პოლიტიკა

როგორ დაარსდა ფაზისთან, ანუ ფოთის მახლობლად მსოფლიოში რიგით მესამე უმაღლესი სასწავლებელი - ფაზისის აკადემია

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.06, 2023 წელი

გია კვაშილავა
დაკოპირებულია

სამწუხაროდ, ჩვენთვის სკოლაში არ უსწავლებიათ, რომ საქართველოში გელათისა და იყალთოს აკადემიებამდე გაცილებით ადრე არსებობდა ფაზისის აკადემია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმჟამინდელ სამყაროში და ის ცნობილ ბერძნულ აკადემიებზე არანაკლებ პრესტიჟული იყო. თუმცა აჯობებს, ამის შესახებ გვიამბოს ფაზისის აკადემიის (რომელიც 1974 წელს აღდგა ცნობილი ქართველი მეცნიერების მეცადინეობით) პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ.

– უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი იყო ფაზისის აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, მხოლოდ გელათისა და იყალთოს აკადემიების საფუძველზე ვერ დაიბადებოდა შოთა რუსთაველი. ზოგადად, როგორ გაჩნდა აკადემიები და რატომ ეწოდა მათ ეს სახელი?

– ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით, სიტყვა „აკადემია“ იდეათა თეორიის ფუძემდებელ პლატონს უკავშირდება. რამდენიმე მნიშვნელოვან ციტატას მოვიტან. მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი ლიბანუსი ამბობდა, „მჭევრმეტყველება ღმერთების საჩუქარია“, ხოლო ფარტაზს, ჩვენს წინაპარს, ეკუთვნის გამონათქვამი: „უძლეველია მჭევრმეტყველება“. ასევე, არისტოტელეს აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა არის მეცნიერება: „ღმერთია ყოველივეს მიზეზი და საწყისი, ამიტომ ღვთაებრივი მეცნიერება ან მხოლოდ ღმერთს, ან ყველაზე უფრო მეტად ღმერთს შეიძლება, ჰქონდეს. ყველა მეცნიერება შეიძლება, მასზე აუცილებელი იყოს, მაგრამ მასზე უკეთესი კი არც ერთი არ შეიძლება, იყოს.“ ძველი წელთაღრიცხვის 385 ან შეიძლება, 387 წელს ათენის აკროპოლისთან ახლოს დაარსდა ფილოსოფიის სკოლა, ანუ აკადემია, სადაც პლატონი კითხულობდა ლექციებს. პლატონის აკადემიის ფილოსოფოსებს უწოდებდნენ აკადემიკოსებს. აკადემია მდებარეობდა ძველი ათენის გარეუბანში, ატიკური ეპიკური გმირის – აკადემოსის სახელობის პატარა ბაღში, ზეთისხილის კორომში. აკადემოსი ადამიანის სახელია და ის ცნობილი მითის პერსონაჟია. რადგან იქ პლატონი ატარებდა ლექციებს, რომლებსაც ესწრებოდნენ მსმენელები, ამიტომაც დაერქვა ამ სივრცეს პლატონის აკადემია, რომელმაც 914 წელს იარსება და ახალი წელთაღრიცხვის 529 წელს ბიზანტიის იმპერატორმა წმიდა იუსტინიანე პირველმა დახურა. რატომ არის ჩვენთვის საინტერესო ეს ძველი მასალები? იმიტომ რომ ბერძნულ წყაროებში დაცულია ინფორმაცია ქართულ სწავლულთა შესახებ, რაც ადასტურებს, რომ ფაზისის აკადემია მსოფლიოში უძველესი სასწავლებელია. პლატონის აკადემიის შემდეგ, ვიცით, რომ დაარსდა არისტოტელეს ლიცეუმი და მესამე გახლდათ რიტორიკული სკოლა, რომელსაც მოკლედ შეიძლება, ფაზისის აკადემია ვუწოდოთ. ბერძნულ-ლათინური წყაროების მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვის მესამე-მეექვსე საუკუნეებში ფაზისის, დღევანდელი ფოთის, მახლობლად მოქმედებდა კოლხეთის რიტორიკული სკოლა, ანუ აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც სწავლობდნენ ადგილობრივი კოლხები და ბიზანტიის იმპერიიდან, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან, საგანგებოდ მოვლენილი ახალგაზრდები.

– და რატომ სწავლობდნენ ბიზანტიელი ახალგაზრდები კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში, როდესაც მათ თავიანთი აკადემიებიც ჰქონდათ?

– ცნობილი ბიზანტიელი ფილოსოფოსები თემისტიოსი და ევგენიუსი სწავლობდნენ ფაზისის აკადემიაში და ამ ფაქტმა დიდწილად განაპირობა ბიზანტიელი ახალგაზრდების ინტერესი. სიმონ ყაუხჩიშვილი ფიქრობს, რომ მეხუთე საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოს-თეოლოგი მითრიდატე ლაზი, ის სხვა სახელითაცაა ჩვენთვის ცნობილი – იოანე ლაზი, იყო გამოჩენილი თეოლოგის, პეტრე იბერის, აღმზრდელი და მასწავლებელი დაკავშირებული იყვნენ ფაზისის რიტორიკულ სკოლასთან. ალექსანდრე გამყრელიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი აღნიშნავდნენ, რომ ლაზ წარჩინებულებს, ორატორებს – აიეტსა და ფარტაზს, რომლებმაც 554 თუ 555 წელს სახალხო თათბირზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აზრები გამოთქვეს გუბაზ მეორის მკვლელობის გამო, სწორედ ფაზისის აკადემიაში ჰქონდათ მიღებული განათლება.

– ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბიზანტიელებმა მოაკვლევინეს ჩვენი მეფე გუბაზ მეორე, ქვეყანამ მაინც არ თქვა უარი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბიზანტიურ ორიენტაციაზე.

– დიახ, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და მდგომარეობის გამოსასწორებლად ორი სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსს, ერთი მხრივ, აიეტს, რომელიც წარმოადგენდა სპარსული ორიენტაციის პარტიას და, მეორე მხრივ, ფარტაზს, პრობიზანტიური პარტიის წარმომადგენელს, შორის გაიმართა პოლემიკა. როგორც გითხარით, არსებობს მოსაზრება, რომ ორივე ფაზისის რიტორიკულ სკოლაში დაეუფლა ორატორულ ხელოვნებას, ვინაიდან ფაზისის აკადემია იყო უმაღლესი რიტორიკული სკოლა. აიეტისა და ფარტაზის სიტყვები, რომლებმაც დღემდეც მოაღწიეს, მჭევრმეტყველების ბრწყინვალე ნიმუშებია.

– ურიგო არ იქნებოდა, იძულების წესით თუ წავაკითხებდით ამ გამოსვლების ტექსტებს ჩვენს თანამედროვე პოლიტიკოსებს, რომ ენახათ, ლამის თექვსმეტი საუკუნის წინ, როგორ არგუმენტებულად პაექრობდნენ პოლიტიკოსები.

– დიახ... ძველ ბერძნულ მასალებში, ასევე, დაცულია გუბაზ მეორის ორატორული გამოსვლა, რომელიც მან წარმოთქვა მოხერისთან, არსებობს მოსაზრება, რომ ეს მუხურია, ანუ მუხურთან ახლოს ბრძოლის წინ. ეს სიტყვაც ორატორული ხელოვნების ნიმუშია. ჩვენამდე, აგრეთვე, მოაღწია იბერიის მეფის, ფარსმან პირველის, ეს უფრო ადრინდელი პერიოდია – ახალი წელთაღრიცხვის 40-60 წელი, ორატორული მჭევრმეტყველების ნიმუშმა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფილოსოფიური ნააზრევებით განთქმულები იყვნენ ფემისტიოსი და მამამისი ევგენიოსი, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდნენ ფაზისის რიტორიკულ სკოლაში. თემისტიოსი იყო სახელმოხვეჭილი ფილოსოფოსი, მჭევრმეტყველი და სახელმწიფო მოღვაწეც. ეს პიროვნება ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ თემისტიოსმა შემოგვინახა ინფორმაცია ფაზისის რიტორიკული სკოლის შესახებ, ბუნებრივია, ბერძნულ წყაროებში. მისი მეგობრები იყვნენ მჭევრმეტყველების მასწავლებელი ლიბანიუსი, ცნობილი ფილოსოფოსი და წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. მეტად საინტერესოა ლიბანიუსის წერილები, რომლებიც 394 წელს მისწერა ქართველ ფილოსოფოსსა და ორატორს – ბაკურ იბერიელს. ეს მასალა დაცულია ლიბანიუსის ოთხტომეულში. შალვა ნუცუბიძის ვარაუდით, ბაკურ იბერიელი ფაზისის აკადემიაში მოღვაწეობდა. თემისტიოსი სწავლობდა ფაზისის აკადემიაში პითაგორასა და პლატონის ფილოსოფიურ სისტემებს და ამის დამამტკიცებელი მასალები მოცემულია წყაროებში. თემისტიოსის მთავარი მოსაზრება იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ „ფილოსოფიამ თავისი თავი აუდიტორიაში კი არ უნდა დაიმარხოს, არამედ თავისი მოძღვრება პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა გაიტანოს და საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს“. თემისტიოსს ანგარიშს უწევდნენ რომის იმპერატორები. შესაბამისად, მაღალ თანამდებობებზე ირჩევდნენ, ვინაიდან უმაღლესი განათლება მიღებული ჰქონდა ფაზისის აკადემიაში. 355 წელს თემისტიოსი რომის სენატორიც გახდა. ხოლო იმპერატორ თეოდოსიუს პირველის წარდგინებით, 384 წელს გახდა კონსტანტინოპოლის, დღევანდელი სტამბოლის პრეფექტი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: თემისტიოსი ერთ-ერთ ქალაქში საჯარო ლექციას კითხულობდა და ერთმა ახალგაზრდამ გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა დახმარებას კონსტანტინოპოლის უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. თემისტიოსმა ახალგაზრდას უპასუხა, რომ მეცნიერების დაუფლებას არ ესაჭიროება განთქმული ადგილი; მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანმა ისწავლოს კონსტანტინოპოლში, არამედ მთავარია, ისწავლოს ისეთ განთქმულ სასწავლებელში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ოსტატიაო. ანუ თემისტიოსი სწავლას მოწადინებულ ახალგაზრდა კაცს ურჩევს, რომ მჭევრმეტყველების ხელოვნება ათენში ან კონსტანტინოპოლში კი არ უნდა აითვისოს, არამედ ცოდნის შესაძენად კოლხეთის ქვეყანას, პონტოს, ანუ ზღვის სანაპიროსთან, კერძოდ, ფაზისის, ანუ ფოთის მახლობლად უნდა ეწვიოს ბრძენსა და სათნო კაცს, რომელმაც ეს ადგილი მუზების ტაძრად აქცია.

- და ვინ იყო ეს კაცი, ეს დახელოვნებული ოსტატი მჭევრმეტყველების?

– სამწუხაროდ, წყარომ არ შემოგვინახა ამ ბრძენი და სათნო კაცის სახელი. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ თემისტიოსის წერილი კოლხეთის რიტორიკული სკოლის შესახებ, რომელიც 1750 წლის წინ არსებობდა და იყო კავკასიაში ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელი. თემისტიოსი ფაზისის აკადემიის შესახებ წერს, ტექსტის ორიგინალი არსებობს ძველ ბერძნულად: მეც რიტორიკის ნაყოფი მოვიმკე გაცილებით უჩინარ ადგილას, ვიდრე ჩვენი ადგილია, არა წყნარსა და ელინურ ადგილას, არამედ პონტოს კიდეში, ფაზისის მახლობლად, სადაც თესალიიდან წამოსულმა არგომ დაისადგურა, რომელსაც პოეტებმა გაკვირვებით უმღერეს და ზეცამ ეს აღიტაცა. იქ, სადაც ცნობილი მდინარე თერმოდონტი მოედინება (დღეს ეს თურქეთის ტერიტორიაზეა, ლაზეთია). აქვე გეტყვით, რომ ამ ტექსტის ინგლისური თარგმანიც არსებობს. თემისტიოსი აგრძელებს, მე იქ ჩავედი არა საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით, არამედ მე გამგზავნა ისეთმა კეთილმოსურნე კაცმა, როგორიც შეიძლება, იყოს მამა და ისეთმა მართებულად მოაზროვნემ, როგორიც შეიძლება, იყოს ფილოსოფოსი; მამამისი, უკვე მოგახსენეთ, რომ გახლდათ ფილოსოფოსი ევგენიუსი. რომელმაც, ასევე, ფაზისის აკადემიაში შეიძინა განათლება. მე მოკლედ გადმოვეცი თემისტიოსის პასუხი იმ სწავლას მოწყურებული ახალგაზრდისადმი, თუმცა მისი ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, კოლხეთის ისტორიისთვის, ხაზგასმაა, რომ მსოფლიოში უძველესი, რიგით მესამე უმაღლესი სასწავლებელი არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ რომ სწავლულებმა ეს საკითხი იციან, მაგრამ ფართო საზოგადოებას ეს ინფორმაცია არ აქვს. თემისტიოსის სიტყვის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერს შემდეგს: თემისტიოსის სიტყვებიდან ჩანს, რომ სწავლა-განათლებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩენილა კოლხეთში. ეს გარემოება საუცხოო დამამტკიცებელი საბუთია კოლხეთის მაშინდელი მაღალხარისხიანი გონებრივი დაწინაურებისა, ცხადია, ასეთ ნაყოფს ქვეყანა ერთი კაცის მოღვაწეობით ვერასდროს გამოიღებდა, თუ თვითონ კოლხეთის მკვიდრნი თავისთავადაც და წინათაც კულტურულად მაღლა არ მდგარიყვნენ. იგულისხმება - ბერძნებთან შედარებით მაღლა დგომა.

– ზუსტად სად მდებარეობდა ფაზისის აკადემია და რამდენ საუკუნეს იარსება?

– თემისტიოსი არ ასახელებს ფაზისის აკადემიის ზუსტ ადგილმდებარეობას. მაგალითად, გერმანელი მკვლევარი ვილჰელმ ქრისტი წერს, რომ ფაზისის აკადემია კოლხების ქვეყანაში იყო; მეორე მკვლევარი ფრიდრიხ ვილჰელმი ცალსახად წერს, რომ ფაზისის რიტორიკული სკოლა ფოთთან მდებარეობდა. რაც შეეხება ფაზისის აკადემიის მოქმედების პერიოდს: ახალი წელთაღრიცხვის 274 წელს ფაზისის აკადემია უკვე არსებობდა, შეიძლება, უფრო ადრეც, რადგან ეჭვია, რომ იბერიის მეფეს, ფარსმანს, რომელიც პირველ საუკუნეში მეფობდა, შესაძლებელია, განათლება სწორედ ფაზისის აკადემიაში მიეღო, სადაც ასწავლიდნენ რიტორებს, ორატორებს, თეოლოგებსა და ფილოსოფოსებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა