პოლიტიკა

როგორ ატარებს თურქეთი პოლიტიკას ერთი ხალხი – ოთხი სახელმწიფო, სანამ ქრისტიანული სამყარო ერთმანეთს ანადგურებს

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.07, 2022 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

სანამ დასავლეთი და რუსეთი, ანუ ქრისტიანული სამყარო, ერთმანეთს ეომება და ურთიერთგანადგურებაზეა ორიენტირებული, თურქეთმა სამ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან, ერთიანი სახელმძღვანელოები დაამტკიცა, რაც მათ ისტორიას ეხება, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შუა აზიაში თავისი გავლენის განმტკიცებისკენ, რაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემა მგონია. სწორედ ამ თემას განვიხილავთ ზაალ კასრელიშვილთან ერთად.

– თუ აქამდე იყო ერთი ხალხი ორი სახელმწიფო, ახლა უკვე ერთი ხალხი ოთხი სახელმწიფოს პოლიტიკა ტარდება?

– მართალია, დასავლეთი და რუსეთი უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ, ამას გარდა, ორი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი სახელმწიფო ერთმანეთს ანადგურებს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. პარალელურად, რა თქმა უნდა, ზარალდება ქრისტიანული ევროპაც. ეს. ალბათ, იმის ბრალია, რომ განათლების სერიოზული პრობლემები აქვთ ზემოჩამოთვლილ მხარეებს, რწმენაშიც და რაც ყველაზე მთავარია, ზემოჩამოთვლილ სამივე არეალში ქვეყნების წარმოშობაც, ერების ჩამოყალიბებაც და მათი მრწამსის ისტორიაც ან გაყალბებული იყო, ან დავიწყებული. ეს იმისთვის მოგახსენეთ, რომ სწორედ ამ ხარვეზს ასწორებს თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და აერთიანებს თურქულენოვან ერებს.

– რაღა ერებს, უკვე სახელმწიფოებს.

– რა თქმა უნდა, ერები ქმნიან სახელმწიფოებს. ანუ საძირკველშივე იმყარებს პოზიციას. სახელმწიფომ შეიძლება, შეიცვალოს სახელი, ფორმა, მაგრამ გენეტიკურ მეხსიერებას დედამიწის ზურგზე ვერავინ ცვლის: ვერც მედიცინა, ვერც ქიმია, ვერც ატომი და ვერც ვერანაირი ომები. საქმე ისაა, რომ ამ ოთხივე სახელმწიფოში მცხოვრები ერების წინაპრები იყვნენ თურქ-სელჯუკები. შესაბამისად, როგორც ჩანს, ორი მიმართულებით მუშაობენ: გენეტიკური მეხსიერება და სუნიტური ისლამი. ეს არის დუღაბი, ქვითკირი, რასაც მერე ვერავინ ვერასდროს დაანგრევს და შეცვლის. ანუ გენეტიკას პლუს რწმენა, რაც მოიცავს ყველაფერს.

– და ახლა უკვე იდეოლოგიურადაც გამყარდება.

– ეს ორი მიმართულება მოიცავს იდეოლოგიას, კულტურას, ეკონომიკას, ერთი სიტყვით, ყველაფერს. ისინი განათლების საფუძველზე აღვიძებენ გენეტიკურ მეხსიერებას და გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ აქვთ მათ ისეთი საამაყო და სატრაბახო გენეტიკური მეხსიერება, როგორიც ჩვენ. ასე რომ, გენეტიკურ მეხსიერებას მოტივაციას უქმნიან განათლების დონეზე და რწმენით ამაგრებენ, როგორც იდეოლოგიას, რაც სწორი მიდგომაა. თავის დროზე რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამის გაკეთება, მიწების დევნაში სიხარბეს რომ არ გადაეყოლებინა თავისი ავტორიტეტი, თორემ ვინ დაუშალა რუსეთს გასული საუკუნის 90-იან წლებში, მართლმადიდებლურ საწყისებზე მართებული, პატიოსანი და სამართლიანი ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა?! თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აია სოფია გადააკეთა მეჩეთად, რითაც მეორე მექა შექმნა სტამბოლში, ახლა კი მისდევს გენეტიკური მეხსიერების ნაკვალევს და მინდა, გითხრათ, რომ თურქეთი ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. ამ სახელმწიფოებს ექნებათ საზღვრები, ეყოლებათ პრეზიდენტები, ექნებათ თავ-თავიანთი ეროვნული ვალუტა, მეტ-ნაკლებად განსხვავებული კულტურაც, მაგრამ იქნებიან ერთიანი სახელმწიფოები იდეოლოგიურად, გენეტიკურად, ენობრივად და ნებისმიერის გამოწვევა იქნება ყველას გამოწვევა. ხოლო თურქეთს საშუალებას მისცემს, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ნებისმიერ დონეზე ნებისმიერ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებასთან თუ ნებისმიერ ზესახელმწიფოსთან ივაჭროს ტოლად და სწორად.

– გამოვიდა, რომ, სანამ რუსეთი ებრძვის თანამოძმე უკრაინას და დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის განადგურებით, ამ დროს თურქეთი რუსეთს გავლენას ართმევს როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შუა აზიაში?

– ართმევს აღარ ჰქვია ამას, იკანონებს. როდესაც შენს კონკურენტს შენთვის არ სცალია, როდესაც შენი კონკურენტის გავლენის სფერო ყურადღების მიღმა რჩება, როდესაც შენი კონკურენტის გავლენის სფეროში მცხოვრები საზოგადოება განიცდის ზეწოლას, ტკივილს, მორალურ შეურაცხყოფას, სულელი უნდა იყო, რომ ეს სიტუაცია არ გამოიყენო. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნებში გავლენა მას შემდეგ დაკარგა, როდესაც თურქეთი ბიზნესით შევიდა ყველა ამ ქვეყანაში და, მათ შორის, თავად რუსეთშიც.

– რუსეთის სამშენებლო სექტორი მთლიანად თურქულ ბიზნესს ეჭირა.

– არა მხოლოდ სამშენებლო, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა და როგორც ახლა გაირკვა, ფარმაცევტული ბაზარიც. კლინიკური მედიცინა რომ თურქეთში უფროა განვითარებული, ვიდრე რუსეთში, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, საქართველოშიც უფრო მაღალი დონის მედიცინაა, ვიდრე რუსეთში. თურქეთი შუა აზიაში ეკონომიკით შევიდა და ეკონომიკებში ჩართვის პარალელურად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის ჩათვლით, დაიწყო სკოლების გახსნა. ჩვენთანაც იყო ასეთი სკოლები. ანუ მატერიალურადაც და იდეოლოგიურადაც თურქეთმა ეს ტერიტორიები აითვისა და ახლა, უბრალოდ, იკანონებს. იმიტომ რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პრობლემისა და იმის, რომ ციმბირში უკვე 30 მილიონი ჩინელი ცხოვრობს – 3 მილიონი სტაბილურად, დანარჩენი კი ყოველდღიურად შედის და გამოდის და ჩინეთში უკვე რამდენიმე ქალაქი აშენდა უკვე რუსეთის ხე-ტყით – ამის მოგვარების ნაცვლად მართლმადიდებელ ქართველსა და მართლმადიდებელ უკრაინელს დაარტყა. ჩვენ ხომ ახლა ლოგიკაზე ვლაპარაკობთ და არა ნიშნის მოგებით?! ჩვენი მიზანი ხომ ვინმეს ლანძღვა არ არის?! ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ის, რომ ადეკვატური მეზობელი გვყავდეს, რომელთანაც შეიძლება საუბარი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ეტყვი, რომ თოვლი თეთრია, ამის გამო ჩხუბს არ დაგიწყებს.

– ძალიან მიკვირდა, საიდან გამოიჩინა ყაზახეთის პრეზიდენტმა ამდენი სითამამე, როდესაც განაცხადა, რომ არ აღიარებს არც საქართველოს და არც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს. ახლა უკვე გასაგებია, საიდანაც. ანუ ამ გათვლებით, თურქეთი ამზადებს ერთგვარ საყრდენ არეალს საიმისოდ, რომ შემდგომ იმავე ყირიმის მიმართულებით, ანუ შავ ზღვაზე გაიფართოოს გავლენა?

– ძალიან კარგი კითხვაა, ნეტავ, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი საუბრობდეს ამ თემებზე და არა იმაზე, ვის რა ფერის საცვალი აცვია და ვინ რამდენ ხანს უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, რომ ბევრი ფული იშოვოს. თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის, რომ, თუ ის თურქულენოვან სამყაროში არ იქნება წამყვანი ძალა და ავტორიტეტი, ვერსად მოიპოვებს გავლენას. შავ ზღვაზე მას უკვე აქვს გავლენა ბოსფორის სრუტით, მაგრამ სრული გავლენისთვის მას აუცილებლად სჭირდება არამუსლიმური საქართველო, ვინაიდან საქართველოს გარეშე ვერც შავ ზღვაში და ვერც კავკასიაში თურქეთი ვერანაირ გავლენს ვერ მოიპოვებს. მაგრამ, თუ თურქული გავლენა იქნება შუა აზიაზე და შუა აზიიდან ენერგომატარებლებით საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება, მაშინ თურქეთი საჭირო ხდება საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც. ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომაც ეფერებიან საქართველოს. თურქეთში ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასეთი აგრესიული საგარეო პოლიტიკა, ადრე თუ გვიან, უშედეგოდ დასრულდება და საქართველო იძულებული გახდება, დაელაპარაკოს თურქეთს, როგორც კეთილ მეზობელს, ამიტომ ინარჩუნებს ჩვენთან კეთილგანწყობას გასული საუკუნის 90-იანებიდან დღემდე. ასევე, თურქეთმა ძალიან კარგად იცის, რომ სამართლებრივი ნონსენსია ქართული ტერიტორიების მის შემადგენლობაში ყოფნა. ლაპარაკი არ არის ვინმესთვის რამის წართმევაზე, მაგრამ ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემების შექმნა შეგიძლია, თუ საერთაშორისო ინსტანციებში დაიწყებ დავას ამ თემაზე. ამიტომაც გეფერება. ვიმეორებ, რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც საქართველომ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა, როგორც სახელმწიფო და, მათ შორის, კავკასიის ფრონტზე გაამარჯვებინა თურქეთის წინააღმდეგ, ვინ დაუშალა, რომ ჩვენდამი კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეენარჩუნებინა?! არავის დაუშლია! და საქმეც ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ზნეა პრობლემა. თურქეთი გეფერება იმიტომ, რომ წარსულიც კარგად იცის და მომავალიც ისე აქვს გათვლილი, რომ შენ გარეშე რეგიონში წარმატებას ვერ მიაღწევს; თუმცა არც შენი რწმენისაა, არც ზნეობით მოგდევს, არც წარსულით, არც ტერიტორიულ საკითხებშია შენთან მართალი, მაგრამ მაინც სულ გიყვავებს და ტოლად და სწორად გელაპარაკება. არ გეუბნება, რომ ხარ მცირე ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უფლება, საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს. პირიქით, გეუბნება, რომ ტოლი და სწორი მეზობელი ხარ და ბიზნესში ერთად უნდა ვიყოთო. მაშინ, როდესაც თავად თურქულენოვანი სახელმწიფოებიდან ენერგომატარებლების წამომღებიცაა, გამტარიც და რეალიზატორიც.

რაც შეეხება ტოკაევს: ჩინეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთთან შეიძლება, გაუფუჭდეს ურთიერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთი, როგორც მუყაითი და სტაბილური ქვეყანა, რუსეთს არ განიხილავს სტაბილურ პარტნიორად, ამიტომ მან ფსონი უკვე ძალიან დიდი ხანია, დადო ყაზახეთსა და ყაზახურ ენერგომატარებლებზე. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ყაზახეთს ჰყავს ორი ძალიან სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი: თურქეთი, როგორც გენეტიკური ნათესავი და იდეოლოგიური ძმა და ჩინეთი, რომელიც მილიარდნახევრიანი ბაზარია და 180-მილიონიან ყაზახეთს მეტი არაფერი სჭირდება. ასე რომ, თუ რუსეთი ყაზახეთს მუშტებს ქნევას დაუწყებს, მინდა, გითხრათ, რომ მაშინ ის მთელი სუნიტური სამყაროს წინააღმდეგ აღმოჩნდება და მას მთელი შუა აზია დაუპირისპირდება და არა მარტო შუა აზია.

– ანუ ახლა ჩვენი თანამშრომლობის ალტერნატივაა თურქეთი და მისი გავლენის სახელმწიფოები?

– ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები; ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, გავწევრიანდეთ „ნატოში“. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, დღეს და ხვალ „ნატოს“ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა „ნატო“ გასული საუკუნის 90-იანებში, როდესაც მოხდა ის, რაც არ გვინდოდა, მომხდარყო. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალ ანგლოამერიკულ გაერთიანებაში მოხვედრის ალტერნატივა, რომელიც, ვფიქრობ, ბევრად ადრე შემოგვთავაზებს პარტნიორობას, ვიდრე „ნატო“ და ევროკავშირი. ევროკავშირს არ უნდოდა და არ მიგვიღო, მაგრამ გული ბოლომდე არ დაგვწყვიტა და რაღაც სტატუსი მაინც მოგვანიჭა. როგორც ჩანს, ევროკავშირის შესაძლებლობები უკვე აღარ სცილდება ევროპის ტერიტორიას. გარდა ამისა, ევროპელებმა იმედი დაგვიტოვეს იმის გამო, რომ არჩევანი არ გავაკეთოთ რუსეთს და თურქეთს შორის ან არ გავწევრიანდეთ ახალ ანგლოამერიკულ კავშირში, ვინაიდან ეს ახალი კავშირი, როგორც ჩანს, ევროპის სერიოზული კონკურენტი იქნება ყველგან და ყველაფერში. ასე რომ, ალტერნატივები გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი