პოლიტიკა

როგორ გაიხადეს პოლიტიკურმა პარტიებმა ადამიანები მონებად, რომლებიც მზად არიან გაანადგურონ ერთმანეთი

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.11

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

იმდენად მასობრივი და ბუნებრივი გახდა ერთმანეთისადმი ზიზღისა და აგრესიის გამოხატვა, რომ ეთიკური კამათი გამონაკლისად იქცა. ადამიანები, პოლიტიკური მოტივით, ერთმანეთს წრეგადასულად იმეტებენ, ემუქრებიან და, რაც მთავარია, ვერც კი იაზრებენ, რომ მთქმელი პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე. მეორე მხრივ, ნებისმიერი სისულელის თქმაა წახალისებული და ეს მართლდება სიტყვის თავისუფლებით, თუმცა გაუგებარია, არაკომპეტენტური და არცთუ იშვიათად, სულელური აზრი რატომ უნდა მოისმინო და, თუ არ მოისმენ, რატომ ხარ არატოლერანტული. მეტიც, უნდა გაითვალისწინო კიდეც. ასეა თუ ისე, ადამიანები ვირტუალურმა სივრცემ მეტადაც გაათამამა და, ასევე, პასუხისმგებლობის გრძნობაც მოუჩლუნგა. ამ ფენომენზე ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

– ადამიანი, რომელიც, მაგალითად, „ფეისბუქში“ ილანძღება, რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია. რამ გამოიწვია ეს განსხვავება რეალურ ადამიანსა და იმავე ადამიანს შორის, ოღონდ, როდესაც ის წერს სოციალურ ქსელში, რაზეც, მისი აზრით, არ აგებს პასუხს?

– სოციალური ურთიერთობები, რომლებშიც ახლა აღმოვჩნდით და აღმოვჩნდით უსუსურად და თვითდამანგრევლად, შემთხვევითი არ არის. სოციალური ურთიერთობები, რასაც ჰქვია ქვეყნის, საზოგადოების სოციალური ცხოვრება, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ეს სერიოზულად აღიქვას, რათა გაუცნობიერებლად არ ჩაჰყვეს მორევს, როგორც ეს დღეს ხდება. როდესაც არ აღვიქვამთ ამ პროცესს ზემოდან, არ ვუკეთებთ იდენტიფიკაციას, მივყვებით დინებას, როგორც ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას, კეთილი სურვილებით მოკირწყლულს. სოციალურ ფსიქოლოგიაში არის ასეთი კარიკატურა: ბიზონები ერთად მირბიან უფსკრულისკენ, უხარიათ, რა კარგია, ერთად ვართო და ასე მხიარულად მიჰქრიან უფსკრულისკენ, სადაც გადაიჩეხებიან და ინდიელები სწორედ ასე ნადირობდნენ ბიზონებზე. ეს კარგი კარიკატურაა სოციალური ფსიქოლოგიისთვის, რადგან აჩვენებს, როგორ გამოიყურება თვითგანადგურების პროცესი: ერთი მხრივ, მხიარულად არიან, ერთად არიან, მაგრამ როგორი კატასტროფაა, თუ პროცესს ზემოდან შეხედავ და შეაფასებ?! შესაბამისად, იმას, რომ უფსკრულისკენ ასე შეთანხმებულად და მხიარულად არ მივექანებოდეთ, სჭირდება სერიოზული რეჟისორობა საზოგადოების მხრიდან და არა ასე სტიქიურად მიყოლა, როგორც ჩვენ ვიქცევით.

ჩვენ როგორ ვართ?! ყველა გახარებული იყო არჩევნებამდე და უცებ აღმოჩნდა, რომ „ვერ გავფრინდით“ და, როგორც ერთ ფილმშია, ბროწეულის ოყნები მოამზადეს უკვე არგაფრენილებისთვის... ამ მდგომარეობაში ვართ და მნიშვნელოვანია, დავინახოთ, როგორია ჩვენი საზოგადოება: უკიდურესად პოლარიზებული, ანუ, თუკი არის მინუს ათი და პლუს ათი და შუაში განთავსებულია: ნული, მინუს ერთი, პლუს ერთი და ასე შემდეგ, ჩვენი საზოგადოება, ამ გაუცნობიერებლობის გამო, მხოლოდ მინუს ათის ან პლუს ათის ნიშნულებზე დგას. მაშინ, როდესაც დემოკრატიით, მსჯელობით განებივრებულ საზოგადოებაში თითოეულ პუნქტზე: მინუს ოთხზე, პლუს ოთხზე, მინუს სამზე, პლუს სამზე და ასე შემდეგ დგანან საზოგადოების წევრები და ამბობენ, ჩვენ ასე გამოვხატავთ თავს. სარევოლუციო ვითარება არ იქმნება იქ, სადაც ასეა გადანაწილებული განწყობები, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის უნიკალურ მეს და ამ სოციალურ მოვლენებში თავს სადღაც აყენებს. ჩვენთან ეს დაკარგულია და მხოლოდ ორი მხარეა, რომლებსაც ერთმანეთის განადგურება უნდათ, ერთმანეთს ებრძვიან, ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი უნიკალობა, თავიანთი მე.

– თუმცა მანამდეც დაკარგული ჰქონდათ თავიანთი მე, სანამ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია მოხდებოდა.

– დიახ და რა არის ამის მიზეზი? პარტიები არიან პოლარიზებული და მათ ძალიან წარმატებით მოახერხეს, რომ ადამიანებს დაეკარგათ საკუთარი თავი, საკუთარი განუმეორებლობა, აზროვნება, მსჯელობის უნარი და გადაიყვანეს თავიანთ პოლარულ, უკიდურეს პოზიციაზე, როდესაც აკრიტიკებ შენ საწინააღმდეგო პოზიციას და ამართლებ საკუთარ პოლარიზებულ პოზიციას. სადაც შენი მტერია საპირისპირო პოზიცია, მოყვარე ნებისმიერი, ვინც შენს პოზიციას იზიარებს. არ აქვს მნიშვნელობა: სულელი, ჭკვიანი, განათლებული, გაუნათლებელი, ასეთი თვისებით, ისეთი თვისებით. მაგრამ ეს ერთობა მაშინვე დაიშლება, როგორც კი ეს ტალღა გადაივლის, მაგრამ გამოფხიზლება, ჩვეულებისამებრ, დაგვიანებულია ხოლმე. რეალურად საზოგადოება თვითგანადგურების რეჟიმშია, როდესაც ასე მოქმედებს. ასეთი საზოგადოება პრობლემებს კი არ ხედავს სამყაროში, რომლებსაც უმკლავდება, არამედ შიგნით, ერთმანეთს ანადგურებს. სოციალურ სფეროში ეს გამოიხატება რევოლუციებით, ამიტომაც ჩვენთან არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე რევოლუციური სცენარია, როგორ გაანადგუროს ერთმა მხარემ მეორე.

დავუბრუნდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ უნიკალობა, ჩვენს სოციალურ, სატელევიზიო, საპროპაგანდო სფეროში ისინი იდენტიფიცირდებიან პარტიებთან და პარტიებმა მოახერხეს, რომ მონა–მორჩილად გაიხადეს საზოგადოების ერთი ნაწილი ერთმა პოლარობამ, მეორე ნაწილი – მეორე პოლარობამ და ასეთი მსჯელობაა: ჩვენ უკრიტიკოდ ვუყურებთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ მართლები ვართ, მტყუანები არიან ისინი. მაშინ, როდესაც ანალიტიკური აზროვნება ამისგან სრულიად განსხვავებულია და ამბობს: შეიძლება, საკუთარი აზრი გააკრიტიკო, შეგიძლია, საკუთარ პოზიციაში მინუსები დაინახო და შეიცვალო. ჩვენთან ეს დაკარგულია და მიდის ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის, რაც ასე გამოიყურება: უნდა გავანადგურო საპირისპირო მხარე. რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება, ეს პოლიტიკური პარტიებიც, იარაღი რომ მიაწოდოს ვინმემ, როგორც 90-იან წლებში მიაწოდეს ჩვენთან ორივე მხარეს, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ გამოიყენონ და სამოქალაქო ომი მივიღოთ. იგივე ვითარება მეორდება, რაც შეიძლება, მოინათლოს შემდეგნაირად: გაქრნენ ადამიანები, დარჩნენ პარტიები თავიანთი, ფაქტობრივად, მსხვერპლად და მონებად დაქირავებული ადამიანებით, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ. ესე იგი, პარტიები კი აღარ ლანძღავენ ერთმანეთს, არამედ ადამიანები, აყოლილები ამ ფეხის ხმას. როდესაც პარტიები და მათი წევრები ლანძღავენ ერთმანეთს, ეს მიუღებელია, თუმცა გასაგებია პოლარიზებული, პოზიციური აზროვნებით, მაგრამ ახლა ადამიანებიც ლანძღავენ ერთმანეთს ზუსტად ისე, როგორც უკიდურესად დაპირისპირებული პარტიები. და უკვე ადამიანებიც არიან მზად, ერთმანეთი დახოცონ და გაანდგურონ, ოჯახის წევრზეც კი გაიწევენ. ბრბოს აზროვნებისას, როდესაც ადამიანური ფასეულობები დაკარგულია და არ ხდება მეს იდენტიფიკაცია, ერთმანეთს გაანადგურებენ და ჩვენ ამას ვხედავთ.

– წარმოუდგენლად წყევლიან და კრულავენ ერთმანეთს.

– მეგობრები როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს?! ოჯახის წევრები როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს?! სოციალური ფსიქოლოგიით, ეს გასაგებია, იმიტომ რომ დამახასიათებელია პოზიციური აზროვნებისთვის, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ეს ჰგავს იმ სურათს, როდესაც გახარებული ბიზონები ერთად მირბიან გადასაჩეხად და ჰგონიათ, რომ ეს გრანდიოზული და სასიამოვნო პროცესია.

– შეიძლება, ეს მარტო სიტყვებად დარჩეს და კარგია, რომ სოციალური ქსელები გადმოფრქვევის საშუალებას იძლევა, რათა ეს მოქმედებაში აღარ გადავიდეს?

– ჩვეულებრივ, ამ გადმოფრქვევის საშუალებას ორნაირად აფასებენ, მაგრამ რომელი რომელია, დაფიქრება სჭირდება. ერთი მხრივ, როდესაც რაღაც დუღს და ორთქლს უშვებს, ეს განმუხტვის საშუალებას იძლევა და პლუსია, მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირად ამ გადმოფრქვევით დაცლა, კათარზისი, განმუხტვა კი არ ხდება, არამედ აგორება, ანუ კატალიზატორია კოშმარისთვის – ომისთვის ან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. რომელი რომელია, ძალიან ნატიფადაა გასარჩევი. მაგალითად, პირველი კითხვა დამისვით, როგორები არიან ადამიანები რეალურად და როგორები – ვირტუალურად ერთად ყოფნაში, როდესაც არ ჩანან. სოციალურ ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად არის შესწავლილი, როგორ ხდება დეინდივიდულიზაცია მასაში; როგორ იკარგება მე; ანონიმურობა როგორ მოქმედებს დიდ სოციალურ ჯგუფში და რომ ადამიანები ასეთ დიდ სოციალურ ჯგუფში არიან გაცილებით სასტიკნი, აგრესიულები, მტრულები, კრიმინალურები, ვიდრე ცალკე, ინდივიდუალურად. რატომ? იმიტომ რომ მასაში ხდება დეინდივიდუალიზაცია. მაგალითად, ჩვენს „ფეისბუქზე“, როდესაც არ ჩანს ადამიანი და როდესაც ყველაფერი შეიძლება, თქვას მან, წინა პლანზე მოდის დეინდივიდუალიზია და ქვენა ინსტინქტები ადვილად ამოქმედდება, განსახვავებით იმ სიტუაციებისგან, როდესაც ადამიანი პიროვნულად გამოხატავს საკუთარ თავს თვითკრიტიკით, თვითაღქმით, საკუთარი თავის გათვალისწინებით. ამის უამრავი მაგალითია. სახელმძღვანელო მაგალითია, როდესაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ხტებოდა ფანჯრიდან, ქვემო მაყურებელი შეიკრიბა და ცოტა ხნის შემდეგ ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი: გადმოხტი, გადმოხტი. ის ადამიანი მართლაც გადმოხტა და დაიღუპა. შემდეგ დაფიქრდნენ, რატომ მოიქცნენ ადამიანები ასე და რატომ უყვიროდნენ, გადმოხტიო, რატომ გამოხატეს ასეთი ცინიზმი?! აღმოჩნდა, რომ ძალიან ადვილად იკარგება მეს პასუხისმგებლობა ასეთ დიდ ჯგუფში; ძალიან ადვილია დეინდივიდუალიზაცია, ძალიან ადვილია საკუთარი პასუხისმგებლობის გაქრობა, რაც ტიპურია ჩვენი „ფეისბუქისთვის“, როდესაც ადამიანები ისე გამოხატავენ თავს, როგორადაც არ გამოხატავდნენ ცნობიერად, საკუთარ გარემოში, საკუთარ წრეში. ესეც სოციალური ეფექტია და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ზოგადადაც და საკუთარ თავზეც, თუ რა ემართებათ ასეთ დიდ ჯგუფებში. ამას ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებზე, სადაც ძალიან პრიმიტიული აზროვნებაა, განსხვავებით ინდივიდუალური, პიროვნული აზროვნებისგან; სადაც ადვილად ამოქმედდება ინსტინქტები. ამდენად, ამ ჯგუფური აზროვნების ყველანაირი სისასტიკე და სისულელე ძალიან ადვილად მოდის მოქმედებაში. გამოცდილი საზოგადოება ერიდება, შექმნას ასეთი ვითარებები, რომ არ გახდეს მისი მსხვერპლი, იმიტომ რომ ასეთ ბრბოში გამოჩნდებიან ყველაზე პრიმიტიული ადამიანები, ყველაზე გაუცნობიერებლები, ყველაზე სასტიკები, ყველაზე აგრესიულები, ყველაზე არაპიროვნულები და მათ მიჰყავთ „პარადი“. ისინი ხდებიან ასეთი დიდი ჯგუფების მოქმედების დირიჟორები, რაც, რა თქმა უნდა, მიდის იქამდე, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ძალიან იოლად თანხმდება მეორე ნაწილის განადგურებას. ანუ ხდება ის, რაც ჩვენ გავიარეთ და რა საფრთხის წინაშეც ახლა ვდგავართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა