პოლიტიკა

როგორ გადაახია პარიზის კონფერენციამ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს გამოცხადებული დამოუკიდებლობები რუსეთის ცნობით იმპერიის ძველ საზღვრებში

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.03, 2023 წელი

ვახტანგ გურული
დაკოპირებულია

ერთი საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინათ დასავლეთსა და რუსეთის იმპერიას შორის, დაახლოებით, ანალოგიური დაპირისპირება შეიმჩნეოდა, თუმცა, მაგალითად, ევროპა არ დაეხმარა რუსეთის იმპერატორს, რომ არათუ ტახტი შეენარჩუნებინა, არამედ რომანოვების დინასტია არ ამოწყვეტილიყო. ასევე, არ დაეხმარა დროებით მთავრობას, რომ ბოლშევიკებს არ დაემხოთ. მეტიც, მოგვიანებით, წითელ რუსეთთან აქტიურად ითანამშრომლეს, რაც რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხებსაც ძვირად დაუჯდა და, გარკვეულწილად, დასავლეთსაც. პოლიტიკური ისტორია მეორდება და, ვფიქრობ, წარსულის მსგავსი გაკვეთილი დღევანდელობის უკეთ გააზრებას შეუწყობს ხელს, რაშიც ისტორიკოსი ვახტანგ გურული დაგვეხმარება.

– გავიხსენოთ, რა ხდებოდა რუსეთ-ევროპის ურთიერთობაში მეოცე საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს და რატომ იყო მაშინ პასიური ევროპა, არ შეეძლო, არ უნდოდა თუ რა სტრატეგიული გათვლები ჰქონდა, რომ ამხელა ტერიტორიაზე შექმნილიყო სრულიად განსხვავებული ტიპის სახელმწიფო წარმონაქმნი – საბჭოთა კავშირი, რომელიც შემდეგ პრობლემად ექცა დასავლეთს?

– რუსეთის იმპერიისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ურთიერთობა წინააღმდეგობრივად ვითარდებოდა. ერთი მხრივ, რუსეთის იმპერია ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე რუსეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპისთვის შეუცვლელი პარტნიორი იყო. რუსეთისგან ევროპა იღებდა სურსათს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხორბალი, ევროპის სახელმწიფოებს არ ჰყოფნიდათ თავიანთ ტერიტორიაზე მოწეული ხორბალი; ასევე წიაღისეული. უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორ ნედლეულს: მანგანუმსა და ნავთობს. რუსული ხორბლის, მანგანუმისა და ნავთობის გარეშე ევროპას არსებობა გაუჭირდებოდა და ამას გარდა, ევროპას რუსეთისგან სოფლის მეურნეობის სხვა უამრავი პროდუქცია და ნედლეული სჭირდებოდა. ამ ვითარებაში დიდი ცვლილება შეიტანა პირველმა მსოფლიო ომმა. პირველი მსოფლიო ომი ევროპაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაპოლეონის ომების დასასრულიდან და ვენის კონგრესიდან ერთი საუკუნე გავიდა. ევროპა ერთი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა ვენის კონგრესის პრინციპებით: ევროპის სახელმწიფოები ერთმანეთს არ ეომებოდნენ და ეს მშვიდობა ჩამოკიდებული იყო ვენის სისტემაზე, მაგრამ შემდეგ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა განვითარებამ ძირი გამოუთხარა ვენის სისტემას და 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინგლისისა და საფრანგეთის დიპლომატიამ მოახერხა, რომ რუსეთი მის ძველ მოკავშირესთან – გერმანიის იმპერიასთან ომში ჩაითრია. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ახლობლები ურჩევდნენ, არ ჩაბმულიყო გერმანიის წინააღმდეგ ომში, ანუ არ დაპირისპირებოდნენ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის, ნათესაურიც. საკმაო ხნის ყოყმანის შემდეგ ნიკოლოზ მეორემ ეს საბედისწერო ნაბიჯი მაინც გადადგა და გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაება. ასე დაიწყო ორ სამხედრო ბლოკს – გერმანია-ავსტრია-უნგრეთსა და რუსეთ-ინგლის-საფრანგეთს შორის ომი და ამ ომს შეეწირა რუსეთის იმპერია, დღეს ჩვენ უკვე უეჭველად ვამბობთ, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, რომ ეს იყო რომანოვების დინასტიის საბედისწერო შეცდომა. რომ არა პირველი მსოფლიო ომი, დინასტია კიდევ დიდხანს დარჩებოდა რუსეთის ხელისუფლების სათავეში. თან, ეს გადაწყვეტილება საბედისწერო იყო არა მარტო რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვისაც. ამ ომს შეეწირა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაც. გამარჯვებული და მოგებული დარჩა ინგლისი და შედარებით ნაკლებად – საფრანგეთი. ინგლისმა, ფაქტობრივად, მოახერხა ევროპის ქვეყნებს შირის ამ ომის პროვოცირება. ინგლისის დიპლომატია ძალზე დახვეწილი მეთოდებით მოქმედებდა და თავის მიზანს მიაღწია.

– რატომ არ გადაარჩინეს მოკავშირის დინასტია?

– რა თქმა უნდა, ინგლისსა და საფრანგეთს შეეძლოთ რომანოვების დინასტიის გადარჩენა, მაგრამ აქ რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი იყო: ნიკოლოზ მეორეს უთხრეს, რევოლუციას ვერ გავუმკლავდებით და გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარები უნდა შემოვიყვანოთ პეტერბურგსა და მოსკოვში და რევოლუცია გავსრისოთო. ეს ხდებოდა 1917 წლის თებერვალში. როგორც ამ საუბრის დამსწრე ამბობს, ნიკოლოზ მეორე გაფითრდა, ხელები აუცახცახდა, და თქვა: როგორ, ჩემი ხალხი სამი წელია, სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებს გერმანიასთან და ავსტრია-უნგრეთთან და ახლა ისინი შემოვიყვანო დედაქალაქებშიო?! ანუ ნიკოლოზ მეორე არ დაეთანხმდა ამ შემოთავაზებას, მაგრამ იმპერატორის ხელისუფლებამ თავი ვეღარ დაიცვა, ომით დასუსტებული რუსეთი ვერ გაუმკლავდა რევოლუციას. და რევოლუციის მართვაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობდა ინგლისისა და საფრანგეთის ფული.

– ეს უკვე დადასტურებულია? ანუ, რომ რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება დააფინანსეს ინგლისმა და საფრანგეთმა?

– რა თქმა უნდა, დადასტურებულია. ინგლისსა და საფრანგეთს შეეძლოთ, პატიმრობაში მყოფი ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი, სანამ ციმბირში გადაიყვანდნენ, გაეყვანათ პეტერბურგიდან, მაგრამ იმ დროისთვის ინგლისის პოლიტიკა იყო შემდეგნაირი: რაც უარესი მოხდება რუსეთში, მით უკეთესი. ინგლისის დიპლომატიამ და პოლიტიკურმა ელიტამ კარგად იცოდნენ, რომ მეფის ოჯახის ამოწყვეტა რუსეთს გადაისროდა დაუსრულებელ ქაოსში და სამოქალაქო ომის ახალი ტალღა დაიწყებოდა. მაგრამ მთელი უბედურება ის იყო, რომ რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე რუსეთის დროებითი მთავრობა, ასევე, ინგლისისა და საფრანგეთის კაბალაში აღმოჩნდა, იმდენი ფული ჰქონდა ნასესხები რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, რომ მისი გადახდა რუსეთის დროებით მთავრობას არ შეეძლო და, ფაქტობრივად, რუსეთში ისევ ინგლისი მართავდა ვითარებას. რუსეთმა ომს თავი ვერ დააღწია, იმიტომ რომ ინგლისს არ უნდოდა რუსეთის, როგორც მოკავშირის, დაკარგვა და აი, ამას გადაჰყვა რუსეთის დროებითი მთავრობა. ომი ძალიან არაპოპულარული იყო ყველა ხალხში, მათ შორის, რუს ხალხში და ომის გაგრძელების მოტრფიალე მთავრობა, რა თქმა უნდა, ეზიზღებოდათ. ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა, ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ ვითომ ომის შეწყვეტა, და მეომარ მხარეებს შორის საყოველთაო ზავის დადება უნდოდათ, რაც სრული დემაგოგია იყო, მაგრამ ხალხს სჯეროდა და 1917 წლის 25 ოქტომბერს განახორციელეს კიდეც კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება და დროებითი მთავრობა დაამხეს. რუსეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და დაიწყო საბჭოთა რუსეთის ეპოქა.

– დადატურებულია, რომ ინგლისი აფინანსებდა იმ გადატრიალებას, მაგრამ რუსეთში მონარქიის ჩამოგდების შემდეგ იმ ტიპის სახელმწიფოს მიღებას ელოდნენ, როგორიც წითელი რუსეთი იყო?

– 1917 წლის 25 იქტომბერს ბოლშევიკებმა სახელმწიფო ძალაუფლება აიღეს ხელში. რა თქმა უნდა, ამას არც ინგლის-საფრანგეთი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ ელოდნენ. პირიქით, ყველა ცნობილი პოლიტიკოსი გამოთქვამდა აზრს, რომ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება იარსებებდა, დაახლოებით, ორ კვირას და შემდეგ დაემხობოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მართალია, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტისა და რუსეთის ბურჟუაზიისთვის მიუღებელი იყო ბოლშევიკების ხელისუფლება და, ამდენად. ევროპაში ლოგიკურად აზროვნებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ისტორიაში ალოგიკური მოვლენებიც ხდება: ბოლშევიკებმა ძალაუფლება არ დაკარგეს, მაგრამ ეს ალოგიკურიც არ იყო: თუმცა ძლიერი სამხედრო ელიტა ჰყავდა, რუსეთის ბურუაზია სუსტი და პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმზადებელი იყო. ცარიზმის კალთაში გამოზრდილი შეეზარდა რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებას და დამოუკიდებელი მოქმედების უნარი არ ჰქონდა. ხოლო, როდესაც მიეცა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ვერ გამოიყენა, თორემ წარმოუდგენელი იყო რუსეთის იმხელა არმიის დამარცხება, რომელმაც არ ცნო ბოლშევიკების ძალაუფლება. ბოლშევიკებმა სისხლის გუბეები დააყენეს რუსეთში, ქუჩაში ხოცავდნენ უამრავ ადამიანს, გაბატონდა ტერორი და ამან ბოლშევიკებს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება მისცა.

ურიგო არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რომ 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1919 წლის იანვარში პარიზში გაიხსნა ომში მონაწილე გამარჯვებული სახელმწიფოების საზავო კონფერენცია. ლიდერის როლს ასრულებდა ინგლისი, ამერიკის პოზიცია სუსტი იყო და პარიზის კონფერენცია გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდა, ინგლისსა და საფრანგეთს მიჰყავდათ თამაში. კონფერენციამ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა და 1920 წლის იანვარში დამთავრდა. კონფერენციამ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, რომ რუსეთი აღდგეს იმავე საზღვრებში, რომელშიც არსებობდა რუსეთის იმპერია. მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება იქნება: მონარქია, ბურჟუაზიული რესპუბლიკა თუ სოციალისტური რესპუბლიკა. რატომ დათანხმდა ამას ძველი ევროპა? ევროპას, ჯერ ერთი, არ უნდოდა, დაეკარგა რუსეთი, როგორც ერთიანი ეკონომიკური ორგანიზმი, რომ მარგანეცი, ხორბალი, ნავთობი თუ სხვა პროდუქტი და ნედლეული შეეძინა ერთი და არა სხვადასხვა ქვეყნისგან, აწყობილი სისტემა იყო და ამის დანგრევა არ უნდოდა. ეს იყო ამ მოთხოვნის ეკონომიკური საფუძველი, მაგრამ მეორე საფუძველი იყო შემდეგი: ახლა ჩვენ რომ რუსეთის იმპერიაში შემავალ ერებს მივცეთ სახელმწიფოებრიობა, ამას მოჰყვება მრავალწლიანი და შეიძლება ათწლეულების ომები იმპერიაში შემავალ ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ ეს ხალხები რუსეთის მიერ დაპყრობილია 100-200-300 წლის წინათ და არავინ აღარ იცის თავისი ისტორიული საზღვრები, ამდენად, ევროპა დაკარგავს რუსეთს, როგორც ერთიან ორგანიზმს, ამიტომ ჯობია, რუსეთი დარჩეს, როგორც იყო. სხვათა შორის, ეს შეცდომა მეორედაც გაიმეორეს ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

– საბჭოთა კავშირის დაშლისას.

– დიახ. თუმცა საბჭოთა კავშირის უსისხლოდ დაშლა ევროპისა და ამერიკის დიდი დამსახურება იყო, მაგრამ იქვე დაუშვეს შეცდომაც. მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, როგორც მოხდა, კარგი იყო, მაგრამ ვადასტურებ ფაქტს, რომ ევროპამ და ამერიკამ ისევ საშიშად ჩათვალეს რუსეთის დაშლა ფედერაციებად... ამიტომ იყო, რომ პარიზის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას არაოფიციალურად აცნობეს, თქვენი დამოუკიდებლობის საქმე ვერ გადაწყდება (ჩვენ ხომ უკვე გამოცხადებული გვქონდა დამოუკიდებლობა?!), იმიტომ რომ მიღებულ იქნა დადგენილება, რუსეთი აღდგეს ძველ საზღვრებში და თქვენ ხართ რუსეთის შემადგენლობაშიო. თუმცა შემდეგ პარიზის კონფერენციაზე ვითარება შეიცვალა. ევროპელები მიხვდნენ, რომ არ შეიძლებოდა მთლად ასე წყლის გადაწურვა ერებისთვის. მაგალითად, კონკრეტულად საქართველოს უთხრეს, პარიზის კონფერენცია დე-ფაქტო ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, დე-იურედ კი არ ცნობს მანამ, სანამ თქვენი ყოფილი მეტროპოლია, ანუ ყოფილი პატრონი არ გცნობთო. ამდენად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უამრავმა ქვეყანამ ცნო, სინამდვილეში საქართველო უამრავმა ქვეყანამ ცნო საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ. ანუ როცა შესრულდა პარიზის კონფერენციის მოთხოვნა, ჩვენმა ძველმა მოკავშირე გერმანიამაც კი დე-იურედ 1920 წლის აგვისტოში გვაღიარა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი