პოლიტიკა

როგორ გაერთიანდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ ფედერაციულ სახელმწიფოდ ორჯერ

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.11, 2022 წელი

ვახტანგ გურული
დაკოპირებულია

ამიერკავკასიისთვის, იმას გარდა, რომ ეს რეგიონი დიდი გეოპოლიტიკის ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობს და ამიტომაც ყოველთვის ექცეოდა იმ პერიოდის რამდენიმე ჰეგემონი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ. კონფლიქტები ჩვეულია. საქართველოს პრობლემები აქვს თავის სეპარატისტულ რეგიონებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კი, არც მეტი, არც ნაკლები, საომარი მდგომარეობაა, რის განმუხტვასაც ცდილობენ რუსეთი (ამ კონფლიქტების ერთ-ერთი შემოქმედი), თურქეთი და ირანი და ახლა უკვე დასავლეთიც. ჩვენ არ ვიცით, რომელი მომრიგებლის მხარეს გადაიხრება სასწორის პინა, მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს აქვს გაერთიანების გამოცდილება, თან – ორჯერ. რატომ გადაწყვიტეს თავის დროზე სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთ ფედერაციულ სახელმწიფოდ გაერთიანება და რა შედეგი მოიტანა ამ მცდელობამ? – ამ თემაზე ისტორიკოსი, პროფესორი ვახტანგ გურული გვესაუბრება.

- სამხრეთ კავკასიის ერების, ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების მცდელობა ორჯერ იყო, 1918-სა და 1922 წლებში, იმ განსხვავებით, რომ 1918 წელს ეს პროცესი ბუნებრივად, გარედან ძალდატანების გარეშე, მიმდინარეობდა, ხოლო 1922 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა არ იყო ბუნებრივი პროცესი და არ გამოხატავდა ქართველი, სომეხი და აზერბიჯანელი ხალხის ნებას.

–რატომ გადაწყვიტეს რუსეთის იმპერიის რღვევისთანავე გაერთიანება და არა დამოუკიდებლობის ინდივიდუალურად გამოცხადება?

– 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, დაამხვეს რუსეთის დროებითი მთავრობა და ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი პოლიტიკოსები პრობლემის წინაშე დადგნენ. მათ კარგად იცოდნენ ვლადიმერ ლენინისა და მისი თანამებრძოლების ველიკოდერჟავული მისწრაფებები, რომ ისინი შეეცდებოდნენ, ამიერკავკასია არ გაეშვათ საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციიდან. ამიტომ ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ელიტამ 1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში გამოაცხადა ხელისუფლების სამხარეო ორგანოს – ამიერკავკასიის კომისარიატის – შექმნა, რომლის თავმჯდომარე გახდა ევგენი გეგეჭკორი. დეკლარაციაში გარკვევით ეწერა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი სამხარეო ორგანოს ფუნქციას შეასრულებდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე, ანუ დროებითი მთავრობის დაბრუნებამდე, რომელიც ბოლშევიკებმა დაამხვეს. 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის შესახებ და ყველასთვის ცხადი გახდა სეიმის მოწვევის მიზანი – დამოუკიდებლობის გამოცხადება. სეიმის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე და სეიმის სხდომები დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ტარდებოდა, ანუ რუსეთის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში. მოგვიანებით შეიქმნა ამიერკავკასიის მთავრობა აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით. სეიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა გარედან ყოველგვარი კარნახისა და ჩარევის გარეშე. პირიქით, სწორედ გარე ძალების გავლენისგან თავის დაღწევა სურდათ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს, რომ თავიანთი ბედი თავად გადაეწყვიტათ.

– გარედან არავინ შეშფოთებულა ამიერკავკასიის გაერთიანების გამო?

– მსოფლიოში საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და 1918 წლის 3 მარტს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რის საფუძველზეც ოსმალეთმა მოითხოვა მისთვის მინიჭებული ბათუმის, სარფისა და არტაანის ოლქების გადაცემა. ამიერკავკასიის სეიმი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა. ამიტომ ოსმალეთმა საბრძოლო ოპერაციები განაახლა, დაიკავა ბათუმი, გადმოლახა ჩოლოქი და დაიკავა ოზურგეთიც, თუმცა ოზურგეთიდან მალევე გავიდა. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ან უნდა დათანხმებოდნენ ოსმალეთის მოთხოვნას და უარი ეთქვათ სახელმწიფოებრიობაზე, ან ომი გაეგრძელებინათ. ომის გაგრძელების საშუალება ამიერკავკასიას არ ჰქონდა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმი კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით შეიკრიბა და გამოაცხადა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება გაგრძელდებულიყო, დამტკიცდა დელეგაცია ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების შემადგენლობით, სხვათა შორის, აკაკი ჩხენკელი, მთავრობის თავმჯდომარის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო.

– სეიმი როგორ აირჩიეს?

– სეიმის შემადგენლობა დემოკრატიულად აირჩიეს. ბოლშევიკებს იმდენი ძალა არ ჰქონდათ, რომ არჩევნები გაეკონტროლებინათ, თუმცა არჩევნები ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ტარდებოდა. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სეიმის შემადგენლობას პროპორციულად დამატებოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა. საქართველოდან, ძირითადად, შევიდნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები; აზერბაიჯანიდან – „მუსავატელები“ და სომხეთიდან – „დაშნაკ ცუტუნელები“. ეს დარღვევა არ ყოფილა.

– რატომ დაიშალა ასე უცებ და თუ მოასწრეს რამის გაკეთება?

– დიახ, 1918 წლის 22 აპრილს შეიქმნა და 1918 წლის 26 მაისს დაიშალა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ფედერაციას ერთი წელიც კი არ უარსებია, გადაიდგა ნაბიჯები ამიერკავკასიის კონსტიტუციის შესამუშავებლად, უპირველესად, იდგა საკითხი, თუ რისთვის გვჭირდებოდა ეს ფედერაცია.

საკითხს მხარს უჭერდნენ სოციალ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატებს კი საპირისპირო პოზიცია ჰქონდათ. მაგალითად, ილიას დისშვილმა, კონსტანტინე აფხაზმა, ორატორ სერგო ჯაფარიძის საპასუხოდ, რომელიც ამბობდა, რაკი ჩვენ ოსმალეთიდან საფრთხე გვემუქრება, თუ ქართული და სომხური ჯარი გაერთიანდება, ამ საფრთხეს მოვიგერიებთო, განაცხადა, ამიხსენით, ქართულ მხდალ ჯარს სომხური მხდალი ჯარი რომ დაუდგება გვერდში, რა გამოვა ამით; ჯარის გაერთიანებას მაშინ აქვს მიზანი, როცა ეს ჯარი არსებობს საქართველოში და სომხეთში. არც საქართველოს არც სომხეთს ჯარი არ ჰყავს და რას აერთიანებთო. ამიერკავკასიის კონსტიტუციის განხილვა შეწყდა 14 მაისს, 26 მაისს კი საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

– მეორედ, უკვე საბჭოთა დროს, რატომ გადაწყდა ამიერკავკასიის გაერთიანება?

– ეს სულ სხვა ვითარება იყო. მოგეხსენებათ, 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა, 1920 წლის ნოემბერში კი – სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკაც, ხოლო 1921 წლის თებერვალ-მარტში – საქართველოს დემოუკიდებელი რესპუბლიკა. მართალია, რუსის ჯარი იდგა, მაგრამ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანში იურიდიულად ჯერ კიდევ დამოუკიდებლები ოყვნენ. როდესაც 1921 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება დაიდო, საქართველო იმ ხელშეკრულების სუვერენული მხარე იყო. მიმდინარეობდა მზადება საბჭოთა კავშირის შესაქმნელად, თუმცა არავინ იცოდა, რა ერქმეოდა იმ სახელმწიფოს. ამ პროცესში ჩაბმული იყვნენ საბჭოთა რუსეთი, საბჭოთა უკრაინა და საბჭოთა ბელორუსია. შუა აზია – ნაკლებად, იქ ცოტა სხვა ვითარება გახლდათ. პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი უკვე გასულები იყვნენ იმ სივრციდან, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. მოსკოვში ფიქრობდნენ, რა ექნათ საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. თუ უკრაინა და ბელორუსია ცალ-ცალკე შედიოდა საბჭოთა კავშირში, მაშინ ესენიც ცალ-ცალკე უნდა შესულიყვნენ და საბჭოთა კავშირი უნდა შეექმნათ რუსეთს, უკრაინას, ბელორუსიას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამ საქმეს სტალინი ხელმძღვანელობდა, ლენინი არ ერეოდა, იმიტომ რომ ავად იყო. სტალინი კი თვლიდა, რომ, თუ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ცალ-ცალკე მიიღებდნენ, ეს გააძლიერებდა მათ სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. ამიტომ გადაწყდა, რომ შექმნილიყო ამიერკავკასიის სოციალისტური საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც საბჭოთა რუსეთთან, საბჭოთა უკრაინასთან და საბჭოთა ბელორუსიასთან ერთად შევიდოდა საბჭოთა კავშირში. ეს საქმე დაევალა სერგო ორჯონიკიძეს, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელს. სერგო ორჯონიკიძემ არ დააყოვნა და ისე, რომ არავის აზრი არ უკითხავთ, 1922 წლის 12 მარტს ბაქოში შეიკრიბნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

– რატომ ბაქოში და არა თბილისში?

– აქ ორჯონიკიძეს დიდი ოპოზიცია ჰყავდა. და 1922 წლის 12 მარტს მიიღეს დადგენილება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ და სასაცილო ის იყო, რომ დებულებაში არ ჩაწერილა ამ წარმონაქმნის დედაქალაქი, თუმცა ამ სამოკავშირეო სახელმწიფოს ყველა რეზიდენცია თბილისში იყო. დედაქალაქი არ ჩაწერეს, რომ ქართველებს უპირატესობა არ ეგრძნოთ. 1922 წლის 10 დეკემბერს კი ისევ ბაქოში შეიკრიბა ამიერკავკასიის საბჭოების პირველი ყრილობა და ოფიციალურად გააფორმეს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა. დედაქალაქი იქაც არ ყოფილა ნახსენები, თუმცა ყველა ადმინისტრაციული ორგანო თბილისში მუშაობდა. ანუ ეს იყო ძალდატანებითი პროცესი, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა და ორჯონიკიძეც მოსკოვის ნებას ასრულებდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის, რომელიც 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა, დამფუძნებლები იყვნენ: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ვინ? დიახ, ამიერკავკასიის ფედერაცია. სხვათა შორის, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი ბელოვეჟის ხელშეკრულებით დაიშალა, იმ დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ, რატომ არ მოაწერა ხელი ამიერკავკასიის ფედერაციამ? იმიტომ რომ აღარ არსებობდა.

– როდის გააუქმეს?

– გაუქმების აქტი არ მიუღიათ. მაგრამ 1936 წელს მიიღეს საბჭოთა კავშირის მორიგი კონსტიტუცია და იქ ჩამონათვალში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ცალ-ცალკე იყვნენ ნახსენები, როგორც მოკავშირე რესპუბლიკები და სიტყვაც არ იყო თქმული ამიერკავკასიის ფედერაციაზე. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბელოვეჟის ხელშეკრულებაში შეცდომა არ არის, ვინაიდან ამიერკავკასიის ფედერაცია იმ დროისთვის აღარ არსებობდა და, შესაბამისად, ხელს ვერ მოაწერდა დოკუმენტზე. ცალ-ცალკე საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კი, საერთაშორისო სამართლით, ხელმოწერის უფლება არ ჰქონდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი