პოლიტიკა

როგორ ასრულებენ რუსეთის საქმეს აშშ და ევროკავშირი საქართველოში

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.06

ბიძინა გიორგობიანი
დაკოპირებულია

მართალია, ჩვენთან მიღებული არ არის არც ისტორიის როგორც ახლო, ისე შორეულის გაანალიზება, არც ჩადენილ შეცდომებზე ფიქრი და მათი გამოსწორება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თითქმის აღარავის ახსოვს, რატომ აუმხედრდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ყოფილი თანამებრძოლები (საბაბი პრეფექტების დანიშვნის არადემოკრატიული წესი იყო, როგორც თავად ამბობდნენ), საბოლოოდ კი, გამსახურდია დიქტატორად შერაცხეს და კიდეც დაამხეს. არ ვადარებ, მაგრამ აშკარაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებასაც დემოკრატიისადმი ერთგულებას უწუნებს დასავლეთი (თუმცა, მაგალითად, წინა ხელისუფლებას „დემოკრატიის შუქურა“ შეარქვეს). ამის გათვალისწინებით, პირადად მე მიჩნდება ეჭვი, რომ დასავლეთს მეტად საინტერესო დამოკიდებულება აქვს ქართული დემოკრატიისადმი, რის შესახებაც საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრთან, ბიძინა გიორგობიანთან, ერთად ვისაუბრებთ.

– მაშინ რა იყო დასავლეთის გამსახურდიაზე განაწყენების მიზეზი, ახლა რა არის მათი შფოთის მოტივი და ხან რატომ არის მოსაწონი მათთვის ეს ქართული დემოკრატია და ხან რატომ არა?

– ზუსტად აგიწერთ სცენარს: 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და მოგვყვა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა: მათაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. მათ შორის, უკრაინამაც. იმ დროს მამა ბუში მოსკოვში იყო ჩასული და, როგორც მათი მემუარებიდანაც ჩანს, მათი ინტერესი არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. ამერიკელებს არ ჰქონდათ მონაცემები, თუ რაოდენ ძირგამომპალი იყო უკვე საბჭოთა კავშირი და მისი მოდერნიზება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. და, როდესაც მამა ბუში მოსკოვში გორბაჩოვს შეხვდა, ამის შემდეგ ჩავიდა კიევში და კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინისა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. საქართველო მას არ უხსენებია, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გააკეთა განცხადება მამა ბუშის კიევში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. მხარი დაუჭირა უკრაინის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, გამოესარჩლა უკრაინელ ხალხს და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის განცხადება ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ დემოკრატიასა და იდეალებს. ეს აიტაცა ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ და გადაბეჭდა ამერიკულ გაზეთში. მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მამა ბუშმა თავის რანჩოზე მოაწყო რაღაც პრესკონფერენცია და მას ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაზე. რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ იდეალებს. მამამ ბუშმა ძალიან გაღიზიანებულმა უპასუხა ჟურნალისტს: მაგ კაცმა უნდა ისწავლოს ლაპარაკი და ის მიცურავს დინების წინააღმდეგ. ანუ მაშინდელი დინება იყო ის, რომ უნდა შენარჩუნებულიყო საბჭოთა კავშირი, მომხდარიყო მისი მოდერნიზება. ისინი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერდნენ და ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მათი გაგებით, ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. მამა ბუშის ეს პასუხი დაიბეჭდა ამერიკულ პრესაში და აი, მამა ბუშის ამ ფრაზას, რომ ზვიად გამსახურდია მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ, მოჰყვა ზვიად გამსახურდიას ცნობილი განცხადება, რომელიც, ასევე, დაიბეჭდა ამერიკულ პრესაში, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან. ასე აეწყო ერთმანეთზე ეს მოვლენები სცენარივით და მამა ბუშის განცხადების შემდეგ აქაურმა ოპოზიციამ, რომლებიც კვირაში 7 დღის განმავლობაში მოსკოვში დაფრინავდნენ კონსულტაციებისთვის, უკვე დაიწყო ინტენსიური ბრძოლა არჩეული ხელისუფლებისა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რაც ბოლოს, სამხედრო პუტჩით. დაგვირგვინდა. ახლა კი მიმდინარეობს სამოქალაქო პუტჩი.

– რომ არ ეთქვა გამსახურდიას მსგავსი რამ, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო? ანუ წინასწარვე იყო ჩაფიქრებული გამსახურდიას ჩამოშორება და დასჯა? საბჭოეთი დაიშალა 1991 წლის 25 დეკემბერს, გადაწყვეტილება კი მიიღეს 21 დეკემბერს, რუსეთიც გახდა დამოუკიდებელი.

– არაფერი რომ არ ეთქვა და სახლში მჯდარიყო, რა თქმა უნდა, არ დაისჯებოდა არავინ, მაშინ მოქმედებისთვის დავისაჯეთ ჩვენ, ყველანი.

– და რა იყო ამ მოქმედებაში ასეთი მიუღებელი? საბჭოეთი დაშალეს რუსებმა და საბჭოთა ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

– იმ გადაწყვეტილების არდამორჩილება, რაც იყო მიღებული და შეთანხმებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოეთს შორის. ეს მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც მოსკოვისთვის, ისე ვაშინგტონისთვის. ახლა რომ ამბობენ, მაინც დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, ყირგიზეთმა არაფერი გააკეთა, მაგრამ მიიღო დამოუკიდებლობაო, ასეთ ადამიანებს არ ვეკამათები. იმიტომ რომ, თუ არაფერს მოვიმოქმედებდით, არ იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო, გაგრძელდებოდა ჩამყაყებული სიტუაცია. იმიტომ რომ დასავლეთის ინტერესი არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლა, მათი ინტერესი იყო საბჭოთა კავშირის გარდაქმნა. მაგრამ საბჭოთა კავშირმა თავად გამოაცხადა კაპიტულაცია. მათ სჭირდებოდათ რუსეთიდან, საბჭოთა კავშირიდან რესურსების წაღება, იაფი ბაზარი და ტვინების წაყვანა სამუშაოდ, მეტი არაფერი უნდოდათ. მამა ბუშიც, შვილი ბუშიც და სხვა პრეზიდენტებიც არ აღამებდნენ და ათენებდნენ საქართველოზე ფიქრით.

– არც უნდა გაათენონ და დააღამონ.

– დიახ, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ინტერესების სფერო და არა მათი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ძალიან შეშფოთებულია ჯო ბაიდენი საქართველოში მიმდინარე პროცესებითო, არადა ჯო ბაიდენი, მინდორში რომ დგას, არ იცის, საით წავიდეს. ან საქართველო რა იცის, სად არის, ან რა კანონზეა ლაპარაკი?! ეს უკვე არაფერს ჰგავს და იმ პროცესს, რაც 1991-1992 წლებში მოხდა არ ჰგავს. ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, მრავალპარტიული პარლამენტი გვქონდა, მაგრამ საქართველო არ იყო აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ანუ არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, დღევანდელობისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პერმანენტული აგრესიის ქვეშ ვართ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი და ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ვახორციელებთ იურისდიქციას. ამდენად, ზუსტად ვერ მეორდება 1991 წლის მდგომარეობა, მაშინ ბევრად მძიმე ვითარება იყო. მოქმედებდა საბჭოეთის სასაზღვრო ჯარი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, შიდა აგენტურა, არ გეგონოთ, რომ ახლა შემცირდა აგენტურა, მაგრამ მაშინ მაინც უფრო მძიმე სიტუაცია იყო. დღესაც არ არის დალხენილი ვითარება, ვინაიდან მათ შექმნეს თავიანთი დასაყრდენი სოციალური ინჟინერიით, რასაც მოხმარდა ის 4 თუ 6 მილიარდი. ეს ის თანხაა, რასაც ასახელებენ, რომ 35 წლის განმავლობაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ელჩები ამბობენ, რომ 6 მილიარდია, ოპოზიციის დეპუტატი 4 მილიარდს ამბობს. ამდენად, ვერ ვხვდები, სად იკარგება 2 მილიარდი: ისევ უკან წაიღეს თუ ვინმეს ჯიბეში ჩავიდა?! გვაყვედრიან ამ ფულის შემოტანას, მაგრამ ეს თანხა არ მოხმარებია საქართველოში მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს ფული შემოიტანეს და გაანაწილეს, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო სექტორში და მათი მეშვეობით, სოციალური ინჟინერიით, შექმნეს ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში ვხედავთ: მათ არ იციან, რას აპროტესტებენ. ამ სოციალური ინჟინერიით გამოყვანილმა ახალგაზრდებმა კი არა, თვითონ რომ ჰგონია, ინსტიტუცია ვარო, მისმა საპარლამენტო მდივანმა განაცხადა ოფიციალურად, რომ კანონის მუხლებზე ლაპარაკი არ უნდოდა. შეკითხვაზე: რატომ? პაუხობდა: იმიტომ და სწორედ ასეთი ადამიანების გამოყვანაში ჩადეს ის ფული, რასაც გვაყვედრიან ყველა სატალევიზიო გამოსვლაში. თუმცა ეს ფული ჩვენთვის საჩუქრად არ მოუციათ. მეტიც, 1992 წელს, მშივრები რომ ვიხოცებოდით და ხორბალი შემოგვქონდა გემებით, არც ის ყოფილა საჩუქარი, ფული გადაიხადეს იმ ხორბალში ქართველებმა. საჩუქრად არაფერი მოუციათ და არც უკრაინელებს აძლევენ.

– ჩვენთან არ იციან, რომ უამრავი ათეული მილიარდი დოლარი აქვს ვალად უკრაინას და არც კი გადაუწიეს ვალის მომსახურების დაწყების ვადა.

– უკრაინას რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ვალი მისცეს, ოღონდ იმ კრედიტის ორი მესამედი ისევ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მრეწველობაში დარჩა. ანუ დღეს უკრაინას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ვალი, ამერიკის შეერთებული შტატების მრეწველობამ მიიღო დიდი დოტაცია სახელმწიფოსგან, რომ გამოუშვას ტანკები, რომლებიც გადასცეს უკრაინას და უკრაინას ევალება ერთადერთი რამ – დამატებითი მობილიზაცია, ქუჩებში დაიჭირეთ თქვენი ახალგაზრდობა და გაუშვით ფრონტის წინა ხაზზე. შესაბამისად, უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების ვალი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა იზრდება, ხოლო რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ჟუჟავენ და ახლა ჩვენც გვეპატიჟებიან ამ პროცესში. თუ თქვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ხართ, უნდა შეაკლათ რამდერიმე ათასი თქვენი ახალგაზრდა, ამის შემდეგ ჩაგთვლით სტრატეგიულ მოკავშირედ და იარაღს მოგაწვდითო. თან, იმ იარაღსაც მოგვყიდიან.

– 1992 წელს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც დაეთანხმა საბჭოეთის დაშლას, ეს სამხედრო გადატრიალება მხოლოდ რუსეთის კისერზეა?

– რა თქმა უნდა, არა. რუსეთმა, უბრალოდ, განახორციელა. თორემ ლოცვა-კურთხევა მათგან ჰქონდათ, ვინც თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო.

– რუსეთი სულ ხელის ბიჭის როლში რატომაა?

– იმიტომ რომ ასეთია და ყოველთვის ასეთი იყო: ხან ინგლისის, ხან გერმანიის და ხან ამერიკის შეერთებული შტატების ხელში იყო სათამაშო. სუვერენული რუსეთი არასდროს ყოფილა, დღევანდელობის ჩათვლით. რუსეთში ექსტრემისტული ლიბერალური მიმართულების ხელისუფლებაა პუტინისა და ელცინის ჩათვლით. პირწავარდნილი ლიბერალები არიან, ოღონდ არა კლასიკური გაგებით. ისინი არიან ზუსტად ისეთივე ფსევდოლიბერალები, როგორებიც არიან დასავლეთში, უბრალოდ, ინტერესთა კონფლიქტი აქვთ უკრაინაში.

– რუსეთი ამჟამად როგორ როლს ასრულებს, ისევ აშშ-ის ხელის ბიჭის თუ ჩინეთის?

– ბოლო 2 წელია, რუსეთი ჩვენდამი აქტიურობას არ იჩენს, იმიტომ რომ მის საქმეს სხვები აკეთებენ. რუსეთისთვის მთავარი იყო, რომ აქ არ შემოსულიყო „ნატოს“ სამხედრო ბაზა და საქართველოში არ ჩატარებულიყო სამხედრო რეფორმები. ახლა რატომ შეიწუხებს თავს, როდესაც დასავლურ სამყაროს ისე მიჰყავს საქმე საქართველოში, რომ თავად უბიძგებენ საქართველოს, აღარ გაიხედოს დასავლეთისკენ?! „ნატოში“ გაწევრიანებაზე ლაპარაკი აღარც არის ბოლო ორი წელია. მანამდე 16 წელი გვატყუებდნენ. იმიტომ რომ სამხედრო ბლოკების განვითარება არ არის დამოკიდებული ეკონომიკურ რეფორმებზე. თურქეთი „ნატოში“ მიიღეს, როდესაც ჯერ კიდევ ურმებით დადიოდნენ, მაგრამ დასჭირდათ და მიიღეს. მთელი პრობლემაც ისაა, რომ დღეს რუსეთის საქმეს ამერიკელები და ევროპელები აკეთებენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული