პოლიტიკა

როგორ ემყარება ადამიანის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმი მის ტვინში სწორი და არასწორი იდეების ჩანერგვას

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.04

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ადამიანი მიდრეკილია, ბოლომდე დაიცვას თავისი აზრი, მიუხედავად იმისა, ის მცდარია თუ მართებული. ვინაიდან უჭირს, აღიაროს, რომ შეცდა და ხშირად თვითგანადგურების ხარჯზეც კი თავისი მცდარი აზრის ერთგული რჩება. ამის მაგალითი ბევრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ხშირად ესეც ხდება ხოლმე დაუსრულებელი მტრობისა და ომების მიზეზიც კი. რატომ ურჩევნია ადამიანს, თავიც კი წააგოს, ოღონდ კი არ აღიაროს, რომ უბრალოდ, შეეშალა? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ვფიქრობ, დღეს არსებული პრობლემების დიდი ნაწილის საფუძველი სწორედ ის არის, რომ ადამიანს უჭირს, აღიაროს, რომ შეფასებისას შეცდა, რომ მისი მოქმედება მცდარი იყო, ამიტომ ჯიუტად იმავეს განაგრძობს. რატომ სჭირს ეს სენი ადამიანს?

– ძალიან დიდი და მრავალპლანიანი თემაა, მრავალპლანიანი, რადგან აქვს სოციოლოგიური, ფილოსოფიური, რეგილიგიური, ფიქოლოგიური და ასე შემდეგ ასპექტები. მე ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვილაპარაკებ: ადამიანი რომ ფანჯრის რაფაზე დავაყენოთ, თუ არ არის შეჩვეული, მას სურვილი უჩნდება, რომ გადახტეს. სიმაღლეზე მომუშავეებს სიმაღლისადმი სხვანაირი დამოკიდებულება უჩნდებათ და ეს პირველი იმპულსი იხსნება. მაგრამ პირველი, გამოუცდელი იმპულსია, რომ უნდა გადახტე. ანალოგიური რამ დავინახეთ თავის დროზე 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული მაღლივი შენობებიდან პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ფანჯრებისკენ გაცვივდნენ და გადმოხტნენ, მიუხედავად იმისა, რომ გადმოხტომა გარანტირებული სიკვდილი იყო, შიგნით კიდევ შეიძლებოდა, გადარჩენილიყვნენ. ადამიანს, ცოცხალ არსებებს, ზოგადად, ხშირად აქვს ანალოგიური მდგომარეობა. სიტყვა პანიკა იმის აღსანიშნავად მოიხმარება, რომ დგება მძაფრი ემოცია, უმეტესწილად, ეს არის შიში, რომლისგან თავის დაღწევის მიზნით, ადამიანი ყველაფერზეა თანახმა და უფრო რთულ სიტუაციაშიც კი ვარდება ხოლმე. მეტიც, ორგანიზმს აქვს გამომუშავებული ასეთი თვითმკვლელობის მექანიზმი პანიკის დროს. პანიკაში ჩავარდნილ ადამიანს გულისცემა ეცვლება: უჩქარდება ან უნელდება, სუნთქვა ეკვრის და შეიძლება, სიკვდილის პრეცედენტიც შეიქმნას. ანუ პანიკა ბიოლოგიურადაა სახიფათო სიცოცხლისთვის. ასე რომ, თვითმკვლელობა მძაფრი ემოციის დროს დევს ჩვენს ბიოლოგიურ მექანიზმში. თქვენ უფრო ის საკითხი დააყენეთ, რატომ მიდის ქცევა თვითმკვლელობისკენ, თვითგანადგურებისკენ, მაგრამ შეიძლება, განვაზოგადოთ: თვითმკვლელობას როგორც ბიოლოგიურ პროცესში ვერ ამჩნევს ადამიანი და მისგან თავის დაცვა არ შეუძლია, ასევე სოციალურ პროცესებშიც, ალბათ, ვერ ამჩნევს და თავის დაცვა არ შეუძლია.

– ერთხელ შევამჩნიე საკუთარ თავს, სტუდენტობისას, აივნიდან ვიყურებოდი, გაზაფხული იყო და ძალიან ლამაზ მწვანედ ყვაოდა ბალახი, გამიჩნდა, მთლად გადახტომის არა, მაგრამ იმ ბალახისადმი მიზიდულობის სურვილი. შემდეგ უამრავჯერ გადამიხედავს, მაგრამ მსგავსი სურვილი აღარ გამჩენია. ანუ ამის მართვა ხომ შეუძლია ადამიანს?

– მოგეხსენებათ, განწყობის სკოლის ჯარისკაცი ვარ, თავად განწყობის თეორიის ავტორ უზნაძეს ლევინისგან აქვს აღებული, რომ საგანი იზიდავს ადამიანს, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი. თუ მას ძალიან სცივა, ბუხარი მიიზიდავს, როდესაც ოთახში შევა; თუ სცხელა, იგივე ბუხარი, პირიქით, განიზიდავს და გარეთ გაქცევა მოუნდება. ასეთ დროს ლოგიკა აღარ მუშაობს, მუშაობს იმპულსი. ანალოგიურად იზიდავს ადამიანს სიმაღლე, იმიტომ რომ სიმაღლის შემთხვევაში თავში ჩნდება აზრი, რომ შეიძლება, გადახტე. ეს აზრი იკავებს დომონირებულ მდგომარეობას და ადამიანს სხვა აზრი აღარ უჩნდება. ისევე იზიდავს სიმაღლე, როგორც მშიერს – საჭმელი, იმიტომ რომ მშიერისთვის საჭმელთან ურთიერთობას აქვს ერთადერთი ვარიანტი – უნდა შეჭამოს, აი, მაძღარმა შეიძლება, შეჭამოს, შეიძლება – არა, ანუ ალტერნატივები უჩნდება. მშიერთან ალტერნატივები არ არის. გამოუცდელ ადამიანს სიმაღლისადმი ალტერნატივები არ უჩნდება, მაგრამ, როდესაც გამოცდილებას დააგროვებს, მაშინ ალტერნატივა ჩნდება: შეიძლება, ჩავარდეს და დაიმტვრეს. ანუ ტვინი უფრო რეალისტურად მოქმედებს. არადა, ტვინი ყოველთვის რეალისტურად არ მოქმედებს, ეგაა განწყობის თეორიის მთელი პეწი. ტვინი ხშირად მოქმედებს ილუზიების საფუძველზე. ხშირად ქმნის ილუზიებს, შემდეგ მოქმედებს ამ ილუზიებით და რაღაც პირობებია საჭირო, რომ შეცდომები არ დაუშვას. ერთ-ერთი ასეთი პირობაა ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ალტერნატივების გააზრების უნარი. თუ ეს შეზღუდულია და ადამიანის გონებაში მხოლოდ ერთი იდეაა, მაშინ ის ამ იდეას გაჰყვება, საითაც უნდა წაიყვანოს და ჰიპნოზის მდგომარეობაა ამის ნათელი მაგალითი. სიზმარშიც ერთ იდეას მიჰყვება ადამიანი. მისი ცნობიერება მიჰყვება სიზმარს, რაც უნდა თქვას სიზმარმა. სიზმარში რომ შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ვარდები, ექნება ადამიანს ვარდნის შეგრძნება და შემდეგ გაეღვიძება საშინელების გრძნობით. ამდენად, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს მიექანება ძალა და ეს გარეთა ძალა არ არის, ეს მისი შინაგანი ძალაა, როდესაც ალტერნატივები არ აქვს. სწორედ ალტერნატივების მოსპობის მექანიზმებია ჩადებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმებში. ჰიპნოზი ვახსენე და იქ არის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი: არ გაიფიქრებ არაფერს, არ გესმის არაფერი, ჩემი ხმის გარდა.

– მე ძალიან ცუდად ვემორჩილები ჰიპნოზს, ფაქტობრივად, არა.

– ადამიანს გააჩნია, ზოგისთვის დამახასიათებელია ერთ იდეაზე კონცენტრაცია, ზოგს ვარიანტების დაკარგვა არ უყვარს და ამიტომ აღარ ემორჩილება. დამორჩილება ყოველთვის ხდება ერთის, ბევრის დამორჩილება ერთდროულად, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რა უნდა დაიმორჩილო, როდესაც ბევრი ალტერნატივაა?! უალტერნატივო სიტუაციის შექმნაზე მუშაობს კომფორმიზმი.

– ეს კომფორმიზმიც ხომ ერთგვარი საზოგადოებრივი აზრია? ესე იგი, შეიძლება, ითქვას, რომ საზოგადოება უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რისკენაც შემდეგ ტვინს მიჰყავს?

– დიახ, ინდივიდის ტვინში იქმნება სიტუაცია, რომ, რასაც მეუბნებიან, ის არის სწორი, უალტერნატივოდ და შემდეგ, რაც აქედან გამომდინარეობს, როგორც ქცევა, მეც იმას ვაკეთებ, არ ვუფიქრდები, რა მოხდება საბოლოოდ. მთელმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა ასე დააყენეს საკითხი: მსოფლიო შენთან არის, თუ ებრძვი რუსეთს, ოღონდ თვითონ უკრაინელი აღარ დაფიქრდა, ამის შედეგი რა იქნება?! ტარანა თვლითაა და დაითვალა პუტინმაც, უკრაინაში რამდენი მილიონი ადამიანია და რუსეთში რამდენი. ამის მიხედვით, შეუძლებელია, ეს ომი მოიგოს უკრაინამ, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ამაზე არავინ დაფიქრებულა უკრაინაში, თორემ შეიძლება, სხვა ხერხი ეცადათ. ის ხერხი, რაც ჩვენ გვირჩიეს, როდესაც გვითხრეს, ორდღიანი ომი წამოიწყეთო, რაზეც ვუპასუხეთ, დავმარცხდებითო. არ შეგვეკამათდნენ, დამარცხდებით, მაგრამ შემდეგ პარტიზანული ომი გააჩაღეთო. თუ პარტიზანული ომი დასაშვები იყო, რატომ არ ურჩიეს უკრაინას?!

– უკრაინას დიდი რესურსი აქვს და ამიტომ არ ურჩიეს, ალბათ.

– ესე იგი, იქ რაღაც სხვა მიზეზი იყო, თორემ ბრძოლაა ფრონტალურიც და პარტიზანულიც. პარტიზანულ ბრძოლაზე გადასვლა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ფრონტალურს ვერ იგებ და ამიტომ გადადიხარ ბრძოლის სხვა ფორმაზე, რომელიც შეიძლება, უფრო მომგებიანი იყოს შენთვის. საიდან გაჩნდა ტერორიზმი?! სწორედ იქიდან, რომ ფრონტალური ბრძოლით ვერ იგებდნენ და ტერორისტული შეტევებით ებრძოდნენ და ებრძვიან მას, ვისაც მტრად ჩათვლიან. ეს ისეთივე ბრძოლაა, როგორიც ფრონტალური, მაგრამ უკრაინა მიიყვანეს ფრონტალურ ბრძოლასთან და უკრაინა არ დაფიქრდა: იყო თუ არა მისთვის ფრონტალური ბრძოლა ერთადერთი შესაძლო ვარიანტი.

– ის რით იხსნება, რომ უყურებს ადამიანი, რა ხდება და ამბობს, უკრაინა იმარჯვებს, რუსებს სამარშრუტო ტაქსებით გადაჰყავთ სამხედროები და გადააქვთ იარაღიო. ამას იჯერებენ. ამ დონემდე შეიძლება, მივიდეს ადამიანის წარმოსახვა?

– რატომ არ შეიძლება?! 2008 წლის ომამდე ჩვენთან ხომ ამბობდნენ, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები აქვსო?!

– თუ ჟანგიანი იყო ტანკები, რატომ გამოვიქეცით? ეს კითხვა აღარ გაჩენილა?

– ამა თუ იმ ოპერაციაში მთავარია რაღაც მიზანი, რომელიც შეიძლება, ყველასთვის დაფარულია. მხოლოდ ფარულმა მოთამაშემ იცის, რა მიზანი აქვს და თუ ის მიზანი მიღწეულია, მერე თუ გინდა, გამოიქეცი, თუ გინდა, იძახე, მომატყუესო, მან მიზანს უკვე მიაღწია.

– და მერე უკვე ადამიანი ამართლებს თავის საქციელს, რატომ გამოიქცა, რატომ დამარცხდა, იმიტომ რომ ის სხვაა ცუდი.

– რა თქმა უნდა, ნუ ჩავთვლით, რომ ეს ახალია. უამრავი ომი გადაუტანია კაცობრიობას და ყველგან ანალოგიური მოვლენა მოხდა. მართლაც სასწაული ჩაიდინა აღმაშენებელმა, როდესაც იმხელა ძალის წინააღმდეგ დაძრა თავისი ჯარი და მის მებრძოლებს უნდა ჰქონოდათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამათ ვერ ვაჯობებთო, ამიტომ ჩახერგა გასაქცევი გზა. ასე რომ, მაგ ტიპის მოვლენებში ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მეომრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად მებრძოლი. ამით მოიგო უკრაინამ პირველი რაუნდი, ზალუჟნის მინისტრობის ეტაპი. მათ დაძლიეს შიში რუსეთის მიმართ და რომ გაიმარჯვეს რამდენიმე რაუნდში, შესაძლებლად დაინახეს საბოლოო გამარჯვება, მაგრამ იმაზე აღარ უფიქრიათ, რომ მტერზე საბოლოო გამარჯვება შეუძლებელია, თუკი მტრის შეტევა არ შეგიძლია მის ბინაში. ეს შეუძლებელი იყო უცხოელების მხრიდანაც და ტერიტორიული ამოცანის მხრივაც. ჰიტლერმაც ვერ მოახერხა.

– არის გათვლა, რომ, რომც დაეკავებინა ჰიტლერს მთელი რუსეთი, არ ეყოფოდა ჯარი, რომ თითო სოფელში თითო სამხედრო ჩაეყენებინა, თეორიულად, იმ ერთს მოკლავდა სოფელი და ამით დამთავრდებოდა.

– ჰიტლერის პერიოდის გერმანია, საომარი გამოცდილებითა და გამარჯვებებით, უნიკალური ქვეყანა იყო იმ დროისთვის. ოპტიმისტური განწყობის ქვეყანა იყო და მათაც ვერ გათვალეს, იმიტომ რომ თავიანთ ოპტიმიზმს აჰყვნენ. მე შიში და პანიკა ავიღე, როგორც საყრდენი, მაგრამ აღფრთოვანება და ზედმეტი თავდაჯერებაც, ასევე, შეცდომის წყაროა ფსიქოლოგიურად. ეს დაემართა ჰიტლერსაც, ეს დაემართა უკრაინასაც, რომელმაც პირველი გამარჯვებებით ჩათვალა, რომ ბოლომდე მივიდოდა და აღარ გაითვალისწინა რუსეთის სიგრძე-სიგანე, რითიც რუსეთი ყოველთვის ჭამს მასთან მისულ ნებისმიერ სამხედრო ძალას.

– ინდივიდუალურად ადამიანი, ალბათ, გაცნობიერებით ახერხებს, არ დაემონოს თავის წარმოსახვას, შიშს ან აღფრთოვანებას. მხოლოდ ესაა გამოსავალი?

– აზროვნებისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა