პოლიტიკა

როგორ ამოაცლის საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიარდ ლარს, თუ ჯანსაღ ცხოვრებას დაიწყებს და კანონს არ დაარღვევს, მოძრაობის წესების ჩათვლით

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.11

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ქონების გადასახადს, დღეს არსებული ნორმით, იხდიან ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი ან მეტია. იგეგმება ცვლილებები, რის მიხედვითაც, შემოსავლის ზღვარი, ვისი ქონებაც უნდა დაიბეგროს, აიწევა, თუმცა ეს ქმნის რამდენიმე უხერხულობას: კერძოდ, ბიუჯეტმა შეიძლება, დაკარგოს შემოსავალი და, მეორე მხრივ, ადამიანს შეიძლება, შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ქონება მის სახელზე არ იყოს გაფორმებული. ჯერჯერობით რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ რა სახით ჩამოყალიბდება ცვლილებები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გადასახადები მაინც იზრდება. მაგალითად, საჯარო რეესტრის მომსახურებები, ზოგ შემთხვევაში, სამჯერ გაიზარდა. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ გადასახადების ზრდისა და შემცირების საფუძვლებს და იმასაც, თუ ვის შეიძლება, შეეხოს ქონების გადასახადზე შევაღავიანი დაბეგვრის რეჟიმი.

– ზოგადად, სახელმწიფო გამეცადინებულია, რომ, რაც შეიძლება, მეტი ფული ამოიღოს მოქალაქეების ჯიბეებიდან. თუ ეს ერთგვარად გამართლებულია მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში, ჩვენს ქვეყანაში რას ემყარება იგივენაირი მიდგომა? განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნებში რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ დასდგომოდა ამ ფრიად დასავლურ გზას?

– ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ევროპისკენ სწრაფვა დეკლარაციების დონეზე მხოლოდ ლოზუნგებს ხომ არ ნიშნავს?! თუ უფრო ზოგადად ვიმსჯელებთ, გადასახადების ზრდა ზოგადი ტენდენციაა და რაც უფრო დიდია ქვეყანაში ეროვნული პროდუქტი, საგადასახადო ტვირთიც იზრდება. საგადასახადო ტვირთი ეს არის ყველა ტიპის გადასახადის ჯამობრივი თანაფარდობა ეროვნულ პროდუქტთან, ეს ჩვენთან, დაახლოებით, 23,5 პროცენტია. შედარებისთვის, მაგალითად, საფრანგეთში 68 პროცენტზე მეტია. ნებისმიერ ხელისუფლებას გარკვეულწილად ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს: ისინი ფიქრობენ, რომ მოსახლეობაზე უნდა იზრუნონ და ეს მათი უპირველესი მოვალეობაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაფერ ამას სჭირდება დიდი რაოდენობით ფული. მეტსაც გეტყვი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრების წესით რომ ვცხოვრობდეთ, ჩვენს ბიუჯეტს მხოლოდ თამბაქოს ნაწარმისგან დააკლდებოდა, დაახლოებით, 750 მილიონი ლარი.

– თუმცა კაცმა არ იცის, ჯანსაღი რომელია, სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევა თუ არამწეველობა ამ საშინელ გამონაბოლქვში.

– მოძრაობის წესებს რომ არ ვარღვევდეთ და კიდევ სხვა დარღვევებით რომ არ გამოვირჩეოდეთ, ბიუჯეტს კიდევ 250 მილიონი ლარი დააკლდებოდა.

– შუქსაც რომ ეკონომიურად ვხმარობდეთ ან სულაც, სიბნელეში ვისხდეთ.

– იმას ვამბობ, რომ, ხომ, არის მოწოდება, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ დავარღვიოთ მოძრაობის წესები, თანაცხოვრების სხვა სამოქალაქო ნორმები და ასე შემდეგ და აი, ეს ყველაფერი რომ ზედმიწევნით სრულდებოდეს, ბიუჯეტს მილიარდ ლარზე მეტი დააკლდებოდა. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, საბიუჯეტო შემოსავლების 6 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ, რაც უფრო ირაციონალურად მოვიქცევით, მით უფრო მეტ მონაწილეობას მივიღებთ ბიუჯეტის შევსებაში.

– ახლა შემოსავალთანაა დაკავშირებული ქონების გადასახადი, თუმცა შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ქონება და არ ჰქონდეს შემოსავალი და პირიქით.

– სხვათა შორის, გასული საუკუნის 90-იანმა წლებმა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ წარმოაჩინა ერთი თავისებურება, რომელიც გამოიხატებოდა მოსახლეობაში, ერთი მხრივ, დაგროვილი ქონებისა და, მეორე მხრივ, შემოსავლების მიხედვით არაპროპორციულ დანაწილებაში. იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ დაგროვილი ქონების n რაოდენობა: ბინები, აგარაკი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჰქონდა მაცივარი, მაგრამ მაცივარში არ ჰქონდა ძეხვი.

– ეს პრობლემადაც იქცა, როდესაც სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მოსახვედრად ქულებს ანიწილებდნენ, მათ შორის, იგივე მაცივარი და ტელევიზორი ქმნიდნენ პრობლემებს, თუმცა ორივე ადრე, გაღარიბებამდე, ნაყიდი იყო.

– დიახ და ამის საპირისპირო მდგომარეობაც იყო. როდესაც ადამიანს ჰქონდა შემოსავალი, მაგრამ ეს ჰქონდა მათ, ვინც იბრძოდა საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ვგულისხმობ იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომლებმაც მყისიერად დაკარგეს ყველაფერი და თბილისსა და სხვა რეგიონებში დამკვიდრებისთვის წელზე ფეხს იდგამდნენ. მათი დღიური შემოსავალი ხანდახან იმაზე მეტი იყო, ვიდრე პროფესორი იღებდა ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ დაგროვილი ქონება და მათი შემოსავალი ხმარდებოდა მხოლოდ იმას, რომ როგორმე უზრუნველეყოთ თავიანთი ცხოვრება. ორივე ჯგუფი საკმაოდ დიდი იყო, მაშინ, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, ასეთი ასიმეტრია არ არის, იმიტომ რომ, თუ იქ მაღალი შემოსავალი გაქვს, მოხმარების კულტურაც მაღალ დონეზეა და დაგროვილი ქონებაც მხოლოდ თანამედროვე თაობის დამსახურება არ არის, ათადან და ბაბადან გადმოდის და ადეკვატურია. კორელაცია მიმდინარე შემოსავლების მაღალ დონესა და ქონებას შორის საკმაოდ მაღალია, ჩვენთან კი გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს საკმაოდ აღრეული იყო და მე ვიცნობდი პროფესორებს, კოლეგებს, რომლებმაც თავიანთი ბინები შედარებით მოკრძალებულ ფართობზე გადაცვალეს და დაზოგილი თანხით მიმდინარე მოთხოვნილებები დაიკმაყოფილეს. თანდათან ეს ნიველირდება და, რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ადამიანს, მისი ქონებრივი მდგომარეობაც ადეკვატურია. იმიტომ, რომ არის მაღალი ალბათობა იმის, რომ არ გაუჭირდება ქონების გადასახადის გადახდა. მართალია, საშუალო ხელფასის ოდენობა ღიმილს იწვევს, მაგრამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, მაგალითად, ბოლო ოც წელიწადში საქართველოში საშუალო ხელფასის სიდიდე გაიზარდა 12.6-ჯერ. თუმცა ინფლაციაც იყო, დაახლოებით, სამჯერადად გაიზარდა ფასები. თუ ავიღებთ ოფიციალურ მონაცემებს, მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან.

– 122 000-ზე მეტი ოჯახი იღებს სოციალურ შემწეობასო, ბოლო მონაცემით.

– სამაგიეროდ, ასეთ ოჯახებში შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ესე იგი, შეიძლება მათი დასაქმება. მიზეზთა გამო არ საქმიანობენ, უმუშევართა კატეგორიას მიეკუთვნებიან და სახელმწიფოსგან იღებენ შემწეობას. საჭიროა ამ კატეგორიის მოსახლეობის ჩართვა საქმიანობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათი შეიქმნას და თვითონ მათი კეთილდღეობაც გაიზრდება. რომ შევადაროთ სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება და საშუალო ხელფასი, სულ ცოტა 7-ჯერ აღემატება საშუალო ხელფასის სიდიდე ოჯახის წევრისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური დახმარების ოდენობას. ასე რომ, რაც უნდა ეცადოს სახელმწიფო, დახმარებით კეთილდღეობის უზრუნველყოფას, შორს ვერ წავალთ, ვინაიდან სახელმწიფო ხომ ილუზიონისტი არ არის?! მას შეუძლია, გაანაწილოს მხოლოდ ის, რის მობილიზების რესურსიც აქვს: გადასახადები გაზრდის, ჯარიმების, სანქციებისა და სხვა მოსაკრებლების მობილიზაციის გზით. სოციალური დახმარება, საშუალოდ, 200 ლარამდეა ოჯახზე. სხვადასხვა კატეგორიაა: ომისა და შრომის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები... ეს ყველაფერი ითხოვს უზარმაზარ თანხას.

– და სახელმწიფოც ცდილობს, ვისაც აქვს შემოსავალი, იმ მოქალაქეებს ამოუღოს ჯიბიდან?

– აქ კიდევ ერთი მომენტია, ჩვენი მოსახლეობა, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, საკმაოდ დაბერებულია, საქართველოში მედიანური ასაკი უკვე გადასცდა 38 წელს. 38/6 წელია, დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ჩინეთში. არადა ვხედავთ, ჩინეთი როგორ განიცდის, რომ მისი მოსახლეობა ბერდება და კონკურენტუნარიანობას კარგავს. შედარებისთვის: ღაზის სექტორში მედიანური ასაკი 18-წლამდეა და არის აფრიკის ქვეყნები, სადაც მედიანური ასაკი 15-წლამდეა. აფრიკას რომ თავი დავანებოთ, ყველა ჩვენს სახმელეთო მეზობელ ქვეყანაში მედიანური ასაკი ჩვენზე დაბალია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 დასაქმებულზე გაცილებით მეტი ადამიანის რჩენა გვიწევს. 808 000 პენსიონერი გვყავს და 870 000 დაქირავებით დასაქმებული.

– გაზრდილა, რამდენიმე წლის წინათ სტაბილურად 600 000 იყო.

– დიახ. ეს თანაფარდობა ნიშნავს, რომ ბიუჯეტში სახსრების მობილიზაციის ეს წყაროც საკმაოდ შეზღუდულია. ანუ სასწორის ერთ პინაზე შედარებით ნაკლები დასაქმებული გვყავს და სასწორის მეორე პინაზე – საკმაოდ ბევრი პენსიონერი. თანაფარდობა საშუალო პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის, დაახლოებით, 35-40 პროცენტი უნდა იყოს, ჩვენთან 25 პროცენტია, საბაზისო პენსია რომ ავიღოთ, მაგალითად, აშშ-ში 38 პროცენტია. იმის თქმა მინდა, რომ, ამ მხრივაც, ბევრი სატრაბახო არ გვაქვს და სამუშაოა, მაგრამ, მოსახლეობის დაბერების ტენდენცია თუ კიდევ გაგრძელდა, ამას მძიმე ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვება და სამხედრო-სტრატეგიული დატვირთვაც აქვს. თუ მოხუცი მოსახლეობა გყავს, ყოველ ათას კაცზე ნაკლები ჯარისკაცის გამოყვანა შეგეძლება, მარტივად რომ ვთქვათ. მაშინ, როდესაც მეზობლები გაცილებით ახალგაზრდები არიან და უფრო მობილური მოსახლეობა ჰყავთ. თურქეთი ჩვენზე ახალგაზრდაა, დაახლოებით, 9 წლით, აზერბაიჯანი – 7 წლით, სომხეთი – 4.5 წლით, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე რეგიონები – 10-12 წლით.

– და იმის ძებნას, რა ამოაცალოს სახელმწიფომ მოსახლეობას ჯიბიდან, დემოგრაფია რომ წაახალისონ და სამუშაო ადგილების შექმნაზე იფიქრონ, არ ჯობია?

– სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველაფერზე იფიქროს, დემოგრაფიით დაწყებული და ეკოლოგიური უსაფრთხოებით დამთავრებული, ყოველ შემთხვევაში, ის ძალისხმევა, რასაც მიმართავენ, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მდგრადი დინამიკური განვითარებისთვის. დემოგრაფიული გამოწვევა საკმაოდ მწვავე გამოწვევაა და ადეკვატური რეაგირება სჭირდება. რაც შეეხება ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდას: ჯერ იდეის დონეზეა, რომ 40 000-იანი მიჯნა საკმაოდ დაბალია, დღეს ამ მიჯნაზე გავიდა ის ხალხი, რომელთა შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ რეალურად ამ 40 000-ის მსყიდველობითუნარიანობა დღეს გაცილებით ნაკლებია, ვოდრე ეს იყო 20 წლის წინათ, როდესაც ეს ნორმა დაწესდა და ინფლაციის გათვალისწინებით, ეს 20 წლის წინანდელი 13 000-15 000 ლარია. ანუ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ეკუთვნის ქონების გადასახადის გადახდა, მაგრამ ეს ზრდა ნომინალურია, იმიტომ რომ, რეალურად, მათმა შემოსავლებმა დაიკლო. მეორე მხრივ, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან დასაქმებული. მათი ქონება საქართველოს ფარგლებს გარეთაა, ანუ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შედარებით ნაკლებ შემოსავალს იღებს, დაექვემდებაროს ქონების დაბეგვრას და სხვა პიროვნება, რომელიც 7 ნიშნა რიცხვით იღებს ხელფასს, რადგან მისი ქონება უცხოეთშია, არ იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ქონების გადასახადს და ესეც უსამართლობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი