როგორ ავითარებს ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს ომები და რატომ იწყება და მთავრდება ისინი, იმისდა მიხედვით, ზრდის თუ ამცირებს შემოსავალს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.07

ომი, მართალია, ნგრევასთან, ადამიანების დახოცვასთან, ქვეყნების განადგურებასთან ასოცირდება, მაგრამ, იმავდროულად, ისიც ცნობილია, რომ სწორედ ომია საკმაოდ დიდი ფულის წყარო და მაშინ, როდესაც ადამიანების უმეტესობა უბედურდება, ადამიანთა მცირე ნაწილი განუზომლად მდიდრდება. ამ ფაქტს არც მალავენ, გაგახსენებთ, რომ თავად ვიქტორია ნულანდის განმარტებით, აშშ-მა უკრაინისთვის გაწეული დახმარებით იმაზე მეტად იხეირა, ვიდრე ფული დახარჯა. მეორე მხრივ, რუსეთის ეკონომიკასაც სწორედ სამხედრო მრეწველობამ, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, მისცა ამოსუნთქვისა და დასავლეთის მიერ დაწესებული უამრავი ეკონომიკური სანქციის დაძლევა. ომების ისტორიის გათვალისწინებით, რა ტიპის ბიზნესი და სფეროები ხეირობს ომითა და ადამიანების მსხვერპლით? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რას ამბობს გამოცდილება, რა სეგმენტს ამდიდრებს ომები და, ზოგადადაც, ომის რა თავისებურება იძლევა გამდიდრების საშუალებას?
– იმ თემას, რაზეც ვსაუბრობთ, ეპიგრაფად შეიძლება, წაემძღვანოს რუსული გამონათქვამი: „კომუ ვოინა, ა კომუ მაწ როდნაია“. ამდენად, ყოველთვის მოიძებნება გარკვეული სოციალური ჯგუფები, კორპორაციული ინტერესების მატარებელი ხალხი, რომლებიც სარგებელს ნახულობენ საომარი მოქმედებებით. ისტორიულ კონტექსტში რომ განვიხილოთ, ყველა ეპოქას თავისი სოციალური ძალები ჰყავს და, შესაბამისად, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვენთვის უფრო საინტერესო თანამედროვე პერიოდი იქნება და საკითხი უნდა განვიხილოთ მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური კუთხით. მაკროეკონომიკური განხილვა ნიშნავს, თუ რა ხდება სახელმწიფო დონეზე. ომში გამარჯვებას თავისი შედეგები მოაქვს: გამარჯვება შეიძლება, გამოიხატოს როგორც მატერიალურ-ნივთობრივი ფორმით, ისე ტერიტორიების დაპყრობით, ეკონომიკური სარგებლის მიღებით. თუ კონკრეტული მიკროჯგუფების მიხედვით განვიხილავთ, ეს შეიძლება, იყოს სხვადასხვა ჯგუფები: უპირველესად, იარაღის მწარმოებელი და თავდაცვაზე მომუშავე ძალები, თუმცა არა მარტო ისინი, ვინაიდან ომი მოითხოვს დიდი რესურსის მობილიზებას. განსაკუთრებით, თანამედროვე საომარი მოქმედებები უკავშირდება მაღალტექნოლოგიურ პროცესებს, რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და რესურსის გამოყენებას. ანუ საომარ რესურსზე მოთხოვნა ბიძგს აძლევს ეკონომიკის დანარჩენი დარგების განვითარებასა და ჩართვას წარმოების პროცესში და როგორც ამ დარგების ხელმძღვანელებისთვის, ისე ამ დარგებში დასაქმებულ პირთათვის დამატებით შემოსავალს.
ომი წარმოუდგენელია, როგორც ვთქვი, რესურსისა და, მათ შორის, ენერგეტიკული რესურსის გამოყენების გარეშე, მაგალითად, ერაყის ომის დროს ნავთობპროდუქტების ფასი საკმაოდ გაიზარდა და შესაბამისად, ომთან დაკავშირებული რეკონსტრუქციისა და შემდეგ სამშვიდობო რელსებზე გადაყვანის მეორე წრეზე დამატებითი შემოსავალი მიიღეს შესაბამისმა კომპანიებმა.
ადრეც იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია კერძო სამხედრო კონტრაქტორები. გაგახსენებთ ვაგნერის შენაერთს, ის ამბოხამდე სახელმწიფოსგან სამხედრო თუ სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის, დაახლოებით, 2 მილიარდამდე დოლარს იღებდა. ასევე, მათ ჰქონდათ უფლება, ციხეებიდანაც გაეყვანათ პატიმრები, რომელთა ანაზღაურება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სამოქალაქო პირების. ამას ემატებოდა შეკვეთები ცენტრალურ აფრიკაში. უზარმაზარი თანხების მობილიზებას ახდენდნენ. „ვაგნერი“ საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა ცენტრალურ აფრიკაში. სუდანში წვდომა ჰქონდათ ოქროს მაღაროებზე, ასევე, საცეცები – მალიში, ლიბიაში, მოზამბიკში. აფრიკაში თითქმის ყველა მიმართულებით მუშაობდნენ. ასევე, ომით სარგებელს ნახულობენ იმ სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც, შეიძლება, ყურს მოხვდეს, მაგრამ ასეა – საინფორმაციო და პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევიან. ცნობილი ფაქტია, რომ რუსულ ტელევიზიებში ცნობილი პროპაგანდისტების ანაზღაურება უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს საკმაოდ მაღალია.
– საკვები პროდუქტების მწარმოებლებს არ აქვთ მოგება? ომს საკვებიც ხომ სჭირდება?
– საკვების მწარმოებლებიც ნახულობენ ხეირს, იმიტომ რომ ჯარის შენახვა საჭიროებს დიდ რესურსს: ჯარისკაცებისთვის კალორიების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ისინი მეტ ფიზიკურსა და ემოციურ ენერგიას ხარჯავენ და მათი კვება უნდა იყოს ნოყიერი, რაც უფრო ძვირი ჯდება. ამას გარდა, ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმატიკის ეპოქაში და ვინც ამ სფეროშია დასაქმებული და აწარმოებს კიბერშეტევებსა თუ საინფორმაციო ომს, საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობს და თანამედროვე პირობებში ეს არის საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამდენად, ამ სფეროში დასაქმებულებიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კატეგორიად ითვლებიან. ამას გარდა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, რისთვისაც დამახასიათებელია ფინანსური სპეკულაციები, ომი კი ნიშნავს მუდმივ არასტაბილურობას როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. შესაბამისად, სარგებელს ნახულობენ შესაბამისი ფინანსური სტრუქტურები. გავიხსენოთ ვატერლოოს ბრძოლასთან დაკავშირებული ლეგენდა, რომელშიც ფიგურირებენ როტშილდები. მათმა დაქირავებულმა პირებმა ლონდონის ბირჟაზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვატერლოოსთან ველინგტონი დამარცხდა და რამდენიმე დღეში შეიძლება, ნაპოლეონი ბრიტანეთის კუნძულებზე გადავიდესო. ამან გამოიწვია საბირჟო პანიკა. დაეცა აქციების ფასი, მათ ყიდულობდნენ როტშილდების წარმომადგენლები და შემდეგ, როდესაც ნამდვილი ინფორმაცია მოვიდა, რომ ნაპოლეონი დამარცხდა და ველინგტონმა გაიმარჯვა, აქციების ფასი გაიზარდა და ამ ოპერაციაზე როტშილდებმა, დღევანდელი ფასებით, 40-45 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღეს. სოროსს საფონდო სპეკულანტი შეარქვეს გასული საუკუნის 90-იანებში იმის გამო, რომ 3.5 მილიარდად შეფასებული მოგება მიიღო. რომ შევადაროთ, როტშილდებმა თითქმის 10-ჯერ მეტი თანხა ამოიღეს საბირჟო ოპერაციებით.
– რუსეთ-უკრაინის ომი, ირან-ისრაელის გაუგებარი მოქმედებები ფულის კეთების რა დამატებით წყაროებს აჩენს და ვისთვის?
– ჯერ ერთი, ამის საშუალებას იძლევა გაურკვევლობა და, მეორე, თითოეული საბრძოლო ოპერაცია, რაც უნდა ხანმოკლე იყოს, წინა პლანზე წამოსწევს ტექნოლოგიას. მეცხრამეტე საუკუნის ერთ დიდ მოაზროვნეს ეკუთვნის სიტყვები: როდესაც საზოგადოებას უჩნდება მოთხოვნა ტექნიკაზე, ეს გაცილებით სწრაფად ავითარებს წარმოებასა და ტექნოლოგიებს, ვიდრე ათეულობით უნივერსიტეტი.
– ესე იგი, ომებიც ბიძგს აძლევს ტექნიკურ პროგრესს?
– ეს გამონათქვამი ზოგადია, მაგრამ საომარი მოქმედება, როგორც წესი, სტიმულს აძლევს პროგრესს, სიახლეებს არა მარტო თავდაცვის, არამედ სამოქალაქო სფეროებშიც. მუშაობს დომინოს ეფექტით და ახალი ტექნოლოგიები სამოქალაქო სფეროებშიც თავის სიტყვას ამბობს. რუსეთის პრეზიდენტმა ახალი საბრძოლო შეიარაღების – დრონების წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. ეს იმას მიანიშნებს, რომ ის, რაც დამახაიათებელი იყო მეოცე საუკუნისთვის – ტანკების მიხედვით საბროლო წარმატებაზე აქცენტის გაკეთება, უკანა პლანზე გადავიდა და ახლა წარმატების განმსაზღვრელია დრონები. მოკლედ, თანამედროვე ომები ტექნოლოგიების განვითარებას აძლევს საფუძველს და ის სფეროები, კვლევითი ინსტიტუტები თუ კორპორაციები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებებით მუშაობენ, დამატებით შემოსავალსა და მოგებას ნახულობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთგვარი მარწყვი ტორტზე: ის პოლიტიკური ელიტები და ოლიგარქები, რომლებიც თოჯინების წარმმრთველებივით არიან და საბრძოლო მოქმედებების დაჩქარებასა და შენელებას განსაზღვრავენ. პოლიტიკური ლიდერები და ელიტები ქმნიან ამინდს და შესაბამის სიტუაციას საომარი მოქმედებებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, მიიტაცონ და გადაინაწილონ აქტივები.
ცუდი შედარებაა, მაგრამ გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოში ჩვენთან როგორ მოხდა სახელმწიფო ქონების გადანაწილება-გადაფორმება ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის, მათივე ოჯახის წევრების ჩათვლით. ასე რომ, სამხედრო ლიდერები, ავტიორიტარი მმართველებიც საკმაოდ ხეირობენ ქვეყნის შიგნით დაპირისპირებით, ანუ სამოქალაქო ომით. მაგრამ ვინ იხდის ამის ფასს?! ბუნებაში ცალმხრივი არაფერია. თუ ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს და აგებენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რიგითი ჯარისკაცები, გადასახადების გადამხდელები, იძულებით ადგილნაცვალი დევნილი მოსახლეობა, ვინც ცოცხალი გადარჩა, დაღუპულები კი თავისი სიცოცხლით ფარავენ ომების ხარჯს. ამდენად, სიკვდილის, ნგრევისა და ფსიქოლოგიური ტრავმისა თუ ეკონომიკური სიდუხჭირით იხდიან ფასს. ამდენი წელი გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან და ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ისეთ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს, რაც ჯერადად უარესია იმასთან შედარებით, რაც ჰქონდათ აფხაზეთში და არ ვიცით, კიდევ რამდენი ხანია საჭირო, რომ ნორმალური და ჯანსაღი ცხოვრების საშუალება მიეცეთ.
– მშვიდობიანობის პერიოდთან შედარებით ომის დროს ფულის კეთების პოტენციალი უფრო მეტია?
– ომიანობის პერიოდში ცალკეული ჯგუფები გაცილებით სწრაფად მეტს შოულობენ, ვიდრე ისინი იშოვიდნენ მშვიდობიანობის პერიოდში, იმისდა მიხედვით, რამდენ ხანს გრძელდება საომარი მოქმედება. როგორც კი ეკონომიკური სარგებელი შემცირდება იმ ჯგუფებისთვის, საბრძოლო მოქმედებებიც შეწყდება. რაც უნდა ცინიკური დასკვნა იყოს, სწორედ ეკონომიკური საფუძველი უდევს თითოეულ საომარ მოქმედებას.
– დაწყებასაც და შეწყვეტასაც?
– რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ადამიანები მაინც საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მოქმედებენ. ეს შეიძლება, იყოს წმინდა ეგოისტური, აბსოლუტურად მიზანთროპული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ეს შეფუთულია მაღალი მატერიებით, ეს იწვევს საზოგადოების წევრთა ნებაყოფლობით ან იძულებით მობილიზებას და ამ პერიოდში ხდება საზოგადოების სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური ენერგიის მობილიზება აი, ამ ცალკეული ჯგუფების ინტერესების რეალიზაციისთვის და საბოლოოდ, ვიღებთ არაჰუმანურ და ცივილური მორალისგან საკმაოდ დაშორებულ შედეგს, რასაც ომები და ომის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ჰქვია. აქვე გეტყვით, რომ გლობალური მასშტაბით შეიარაღებაზე, სამხედრო ბიუჯეტის ფორმირებაზე ტრილიონ დოლარზე მეტი იხარჯება.
– მთელ მსოფლიოში?
– დიახ, ეს მთელი მსოფლიოს მონაცემია. თუ ამას დავამატებთ სხვა მიმდინარე ხარჯებსაც, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას, ეს რიცხვი, სულ ცოტა, 3-4-ჯერ უნდა გავზარდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან