როგორ დადგა მსოფლიო კარიბის კრიზისზე მძაფრი კრიზისის წინაშე და რატომ დაიტოვა საქართველომ ერთადერთ გზად იმედი, რომ რეგიონული დაპირისპირება არ დაიწყება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.09, 2022 წელი

უკრაინის ომის ფონზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მხარეებმა ევროკავშირის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა ჩვენში საყოველთაოდ ცნობილი ბორელი იმედს არ კარგავს. მეორე მხრივ, სწორედ კოსოვომ შეასრულა საბედისწერო როლი რუსეთის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების დაჩქარებაში, ვინაიდან შეიქმნა სეპარატისტული რეგიონის აღიარების პრეცედენტი. შესაბამისად, თუკი დასავლეთმა მიუზღა რუსეთის მოკავშირე სერბეთს, საპასუხოდ რუსეთმა მიუზღო დასავლეთის მოკავშირე საქართველოს. თუმცა ცხადია, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან, ამას მაინც მოიმოქმედებდა, მაგრამ დასავლეთის უმრავლესი ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარებამ დააჩქარა რუსეთის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარება. ამიტომაც დავინტერესდი ამ თემით და განმარტება დემურ გიორხელიძეს ვთხოვე.
– კოსოვოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია ჩვენთან და ამიტომ გკითხავთ, რატომ გამწვავდა ახლა იქ ვითარება და, საერთოდაც, რატომ იქცა კოსოვოს აღიარება ჩვენს ბედისწერად?
– იმისთვის, რომ სწორად გიპასუხოთ, ერთადერთი ხედვიდან უნდა შევაფასოთ ეს მოვლენა: ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ნებისმიერი სხვა პლასტი იქნება წმინდა ემოციური, სიმპათია-ანტიპათიაზე დაფუძნებული. რატომ მაინცდამაინც ახლა? იმიტომ რომ ახლა დაპირისპირება უმწვავეს ფაზაში შედის და ყველა პროცესი, რომელიც დღეს მსოფლიოში ვითარდება, თუნდაც, უკრაინაში მიმდინარე, იგივე სერბეთ-კოსოვოს დაპირისპირება და უშედეგო მოლაპარაკებები ბრიუსელში, სამხრეთ კავკასიაში საომარი მიქმედებების რეციდივები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, ყაზახეთის პროცესები, ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესი, კალინინგრადის ოლქის ბლოკირებისა და ბალტიის ზღვის „ნატოს“ საშინაო ზღვად გამოცხადებისა და ასე შემდეგ, ერთი ჯაჭვია და ამის მიზანია, რომ ამ დაპირისპირებაში პრობლემები შეექმნას, უპირველესად, რუსეთს. თუმცა ამას საპირისპირო შედეგიც ახლავს. ახლა კრიზისი გამწვავებულია. დააკვირდით ბოლო პერიოდის ამერიკის ყველაზე სერიოზულსა და წამყვან გამოცემებს, როგორი სტატიები იბეჭდება. საქართველოში რომ ვინმემ ამ ტიპის სტატიები დაწეროს, ან პუტინისტის სახელს მიაკერებენ, ან პრორუსს დაუძახებენ. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ არ დაიყვანება რომელიმე პრომდე, იმიტომ რომ დაპირისირების დიპლომატიური გზებით გადაჭრის ყველა შესაძლებლობა ხელოვნურად დაიხურა. არანაირი დიპლომატიური მოლაპარაკებები არ იქნება. არადა რა არის დიპლომატიური მოლაპარაკებები? ეს არის ურთიერთდათმობების შეთანხმება, რომელიც მისაღებია ორივესთვის, რითაც კონფლიქტი რბილდება ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამოიწურება. მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით, შემოდგომაზეა დიდი მოლოდინები, მაგრამ შემოდგომის დადგომასთან ერთად მსოფლიოში დაძაბულობის ხარისხი მოიმატებს. არავინ არაფრისგანაა დაცული და ამ სიტუაციაში საქართველოს, რა თქმა უნდა, მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე.
– რაც ასოცირდება შიშთან, ყოველ შემთხვევაში, ასე აფასებენ.
– ვიმეორებ – ეს არ არის შიში. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა დავუჩოქოთ ან ენის მოჩლექით ველაპარაკოთ ან ისტორიული მცდარი გზა გავატაროთ და დავიწყოთ ლავირება: ხან ერთი მოვატყუოთ, ხან მეორე. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, მერე რა, რომ პატარა ქვეყანაა საქართველო?! პოლიტიკური წონა, სიტყვისა და ვალდებულებისადმი პატივისცემა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობა უნდა იყოს წინა პლანზე. სამწუხაროდ, მოკლებული ვართ ამ ყველაფერს და ერთადერთი, რაც გვრჩება, იმედია, იქნებ არ მოხდეს დიდი რეგიონული დაპირისპირება. იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ერთად ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცეა, რომელშიც განვითარდება მსოფლიო პოლიტიკის ყველა მთავარი მოვლენა უახლოესი 30 წლის განმავლობაში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ყველა იმ ფაქტისადმი, რომელიც შუა აზიასა ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. არადა, საშინელი დაპირისპირებაა ახლო აღმოსალვეთშიც. მოკლედ, ამაზე საშიში პერიოდი არ მგონია, დღემდე ოდესმე ყოფილიყოს.
– კარიბის კრიზისიც?
– არის ერთი სხვაობა კარიბის კრიზისსა და დღევანდელ კრიზისს შორის. კარიბის კრიზისი ვითარდებოდა კლასიკურად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობის ჩარჩოში. კარიბის კრიზისის გადაჭრაში იმუშავეს აქტიურმა საბჭოთა და ამერიკელმა არაფორმალურმა, არათანამდებობის პირებმა. მათ საერთო ენა მოძებნეს და შემდეგ გავიდნენ ხელისუფლებებზე, რომლებიც დაარწმუნეს იმაში, რომ ეს გზა იყო ერთადერთი და თქვენ ნახეთ შედეგი – საბჭოთა ხელისუფლებამ კუბიდან ატომური იარაღი გაიტანადა ამერიკელებმაც პირნათლად შეასრულეს თავიანთი ვალდებულება: თურქეთიდან გაიტანეს ყველაფერი.
– თუ მე სწორად გავიგე, ახლა ყველა წერტილში, სადაც შესაძლებელია, მწვავდება ვითარება, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური პროცესი ამოვარდა კლასიკური ჩარჩოდან და ამ კონტექსტისაა კოსოვო-სერბეთის დაპირისპირება.
– იმიტომ რომ, ჯერ ერთი, რუსები და სერბები მონათესავე ხალხია, ამას გარდა, ისინი ისტორიულად ყოველთვის თანამშრომლობდნენ და, ამდენად, კოსოვოს პრობლემა ავტომატურად არის რუსების პრობლემაც, იმიტომ რომ, სერბეთს რომ რამე აგრესია დაემუქროს, ბუნებრივია, რუსები ჩაერევიან ამაში. ახლა მიდის ის პროცესი, რომ, სადაც კი შეიძლება, რუსებს პრობლემა შეექმნათ, ყველა წერტილი ერთდროულად ფეთქდება.
– ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ კოსოვოელების მიერ წამოწყებული ამბავია?
– ვერავინ დღეს ამ მასშტაბის გამწვავებაზე ვერ წავა, ვერც აზერბაიჯან-სომხეთი, ვერც ფინეთი და შვედეთი, ვერც სხვა ქვეყნები, ეს არის გავლენის ქვეშ მყოფი ზონების მაქსიმალური მობილიზაცია მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. თან, ბრძოლა არაა დამარცხებისთვის, ბრძოლაა განადგურებისთვის და ეს არის განსაკუთრებული საფრთხე.
– მეც ეს ვიგულისხმე, კოსოვოს მხრიდან, ანუ ვინც მათ უკან დგას. თუმცა მე მოვისმინე ისეთი მოსაზრებაც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სროლა განახლდა სომხეთის პროვოკაციით.
– გამორიცხეთ. ეს არის ერთიანი მცდელობა. თუ ჩემს ხედვას ენდობით, ყველაფერი ერთი ჯაჭვია.
– გენდობით, უბრალოდ, იმას ვაზუსტებ, ვინ გამოკრავს ხელს ამ ძაფებს: დასავლეთი თუ რუსეთი?
– ვის რომელ ძაფზეც შეუძლია გამოკვრა, ყველა ძაფი დაჭიმულია.
– რომელი მხარისთვისაა უფრო ხელსაყრელი ეს საყოველთო აფეთქება?
– თუ ობიექტურად შევხედავთ, ყველაზე არახელსაყრელი რუსეთისთვისაა, რომ სადმე რამე დაძაბულობა იყოს. მისთვის არაფრით შეიძლება, ხელსაყრელი იყოს სადმე დაძაბულობა, რადგან მაშინ მას მოუწევს ძალების ძალზე გაფანტვა. იგი დღესაც კი უკრაინაში ძალზე მცირე სამხედრო ნაწილებითაა შესული და ამ ვითარებაში სხვა ტაქტიკის ფარგლებში მოქმედებს, რის საბოლოო მიზანიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის ის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, რომლებიც კლასიკური ომის გაგებით ხორციელდება. ყველაფერი ისეა გადაჯაჭვული, რომ საბოლოო მიზნებს ამ წლის ბოლომდე ვნახავთ.
– აშშ შორსაა და მეტ-ნაკლებად დაცული, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება...
– არავინ არაფერი იცის, გარანტია, რომ ვინმეს რამე არ შეეხება, უკვე აღარ არსებობს. დღეს პატრიკ ბილკენენის ძალზე საინტერესო სტატია დაიბეჭდა, თუ რის წინაშე დგას შეერთებული შტატები. საშინელ პრობლემებზე საუბრობს ეს ძალიან ავტორიტეტული პიროვნება და ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ხელისუფლებას უჩნდება პრობლემები, იმიტომ რომ ამხელა შიდა დაპირისპირების გადაფარვა სტანდარტული ხერხებით ვეღარ ხერხდება. და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საშინაო და საგარეო პრობლემებს შორის საზღვრები აღარ ჩანს.
– ვერ დავასრულე შეკითხვა, არავინ იცის, ამერიკას შეეხება თუ არა, მაგრამ ევროკავშირს უკვე ეხება, რაც ხდება; ევროპის ტერიტორიაზეა ომი, მათთვის ეს რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი ომი ევროპის შუაგულში, ვერ ვიგებ. იქნებ თქვენ ამიხსნათ.
– დღეს უკვე გაფორმებულია, რომ ევროკავშირი აღარ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები აღარ განიხილავენ, რა არის კარგი და ცუდი ევროკავშირისთვის. მათ პირველად სრულად მიიღეს ამერიკული პროგრამა და ასრულებენ ამ პროგრამას, მიუხედავად იმისა, ეს კარგია თუ ცუდი, მაგალითად, გერმანიისთვის ან საფრანგეთისთვის. ამიტომ იქ სულ სხვა შიგა პროცესი მიდის. მაგრამ უკვე იმას კი ვხვდებით, რომ უკრაინის მოვლენები ეკონომიკური ომის სახით დღეს, უპირველესად, ევროკავშირს უბრუნდება, რომელიც დღეს, ალბათ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, მთელი ევროპა, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპა, ეს აყვავებული, დალაგებული, წელში გამართული ქვეყნები დგანან ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. მაგალითად, გერმანიაში იხურება წარმოებები და გერმანელები ირჩევენ ქვეყნებს, სად შეიძლება, წავიდნენ. ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და ამ წლის ბოლომდე ჩვენ უნდა ვნახოთ გამოკვეთილი სურათი, რომელიც ევროპას კარგს არაფერს უქადის. რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ყველამ მიიღო დარტყმა, ზოგმა – დიდი, ზოგმა – მცირე. ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა მიიღო რუსეთმა, შედარებით ნაკლები – შეერთებულმა შტატებმაც, რადგან ის თვითკმარი ქვეყანაა, მისი ექსპორტი მხოლოდ 9 პროცენტია. მაგრამ სხვაა გერმანიის მდგომარეობა, სხვაა ჩინეთის მდგომარეობა. ჩინეთში განსაკუთრებით რთულადაა საქმე, ამიტომ ეს უკვე ომია სხვადასხვა ფრონტზე სხვადასხვა საშუალებებით. როგორც ჩანს, ეკონომიკური ომი იმაზე დამანგრეველი გამოდგება, ვიდრე ჩვეულებრივი საომარი მოქმედებები შეიძლება, იყოს.
– და რა გაირკვევა წლის ბოლოს?
– კონტურები გამოიკვეთება, იმიტომ რომ ახლა უკვე ომია გამოფიტვაზე: ვინ შეძლებს, ყველა საშუალებით, გამოფიტოს მეორე ქვეყანა, ვის ეყოფა რესურსი, რისკების დათვლის, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღების და ასე შემდეგ. ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელიც გათვლილია მოწინააღმდეგის სრულ განადგურებაზე. ალბათ, დიდი მოთამაშეები ერთმანეთს ვერ გაანადგურებენ, მაგრამ ისინი ეცდებიან, თუ შეძლებენ, ერთმანეთი მაქსიმალურად დააჩოქონ და ბოლოს შეთანხმდებიან, სხვა ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა, იმიტომ რომ გლობალურ ომში ვერავინ გაიმარჯვებს, ყველაფერი განადგურდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან