პოლიტიკა

როგორ ეძლევათ შესაძლებლობა რუსეთის მოქალაქე ქართველებს, შეიძინონ მიწა დე-ფაქტო აფხაზეთში

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.03, 2023 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტი“ აფხაზებს არწმუნებს, რომ აფხაზეთში უცხოელებისთვის (იგულისხმებიან რუსეთის მოქალაქეები) უძრავი ქონების მიყიდვა დე ფაქტო აფხაზეთს საშუალებას მისცემს, რომ 15 წლის შემდეგ ახალგაზრდა აფხაზ ოჯახებს საბინაო პრობლემა მოეხსნათ. მეორე მხრივ, აფხაზეთში ქართველების უამრავი სახლი დარჩათ (იმდენი, რამდენიც თავად არც არიან რაოდენობით), მაგრამ მაინც ვერაფერი ეშველათ. თუმცა აქ საინტერესო სხვა საკითხია, როგორ მოახერხა მოსკოვმა, დაეყოლიებინა ამ ნაბიჯზე ასლან ბჟანია, თითქოს კრემლის არც თუ ფავორიტი, მაშინ, როდესაც კრემლის უპირობო ფავორიტმა ხაჯიმბამაც კი ვერ მოახერხა ამ გადაწყვეტილების მიღება? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ბჟანია რატომ არის ასე მოწადინებული, რომ გაყიდოს უძრავი ქონება დე ფაქტო აფხაზეთში ან ახლა რატომ „აწვება“ მოსკოვი აფხაზებს?

– დავიწყოთ იმით, რომ ბჟანია მოსკოვისთვის არასასურველიაო, ვერ ვიტყვით. უბრალოდ, კრემლში დაჩვეულები არიან, რომ ორ ერთნაირს შორის ყოველთვის ურჩევნიათ ის, ვინც თანამდებობაზე უკვე არის. დამატებითი პრობლემა აღარ უნდათ, თანამდებობაზე მყოფთან კი უკვე დალაგებული აქვთ ურთიერთობა. ბჟანიაც და ხაჯიმბაც, ორივე, უშიშროების კადრია და დიდი განსხვავება მათ შორის არ არის, უბრალოდ, ხაჯიმბასთან ყველა საკითხი მოგვარებული იყო, თორემ არც ბჟანიაა რუსეთისთვის უცხო და მიუღებელი. მეორე: რაც შეეხება „აწვებას“; წარსულშია, თუ რუსეთი რამეზე აწვებოდა ბჟანიასა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას. დღეს ასეთი მიწოლები, მართალი გითხრათ, აღარ არის. უბრალოდ, ბჟანია ვეღარ ხედავს გამოსავალს იმ ვითარებიდან, რაც დღეს დე ფაქტო აფხაზეთშია.

– ფულით მხარდაჭერა შეწყდა?

– დიახ, ფინანსური თვალსაზრისით. ბჟანია და ანქვაბი პასუხისმგებლები არიან ეკონომიკურ ვითარებაზე, ხოლო ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამოსწორება ვერ ხერხდება ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ჯერ ერთი, რუსული ტრანშები მოდის არარეგულარულად, ომის პირობებში, მით უმეტეს, ვაჭრობს მოსკოვი, არ გვაქვს და რა გიყოთო და, მეორეც – ეს ტრანშები მიზნობრივია, ანუ სოციალური საკითხების მოსაგვარებლად და არ არის ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე. ცხადია, ეს შეგნებულად კეთდება და მესამე – თვითონ დე ფაქტო აფხაზეთშია ისეთი მდგომარეობა, რაც ეკონომიკის განვითარების საშუალებას არ იძლევა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს. მაგალითად, ავიღოთ ენერგეტიკა: ამ საკითხის მოგვარება ამდენი წელია, ვერ მოხერხდა. ამას აქვს სერიოზული მიზეზებიც, ერთ-ერთია, რომ გადახდა არავის უნდა. დე-ფაქტო აფხაზური კანონმდებლობით, ომის ვეტერანები შუქის ფულს არ იხდიან და გაირკვა, რომ, თურმე, მთელი აფხაზეთი ომში ყოფილა ჩართული, არადა მე აფხაზეთის ომის დროს იქ ამდენი აფხაზი არ მინახავს. ამ კანონის შეცვლას ვერაფრით ახერხებს დე-ფაქტო ხელისუფლება და ამიტომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს პრინციპულად არ იხდის. იმას გარდა, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ენერგეტიკული სექტორი – მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოც. ამდენად, ეკონომიკის რა განვითარებაზე შეიძლება, ლაპარაკი?! ერთადერთი, ვითარდება ტურისტული სექტორი და ისიც – კერძო. გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთება უნდათ ამდენი ხანია და ვერ მოახერხეს. 2-მეგავატიანი ჰესების ამუშავება უნდათ ამდენი წელია და ვერ მოახერხეს. ერთი სიტყვით, ვერაფერს ახერხებენ; იმიტომ რომ ცოტა შემოსავალი აქვთ და არ აქვთ პროგრამები, რომ რამე გააკეთონ. ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი შემოსავლები და უძრავი ქონების გაყიდვა დამატებითი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა და არა იმიტომ, რომ რუსები აწვებიან. ასე უკვე დე-ფაქტო ხელისუფლება ფიქრობს. აი, ახლა, რამდენიმე დღის წინათ გადაწყვიტეს ელიტური ოტელების მშენებლობა. როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, მიწას მუდმივად კი არ გადასცემენ უცხოელებს, არამედ იჯარით. მოსახლეობას ატყუებენ, ვინაიდან არც ერთი სერიოზული ბიზნესმენი ფულს არ ჩადებს აფხაზეთისნაირ კვაზი-წარმონაქმნში, თუ მიწის მფლობელობის მყარი გარანტია არ ექნა. ყოველ შემთხვევაში, დე-ფაქტო აფხაზეთში ამბობენ, რომ ამ გზით შესაძლებელია, შემოვიდეს დამატებითი ფული, გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

– ქართველების სახლები ხომ დარჩათ და რით ვერ გაძღა მათი საბინაო ფონდი?

– ქართველების სახლები გაძარცული და განადგურებულია. ბინები ხომ საერთოდ მომსპარია. იქ ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ გარემონტების შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ უნდა გააკეთოს, ხოლო მას ამის ფული არ აქვს. ახლა ძალიან მომრავლდა გაყოფილი ახალგაზრდა ოჯახები. ისინი საპროტესტო აქციას საპროტესტო აქციაზე აწყობენ და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ვერაფერს შველის. მაგალითად, გულრიფშის რაიონში ქართველების სახლები მიწასთანაა გასწორებული. იქ ცხოვრება შეუძლებელია. ნოდარ დუმბაძის სახლიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. სხვათა შორის, სირიიდან ჩამოსული რეპატრიანტების შესახლება უნდოდათ ქართველების სახლებში, მაგრამ მათ უარი თქვეს. შემდეგ თურქეთის დიასპორისა და სხვების დახმარებით პატარა სოფელი შეუქმნეს გულრიფშის რაიონში და იქ დაასახლეს. ქართველების სახლები, რაც დაწვეს ომის დროს, ხომ დაწვეს, მაგრამ შემდეგაც, რაც დარჩა, გაანადგურეს, დაშალეს და გამოიყენეს.

– ანუ ბჟანია იქით სთავაზობს რუსებს, იყიდეთ მიწა დე ფაქტო აფხაზეთშიო?

– თავდაპირველად, რუსეთისგან იყო ეს ზეწოლა, მაგრამ ახლა შეწყდა და ბჟანია ახლა ამ ადრინდელი ზეწოლის გამოყენებას ცდილობს. მართალია, რუსებს აბრალებს, მაგრამ უნდა, რომ გამოიყენოს შემოსავლის მისაღებად.

– რაკი რუსეთიდან წამოსული რუსები მიეძალნენ სხვადასხვა ქვეყანას და იქ ხარჯავენ ფულს, ბჟანიასაც მოუნდა, იხეიროს ამ სქემით?

– არა, ეს სქემა იქ არ არის. ბჟანიას ბიზნესპროექტი აქვს. დე ფაქტო აფხაზეთში არ არიან ისეთი რუსები, როგორებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. მეორე, არანაკლებ საინტერესო მოვლენასაც გეტყვით: გვახსოვს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ უზარმაზარი ღონისძიება ჩაატარა და 550 მაინერი ამოიღეს. მაგრამ ამოიღეს მათგან, რომლებთანაც გაუვიდათ, თორემ მსხვილ ფიგურებს ამას ვერ უბედავენ. ანქვაბის ბოლო ინტერვიუშიც ითქვა, რომ, როგორც კი დენი მოდის დე ფაქტო აფხაზეთში, მაშინვე ჩაირთვება ეს ფერმები და მათ მიაქვთ მთელი ელექტროენერგია, რაც შემდეგ მთელ ელექტროსისტემას აზიანებს. ახლახან გაირკვა, რომ რუსეთიდან დე ფაქტო აფხაზეთში ჩამოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ ბიზნესის სათავეში დგანან რუსეთში. შესთავაზეს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს ბიზნესი რუსეთიდან გადმოეტანათ აფხაზეთში და რომ ეს აფხაზეთის ეკონომიკას მოუტანდა უზარმაზარ შემოსავალს. მართლაც მოუტანდა შემოსავალს, მაგრამ რის ხარჯზე?!

– ელექტროენერგიას საიდან მიიღებდნენ ამ გადმოტანილი ბიზნესისთვის?

– საქმეც ისაა, რომ ელექტროენერგიას ვერ მიიღებდნენ. ეს ვერ გაკეთდება, მაგრამ, თავისთავად, საინტერესოა, რომ ამასაც კი ცდილობდა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება, ანუ საკუთარი აკრძალვების გაუქმებას, რომ ეს ბიზნესი დაემკვიდრებინა. მაგრამ არ არის ამის საშუალება. ტექნიკურადაა შეუძლებელი რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგიის შემოტანა, თავად გამომუშავება კი არ შეუძლიათ. თუმცა, მეორე მხრივ, ბავშვიც კი ხვდება, რომ მიწის ყიდვის დაშვების შემდეგ, რუსეთის მოქალაქე ქართველები რომ შეეცდებიან აფხაზეთში მიწების შეძენას. შესაბამისად, სულ ამაზე ლაპარაკობენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

– სხვა რამე შანსი რჩებათ აფხაზებს, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მდგომარეობის გათვალისწინებით?

– არანაირი შანსი არ აქვთ აფხაზებს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ. მით უფრო, რომ აფხაზი საზოგადოება სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული არ არის. ეს მათთვის უცხო ხილია და ზოგჯერ – არასასურველიც კი.

– ასეთი პარაზიტიზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება.

– სხვათა შორის, აფხაზური პარაზიტიზმის შესახებ საბჭოთა დროს ანეკდოტები დადიოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხელოვნურად შექმნეს რუსებმა მიწათმოქმედი და მიწაზე შეყვარებული აფხაზებისგან კასტა, რომლისთვისაც მთავარი იყო პორტფელი, შლაპა, ჰალსტუხი და თანამდებობა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ პრობლემები შეექმნათ ქართველებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, მიიღეს ერი, რომლებსაც სახელმწიფოს მშენებლობა არ უნდათ, მაგრამ უნდათ სახელმწიფოებრიობა და ეს მათ ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს.

– სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად ვიხსენებ შლაპიანსა და ჰალსტუხიან აფხაზს.

– საბჭოთა დროს თანამდებობის პირები სულ ასეთები იყვნენ. იმ პერიოდში ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელიც შემდეგ თავის გვარს, კლანს ხელმძღვანელობდა.

– ანუ აფზახის ასეთი სტერეოტიპი შექმნეს რუსებმა.

– დიახ. ჩემს სტუდენტებთან ხშირად ვახსენებ, თუ როგორ მიიღეს ამ მცირე ერისგან ასეთი პროდუქტი. 1880-იან წლებში, ბოლო აჯანყების შემდეგ, რადგან აფხაზები თურქეთს უჭერდნენ მხარს, ის იყო ერთადერთი ერი, რუსეთის იმპერიაში, რომლებსაც ჩამოერთვათ ყველა სამოქალაქო უფლება. ერქვათ „ნაროდ იზგოი“ და ეს გაკეთდა აფხაზების დასჯის მიზნით. გასახლება კიდევ სხვა თემაა. შემდეგ უკვე, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, აფხაზი ახალგაზრდები მიჰყავდათ რუსეთში განათლების მისაცემად და სათავისოდ აღსაზრდელად. 1907 წელს ნიკოლოზ პირველმა აფზახ ერს ეს იარლიყი მოუხსნა და აფხაზი ახალგაზრდები დააბრუნა აფხაზეთში, მაგრამ ისინი უკვე სხვა ყაიდის ადამიანები იყვნენ: ინალ არძინბას ტიპის ხალხი იყო უკვე. ადამიანები, რომლებიც იმპერიის კალთაში გაიზარდნენ, აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა იყო ახალგაზრდების მეორე ჯგუფიც, რომლებიც ისევე აღზარდეს, მაგრამ ისინი იმპერიის წინააღმდეგ წავიდნენ. მთავარია, რომ მათ, ყველას ასწავლიდნენ განსაკუთრებულობას, მაგრამ იმპერიის ფარგლებში. მათგან ნაწილი ჩამოყალიბდა იმპერიის ერთგულ ჯარისკაცად, ნაწილი – იმპერიის მტრად, ოღონდ თავიანთი განსაკუთრებულობა დაიმახსოვრეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი