ეკონომიკურად, რომ მსოფლიომ თავისი ნება უკარნახოს და მაშინ შეიძლება, შედარებით მშიდობიანი გზით დავიბრუნოთ დაკარგული. რაც შეეხება იმას, რაც ყარაბაღში ხდება: ერთია ოფიციალური განცხადებები და მეორე – რეალობა. პუტინმა ძალიან საინტერესოდ თქვა, 5 რაიონი და პლუს ორი რაიონიო, უცნაური ფორმულაა. იგულისხმა ის 5 რაიონი, რომელიც გარს ერტყმის ყარაბაღის ავტონომიას და ორი რაიონი, რომლებიც აკავშირებს სომხეთთან. ჯერ ერთი, მის ნათქვამშივე იყო დიფერენციაცია. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანისთვის შვიდივე რაიონი შვიდია, პუტინმა კი აღნიშნა, რომ ეს რაიონები მაინც განსხვავდება. ამ განცხადების შემდეგ პუტინმა ლაჩინში რუსული დროშა ააფრიალა და 15 რუსი მედესანტე დაუყენა, ანუ აგრძნობინა აზერბაიჯანს, რომ, თუ განაგრძობთ შეტევას ამ მიმართულებით, შეეჯახებით რუსეთის ჯარსო. მართალია, სულ 15 კაცი დგას დროშასთან, მაგრამ აზრი ესაა. გარდა ამისა, დახურული წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ბაქოს სერიოზულად აფრთხილებენ, ზედმეტი არ მოუვიდეს.
– რას ნიშნავს „ზედმეტი“?
– აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოს არიან შუშასთან, შუშას კი ისეთივე განლაგება აქვს თვითაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქთან, როგორც თბილისთან – მთაწმინდას. ამდენად, სტეპანაკერტის ბედი გადაწყვეტილია. აი, ამას ნიშნავს „ზედმეტი“. ყარაბაღში, უპირველესად, ხომ, რუსეთსა და თურქეთს შორისაა გეოპოლიტიკური დაპირისპირება?! თქვენს კითხვაზე მინდა, გითხრათ პასუხად, რომ მაინც ძლიერნი ამა ქვეყნისანი წყვეტენ კონფლიქტების ბედს. გარკვეული დროის განმავლობაში მხარეებისთვის ხელსაყრელია, რომ კონფლიქტი იყოს დაკონსერვებული, შემდეგ ხდება კონფლიქტის განახლება, რომ თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანები შეასრულონ. მთავარი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ან ხალხების თვითგამორკვევა კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკა და მსხვილი მოთამაშეების სურვილი. შეგვიძლია, გაუთავებლად ვილაპარაკოთ, რომ, თუ მათთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება სიტყვების რახა-რუხი. მსხვილი მოთამაშეებიდან თუ ვინმეს არ გაუჩნდა სურვილი, დაგეხმაროს, არაფერი გამოვა.
– თურქეთი ეხმარება აშკარად, რუსეთი – არა.
– მაგრამ თურქეთის წონა კავკასიაში რუსეთის წონაზე ნაკლებია. თურქეთს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ენ ბი აიში“ მოთამაშე თურქი კალათბურთელები, ერთ-ერთი მათგანი, ყოველ შემთხვევაში, გამოვიდა და თქვა, პრობლემა თურქეთი კი არა არის, არამედ ერდოღანი და მისი პოლიტიკური ამბიციებიო. მან, ფაქტობრივად, გაახმოვანა სტამბოლის მოსახლეობის პოზიცია, ჩვენ ვიცით, რომ სტამბოლელთა მოსაზრებები ხშირად არ ემთხვევა დანარჩენი თურქეთის მოსახლეობის მოსაზრებებს.
– ამიტომაც სტამბოლში მერის არჩევნები ორჯერ ჩატარდა, იმიტომ რომ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
– დიახ. თურქეთმა შეიქმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით, ათ ქვეყანასთან აქვს დაძაბული ვითარება. ამას გარდა, თურქეთის ლირა კატასტროფულად გაუფასურდა და, შესაბამისად, ეკონომიკა – თურქეთის რესურსი არ არის ისე ძლიერი, რომ ასეთ კონფრონტაციებს გაუძლოს, პლუს ურთიერთობა თავის პარტნიორებთან დასავლეთში, უპირველესად, საფრანგეთთან. კონგრესში უკვე აქტივირებულია კანონი თურქეთის „ნატოდან“ გარიცხვის შესახებ. მართალია, ეს კანონი უფრო თურქეთის დასაშინებლადაა შეტანილი, მაგრამ ხომ არის?! ანუ თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანს, მაგრამ არ აქვს საშუალება, რომ თავის ყველა პრობლემას გაუმკლავდეს. მან მოიმდურა არა მხოლოდ პოტენციური მოწინააღმდეგეები, როგორიცაა რუსეთი, არამედ თავისი მოკავშირეებიც და ეს ძალიან ცუდია.
– თურქეთს სჭირდება „ნატო“, გავიგეთ, მაგრამ „ნატოსაც“ არანაკლებ სჭირდება თურქეთი, როგორც მოკავშირე თავის რიგებში.
– რასაკვირველია, მაგრამ, როდესაც გასული საუკუნის 50-იან წლებში თურქეთს „ნატოში“ იღებდნენ, მაშინ აშშ-ს რეგიონში მისი მსგავსი მოკავშირე არ ჰყავდა. დღეს კი არაბულ სამყაროში ისეთი მოკაშირეები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე პროამერიკული პოზიციის დაკავება, როგორც აქვს თურქეთს. ისეთი სიტუაციაა, რომ აშშ-ს სჭირდება თურქეთი მოკავშირედ, მაგრამ ამ წუთას თურქეთს უფრო სჭირდება მოკავშირედ დასავლეთი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერდოღანი ინერციით მოქმედებს და იძლებულია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, როგორებსაც დგამს. მან შექმნა „ძმები მუსლიმანების“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პანთურქული რელიგიურ-ნაციონალისტური იდეოლოგია და ამ გზიდან ვეღარ უხვევს, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, სოფლად, ამ იდეოლოგიითაა განმსჭვალული და თავისი ლიდერისგან მუდმივად მოითხოვს გამარჯვებას. მუდმივი გამარჯვების რესურსი კი თურქეთს უკვე აღარ აქვს.
– ფაქტია, აზერბაიჯანის არმიამ მიაღწია უფრო მეტ სამხედრო წარმატებას, ვიდრე სომხურმა არმიამ და ჩემთვის ნათელია ისიც, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს თავის საზღვრებთან საომარი მოქმედებების მიახლოება, ამდენად, მე, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ დერეფნის გაჭრას საქართველოზე და მსგავს ქმედებებს. პუტინმაც, თავისი ფორმულა – 5+2, სავარაუდოდ, თავის ინტერესებს მოარგო. იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანსაც ხომ აქვს თავისი ინტერესი, ისევე როგორც სომხეთს. აზერბაიჯანული არმია ხომ არ დატოვებს აღებულ პოზიციებს და ეს ხომ თურქეთის პოზიციასაც აძლიერებს ირიბად?
– რასაკვირველია, აზერბაიჯანი ფაქტორია და ამ ფაქტორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი მოსკოვმა რამდენჯერმე. მოსკოვის დღის წესრიგია მხარეებს შორის ჩადგომა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური გავლენების გაძლიერება. მოსკოვმა მიაღწია იმას, რომ თავისი შუალედური პოზიციით აიძულა სომხეთის ხელისუფლება, მისთვის მოეთხოვათ სამშვიდობოების შეშვება. რაც ამდენი წლის განმავლობაში რუსეთმა ვერ მოახერხა და ეს პირველი შემთხვევაა. ამას უნდა მოჰყვეს მეორე ნაბიჯიც: იგივე უნდა მოითხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც და რაც უფრო გაჯიუტდება აზერბაიჯანის ხელისუფლება, მოსკოვის რიტორიკა უფრო შეიცვლება.
– ხომ შეიძლება, აზერბაიჯანმა მოითხოვოს, თურქი სამხედროები ჩავაყენოთ საპირწონედო?
– ამბობს უკვე ამას ბაქო. ყოველ შემთხვევაში, მზადდება წინადადება, რომ, თუ რუსი სამშვიდობოები იქნებიან, იყვნენ თურქებიც. ეს რუსეთის გეგმებში არ შედის და ამდენად, მომავალში რუსეთი მიმართავს ძალიან საინტერესო ხერხს. ეს ის ხერხია, რასაც რუსული ლიბერალური საზოგადოება დიდი ხანია, ითხოვს, ანუ ევროპასთან თანამშრომლობის ფორმატის შექმნას. დასავლეთისკენ შეტრიალება და საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობის შედეგად თურქეთის გონზე მოყვანაა დასავლელი პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ოღონდ მოსკოვს ვერაფრით გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი, მაგრამ, როგორც ჩანს, აქეთკენ წავა ყველაფერი. თუ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ აშშ, როდესაც საარჩევნო მარათონს დაამთავრებს, ბევრად უფრო აგრესიული იქნება ამ საქმეში. დღეს რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალია, მოელაპარაკოს საფრანგეთსა და გერმანიას და მათთან ერთად აიძულოს თურქეთი, რომ დათმობებზე წავიდეს. და ყარაბაღში ჩადგეს შერეული სამშვიდობოები რუსეთის დომინანტით, ან მხოლოდ რუსული, რუსულ-თურქული არ გამოვა.
– მარტო რუსული ჩვენთვის ყველაზე არახელსაყრელი ვარიანტია.
– რასაკვირველია, ეს ნიშნავს, რომ გიუმრის რუსი ეროვნების თანამშრომლები სამშვიდობოების ჩაფხუტებს დაიხურავენ, მაგრამ, თუ ეს იქნება შერეული ძალები, სადაც შეიძლება, იყოს ფრანგული კონტინგენტიც, უკვე სხვა ამბავია. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენთვის ერთი ძალიან ცუდი ვარიანტია, მეორე – უბრალოდ ცუდი. ამ მთავრობის უზარმაზარი პლუსი ისაა, რომ სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მინუსია, რომ არ შეიქმნა უსაფრთხოების ისეთი სისტემები, რომლებიც მოსახლეობას მისცემდა დაცულობის შეგრძნებას. ღარიბაშვილის ნაბიჯები იმედისმომცემია, იმ თვალსაზრისით, რომ ჯარის მშენებლობისადმი სხვა ტიპის მიდგომა აქვს. უპირველესად, ვგულისხმობ ავიაციის ისევ თავიდან შექმნას, არმიის მომზადების სხვა ტიპის კონცეფციას, რაც წინა წლებში არ გვქონდა, რამდენად გამოვა, მეორე საკითხია. ამასთან, ჯარის გარდა სხვა სისტემებიცაა: მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონები, თვითონ საზღვარი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, მთიანი რეგიონები და ასე შემდეგ ყველაფერ ამას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. თუნდაც, რეზერვის სისტემა, რომელიც ვერაფრით ამუშავდა წინა თავდაცვის მინისტრების ხელში. ამდენად, მთელი ეს მრავალკომპონენტიანი სისტემა სინქრონულად უნდა მუშაობდეს და ერთიანი კონცეპტუალური და იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდეს. საბოლოოდ, ამ სისტემების არ ან ვერ შექმნა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს პრესტიჟზე. საქართველო გახდა თავში ხელის წამოსარტყმელი ქვეყანა და ამას ყველა ხედავს. განსაკუთრებით, ყარაბაღის მოვლენების ფონზე, როდესაც მხარეებმა გამოიყენეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური იარაღი და თავიანთი მომზადების დონესაც აჩვენებენ. მართალია, აზერბაიჯანის არმია ჯობნის სომხეთისას, იმიტომ რომ სომხეთის არმიას ბევრად მოძველებული ტექნიკა აქვს, მაგრამ მთიან რეგიონებში ბრძოლის დროს ეს ტექნიკა მაინცდამაინც ვერ მუშაობს, მით უმეტეს, რომ ამინდიც გაფუჭდა. თურქი ინსტრუქტორებიც რომ არ იყვნენ ჩართულნი, ვერ გეტყოდით, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა აზერბაიჯანის არმია. ახლა ბრძოლებმა გადაინაცვლა მთიან რეგიონებში და რაც მეტი ხიფათი ემუქრება სტეპანაკერტს, მით უფრო აქტიურია რუსეთი იმისთვის, რომ შეაჩეროს აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებებით სხვა რამეს ამბობს, მაგრამ მისი მოქმედებები განცხადებების საპირისპიროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი