პოლიტიკა

როგორ აპირებს ბაიდენი პუტინის დასჯას, ანუ რა შესაძლო სცენარებისთვის შეიძლება, ემზადებოდნენ აშშ და რფ

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.04

ვახტანგ მაისაია
დაკოპირებულია

თუმცა წინასწარვე ვარაუდობდნენ, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყებოდა დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, ვფიქრობ, ეს ამბავი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ვვარაუდობდით. კერძოდ, მართალია, შეკითხვაზე პასუხად, მაგრამ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რუს კოლეგას მკვლელი უწოდა და, ასევე, დასძინა, რომ არ შერჩება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა ღია დებატებში გამოიწვია (სანამ ტაიგაში წავალ ორიოდ დღით დასასვენებლადო), თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა (მეც სადღაც მივდივარო). მიდიან თუ მოდიან, მათი, თუ შეხვედრა არა, დაპირისპირება გარდაუვალია. შესაბამისად, იბადება კითხვა: როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები არა მხოლოდ, ზოგადად, მსოფლიოში, არამედ ჩვენს რეგიონში, რომელიც ისედაც არის დასავლეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირების არეალი? – ამ თემას ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.

– უცნაური არაპირდაპირი დიალოგი გაიმართა ბაიდენსა და პუტინს შორის და, თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესი კარგა ხანია, გასცდა საღი აზრის ფარგლებს, ვერც მსოფლიოში უჩანს კარგი პირი, მთლად ქ-ნ ჩარკვიანსა და ბ-ნ ნათელაშვილს არ დამსგავსებიან, მაგრამ, რასაც ვუყურებ, არც ბევრი უკლიათ. რა იგულისხმა ბაიდენმა, 2020 წლის არჩევნებში როგორ ჩაერია რუსეთი?

– პირდაპირ ჩანდა, რომ ბაიდენის ინტერვიუ წინასწარ დადგმული პერფორმანსი იყო, გათვლილი პროპაგანდისთვის და სიგნალი პუტინისთვის, რომ ამერიკის ხელისუფლებაში მოვიდა, ეგრეთ წოდებული, ქორების ჯგუფი. ცოტა უცნაურია „დემოკრატები“ და „ქორები“, პირიქით, „რესპუბლიკელები“ იყვნენ „ქორები“, რომელთა ლიდერი იყო ტრამპი, მაშინ, როდესაც „რესპუბლიკელები“ შედარებით მშვიდობისმოყვარეები იყვნენ ტრამპის დროს. გაცილებით გაუარესდება ურთიერთობა რუსეთთან, ტრამპი შედარებით აბალანსებდა სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა პრინციპული დამოკიდებულება და გამოვიდა საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან, მაგრამ ტრამპი მაინც ტოვებდა გარკვეულ ადგილს თანამშრომლობისთვის, რომ ევაჭრა რუსეთთან, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ამის სურვილი. ბაიდენმა, უბრალოდ, წერტილი დაუსვა ობამას პოლიტიკას, იმიტომ რომ ბარაქ ობამას დროს შემუშავდა სტრატეგიული შეიარაღება სამი და ბაიდენმა გაპრეზიდენტებისთანავე მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, რასაც ტრამპი არ აწერდა ხელს და ამით დაუსვა წერტილი ობამას პოლიტიკურ კურსს. ანუ ის ფურცელი დახურა, მაგრამ, სამაგიეროდ, გახსნა თავისი პირადი ფურცელი. ჩათვალეთ, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ხარკი გადაუხადა ობამას, მაგრამ, მეორე მხრივ, მან სულ სხვა პოლიტიკა დაიწყო რუსეთისადმი. 2020 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალდებისას ბაიდენი ეფუძნებოდა ამერიკული დაზვერვის მონაცემს, რის მიხედვითაც, რუსეთის სპეცსამსახურები და რუსეთის სააგიტაციო საშუალებები მეორედ ჩაერივნენ ამერიკის საარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩანს, ბაიდენს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რადგან ალერგია აქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც ეხმარებოდნენ ტრამპს ან ეჭვი აქვს, რომ ეხმარებოდნენ. შეიძლება, საქართველოს პოლიტიკოსებზეც გავრცელდეს ბაიდენის ეს ალერგია.

– სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ყოველთვის ერეოდნენ და ჩაერევიან სხვა ქვეყნების არჩევნებში, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აშშ ისეთი სუსტი სახელმწიფოა, რომ რუსეთი მოახერხებდა ზეგავლენას არჩევნების შედეგზე?

– 2014 წლიდან შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. 2018 წელს ეს დაადასტურა კიდეც მიუნჰენის საერთაშორისო ექსპერტთა მოხსენებამ – იქ წერია, რომ დღეს არის ტრიპოლარული წესრიგი, ანუ რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა არიან დიდი სახელმწიფოები. სუპერსახელმწიფოები აღარ არიან აშშ და რფ, ისინი ჩამოლაბორანტდნენ დიდ სახელმწიფოებად. ანუ რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, შეიძლებოდა, ჩარეულიყო აშშ-ს არჩევნებში და აქ არაფერია უცნაური. ისევე, როგორც ნავალნის ფილმი პუტინის სასახლეზე პუტინმა შეაფასა, როგორც ამერიკელების ჩარევა რუსეთის შიდა საქმეებში და ამას არც გამოვრიცხავ, ვინაიდან არც რუსეთი და არც ამერიკა არ არის მამა აბრამის ბატკანი და თავიანთი ინტერესების მისაღწევად ყველა ზომას მიიღებენ. აქ არც არის იდეოლოგიური მომენტი. ეს ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკოსების ნაწილი ჩარჩა „ცივი ომისდროინდელ“ აზროვნებაში – ბოროტი რუსეთი და კარგი ამერიკა. დღეს თითოეული მხარე ახორციელებს თავის ეროვნულ ინტერესებს ყველა დონეზე.

– არის თუ არა რეალური, რომ ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გადაიზარდოს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში?

– ჩემი აზრით, რეალურია, იმიტომ რომ გასდევს შეურაცხმყოფელი ფონი. პუტინმა უპასუხა ბაიდენს და ის ასეთ რამეს არც დატოვებდა უპასუხოდ. ბაიდენს, ფაქტობრივად, უწოდა გონებრივად სუსტი ადამიანი, მისი ადგილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიაო და, ფაქტობრივად, გამოიწვია დუელში. როდესაც ბაიდენმა უარი განაცხადა, პუტინმა ამით მიიღო დივიდენდი, ანუ მან ჩათვალა, რომ ეს ბრძოლა მოიგო. ბუნებრივია, პუტინმა ეს შეაფასა რუსული ბუნებიდან გამომდინარე, ბაიდენმა – ამერიკულიდან. ფაქტი ისაა, რომ ასეთი მძიმე სიტუაცია არ ყოფილა მაშინაც კი, როდესაც აშშ-სა და სსრკ-ს დაპირისპირებები პიკს აღწევდა. ვგულისხმობ: კარიბის კრიზისსა და კორეულ კრიზისს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო კორეული ავიალაინერი და ასეულობით ადამიანი ცოცხლად დაწვა. მაშინაც იყო მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება. მაშინაც კი რეიგანმა ანდროპოვს არ უწოდა მკვლელი, თუმცა ჰქონდა ამის საფუძველი და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირი არის ბოროტების იმპერია და ამის იქით არ წასულა, ისევე, როგორც ჯონ კენედისაც არ გადაუკვეთავს წითელი ხაზები ხრუშჩოვის დროს. ბაიდენი ყველაზე შორს წავიდა – მკვლელი უწოდა პუტინს, რაც ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, გაწყვიტა ურთიერთობა და ასეც მოხდა. რუსეთმა გაიწვია თავისი ელჩი ამერიკიდან. ესე იგი, რუსეთმაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკასთან და ჩვენ შესაძლოა, ახალი კარიბის კრიზისის წინაშე ვდგავართ. ეს არის ყველაზე ცუდი და, ალბათ, დაიწყება ხელების გადაგრეხვები. ორივე მხარე ემზადება ბირთვული ომის სცენარების განხორციელებისთვის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია „ზვეზდა“ განიხილავს, რომ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკელების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა განვათავსოთ ჩვენი ჰიპერხმოვანი სარაკეტო დანადგარები ნიკარაგუასა და ვენესუელაშიო, ისევე, როგორც ამერიკელები განიხილავენ თავიანთი ბირთვული სარაკეტო კომპლექსების განთავსებას ევროპაში.

როგორც ჩანს, ერდოღანმა გათვალა მოსალოდნელი სცენარი და ამიტომ პირდაპირ თქვა, რომ თურქეთი ამერიკისა და რუსეთის კონფრონტაციაში, როგორიც კარიბის კრიზისისას იყო, არ მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კარიბის კრიზისის დროს ჯონ კენედიმ თურქეთის ტერიტორიაზე განალაგა „პოლარისის“ ტიპის საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირმა განალაგა „პიონერის“ სისტემები კუბის ტერიტორიაზე, რითაც დამყარდა ბალანსი და ხრუშჩოვმა და კენედიმ, რომლებიც, როგორც ახლა ჩანს, ბევრად გონიერი, ზომიერი და ღირსეული პოლიტიკოსები იყვნენ, ვიდრე ბაიდენი და პუტინი არიან, მოილაპარაკეს და, ფაქტობრივად, გადაარჩინეს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის კატასტროფას. ამჯერად ერდოღანმა ამერიკელებს პირდაპირ უთხრა, რომ თურქეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ანუ გამოვიდა, რომ ერდოღანმა მხარი დაუჭირა პუტინს და გაამტყუნა ბაიდენი, როგორც ცბიერმა პოლიტიკოსმა, მან ეს შემთხვევით არ გააკეთა. ანალიტიკურად საკმაოდ სწორად აზროვნებს. მან მართებულად გათვალა, რომ შესაძლოა, ამერიკელებს ინჯირლიკის ბაზა გამოეყენებინათ, როგორც რუსეთზე ზემოქმედების კომპონენტი და ეს ჩაუშალა, თქვა რა, რომ თურქეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მართალია, ამერიკას რუსეთზე ზეწოლის ვარიანტები რჩება: პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები, ბოლოს და ბოლოს, საქართველო და უკრაინა. ანუ, თუ ადრე აშშ-ს მხარს უჭერდა თურქეთი და შაჰის ირანი და თავისი ბალისტიკური რაკეტები განალაგა გერმანიასა და იტალიაში, ახლა, ნორვეგიაში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყეს სტრატეგიული ბომბდამშენების განლაგება. არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოებიც გამოიყენოს ამისთვის, უკრაინაც და საქართველოც. შესაბამისად, რუსეთის რეაქციაც იქნება ადეკვატური, განალაგონ თავიანთი რაკეტები სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც ანექსირებულ ყირიმში და, ასევე, ვენესუელასა და ნიკარაგუაში. ეს გაცილებით ძლიერი დარტყმა იქნება, იმიტომ, რომ, თუ კარიბის კრიზისის დროს მხოლოდ კუბაში ჰქონდა განლაგებული საბჭოთა კავშირს თავისი რაკეტები, ახლა უკვე სამმხრივი დარტყმა იქნება, დაემატება ნიკარაგუა და ვენესუელა, ამასთან, ალასკის მიმართულებით რუსებმა აღადგინეს სტრატეგიული ბომბდამშენების ოპერატიული მორიგეობა. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსები ინტენსიურად ავითარებენ წყალქვეშა ნავებს, რომლებსაც შეეძლებათ ახალი ტიპის წყალქვეშა ფრთოსანი რაკეტების გადატანა, რომელთა გადაჭერა წყალქვეშა ნავებიდან, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმის თქმა მინდა, რომ რუსები საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან.

– ერთია განლაგება, მეორე – სროლა და ამ ორ ქმედებას შორის არსებითი განსხვავებაა. შეიძლება, ტერიტორია მოინიშნონ, დაპირისპირება მივიდეს პიკამდე, მაგრამ არ ისროლონ. ეს ჩემი აზრია.

– კარიბის კრიზისის დროსაც კი სიმჭიდროვის ფაქტორი უფრო დაბალი იყო, ახლა მაღალია, მეორე – ამერიკასა და საბჭოეთს შორის, მართალია, დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ ისინი ჯენტლმენურ შეთანხმებებს იცავდნენ. თამაშის წესების ეთიკას აყალიბებდნენ და ერთმანეთის ინტერესებსაც კი ითვალისწინებდნენ ხოლმე. როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა უნგრეთში და სისხლში ჩაახშო უნგრეთის რევოლუცია, ამერიკელებმა ამაზე თვალი დახუჭეს, სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირმა თვალი დახუჭა, როდესაც ისრაელი, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეიჭრნენ ეგვიპტეში. მაშინ ხდებოდა ასეთი რაღაცები, მაგრამ დღეს ეთიკური მომენტები უკანა პლანზეა. პუტინი პატივმოყვარე ადამიანია და „მკვლელის“ წოდებას არავის შეარჩენს. ეს ცნობილი ფაქტია, ამდენად, ასეთი ტერმინის გამოყენების შემდეგ, რა იდეები მომწიფდება პუტინის ავადმყოფ თავში, უკვე ცალკე საუბრის თემაა. პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი გაცილებით მძიმეა, ვიდრე საბჭოთა ხელმძღვანელების, მით უმეტეს, პუტინის იდეალი სტალინია. ეს ყველაფერი კი ძალიან მძიმე ფონს ქმნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი