პოლიტიკა

როგორ ანგრევს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრებას ნარკომომხმარებელი ოჯახის წევრი

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

შოთა მანელიძე
დაკოპირებულია

ნარკოდამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და მით უფრო ტრაგიკული, ვინაიდან ნარკომომხმარებლების ასაკი მეტად გაახალგაზრდავებულია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მკვიდრდება მოსაზრება, რის თანახმადაც, მარიხუანა თითქოს უვნებელია და არც კლუბური ნარკოტიკია, მაინცდამაინც, საზიანო. მეტიც, პოლიტიკური პარტიაც კი არსებობს, რომელიც ეწევა ნარკომანიის პროპაგანდას და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი უვნებელია საზოგადოებისთვის, განსხვავებით ალკოჰოლით ზემოქმედების ქვეშ მყოფისგან, თუმცა იმას აღარ ამატებენ, რომ ნარკოტიკის შეძენას სჭირდება თანხა, რის შოვნასაც ნარკომომხმარებელი ნებისმიერი გზით ცდილობს. ამ თემასა და ამ თემით გამოწვეულ სამართლებრივ პრობლემებზე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი შოთა მანელიძე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას.

– რა პრობლემებს უქმნის ნარკოდამოკიდებული საკუთარ თავს, თავის ოჯახს, განსაკუთრებით, მცირეწლოვნებს და, ბუნებრივია, ზოგადად, საზოგადოებას?

– ყველანაირი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, თუ რას უკავშირდება, ვფიქრობ, ადამიანის ძალიან დიდი სისუსტის გამომხატველია და პირადად მე არც ერთი დამოკიდებულება მისაღებად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, თუ ეს დაკავშირებულია ნარკოტიკთან და, მათ შორის, ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკთან. იმიტომ რომ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის: მარიხუანა იქნება ეს, კლუბური თუ უფრო ძლიერი ნარკოტიკი, რომლებზეც, სამწუხაროდ, საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდების დიდი ნაწილია დამოკიდებული. ეს აჩქარებს მათ პიროვნულ დეგრადირებას: ნარკომომხმარებელს უჭირს გარემოსთან, სოციუმთან ადაპტირება და ამას ემატება ის, რომ ეს მდგომარეობა მწვავედ ეხება თითოეული მათგანის ოჯახს. ხოლო, თუ ამ ოჯახში არასრულწლოვნებიც არიან, შეიძლება, კატასტროფული ვითარება შეიქმნას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები თავის თავში ჩაკეტილები და მხოლოდ თავის თავზე ორიენტირებულები ხდებიან, იმ გაგებით, რომ მათი ერთადერთი სურვილია, თავიანთი ამ ინტერესის დაკმაყოფილება და იმისთვის, რასაც „კაიფი“ ჰქვია, ძალიან ბევრ მსხვერპლს გაიღებენ. ამით ისინი საკუთარ თავსაც ინგრევენ როგორც მენტალურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ და ოჯახის წევრებისა და სხვების მიმართ სუბიექტურები, მიკერძოებულები და არ მოვერდები, ვთქვა, ეგოისტები ხდებიან. აქედან გამომდინარე, მათი ეს მდგომარეობა მთლიანობაში აისახება ამ ოჯახებზე, საახლობლო წრეზე და ეს ადამიანი ხდება ოჯახში ძალიან დიდი უთანხმოების მიზეზი. შესაბამისად, ნარკოდამოკიდებულება იქცევა საერთო პრობლემად და აღარ არის იმ ერთი სუბიექტის პრობლემა.

– რატომღაც, მიღებულია, რომ მარიხუანა უფრო მსუბუქი ნარკოტიკია, უვნებელი, არადა ის ერთადერთია, რომელიც ტვინის უჯრედებში რჩება და საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს. ეს მცდარი მოსაზრება საიდან გაჩნდა?

– სამწუხაროდ, როგორც წესი, მარიხუანა უფრო დიდი ინტენსივობით მოიხმარება. ჯერ ვითომ გართობის დონეზეა, შემდეგ კი შეუქცევადი ხდება. ეს უკვე დამოკიდებულებაა თავად ამ ნარკოტიკზე და, როგორც ვაკვირდები, დოზის ზრდა უკვე აღარ არის საკმარისი კონკრეტული ადამიანებისთვის და ამიტომ ბევრად უფრო ძლიერ ნარკოტიკზე გადადიან. რაც შეეხება მარიხუანას: მე არ ვიზიარებ აზრს, რომ მისი მოხმარება და მით უმეტეს, მასზე დამოკიდებულება არ არის იმ სიმწვავის, როგორიც სხვა ნარკოტიკული საშუალებების. მიმაჩნია, რომ, როდესაც ტვინზეა საუბარი, ანუ ძირითად ორგანოზე, რომელიც მართავს ადამიანს და მისი ცხოვრების წესს განაპირობებს, იქ უარყოფითი ცვლილებები, ბუნებრივია, აისახება ადამიანის ყოფიერებაზე. და, რა თქმა უნდა, ის ადამიანი, სამწუხაროდ, აღარ არის სრულფასოვანი, რომელსაც შეუძლია, თავისი გონებით ცხოვრებისეული სირთულეების ჯეროვნად აღმოფხვრა.

– ვერ დავასრულე შეკითხვა: კლუბური ნარკოტიკი იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, იმიტომ რომ ყველას ტვინი განსხვავებულია, ახსენეთ უფრო მძიმე ნარკოტიკები. რა იგულისხმეთ?

– ჰეროინი, კოკაინი.

– ეს ნარკოტიკები ძვირი ღირს და ვეჭვობ, მათ მასობრივად მოიხმარდნენ ჩვენთან.

– ნარკოტიკების მოპოვების საშუალებები ცალკე პრობლემაა. დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ელექტრონულ სისტემაზე ვართ გადასული, ნარკოტიკული საშუალებები ადვილად მოსაპოვებელი გახდა, იმ გაგებით, რომ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა უამრავ საიტთან, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკებით და ასეთი ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებას. აქვე ჩნდება მეორე პრობლემა: აუცილებელია თანხის მოძიება. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ოჯახიდან გაიტანონ საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სამკაულები და ოჯახს ამით ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ. ასევე, მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარებას პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოებაში დანაშაულის ზრდასთან, ისევ და ისევ თანხის მოპოვების გამო. თან, მოგეხსენებათ, რომ მოხმარებული ნარკოტიკის დოზაც არ არის განსაზღვრული ერთხელ და სამუდამოდ და ერთ ნიშნულზე არ დგას. სუბოტექსის შესახებ, ალბათ, გსმენიათ. ეს ნარკოტიკული საშუალება დღეს ძალიანაა გავრცელებული უცხოეთში და მას იყენებენ, ძირითადად, ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების განსაკურნებლად. მას ხშირად მოიხმარენ ინიექციის სახით, რაც ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მეტიც, ძნელია, რომ ადამიანმა გააკონტროლოს მისი დოზა, ანუ ის ზღვარი, რაზე მეტიც აღარ უნდა მიიღოს, იმიტომ რომ შეიძლება, დადგეს ლეტალური შედეგი. აქედან გამომდინარე, ეს ზედა ზღვარიც იშლება და კიდევ უფრო და უფრო მეტ დოზას იღებს და კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება და, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად ინგრევს ორგანიზმს.

– სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოიმატა ნემსის ნარკომანიამ. რატომ მოიმატა და რა ნივთიერებებს იკეთებენ?

– დავუბრუნდები კლუბური ნარკოტიკის თემას: დღეს ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობენ, იარონ კლუბებში, გაერთონ და ერთი შეხედვით, ეს თითქოს უწყინარი თემაა, მაგრამ, როდესაც ხშირად მიიღება კლუბური ნარკოტიკები, ვფიქრობ, ეს იმ გზის დასაწყისია, რომელსაც მივყავართ ინიექციებამდე. მიმაჩნია, რომ კლუბური ნარკოტიკის ხშირი მოხმარება იწვევს დოზის გაზრდის მოთხოვნილებასა და ნემსზე დამოკიდებულებას. როდესაც ადამიანი ინიექციის საშუალებით იღებს ნარკოტიკს, ამას ბევრად მეტი და მყისიერი ეფექტი აქვს. მეტსაც გეტყვით, ისიც მსმენია, რომ შემდგომში თავისთავად ინიექციის სურვილიც უჩნდებათ ხოლმე. ანუ ნარკოტიკის მიღებასთან ერთად ნემსით მისი შეყვანაც სიამოვნებას იწვევს.

– ერთგვარი რიტუალის ფორმას იღებს?

– დიახ და მყისიერი ეფექტიც აქვს.

– ფსიქოტროპული აფთიაქები თითქოს დაიკეტა, მაგრამ სხვადასხვა დამამშვიდებელი აბი აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკული თრობისთვის, რა გახდა კონტროლი?

– დიახ, აბებიც აქტიურად გამოიყენება და ეს, ჩემი აზრით, ძალიან მგრძნობიარე თემაა. ამის პარალელურად, არის ანტინარკოტიკული ცენტრებიც, მათ შორის, ჩვენს დედაქალაქში და რეგიონებშიც. მივესალმები, როდესაც სახელმწიფოს სურვილია, რაღაც ბერკეტები აამუშაოს და მოაქციოს გარკვეულ ჩარჩოში როგორც ფსიქოტროპული აფთიაქების, ისე სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა. მაგრამ მკაცრი კონტროლია დასაწესებელი იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელზე, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშუალებები. იმიტომ რომ ეს ყოველთვის იყო ნარკოტიკების გასაღების წყარო. როდესაც კონტროლის მექანიზმი სათანადოდ ვერ მუშაობს, ხდება გაჟონვა, ამიტომ აუცილებლად გასაძლიერებელი და დასახვეწია ეს სისტემაც.

– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაშაულისადმი არის მიდრეკილი ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი, იმას გარდა, რომ ცხოვრებას უმწარებს ოჯახის წევრებს?

– არსებული სტატისტიკა სრულად ვერ მოიცავს იმ სენის მქონე ადამიანებს. თუმცა, როდესაც დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, რამდენიმე წუთის წინ შემთხვევით არ გვისაუბრია იმ საკითხზე, რომ ის ადამიანები დოზების მოსაპოვებლად ძალიან დიდ რისკებსა და ხშირად დანაშაულზეც მიდიან. ამდენად, ნარკომოხმარება პირდაპირაა დაკავშირებული კრიმინალთან. თუ ადამიანს არ ექნება თანხა, ის ვერ შეძლებს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ამით არა მარტო თავიანთ თავსა და ოჯახებს ვნებენ, არამედ შესაძლოა, სხვა ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენონ ზიანი და და სიცოცხლეც კი ხელყონ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის. დანაშაულსა და ნარკომოხმარებას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა და ისინი ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან. იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებულის წინაშე დგას თანხის მოპოვების პრობლემა, თანხის მოპოვების წესი კი ხშირად დაკავშირებულია არაკანონიერ ქმედებებთან. ასევე, ალბათ, გსმენიათ, რომ უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს და არა ნარკომომხმარებლებს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან, სამწუხაროდ, განუყოფლად არიან დაკავშირებულნი. ძალიან მარტივი სქემაა: თუ ბაზარზე მოთხოვნა არ იქნება, რეალიზებაც არ იქნება. ამდენად, მიმაჩნია, ძალიან მკაცრად უნდა ბევრძოლოთ ნარკორეალიზატორებს და უფრო მეტი ქმედითი პროგრამები უნდა ჰქონდეს ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით.

– ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ მიმდინარეობს ანტინარკოტიკული პროპაგანდა, გონივრული ფორმით, ბაღიდანვე და, ბუნებრივია, სკოლებშიც, იმის მოწოდება კი არა, რომ ნარკოტიკებია ცუდი, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორი აუტანელია „ლომკა“, როგორ დეგრადირდება ადამიანი და კარგავს ადამიანობას.

– მოგეხსენებათ, ახალი თავმჯდომარე გვყავს – ირაკლი ყარდაშვილი და ადვოკატთა ასოციაცია მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა კუთხით, უფრო გავაძლიეროთ მუშაობა და ძალიან გამიხარდა, რომ ეს აზრი გამოთქვით. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩაფიქრებული. საზოგადოებასთან ამაზე საუბარი ძალიან მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან ყველაზე მოწყვლადები სწორედ არასრულწლოვნები არიან და მათში განწყობის გაჩენა, თუ რაოდენ ცუდია ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რა დამანგრეველი შედეგი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი