პოლიტიკა

როგორ გახდა რუსეთის პროექტი ზელენსკი დასავლეთის პროექტი

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.03

ბესო ალადაშვილი
დაკოპირებულია

მართალია, ევროკავშირის ლიდერებმა მაშინვე იუარეს, თუმცა ფაქტად რჩება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯარების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა. შემდეგ პენტაგონის შეფმაც განაცხადა, რომ, თუ უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს, მაშინ „ნატო“ იომებს რუსეთის წინააღმდეგ. პირადად მე ვეთანხმები, რომ ერთმანეთთან თანაზომადმა მოწინააღმდეგეებმა უნდა იომონ, მით უფრო, როდესაც ერთმანეთთან აქვთ გასარკვევი ინტერესები. თუმცა ლაპარაკია ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის შესახებ და რატომღაც არა საკუთარი ქვეყნებიდან რუსეთთან ომზე. მეორე მხრივ, ეს აჩენს ეჭვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც, მისივე სკეტჩებიდან ჩანს, არათუ ფილმიდან „სლუგა ნაროდა“, ამზადებდნენ ამ სცენარისთვის, უკრაინას კი – საპოლიგონოდ, რაც ზელენსკისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ამ საკითხებზე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.

– იმდენად თვალნათელია პრეზიდენტ ზელენსკის გაპრეზიდენტების მოტივაცია, რომ უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს. ასე თვალსაჩინოდ მოქმედებენ სპეცსამსახურები?

– ზოგადად, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა რეალურად იყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაცხადება, რაც 2000 წელსვე აისახა საქართველოზე სავიზო რეჟიმის დაწესებით. ალბათ, გახსოვთ პანკისის ხეობის დაბომბვებიც; შევარდნაძესთან ჭიდაობა დსთ-ის სხდომებზე, რომ ჯარი შემოეყვანათ და აქედან ებრძოლათ ტერორისტების წინააღმდეგ. ჩვენთან ნაკლებადაა გაანალიზებული, მაგრამ თითქმის იგივე პოლიტიკა დაიწყო პუტინმა უკრაინაში. გადამწყვეტი იყო 2004 წლის არჩევნები, იმიტომ რომ ლეონიდ კუჩმას აღარ შეეძლო მესამედ კენჭისყრა. იყო ორი კანდიდატი: იანუკოვიჩი, რუსეთის კანდიდატი და იუშჩენკო. იუშჩენკოც არ ყოფილა ოპოზიციიდან, არამედ კუჩმას ხელისუფლების წევრი იყო. 2004 წლის სექტემბერში იუშჩენკოს მკვლელობის ან მწყობრიდან გამოყვანის მცდელობაც ჰქონდათ, როდესაც უზბეკურ ფლავში ქიმიური ნივთიერება ჩაუყარეს და სახე დაუმახინჯდა, თითქოს ნიღაბი უკეთიაო. პირველი მაიდანი 2004 წლის ბოლოს გაიმართა, როდესაც იუშჩენკოს მეორე ტური დაუნიშნეს, რის გამოც ხალხი გამოვიდა ქუჩაში და რუსეთმა უკან დაიხია. იუშჩენკო პრეზიდენტი გახდა. შემდეგ რუსეთმა დაიწყო იუშჩენკოს დასუსტება: გაზის ომი, სასურსათო ბლოკადა, ტიმოშენკოს მიერ შიდა მდგომარეობის არევა. და 2010 წელს პრეზიდენტი გახდა იანუკოვიჩი.

– სხვათა შორის, ყველა აღნიშნავდა, რომ იუშჩენკომ, სააკაშვილისგან განსხვავებით, საარჩევნოდ და ქვეყანაშიც შექმნა კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული გარემო.

– ჩვენ გვახსოვს იუშჩენკოს დამოკიდებულება 2008 წელსაც, მაგრამ მოხდა ისე, რომ იანუკოვიჩიც მაინც უკრაინელი აღმოჩნდა შინაგანად: მან ყირიმი არ გადაუფორმა რუსეთს. 2012-2013 წლებში უნდოდა რუსეთს, რომ ყირიმი მიეღო. რუსეთისთვის იანუკოვიჩიც მიუღებელი გახდა და 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის თებერვლის მაიდანი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი. ორივე მხარეს რუსეთის აგენტურა მუშაობდა. ამ არეულობითვე ისარგებლა და 2014 წელს ყირიმი უბრძოლველად აიღო და, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ქალაქები და დღეს, რაც სამხედრო ძალით აიღო, ფაქტობრივად, 2014 წელს დაიკავა და დაამატა კიდეც. რატომ დასჭირდა ზელენსკის ფიგურა პუტინს?!

– პუტინს დასჭირდა ზელენსკი, ანუ პუტინის პროექტია?

– დიახ და დავასაბუთებ: 2014 წელს პრეზიდენტი გახდა პოროშენკო და ის გაცილებით დემოკრატი იყო, ვიდრე სააკაშვილი და იუშჩენკოც კი. როგორც უკრაინის პატრიოტმა, მან არ დათმო დონეცკი და ლუგანსკი და დაიწყო ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაციები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების წინააღმდეგ, რაც საქართველოში ნაკლებად იციან.

– ეს სწორედ ის ოპერაციაა, რის გამოც ნაცისტებს უწოდებენ უკრაინელებს და რუსები ამბობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენო? ჩვენმა საზოგადოებამ მართლაც ლამის არაფერი იცის ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ.

– ეს რუსეთის პროპაგანდაა, მაგრამ, რეალურად, უკრაინა ცდილობდა, ძალით წართმეული დაებრუნებინა. ჯერ კიდევ მაშინდელი აგებულია საბრძოლო კომუნიკაციები, რაც დღესაც მუშაობს. რაკი პოროშენკო არ დათანხმდა, 2019 წელს მოახლოვდა არჩევნები და მაშინ პოლიტიკურ სცენაზე შემოიყვანეს ზელენსკი, ეს ცნობილი შოუმენი, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. ჩემი აზრით, რუსეთის გაკეთებულია ფილმი „სლუგა ნაროდაც“ და მთელი ეს პოლიტტექნოლოგიები „ეფ ეს ბეს“ მომზადებულია. რუსებმა აამოქმედეს იგივე სცენარი, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციის პერიოდში. როგორც საქართველოში, პრეზიდენტად მოვიდა ახალგაზრდა, გამოუცდელი და აბსოლუტურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რაც რუსებს აძლევდა ხელს და მათ, სხვათა შორის, მთლიანად გამოიყენეს სააკაშვილის რესურსი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე არ გამოუყენებიათ. მათ რომ სააკაშვილი არ სჭირდებოდეთ, უკრაინაშივე მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია: სახურავებზე რომ დარბოდა, „შემთხვევით“ დაუცდებოდა ფეხი, რამეს ჩაუყრიდნენ საკვებში, მაგრამ ხომ ხედავთ, მერე კონტეინერით გამოგვიგზავნეს?! ალბათ, სხვა ქვეყნებიც იყენებენ ამ სქემას, მაგრამ ცნობილი მეთოდია, როდესაც პრეზიდენტი ხდება პოლიტიკის ნულოვანი გამოცდილების მცოდნე შოუმენი. შეიძლება, ეს შევადაროთ ტრამპის გაპრეზიდენტებას.

– მაგრამ ტრამპს საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ბიზნესის მართვის გამოცდილება ჰქონდა.

– დიახ, ტრამპი მაინც გამოცდილი იყო ცხოვრებისეულად და მენეჯერულადაც... მაშინ უკვე დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ დე ფაქტო დაკავებული ტერიტორიების იურიდიული განმტკიცება. მინსკის ცნობილი ბლეფი შეხვედრებიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ ზელენსკის, როგორც პოლიტიკური ფიგურის შექმნა და შემოშვება ანალოგიურია სააკაშვილისა და, ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების პროექტი.

– ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახური აწყობს სხვა ქვეყნებში, რომლებშიც მათი ინტერესია, გადატრიალებებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამერიკელი ანალიტიკოსების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ნაწილი პირიქით ამბობს, რომ უკრაინაში გადატრიალებები ამერიკის დაფინანსებულია. დავუშვათ, ყველა პროცესს უკრაინაში მართავდა რუსეთის სპეცსამსახური, ამერიკის სპეცსამსახური ასეთი სუსტია, რომ ყველგან უგებს რუსეთი? თუ რუსეთის კადრია ზელენსკი, იარაღს რატომღა აწვდიან, რომ უფრო მეტი უკრაინელი დაიხოცოს და დაიქცეს უკრაინა?

– უკვე დოკუმენტურადაცაა დამტკიცებული, რომ 2013-2014 წლებში დაპირისპირებას „ეფ ეს ბე“ კურირებდა, რომ მომხდარიყო ყირიმის ოკუპაცია, რაც ჩვენთან 1992-1993 წლებში გააკეთა რუსეთმა, იგივე სცენარია.

– დიახ, ძალიან აშკარაა სცენარების იდენტურობა, უბრალოდ, მასშტაბებია განსხვავებული და ერთი შეხედვით, თითქოს არ ჰგავს. აშშ-ის სპეცსამსახური რას აკეთებდა ამ დროს?

– ეს არის უკვე 2009 წელს დაწყებული ობამა-კლინტონის გადატვირთვის პოლიტიკა, როდესაც 2009 წელს ობამამ გადაწყვიტა, შეეცვალა რუსეთთან ურთიერთობა და მაქსიმალური დათმობა რუსეთს. საქართველოში ვითომ ომი არ ყოფილა, ყირიმზე თვალები დახუჭა. ობამასა და „სი აი აის“ რა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც 2012 წლიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი იყვნენ პრორუსები; რუსეთში განათლებამიღებული და რუსეთში დაბადებული ხალხი, რომლებმაც უკრაინული ენა არც იცოდნენ. ჩვენთანაც კარგადაა აპრობირებული, რომ ასეთ სიტუაციაში მინიმუმამდე დაიყვანენ ხოლმე კონტაქტსა და ურთიერთობას. მათ იცოდნენ, რომ ეს ინფორმაცია მაინც რუსეთში გავიდოდა. ამერიკას, ფაქტობრივად, კარი ჰქონდა ამოქოლილი.

– ახლა გავიგე, მაგრამ ახლა რატომღა აწვდიან შეიარაღებას რუსეთის კადრს? იმიტომ რომ მათთვის ხელსაყრელია, რომ რუსებიც დაიხოცონ ამ ომში?

– მე ფაქტს ვიტყვი: როდესაც 2010 წელს იანუკოვიჩი გახდა პრეზიდენტი და საკადრო წმენდა ჩაატარა. მაგალითად, თუ იუშჩენკოს დროს კონტრდაზვერვაში პირველი მოწინააღმდეგე იყო რუსეთი, ანუ რუსეთის აგენტურა უნდა გამოევლინათ, იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას მთავარ მოწინააღმდეგედ შეერთებული შტატები იყო მიჩნეული. ზელენსკი იმიტომ იყო ხელსაყრელი პუტინისთვის, რადგან თვლიდა, რომ ზელენსკის იოლად მოუგებდა, გააცურებდა, იმავეს გაუკეთებდა, რაც სააკაშვილს გაუკეთა. ჰქონდა იმედი, კიევს რომ შეუტევდა, ზელენსკი გაიქცეოდა და ყველაფერზე ხელს მოუწერდა. ზუსტად ეს არ გამოუვიდათ. რა არჩევანი ჰქონდა ზელენსკის 2022 წლის 24 თებერვალს?! ან გაქცეულიყო უკრაინიდან, ან ხელი მოეწერა რუსეთის სამშვიდობო შემოთავაზებებისთვის, რითაც დე იურედ აღიარებდა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს, ან მომხდარიყო, რაც ხდება დღეს. ჩემი აზრით, პუტინმა ვერ გათვალა, რომ ზელენსკი აირჩევდა მესამე გზას. ჩემს აზრს ვამბობ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ზელენსკის ვაჟკაცობით გაკვირვებული ვარ. თავისი სიცოცხლე და მომავალი შეაგდო სასწორზე.

– მე კი მგონია, რომ უბრალოდ, ზურგი აქვს. ანუ ორმაგი აგენტია ახლა? კარგად ვერ ვერკვევი უშიშროების სქემებში. ბახმუტზე რომ კონგრესში გამოდიოდა, უკრაინული და ამერიკული პრესის ცნობით, მის ცოლს ძვირად ღირებული ბრილიანტები უყიდია.

– მე ჩემს აზრს ვამბობ. ჩემი ინფორმაციითა და ანალიზით, ზელენსკი რომ არ შებრძოლებოდა რუსეთს, მისი სახელი ისტორიაში მოღალატედ შევიდოდა. რა თქმა უნდა, დასავლეთის ოცნება საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო საბჭოთა კავშირის დასუსტება, შემდეგ უკვე - რუსეთისა და პუტინის დასუსტება. ეს საგარეო პოლიტიკის ანბანია: რუსეთის სამხედრო პოტენციალი განახევრებულია და თან, ეს ხდება სხვა ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ხელსაყრელია დასავლეთის ქვეყნებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი