როგორ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 260 000–ით მიგრანტების ხარჯზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.09

2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და, თუმცა სრული სურათი უცნობია, ეს მონაცემები მაინც იძლევა ზოგიერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებ, როგორ ჩატარდა კონკრეტულად ჩემს საცხოვრებელ კორპუსში აღწერა, ჩემთვის საეჭვოა, ზოგადად, აღწერის შედეგების რაობა. ეკონომიკის ექსპერტთან, იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ აღწერის მონაცემების სიზუსტისა და წინასწარი მონაცემებით ნაჩვენებ ტენდენციებს.
– რამდენად ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის საყოველთაო აღწერა იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც აღწერს?
– სტატისტიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და არა ზუსტი მეცნიერება, ამიტომ ის ნებისმიერი მოვლენის დახასიათებისას უფრო ტენდენციას, ცვლილების ვექტორს ასახავს და არა ზუსტ რიცხვს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში დასაქმების დონე ამდენი პროცენტია, ამდენია უმუშევრობის დონე, ამას არ იკვლევენ კარდაკარ. არამედ გარკვეული ოდენობის ოჯახებს შემოივლიან და მათგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ საზოგადოებაზე. საქართველოში მილიონ 100 000-ზე მეტი ოჯახია, უფრო ზუსტად, შინამეურნეობა. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის გამოკვლევაში შეიძლება, შერჩეული იყოს 3 000–დან, მაქსიმუმ, 6 000 ოჯახამდე, მაგრამ, მთავარია, ეს შინამეურნეობები ისე შეირჩეს, რომ რეპრეზენტატული იყოს როგორც ქვეყნის, ისე ქვეყნის რეგიონების მიხედვით. მოსახლეობის აღწერის ამ მეთოდს აქვს სიზუსტის პრეტენზია, თუმცა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციის მიღება აქაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმიტომ რომ ადამიანები მოძრაობენ და ამიტომ ყოველთვის ვერ ხერხდება ზუსტი ინფორმაციის მიღება. მაგალითად, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. კონსულტაციას უწევდნენ ინგლისელი დემოგრაფები: ნებისმიერი აღწერის დროს გათვალისწინებულია პროცედურა, რომ აღწერის დამთავრების შემდეგ ხდება საკონტროლო შემოვლა გადამოწმებისთვის და აღმოჩნდა, რომ ჩინეთის მთელი მოსახლეობის რაოდენობის მონაცემის შემცირება იყო საჭირო, დაახლოებით, 65 მილიონი კაცით. ესე იგი, აცდენა იყო 65 მილიონი. მართალია, მილიარდ-ნახევარში ეს მნიშვნელოვანი ციფრი არ არის, მაგრამ აბსოლუტურად დაზღვეული არავინაა. ამიტომ აღწერის ინფორმაციასაც შემწყნარებლურად უნდა შევხედოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინფორმაციის მიღების უკეთესი წყარო არ გვაქვს, როდესაც მთელ მოსახლეობასა და მის სტრუქტურაზე გვინდა ინფორმაციის მიღება.
– რა ტენდენციებს გვაჩვენებს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები?
– ძალიან ზოგადი ინფორმაცია გამოქვეყნდა. იმას ჰგავს, წინასწარ რომ ქვეყნდება, მაგალითად, სამსაათიანი ბლოკბასტერის სამწუთიანი თრილერი. გამოქვეყნდა მოსახლეობის მხოლოდ საერთო რაოდენობა; ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, განათლება სქესის მიხედვით, მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების ოდენობა. მაგრამ არ გამოქვეყნებულა ისეთი საკმაოდ მგრძნობიარე ინფორმაცია, როგორიც არის, მაგალითად, რეგიონების მიხედვით ეროვნული შემადგენლობა, კონფესიული სტრუქტურა, მოსახლეობის დამოკიდებულება რელიგიისადმი.
– და აღმოჩნდა, რომ ქალების რაოდენობა 6 პროცენტით სჭარბობს მამაკაცებისას.
– ზოგადად, ყოველთვის, დაახლოებით, ასეთი ტენდენცია იყო და არა მარტო ჩვენთან, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში. მართალია, დაბადებულთა შორის ვაჟების რაოდენობა გოგონებისას აჭარბებს: 100 დაბადებულ გოგონაზე, საშუალოდ, 106-108 ვაჟი იბადება, მაგრამ შემდეგ, მთელ რიგ მიზეზთა გამო, 18–19 წლის ასაკის პერიოდისათვის მათი რაოდენობა თანაბრდება, ხოლო უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. მაგალითად, თუ საქართველოს საპენსიო ასაკის მოსახლეობას გადავავლებთ თვალს, პენსიონერთა 70 პროცენტი ქალია და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ქალებს აქვთ უფლება, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე. სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც ინარჩუნებენ ქალები სოლიდურ უპირატესობას. თუმცა ესეც ზოგადი ტენდენციაა და საგანგაშო არაფერია. 2000-იან წლებში იყო შერჩევითი აბორტების პრობლემა, ჩვენც გვისაუბრია ამის შესახებ და, მაშინდელი სტატისტიკით, ბუნებრივ კანონზომიერებასთან შედარებით, იმდენად ნაკლები გოგონა დაიბადა, რაც ამჟამინდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა.
– ესე იგი, მართლაც შერჩევითად იკეთებდნენ აბორტებს?
– რასაც უნდა დავაბრალოთ, ვთქვათ, ვაჟებში მოკვდაობის უფრო მაღალ მაჩვენებელს თუ სხვა მიზეზებს, ფაქტი იყო, რომ, თუ საშუალოდ, გლობალური მასშტაბით, ნორმალურ ქვეყნებში ყოველ 100 გოგონაზე იბადება 106 ვაჟი, ჩვენთან იყო შემთხვევები, რომ ყოველ 100 გოგონაზე იბადებოდა 113–120 ვაჟი და ერთ წელს 128-ც კი აჩვენეს. შემდეგ ეს სტატისტიკა სასწრაფოდ შეცვალეს. მაგრამ, ზოგადად, ყოველ 100 გოგონაზე108 ვაჟზე მეტი არ იბადება.
– იმედია, ეს ტენდენცია ახლა აღარ არის.
– მგონი, აღარ არის ახლა, იმიტომ რომ, ალბათ, განათლების დონეც ამაღლდა, კულტურაც და, ბოლოს და ბოლოს, იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაიწერა, რომ ლეკვი ლომისა სწორია და ეს მარტო ხატოვანი გამოთქმა კი არა, ცხოვრების წესი და პრინციპი უნდა იყოს.
– თქვით, რომ, თუმცა ვაჟი მეტი იბადება, 18-19 წლის ასაკში მათი ოდენობა თანაბრდებაო. რა არის მიზეზი: უფრო ხშირად ავადობენ ვაჟები თუ უბედური შემთხვევაა მეტი? ანუ ვაჟობა უფრო სახიფათოა?
– ეს საერთო ტენდენციაა, როგორც ის, რომ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, უფრო მეტია. მაგალითად, საფრანგეთში საპენსიო ასაკის მიღწეული ქალების შემდგომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმაზე მეტია, ვიდრე ნიკოლოზ ბარათაშვილმა იცოცხლა – 27-28 წელი. ლაპარაკია 60 წლის ასაკიდან პერიოდზე. ამდენად, საფრანგეთში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 88 წელს აღწევს. ჩვენთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, დაახლოებით, 81 წელი.
– ამბობენ, რომ მოსალოდნელი ომების პერიოდში, როგორც წესი, ბევრი ვაჟი იბადება. ბუნება აწონასწორებს ქალთა და ვაჟთა ოდენობასო. რას ამბობს სტატისტიკა?
– დიახ, ეს მოარული ინფორმაციაა, ალბათ, არის ასე, მაგრამ ცალსახა პასუხი არ არსებობს. თუმცა, მაგალითად, ჩემი სანაცნობო წრის ოჯახებში, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ომის შემდეგ სულ ვაჟები გაჩნდნენ. არ ვიცი, ეს შემთხვევითობა იყო თუ კანონზომიერება.
– თუ არ ვცდები, ინგა გრიგოლია იყო აღშფოთებული რამდენიმე წლის წინ, აღწერისას აღმსარებლობა მკითხესო. ჯერ ერთი, რა არის დასამალი და მეორე, არ არის სტატისტიკისთვის საჭირო ინფორმაცია საზოგადოების როგორც დემოგრაფიული, ასევე რელიგიური შემადგენელი?
– აუცილებელია, ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის: როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პოლიტიკა, რას უნდა შეუწყოს ხელი, რამდენად ტოლერანტული უნდა იყოს საზოგადოება და ასე შემდეგ. ასევე, საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ იცვლება ეს მდგომარეობა მთლიანად ქვეყნისა და რეგიონების მიხედვით, რომ შევძლოთ, რამე ნიშნით, დაძაბულობის პრევენცია და ასე შემდეგ. ამდენად, ეს მონაცემები სახელმწიფოსაც სჭირდება და საზოგადოებასაც და რაც უფრო განათლებულია საზოგადოება, რაც უფრო იზრდება ამ საზოგადოების კეთილდღეობა, მით უფრო მეტ წონასა და მნიშვნელობას იძენს ამ სახეობის თითოეული ინფორმაცია.
– ცუდად მენიშნა წინასწარ მონაცემებში, რომ 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, ლამის 300 000-მდეა გაზრდილი მოსახლეობის საერთო რაოდენობა. არ მგონია, გავმრავლებულიყავით. მიგრანტები დაგვიხვავდნენ?
– ეს მატება, ვფიქრობ და, ალბათ, სტატისტიკაც დაადასტურებს, მიგრაციის ხარჯზეა. შესაბამისი ყოველწლიური სტატისტიკით, საქართველოდან უფრო მეტი საქართველოს მოქალაქეა გასული, ვიდრე შემოსული, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ანუ არარეზიდენტი შემოსული უფრო მეტია, ვიდრე გასული და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა წილი შემცირებული უნდა იყოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. იმ ინფორმაციით, რაც საქსტატმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ქვეყანაში გაიზარდა არამოქალაქეთა რაოდენობა, დაახლოებით, 259 ათასამდე, ანუ 6.5 პროცენტს გადასცდა. მაშინ, როდესაც 2014-ში გაცილებით ნაკლები იყო. სხვათა შორის, ეს ტენდენცია გლობალური პროცესის ანასხლეტია. მაგალითად, დუბაიში მხოლოდ 17 პროცენტია ადგილობრივი არაბი, ინდოელი სამჯერ მეტია, ხოლო 21 პროცენტზე მეტი პაკისტანელია. როდესაც, მაგალითად, ჩვენ ბათუმში ვაპირებთ, ხელოვნური კუნძულის მშენებლობას, ესე იგი, ვბაძავთ დუბაის და ეს მიბაძვა რაში გადაიზრდება, მხოლოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულში თუ ეთნიკური ნიშნითაც გამოვლინდება, ახლა რთული სათქმელია.
– მაგრამ დუბაიში ადგილობრივებს აქვთ დიდი უპირატესობები და უფლებები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა.
– დიახ, აქეთკენ მიმყავს საუბარი: თუ მისაბაძია, ისეთ რამეებში უნდა მიბაძო, რაც ქვეყანას გამოადგება, განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის მოქალაქეთა კეთილდღეობას და გარკვეულ პრეფერენციებს მოგვცემს. ახლაც კი კატასტროფული მდგომარეობაა ბათუმში, ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ. თუ ბათუმის მოსახლეობა, სხვა ზღვისპირა ქალაქების მსგავსად, ასე სწრაფად იზრდება და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას, სადაც მაღალშემოსავლიანი ადამიანები, ოჯახები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაბინავდებიან და ექნებათ მუდმივი საცხოვრისი ან რეზიდენცია, ხომ არ დადგა საკითხი, რომ ბათუმში რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე რკინიგზის მშენებლობაზე ვიფიქროთ?! დაახლოებით, 11–კილომეტრიანი მონაკვეთია და ამ ქალაქს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ტურისტებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვისაც გაცილებით კომფორტული იქნება. დღეს ბათუმში თითქმის 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ტურისტების რაოდენობით ეს რიცხვი რამდენჯერმე იზრდება, ბოლო ნახევარკუნძულის აშენების შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება.
– 259 000 მიგრანტი ძალიან ბევრია. კიდევ მეტი თუ შემოვა, ეს არ შეცვლის ჩვენს დემოგრაფიულ შიგთავსს?
– საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ სოლიდურია. თუმცა უცხოელი სტუდენტების რაოდენობაც გაიზარდა: 9-დან თითქმის 20 პროცენტამდე. დღეს საქართველოში ყოველი მეხუთე სტუდენტი უცხოელია, ამას აქვს ფინანსური სარგებელი, მაგრამ პრობლემის შემცველიცაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან