როგორ ეცილებიან ერთმანეთს სომხეთი და აზერბაიჯანი ქართული კულტურისა და საქართველოს ტერიტორიის საკუთრად გასაღებაში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.01, 2024 წელი

2024 წელი არჩევნებით მეტად დატვირთული წელია. იმთავითვე ვიცოდით, რომ 2024 წლის მარტში რუსეთში უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ვლადიმირ პუტინი ისევ მიიღებს მონაწილეობას; უკრაინაშიც ემზადებოდნენ არჩევნებისთვის, თუმცა ის გადაიდო (უკეთეს მომავლამდე, ანუ გაურკვეველი ვადით); ისევე, როგორც აშშ-შიც ემზადებიან, ოღონდ არ გადადებენ და არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენთანაც. უცნაური ისაა, რომ ყველასთვის მოულოდნელად აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც მოისურვილა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, მიზეზი კი არ დაუსახელებია. 2024 წლის საარჩევნო დატვირთვაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ყარაბაღის ბოლო ოპერაციის შემდეგ ალიევს, წესით, ლეგიტიმაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. რატომ მოისურვა ძალაუფლების განმტკიცება, რისთვის ემზადება?
– მიუხედავად იმისა, რომ, დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტს გარანტირებული აქვს მომავალ არჩევნებში გამარჯვება, მაინც ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციის ხარისხის აწევა მოინდომა, ერთი მხრივ, 2024 წლის თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყარაბაღში მცხოვრები 1 000 ეთნიკური სომეხი მოქალაქეც და, მეორე მხრივ, იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ერთი შეხედვით, თითქოს სად აშშ-სა და რუსეთის არჩევნები და სად – ალიევის, მაგრამ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შედეგით დამთავრდება აზერბაიჯანის არჩევნები. სავარაუდოდ, პროცენტი მაღალი იქნება, შესაბამისად, ლეგიტიმაციის ხარისხიც და ეს ალიევს სჭირდება მომავალი პოლიტიკური ვაჭრობისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ნაკლებად ჩანს: აზერბაიჯანის მდგომარეობა არ არის ისე მარტივი, როგორც ეს ერთი შეხედვითაა. თითქოს თეთრ ცხენზეა აზერბაიჯანი ამხედრებული ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით, მუსლიმურ სამყაროში აზერბაიჯანი ერთადერთი ისლამური ქვეყანაა, რომელიც ისრაელს ეხმარება. ისრაელის ენერგომოხმარების 40 პროცენტი აზერბაიჯანულია და ამ ფონზე ძალიან კომიკურად გამოიყურება თურქეთის ხელმძღვანელობა, რომელიც თითებს უქნევს ისრაელს, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობი ისრაელს თურქეთის გავლით მიეწოდება. მოკლედ, აზერბაიჯანის მდგომარეობა ისლამურ სამყაროში მარტივი არ არის და იმისთვის, რომ პოლიტიკური ვაჭრობისთვის კარგი პლატფორმა შეიქმნას, სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებებიც შეიტანონ კონსტიტუციაში. თუმცა, ზუსტად არ ვიცი, რა დამატებითი სურვილები აქვს ალიევს თავისი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებასთან, თავისი ოჯახის ხელისუფლებაში მეტ ჩართულობასთან დაკავშირებით. მისი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტია, ამასობაში კი შვილიც წამოეწია და არ არის გამორიცხული, მეუღლე შვილმა ჩაანაცვლოს. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ არც საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოვრიცხავ და არც სტრუქტურულს. ასე რომ, სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებისა და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური მომენტისთვის აზერბაიჯანი მზად იქნება სტრუქტურულად, მომთავრებული ექნება არჩევნები.
– ეჭვი მაქვს, რომ ეს რიგგარეშე არჩევნები ალიევს შეიძლება, იმისთვისაც სჭირდებოდეს, რომ თურქეთთან უფრო წელგამართული იყოს.
– არც ამას გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანი მოჩანდა, როგორც თურქეთის ნების შემსრულებელი. აზერბაიჯანს, ცხადია, უნდოდა ყარაბაღის დაბრუნება, მაგრამ საომარ ვითარებაში აზერბაიჯანი ასრულებდა თურქეთის მითითებებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, ფაქტობრივად, თურქ გენერლებს ექვემდებარებოდა. ასევე, შექმნილი იყო სამხედრო დაჯგუფება, რომელიც არ ექვემდებარებოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს და მას ხელმძღვანელობდნენ თურქი გენერლები. გარე მაყურებლის თვალით, ეს აღიქმებოდა არა მხოლოდ, როგორც თურქეთ-აზერბაიჯანის მოკავშირეობა, არამედ, როგორც უფროს-უმცროსის ძმობა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს და დღევანდელი თურქეთი, რომელსაც რთული ეკონომიკური გამოწვევები აქვს, აზერბაიჯანისთვის მთავარი პარტნიორი და უახლოესი მეგობარია, „დიდი თურანის“ კონტექსტში ბაქოში სვამენ კითხვას: რატომ უნდა იყოს თურქეთი უფროსი თურქულენოვანი ქვეყნების საქმეში და არა აზერბაიჯანი?! ეს ძალიან საინტერესო საკითხია და მასზე არც ერთი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი პასუხს არ გაგცემს ან, თუ გაგცემს, გეტყვის, რასაკვირველია, თურქეთი უნდა იყოსო, თუმცა საპირისპიროს ფიქრობენ: ლიდერობის კომპლექსი გაუჩნდა აზერბაიჯანს. ის, რომ დღეს აზერბაიჯანი თავს რეგიონის ლიდერად თვლის, ამას წყალი არ გაუვა, საქართველო და სომხეთი მისთვის სხვა დონის ქვეყნებია, რბილად რომ ვთქვათ. ამის საფუძველი ნამდვილად აქვთ, იმიტომ რომ დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთი აქტიური და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც აკონტროლებს სავაჭრო დერეფნებს. საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, განსაკუთრებით, ირანთან დაპირისპირების, ისრაელის დახმარების კონტექსტში. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანი მსხვილ თამაშს თამაშობს და აქედან გაჩნდა ლიდერის კომპლექსიც. არ მინდა, დამატებით გავაღიზიანო ჩვენი საზოგადოება, მაგრამ გარეჯის თემას შევეხები: გარეჯის ის მონაკვეთი, რომელსაც ჯერჯერობით აზერბაიჯანი აკონტროლებს, არა მარტო გაასაღეს ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, არამედ იმ სიმაღლეს, აღმოსავლეთ ფერდის უმაღლეს მწვერვალს, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, ჰეიდარ ალიევის სახელიც დაარქვეს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ისტორიულ-ეროვნული აკადემიის დირექტორი იაკობ მახმედოვი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, თქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ნაწილი ალბანური ტომებით იყო დასახლებული. ამ ინსტიტუტს მკაცრად აკონტროლებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და მისი დირექტორი ვერ გაბედავდა ამის თქმას, რომ არ ჰქონოდა თავისი ხელისუფლების ჩუმი თანხმობა. ანუ ის ამბობს, რომ თბილისი იყო ალბანეთის ერთ-ერთი ქალაქი, შემდეგ – არაბთა სახალიფოსი, ხოლო, როდესაც სახალიფო დაემხო, თბილისი აზერბაიჯანულ ქალაქად ჩამოყალიბდა.
– ვაი, მაგათ პატრონს, უბედურს! მე სხვა რეაქცია ვერ მოვიფიქრე, მკითხველს ვუბოდიშებ.
– იმას, რომ წლებია, აზერბაიჯანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ასაღებს უამრავ სომხურ ძეგლს, მსოფლიო მიეჩვია. შეიძლება, იქ არის საკამათო, ესა თუ ის ძეგლი ალბანურია თუ სომხური, ვინაიდან ორივე მონოფიზიტურია, მაგრამ ყარაბაღში არის გვიან შუა საუკუნეებში აშენებული ძეგლები, რომლებიც შეუძლებელია, იყოს ალბანური. მაგრამ მაინც ალბანური კულტურის ძეგლებად ასაღებენ. აზერბაიჯანელი ისტორიკოსების დიდ ნაწილს რომ მოუსმინო, ისე გამოდის, რომ მთელი კავკასია ისტორიულად თურქულენოვანი ტომებით იყო დასახლებული. ეს, რასაკვირველია, ტყუილია, მაგრამ ვიმეორებ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია.
– მათ აქვთ ფული, სამხედრო ძლიერებასაც მიაღწიეს, მაგრამ არ აქვთ ისტორია და მსოფლიო დონის კულტურა.
– მიაქციეთ ყურადღება: არავინ კამათობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე თურქები მოსულები არიან.
– თურქებს არ აქვთ ეს ამბიცია.
– დიახ, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.
– ვის მოატყუებს აზერბაიჯანი, რაც უნდა ამტკიცოს, რომ ისინი ძირძველი მოსახლეობაა კავკასიის და ჩვენ იბერიელებისა და კოლხების შთამომავლები – მოსულები? ეს ხომ აბსურდია სერიოზული სამეცნიერო წრეებისთვის?
– ვერ დაგეთანხმებით. წლების განმავლობაში კონკრეტული ერის, მაგალითად, ჩვენი მეზობელი სომხეთის წარმომადგენლები ქმნიდნენ ნარატივს, რომ ყველაფერი საქართველოში სომხური წარმომავლობისაა. ეს ყველაფერი მერე ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებში, ბიბლიოთეკებში. თავდაპირველად მსგავსი ნაშრომები იწვევდა სკეფსისსა და ირონიულ ღიმილს, მაგრამ, როდესაც ამას ჩვენგან რეაგირება არ მოჰყვებოდა ხოლმე, წყარო ხდებოდა. ამის მაგალითი არაერთია და შემდეგ უზარმაზარი ენერგია და ფინანსები იხარჯებოდა იმისთვის, რომ ეს გაგვექარწყლებინა. ახლა თუ არ მოჰყვა ამას რეაქცია, რჩება ცნობიერებაში და შემდეგ ნელ-ნელა წყარო ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იმდენადაა დამოკიდებული აზერბაიჯანზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად დელიკატური იყოს ამ საკითხში, შესაბამისად, ჩვენი მეცნიერებაც.
– მთავრობა მოიქცეს დელიკატურად, მეცნიერებმა დაწერონ სამეცნიერო შრომები.
– სამეცნიერო შრომები ამას არ უშველის. თქვენ არ უნდა მეუბნებოდეთ ამას, ადამიანი, რომელიც ჩართულია დებატებთან აფხაზებთან და ოსებთან ანალოგიურ თემებზე და იცით, რომ მხარდაჭერის გარეშე აკეთებთ წლების განმავლობაში ამ საქმეს. ასეთი მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, არადა ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ვგულისხმობ რბილი ძალის გამოყენებას, რომელიც სოციალურ ქსელებში სწორ სურათს შექმნის რეგიონის ისტორიისა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ. მაგრამ ხომ ხედავთ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკა ქვეყანას არ აქვს. მეცნიერები კი ისედაც წერენ შრომებს.
– ვგულისხმობ, რომ მეცნიერებმა დაწერონ და სახელმწიფომ ისე, რომ არც გამოჩნდეს, უზრუნველყოს ამ შრომების გავრცელება. უამრავი საშუალებაა ირიბი დახმარებისა და რბილი ძალის ირიბად დაფინანსების. მე ვერ ვიგებ, ქვეყნის ხელისუფლება რომ ხარ, რატომ უნდა მტრობდე შენს სახელმწიფოს შენი უმოქმედობით? მტრობას ვუწოდებ, როდესაც ვერ ახერხებ, მოაგვარო ეს საკითხი.
– ობიექტურად რომ ვთქვათ, ამის მოგვარება საკმაოდ რთულია. ამ თემაზე დაწერილა არაერთი ნაშრომი და დევს შესაბამის უწყებებში. მეტიც, ცოტა დააგვიანეს აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა. როდესაც ჩაკეტილი იყო საბჭოთა სივრცე, მაშინ აქტიურობდნენ სომეხი მეცნიერები და ქართველ მეცნიერებს ხელი არ მიუწვდებოდათ ამა თუ იმ სამეცნიერო წრესთან. სომხური ემიგრაცია კი საკმაოდ აქტიურობდა. დღეს სხვა სიტუაციაა და ქართველი მეცნიერების, ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების, ნაშრომები დევს მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში და უკვე წყაროებია. მაგრამ აქ სხვა რამეაა საყურადღებო: სოციალურ ქსელებში მუდმივადაა საჭირო შესაბამისი ამინდის შექმნა და ამას ისტორიკოსები ვერ გააკეთებენ. ეს შესაბამისი უწყებების საქმეა: იმავე მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია ამის გაკეთება. სხვებსაც... თუ ვინმეს ჩემს ნათქვამში ეჭვი შეეპარება, შეუძლია, მეკამათოს. მცოდნე ადამიანმა ყველაფერი კარგად იცის, ნარიყალაც თურქული სიტყვაა და სიღნაღიც, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ნახევარ სპარსეთსა და თურქეთში არაბული ტერმინებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ არაბეთია. ეს ოკუპაციის პერიოდის ტერმინებია და ჩვენი შეცდომაა, რომ მაშინვე არ შევცვალეთ. აზერბაიჯანელებმა კი ყველა არათურქული სახელწოდება მაშინვე შეცვალეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან